QronikaPlus
ირაკლი ღლონტი: „ბევრი ოპოზიციური ლიდერი საქმის სხვისი ხელით გაკეთებას მიეჩვია!“

ირაკლი ღლონტი: „ბევრი ოპოზიციური ლიდერი საქმის სხვისი ხელით გაკეთებას მიეჩვია!“

2020-01-27 06:09:41

ოპოზიცია „ოცნების“ მხილებას საერთაშორისო ასპარეზზე იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ე. წ. შავ სიას ადგენს, სადაც შეყვანილ თანამდებობის პირებს, წესით და რიგით, დასავლეთმა გარკვეული სანქციები უნდა დაუწესოს. სანქციები, შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც ზემოხსენებულ სიაში მოხვდებიან, მინიმუმ, ევროპის ქვეყნებში გადაადგილება აეკრძალებათ. ამ ეტაპისთვის „შავ სიაში“ მხოლოდ ხელისუფლების დაბალი ეშელონების რამდენიმე ისეთი წარმომადგენელია შეყვანილი, რომელთა სახელები და გვარებიც ფართო საზოგადოებას არაფერს ეუბნება. სწორედ ამიტომ „შავი სიის“ შედგენაში პარტია „კანონი და სამართალი“ არ მონაწილეობს.
ამასთან, თაკო ჩარკვიანის პოლიტიკურმა გუნდმა ოპოზიციის ის საკოორდინაციო საბჭოც დატოვა, რომელიც პროპორციული არჩევნების საკითხზე მუშაობს.

არსებობს თუ არა გარკვეული უთანხმოება ოპოზიციის შიგნით? _ ამ თემაზე „ქრონიკა+“ „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ღლონტს ესაუბრა. ჩვენ იმითაც დავინტერესდით, საპარლამენტო არჩევნებში „კანონი და სამართალი“ დამოუკიდებლად გამოვა თუ „ძალა ერთობაშიასთან“ ერთად იქნება? ამ თემაზე ღლონტმა საუბარი არ ისურვა. სამაგიეროდ, ვრცელ ინტერვიუში რამდენიმე სკანდალური მინიშნება გააკეთა და არც იმის თქმას მოერიდა, რომ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები საქმის სხვისი ხელით გაკეთებას არიან მიჩვეულები.

_ ირაკლი, „კანონი და სამართალი“ ე. წ. შავ სიას, რბილად რომ ვთქვათ, აბულინგებს. რა ხდება _ დიდ ოპოზიციურ ერთობას ბზარი შეეპარა?
_ სიამოვნებით გიპასუხებთ მიზეზებზე, რის გამოც ე. წ. შავი სია ამ შინაარსით მიუღებლად მივიჩნიეთ.
_ მაინც, რა მიზეზებია?
_ დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არავის ვაბულინგებთ.
_ აბა, რას აკეთებთ?
_ იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მოსახლეობის ინტერესებთან მაქსიმალურადაა დაახლოებული.
საერთოდ, ხალხის დაკვეთა ხელისუფლების მარიონეტებისა და ზონდერების მხილება არაა, რასაც პოლიტიკოსებზე უკეთ ჟურნალისტები შესანიშნავად აკეთებთ და ამისთვის მადლობას გეუბნებით. ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციისგან მეტ ეფექტიან და ზუსტ მოქმედებას ითხოვს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ყოველდღიურად ისეთ შავ ლაქებს ქმნის, რაც ქართულ ინტერესებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და ქვეყანა, პრაქტიკულად, დაცლილია _ ქართველთა მიგრაცია 2 მილიონამდეა გაზრდილი და მათ მდგომარეობას, ვინც ჯერ კიდევ დარჩენილია, ყველანი ვხედავთ.
მოკლედ, რომელ შავ სიას დავუჭიროთ მხარი, რომლის სათავეშიც მთავარი ფიგურები არ არიან? იმ შავ სიას დავუჭიროთ მხარი, რომლის პირველ ნომრად უზურპატორი ივანიშვილი არ ფიგურირებს? ჩვენი კრიტიკის მიზანი ოპოზიციის გაძლიერებაა. კოლეგებმა უნდა გააცნობიერონ: მას შემდეგ, რაც ხალხის ნამდვილი დაკვეთის შესრულებას, ანუ ხელისუფლების დამარცხებას შევძლებთ, კანონმა იმ პირების შავი სია უნდა შეადგინოს, რომელთაც სახელმწიფოს სახელით ბრალდებას პოლიტიკური გავლენებისგან დაცლილი პროკურატურა წაუყენებს და, ობიექტური გამოძიების საფუძველზე, სამართლიანი სასამართლოს გზით მოხდება როგორც ხელისუფლების მთავარი ფიგურანტების, ასევე მათი მარიონეტების მხილება და სამართლებრივი პასუხისგება.
იცით, რა ხდება?
_ რა?
_ ვაკვირდები და აშკარაა, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია და ლიდერი საქმის სხვისი ხელით გაკეთებას მიეჩვია.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, პარტიების გარკვეული ნაწილი ჟურნალისტებს ზურგზე გაწევთ და იმით კმაყოფილდებიან, როცა მედიითა და პრესით აგორებულ საკითხებზე კომენტარებს აკეთებენ, ანუ ფიქრობენ, რომ ეს საკმარისია, მაგრამ არა, ბატონებო, ეს ტივტივია და არა _ ფუნქციონირება. ზემოხსენებული სიაც, თავისი შინაარსით, ამ მოცემულობასთან ახლოს დგას, ანუ ოპოზიციური პარტიები ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს იმ პირთა ნუსხას აწვდიან, ვისაც გადაადგილების შეზღუდვები უნდა დაუდგინონ.
_ მერე ამაში ცუდი რა არის?
_ ე. ი. მავანს აქაც სხვისი ხელით სურს საქმის გაკეთება. ქვეყნის შიგნით ქვეყნის ხსნა ჟურნალისტებს მიანდეს, ქვეყნის გარეთ კი _ უცხოელ პარტნიორებს? აბა, აქ სად ჩანს ამ ოპოზიციონერთა ფუნქცია?
ე. წ. შავი სიის ფიგურანტებს ქვეყნის დასავლელმა პარტნიორებმა სანქციები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უნდა დაუდგინონ, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს არცთუ მარტივი საქმეა და თუკი გვსურს, რომ ამ საქმეს ქირურგიული სიზუსტით მივყვეთ, კი ბატონო, მაგრამ ჩავრთოთ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა იგივე ქვეყნის პარტნიორებთან ეს სია ისე არ წარდგეს, როგორც ოპოზიციურ პარტიათა სუბიექტური ხედვის პროდუქტი, არამედ, როგორც ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი და პოლიტიკური კლასის ერთობლივი შეხედულება, თუმცა ვიმეორებ: ამ სიას მხოლოდ მაშინ დავუჭერთ მხარს, თუკი პირველ ნომრად ოლიგარქი და მის კარზე მდგარი ხელის ბიჭები დასახელდებიან, ამის შემდეგ კი _ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში ჩანერგილი ყურმოჭრილი ბოროტმოქმედები.
_ გარე დამკვირვებლისთვის ისე ჩანს, რომ ოპოზიცია საკუთარი პრინციპების ერთგული არაა. ასე, მაგალითად, „ძალა ერთობაშია“ მუდმივად პროდასავლურობით აპელირებდა და ირწმუნებოდა, რომ პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან საერთო არასოდეს არაფერი ექნებოდა, თუმცა პროდასავლური ძალები ნინო ბურჯანაძის გვერდით მშვენივრად გრძნობენ თავს. ეს ორმაგი სტანდარტი არაა?
_ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება, კერძოდ, „ძალა ერთობაშია“, თავიდან ბოლომდე პროქართულ და დასავლურ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყარად მდგარი ერთიანობაა და ამაში ვინმეს მხრიდან ეჭვის შეტანა ან მიზანმიმართული ქმედებაა, ან _ სიბრიყვე. უახლოეს წარსულში ამ გაერთიანებამ ყველაზე ნაყოფიერი ოპოზიციური ასპარეზობა შეძლო, რაც ციფრებშია გამოხატული და რაც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. გულწრფელი რომ ვიყო, პირადად მე, ირაკლი ღლონტს, უფრო მეტი მოთხოვნები მაქვს იგივე ამ გაერთიანებასთან, რადგან საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და მიმაჩნია, რომ ამ ფორმატისგან უფრო მეტი აქტიურობა და სიზუსტეა საჭირო, რათა ორიგინალურობა და არ დაიკარგოს და მოსახლეობის მაღალი ნდობის ხარისხი შეინარჩუნოს და განავითაროს.
_ სხვათა შორის, ისიც, ალბათ, მხოლოდ ქართული ოპოზიციის თავისებურებაა, რომ ტაიმ-აუტებს იღებს. პირადად მე შთაბეჭდილება მექმნება, რომ საპროტესტო მუხტის მიზანმიმართული დასუსტება ხდება. ვცდები, ირაკლი?
_ და ვინმემ განაცხადა, რომ ტაიმ-აუტს აცხადებს? ამის შესახებ არ მსმენია. ახალი წელი იყო და ამ დროს პიკეტირება და ქუჩის საპროტესტო აქციები საჭირო არაა, თუმცა, ალბათ, ნახეთ, ბევრი ოპოზიციონერი ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდა იმის სიმბოლური ილუსტრირებისთვის, რომ ბრძოლა გრძელდება და მანამ არ დასრულდება, ვიდრე ხალხი და ქვეყანა კლანისა და რუსული უღლისგან არ განთავისუფლდება. აი, რაც შეეხება საპროტესტო მუხტს, ის ფორმატები, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას არ იწვევს, ნამდვილად აზიანებს. მაგალითად, ეს არაფრისმთქმელი ე. წ. შავი სია და იდეოლოგიურ სიმყარეს გაცდენილ პარტიათა ილუზორული ერთობლიობა, სადაც ბევრი ვერ გებულობს, როიალი სად დგას.
საპროტესტო მუხტს ისიც ანადგურებს, რომ ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი ტელეკომპანიებში ხშირი ვიზიტით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ ხალხთან ასე უფრო ახლოს დგას. არადა, საპროტესტო მუხტს ის დაბალი სტანდარტი ამცირებს, რომელსაც ოპოზიცია ასეთი უპრინციპო ერთიანობითა და სვლებით გამოხატავს. სწორად გამიგეთ: ამ ნაწილში მე და ჩემი გუნდი მესამე პირში ვსაუბრობთ და ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა. დღეს შემდეგი მოცემულობა გვაქვს: არავინ აღარ კამათობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ თუ ოპოზიცია ხალხს მაღალ სტანდარტს ვერ შევთავაზებთ და ვერ დავარწმუნებთ, რომ ეს ბრძოლა პირდაპირ ხალხს ეკუთვნის და თითოეული ოპოზიციონერი ხალხის ნამდვილი ნების გამომხატველი ვართ, მუხტი კი არ დაზიანდება, თვითონ პროცესი შევა ჩიხში, ანუ ხალხს ოპოზიციის მიმართ ნდობა დაეკარგება, რასაც ოლიგარქი და მისი კლანი, ტექნიკური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მარჯვედ გამოიყენებს. ამის დაშვება კი არ შეიძლება და სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ მეტი ეფექტიანობა, სიზუსტე, სითამამე და ხალხთან მეტი ახლო კავშირია საჭირო. ამას გარდა, მთავარია, საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ ამ ბრძოლის შემოქმედი ოპოზიცია კი არა, ქვეყნის ინტერესებია! დიახ, ხალხს სიმართლე თამამად და დამაჯერებლად უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი მიზანია, ბიძინას ხელისუფლება მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრით ჩავანაცვლოთ, რათა პარლამენტში მეტი პლურალისტური სივრცე და დემოკრატია იყოს. ისიც სათქმელია, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილით ან რომელიმე სხვა მაღალრეიტინგული ლიდერით არ ვცვლით. უფრო ხმამაღლა უნდა დავადეკლარიროთ, რომ ივანიშვილს მრავალპარტიული კოალიციური ძალით ვცვლით, სადაც ყველა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში უნდა იყოს!
_ ირაკლი, გულწრფელი იყავი და თქვი: ოპოზიციიდან ვინმეზე ხომ არ გაქვს ეჭვი, რომ ფარულად „ოცნებასთან“ თანამშრომლობს?
_ ხელისუფლებასთან მოკავშირეობა მრავალი ფორმით ხდება. ერთ-ერთი პირდაპირი გარიგება პოლიტიკური ანგარებაა, მეორე კი _ არაპირდაპირი მსახურება. მირჩევნია, არაპირდაპირ მოკავშირეობაზე ვისაუბრო, თორემ პირდაპირ მოკავშირეებს ხალხი ისედაც ცნობს და ვიმედოვნებ, ყველა სუბიექტის ახლანდელი გადაწყვეტილების ლუსტრირება მოხდება. საერთოდ, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში შეუძლებელია, რომ ვინმემ რამე დამალოს. ამიტომ მირჩევნია, არაპირდაპირ მოკავშირეობაზე ვისაუბრო. ამ ტიპის კავშირი მაშინ ყალიბდება, როცა ოპოზიციონერი ზუსტად ვერ აანალიზებს პროცესს, ხალხის ნებისგან შორს დგას და იმით კმაყოფილდება, რომ პოლიტიკურ ტოქშოუებში ჩანს და კვლევებშიც თავი დამკვიდრებული აქვს. აი, ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. ზოგადად, ნებისმიერ საქმეში საჭიროა დაუღალავი შრომა, ყოველდღიური ფიქრი პროგრესზე, სიახლეზე. ტყუილად არ ვთქვი, რომ „ძალა ერთობაშიამ“, რომელიც ძლიერი და რეზულტატური ერთიანობაა, ორიგინალურობა არ უნდა დაკარგოს, რადგან ეს გამოუსწორებელი თვითზიანი იქნება. როცა ხალხი შენგან ყოველდღიურ პრობლემებზე აქცენტირებას ითხოვს და როცა ემიგრაცია, სიკვდილიანობა, კორუფცია, ნეპოტიზმი და კომუნალურ სერვისებზე ფასები მაღალია, ამასთან, ბავშვიც შიმშილობს და მოხუციც, ასევე გაზრდილია ტარიფი ტრანსპორტზე, საწვავზე, სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებზე და დაუცველობა თუ დაუსჯელობა უკვე სტანდარტია, აი, აქ უნდა იყოს ოპოზიცია მახვილგონიერი და სწორედ ამ თემებზე უნდა ახდენდეს აქცენტირებას, რათა ხალხი დარწმუნდეს, რომ ოპოზიცია მის ხედვებთან თანხვედრაშია. აბა, თუ ოპოზიციონერიც იმ სტანდარტს სთავაზობს, რასაც ხელისუფალი, ხალხმა რა ქნას?
სხვათა შორის, ხელისუფლების წისქვილზე იმ ოპოზიციონერთა პოზიციებიც ასხამს წყალს, რომლებსაც მაღალი ნდობა აქვთ, მაგრამ მათი ქუჩაში ან ტელევიზიით დანახვა ხალხს აღიზიანებს. ამის მიუხედავად, ისინი ყველა ძველ თუ ახალ რესურსს იყენებენ, რომ ტრიბუნასა თუ ტელევიზიით ყელმოღერებულნი გამოჩნდნენ. ეს სწორი მიდგომა კი არა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღალატია. დიახ, ბევრი ე. წ. ლიდერი ხალხს ძალიან მობეზრდა და ახალ კადრებს, ახალ ლიდერებს ითხოვს! დიდი ბოდიში, მაგრამ ლიდერები ციდან არ ცვივა, ანუ საპროტესტო მუხტს ისიც აზიანებს, როცა ზოგიერთი ყველა რესურსს იყენებს საკუთარი თვითრეალიზებისთვის, ახალგაზრდებს ასპარეზს არ უხსნი და ყველგან ეჩხირები, რათა პოზიციები შეინარჩუნო. იმედია, ქადაგს არავინ დამიწყებს, რომ ლიდერმა ეს მოჯადოებული წრე უნდა გაარღვიოს და ასპარეზი მოიპოვოს. ეს თეორიაა, რაც ბევრჯერ ვცადე. სირთულეები ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას ახლდა და, პრინციპში, ახლაც ასეა, თუმცა ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, არ ვიღლები და ბრძოლას ვაგრძელებ! ყოველთვის ერთი პოზიცია მქონდა: ვინმეს სატელიტი ვერ ვიქნები! თუ ამ ტიპის კავშირი მოგწონთ, თქვენ გახდით ჩემი სატელიტი!
_ ზოგადად, გასაგებია, რომ ყველაფერზე _ კარგი იქნება თუ ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, მაგრამ მგონია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება. შენი გადასახედიდან რაზეა ოპოზიცია პასუხისმგებელი?
_ ჩემი გადასახედიდან, პატარა ქვეყნის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც აქვს და _ ოპოზიციასაც. თითოეული პოლიტიკოსი ამ შინაარსის აზრს უნდა ატარებდეს, თორემ პოლიტიკურ თეორიებში რა წერია, ეს მეორეხარისხოვანია. დიახ, ხელისუფლება, პირველ რიგში, ვალდებულია ხალხის წინაშე, მაგრამ როცა ხედავ, რომ შენი ხელისუფალი ვალდებულებით კავშირში საკუთარ ხალხთან კი არა, კრემლთანაა, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კრემლის ფიგურირება დასრულდეს და ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მისი ნების გამტარი ხელისუფლების მმართველობა დასრულდება! ჩემი სახელმწიფოებრივი ხედვებიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, დღეს ყველა პასუხისმგებლობას ვაკისრებ ოპოზიციას, ცხადია, აქ საკუთარ თავსაც მოვიაზრებ _ 2012 წლიდან მოყოლებული, როცა სხვებს ეძინათ ან ამ ხელისუფლების კარზე იდგნენ, მე აქციებს ისე ვაორგანიზებდი, როგორც შემეძლო და გამომდიოდა. დღეს, ამ სიტუაციაში, ოპოზიციამ უნდა ვიკისროთ პასუხისმგებლობა ყველა სირთულის დაძლევაზე, რაც ამ კლანის დემონტაჟით უნდა დაიწყოს!
_ ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ირაკლი, ადამიანებს, რომლებსაც შიათ, არჩევნების ჩატარების წესი ნაკლებად აინტერესებთ. ჰოდა, განა, უკეთესი არ იქნება, რომ ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალოს და წინა პლანზე უფრო პოპულისტური თემები წამოწიოს?
_ ოპოზიცია ხალხთან უფრო ახლოს რომ იყოს და მხოლოდ ტელევიზიით კი არა, პირდაპირ, ერთი-ერთზე ესაუბრებოდეს მას, მერწმუნეთ, ეს შეკითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა, მაგრამ რადგან ეს კითხვა აქტუალურია, ისევ ჩვენს, ანუ ოპოზიციის სისუსტეს ვხედავ, რომ სწორად ვერ აგვიხსნია, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა და სწორედ ამით იწყება მოქალაქეების წინაშე მდგარი ყველა სირთულის დაძლევა!
_ ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხალხს ისეთი ოპოზიცონერების არ სჯერა, როგორიც, მაგალითად, მამუკა ხაზარაძეა. „ლელოსთან“ კითხვები შენც ხომ არ გაქვს?
_ არა, არ მაქვს, რადგან მე პაუხები მაქვს, „ლელოში“ ბევრ ადამიანს დიდ პატივს ვცემ, იქ ვხედავ საინტერესო და პროგრესულ ახალგაზრდა პოტენციურ ლიდერებს, რომლებმაც არაერთი მიმართულებით მიაღწიეს წარმატებებს, მაგრამ ამ ადამიანებს ბატონი მამუკას ფაქტორი ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
_ რატომ?
_ მაშინ, როცა მე და სხვები აქტიურად ვუპირისპირდებოდით რუსეთს საქართველოში, კორუფციას, კრიმინალს, ნეპოტიზმს, ირონიულ გადაწყვეტილებებს, ხალხის მიზანმიმართულ გაღარიბებასა და ოლიგარქს, ბატონი მამუკა ღია თუ კონსპირაციულ ვიზიტებს აწყობდა ამ უკანასკნელთან. თუკი მე 2012 წელს, ახალგაზრდა კაცი, ვხედავდი რუსულ საფრთხეს „ოცნების“ სახით, რატომ ვერ დაინახა ეს ამ ადამიანმა? ცხადია, დაინახა, მაგრამ მაშინ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ბიზნესი იყო. ის დროც მაგონდება, როცა გზის ფულიც კი არ გვქონდა ახალგაზრდებს, არ ვმუშაობდით, არ გვექონდა შემოსავალის წყარო და ხშირად ფეხით დავდიოდით აქციებიდან აქციებზე, დიპლომატებთან, ბრიფინგებს ვაწყობდით და ხომ არ გგონიათ, რომ ვინმეს ვინმეზე ნაკლებად შეგვეძლო პირად ინტერესებზე მორგება და კონფორმისტულ სივრცეში ყოფნა? როგორ გგონიათ, „დალაგებები“ დიდი სირთულეა ამ ქვეყანაში? უბრალოდ, არსებობს შუბლის ძარღვი და არსებობს პრინციპი, რომელსაც ზოგი ღალატობს და ზოგი _ არა. ან ხარ ლიდერი ან არა და არ მჯერა დროებითი ლიდერების! ბატონმა ხაზარაძემ თავად ახსენა, რომ რუსეთიდან ვალდებულებების გარეშე შეუძლებელია კაპიტალის გატანა. თუ ამდენი იცი და გესმის, რაღას ესაუბრები ამ კაცს ამერიკულ პროექტზე მაშინ, როცა პირდაპირ გეუბნება, რომ არ ესმის, რა უნდა აშშ-ს შავ ზღვაში? რაც მთავარია: კრემლის მსახური ე. წ. პრეზიდენტის „ინტრონიზაციაში“ წვლილი მამუკა ხაზარაძემ შეიტანა და ამის ჩამორეცხვა ადვილად არ გამოუვა! სხვათა შორის, ეს ქალბატონი, ჩემი აზრით, საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ერთგული ელჩია. მოკლედ, კრიტიკული ვარ მამუკას მიმართ, მაგრამ ყველა ოპოზიცონერს, მათ შორის, გვიან გაღვიძებულსაც, წარმატებას ვუსურვებ!
_ ზოგადად, ხომ არ მოვიდა დრო, რომ პოლიტიკაში სრულიად ახალი სახეები მოვიდნენ?
_ ეგ დრო დიდი ხანია, მოსულია, აგერ, რამდენიმე დღის წინ ვნახე იგივე „ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ მომავალ ხელისუფლებაში მზადაა, კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. ძალიან გამაღიზიანა ამ დამოკიდებულებამ! არ მესმის, თავად არ უქმნით ეს მომხვეჭელობა და „ნაგლობა“ უხერხულობას?! ახალი კადრების, პოტენციური ლიდერების გარეშე ფასს დაკარგავს ნებისმიერი პროცესი და ეს უნდა გაიგოს ყველა ოპოზიციურმა სუბიექტმა. ოპოზიციაში აი, ასეთი ადამიანები არიან ხელისუფლების პირდაპირი თუ არაპირდაპირი დასაყრდენები
_ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოპოზიციას რა მექანიზმი აქვს, რომ 2020-ის არჩევნები „ოცნებამ“ არ გააყალბოს?
_ ჯერ არჩევნებამდე მივიდეთ… მგონი, ვჩქარობთ. მექანიზმი გულწრფელობა და, ვიმეორებ, ხალხთან ახლოს ყოფნა და ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან მეტი მუშაობაა.
_ კიდევ ერთი თემა: ვლადიმირ პუტინმა მთავრობა გადააყენა. ირაკლი, შენი აზრით, ეს საქართველოზე რა გავლენას იქონიებს?
_ გარწმუნებთ, კრემლში შექმნილი კრიზისი, სიღარიბე რუსეთში და კრემლის შოვინიზმი საქართველოსთვის მალე პოზიტივით დასრულდება!
_ „ენდიაის“ კვლევებით, კახა კალაძე „ოცნების“ ყველა ლიდერზე რეიტინგულია, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თბილისის მერს „ოცნებაში“ პრობლემები შეექმნება?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვი…
ეჭვიანი და კომპლექსებიანი კაცია ბიძინა, ღმერთმა უწყის, ამ ფაქტზე როგორ ირეაგირებს.
_ რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, „კანონი და სამართალი“ დამოუკიდებლად გამოვა თუ „ძალა ერთობაშიასთან“ ერთად იქნება?
_ ამაზე კომენტარს ახლა არ გავაკეთებ, რადგან გუნდში სიღრმისეული მსჯელობა არ გვქონია. ჩვენ ვმუშაობთ, ვცდილობთ, ხალხთან ახლოს ვიყოთ და ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ერთს კი ანონსად გეტყვით: „კანონი და სამართალი“ რუსული ინტერესების გამტარ ერთ პარტიასთან ერთად არ იქნება და ამის შესახებ თავმჯდომარემ, ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმაც, დეტალურად განმარტა.
_ სხვათა შორის, „ენდიაის“ ბოლო კვლევაში „კანონი და სამართალი“ ვერ მოხვდა. ამას რით ხსნი?
_ „კანონი და სამართალი“ ახალგაზრდა პოლიტიკური ძალაა, თან როგორც გითხარით, ჯერ ისევ ბევრი გვაქვს სამუშაო, ვმუშაობთ და შედეგებიც იქნება.
_ ბოლოს, ირაკლი, რა უშველის ამ ქვეყანას?
_ კორუფციის შემცირება, ნეპოტიზმის სირცხვილად ქცევა და კრიმინალიზება, პროგრესული ახალგაზრდა ლიდერების ქვეყნის სამსახურში ჩაყენება, მოკეკლუცე, ფუქსავატი პოლიტიკოსების არენიდან გაწვევა და მეტი დემოკრატია. ხელისუფლებას ხალხი უნდა მართავდეს და არა ხელისუფლება _ ხალხს!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება