სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
2020-01-27 06:05:13
ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ წლევანდელი წელი პოლიტიკურად ძალიან ცხელი იქნება, ანუ საკუთარი პოზიციების დათმობას, არსებული მოცემულობით, არც ხელისუფლება აპირებს და არც _ ოპოზიცია. შესაბამისად, ბავშვიც კი ხვდება, რომ საპარლამენტო არჩევნები დიდი წივილ-კივილისა და ცემა-ტყეპის აკომპანემენტით ჩატარდება.
სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ხელისუფლებას პრობლემები გუნდის შიგნითაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსთა ნაწილი მიანიშნებს, რომ „ოცნებაში“ გავლენის სფეროებისთვის გადანაწილება კულმინაციას აღწევს და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ივანიშვილის გუნდი ისეთმა ცნობილმა სახემ დატოვოს, როგორიც, მაგალითად, თბილისის მერი კახა კალაძეა.
სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში იმის შესახებაც საუბრობენ, რომ კალაძის განეიტრალების მიზნით, ივანიშვილმა, შესაძლოა, დედაქალაქის თავკაცის გარემოცვის მასობრივი დაჭერები დაიწყოს. თუ ყველაფერი ეს გამართლდა, მაშინ „ოცნებას“ ოპოზიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ექნება და იძულებული გახდება, მთელი რესურსი შიდა ბუნტის ჩახშობას მოახმაროს.
იმაზე, რომ ხელისუფლებაში ბუნტი მზადდება, კიდევ ერთი გარემოება მიანიშნებს _ თანამდებობის ყოფილი პირების „მეორედ მოსვლა“ დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, მთავარი პროკურორი, დიდი ალბათობით, კვლავ ირაკლი შოთაძე გახდება.
რას ემსახურება ეს „მეორედ მოსვლა“? _ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ამბობს, რომ ივანიშვილს კადრების ნაკლებობა აქვს და მსგავს ნაბიჯებს სწორედ ამიტომ დგამს.
ამას გარდა, გუგავა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნებაში“ მონების აჯანყება დაიწყოს.
„მონებმა ყველაზე სასტიკი შურისძიება იციან“, _ ამბობს გიორგი გუგავა და დასძენს, რომ ძველი კადრების დაბრუნებით ივანიშვილი სწორედ ამ ბუნტის ჩაცხრობას ცდილობს.
როგორ განვითარდება პროცესები და ვინ იქნება პირველი „მონა“, რომელიც „ოცნების“ თავმჯდომარეს აუჯანყდება? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავასთან:
_ ბატონო გიორგი, მეორედ მოსვლა, პრაქტიკულად, დაიწყო _ სხვა თუ არაფერი, აგერ, ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად ბრუნდება. იმასაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერობისთვის ემზადება, ზაქარია ქუცნაშვილი კი _ დეპუტატობისთვისო. მოკლედ, რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?
_ ყველაფერი ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, ადამიანმა გარდერობი „სექენდ ჰენდში“ ნაყიდი ტანსაცმლით რომ განაახლოს. მეორედ მოსვლა ღარიბაშვილით დაიწყო, ახლა შოთაძე მოდის, რომელიც ბულგაკოვის ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟს ჰგავს. განათლების მინისტრად ჩხენკელიც მეორედ მოვიდა, რომელიც ივანიშვილს დითირამბებს უძღვნის. მოკლედ, ეს მილევად რეჟიმში მყოფი ხელისუფლების უკანასკნელი დღეებია. ამ ხელისუფლებას საკადრო დეფიციტი აქვს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ფიგურების ცვლილების მიუხედავად, არსებითად არაფერი შეიცვლება.
_ ის, რომ „ოცნებას“ კადრების ნაკლებობა აქვს, ახალი არაა, მაგრამ ძველი სახეების „გაცოცხლება“ მაინც რას ემსახურება? ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ისეთი კარიერისტები ნამდვილად მოიძებნებიან, რომლებიც არც „ოცნების“ ჩასაძირად განწირულ ნავში ჩასხდომაზე იტყვიან უარს.
_ გასაგებია, მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავენ, ივანიშვილის მაღალი სანდოობით უნდა იყოს აღჭურვილი. ამას გარდა, ივანიშვილს ისეთი კადრების დანიშვნა სჩვევია, რომლებიც კომპრომეტირებულნი არიან _ ასეთი ადამიანები ადვილად იმართებიან. შეუძლებელია, ივანიშვილის მთავრობაში თვითმყოფადი და თავისუფალი პიროვნებები იყვნენ. მას მონები და მოსამსახურეები სჭირდება! დღეს მთელი სახელმწიფო სისტემა ოლიგარქის ინტერესებს ემსახურება და არა _ სახელმწიფოს! არადა, წესით, ხელისუფლება ხალხის მიერაა დაქირავებული და ამიტომ საჯარო ინტერესებს უნდა ატარებდეს!
ერთი სიტყვით, ივანიშვილი და მისი მონა ფიგურები სახელმწიფოს არსებობას საფრთხის წინაშე აყენებენ!
_ ბატონო გიორგი, ეს ადამიანები, რომლებსაც თქვენ მონებს ეძახით, ხელისუფლებაში აქამდეც იყვნენ. ჰოდა, თუ ივანიშვილს მონები სჭირდება, მაშინ რატომ გაუშვა ან ახლა რატომ აბრუნებს მათ? მოდით, ეს „ქოცური ალგორითმი“ შოთაძის მაგალითზე ამოვხსნათ.
_ შოთაძე ივანიშვილმა კი არ გაუშვა, არამედ, გარემოებამ და სიტუაციამ აიძულა, რომ გაქცეულიყო _ სარალიძის საქმეზე საზოგადოებას მკვეთრი, სამართლიანი და მასობრივი პროტესტი ჰქონდა. ამიტომ სიტუაცია ხელიდან რომ არ გაქცეოდა, ივანიშვილმა შოთაძე ზვარაკად შესწირა. ამის შემდეგ, ერთი თავისი მოსამსახურე, „უდიპლომო სასიძო“, თადუმაძე უზენაეს სასამართლოში გადაიყვანა და მთავარი პროკურორის ვაკანსიის შევსება გახდა საჭირო.
საერთოდ, შოთაძე, როგორც ჩანს, კარგი შემსრულებელია და მაფიოზურ ბინზეს-გარჩევებსაც ესწრება ხოლმე _ ამის შესახებ ხაზარაძემ განაცხადა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი შოთაძესთან, როგორც ჩანს, კომფორტულად გრძნობს თავს და, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, დავალების ბევრჯერ გამეორება არ სჭირდება, თორემ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ ნორმალური, კვალიფიციური და პრინციპული ადამიანი ამ ხელისუფლებაში მუშაობაზე არ დასთანხმდება, რადგან „ოცნებასთან“ ურთიერთობა საზოგადოების ყველა ფენაში უკვე საძრახისად ითვლება. ამასთან, ამ ხელისუფლების დასასრული გარდაუვალია!
_ ბატონო გიორგი, ელოდებით, რომ ამ პოლიტიკურ მეორედ მოსვლას ივანიშვილის გაპრემიერება დააგვირგვინებს?
_ გავითვალისწინოთ, რომ საარჩევნო წელია.
_ დიახ, მაგრამ ეს ივანიშვილის შესაძლო გაპრემიერებასთან რა კავშირშია?
_ „ოცნებას“ ლოკომოტივი სჭირდება.
_ ანუ?
_ მართალია, იჩემებს, მაგრამ ივანიშვილი ანალიზის დიდი უნარით არ გამოირჩევა, თუმცა გადარჩენის ინსტინქტი აქვს გამახვილებული და, შესაბამისად, გრძნობს, რომ მის რეჟიმსა და მმართველობის მახინჯ სისტემას საფრთხე ემუქრება, ანუ შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ძალაუფლების დაკარგვას კი ყველაფრის დაკარგვად აღიქვამს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ისეთი სვლების გაკეთებას ცდილობს, რომლითაც თავს გადაირჩენს.
_ ანუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ ჩრდილიდან გამოვა და მთავრობის მეთაური გახდება, ამით თავს გადაირჩენს?
_ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილი შიდა საფრთხეებსაც გრძნობს.
_ რა „შიდა საფრთხეზე“ აკეთებთ აქცენტს, ბატონო გიორგი?
_ ივანიშვილს შესაძლოა, მთელი სისტემა ჩამოეშალოს, ამიტომ ეს საფრთხე რომ გაანეიტრალოს, ამის გამო, ალბათ, იძულებული გახდება, ჩრდილიდან გამოვიდეს და პრემიერობაზე ფორმალური პასუხისმგებლობა აიღოს!
_ სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ივანიშვილს გაემიჯნება, თბილისის მერი კახა კალაძე იქნება. ამ მოსაზრებას იზიარებთ?
_ საერთოდ, აჯანყების დროს პატრონს ყველაზე სასტიკად მონები უსწორდებიან ხოლმე! ამ გაქსუებულმა დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და შუა რგოლის წარმომადგენლებმა ფული იშოვეს. ახლა კი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას მეტ-ნაკლებად გრძნობენ და იმასაც ხვდებიან, ხალხს მათი და მათი სანათესავოს მისამართით რა დედის ტირილი აქვს ატეხილი.
ამასთან, საერთაშორისო კონიუნქტურასაც გრძნობენ და ამიტომ, თავის გადარჩენის მიზნით, შესაძლოა, თავიანთი პატრონი საკუთარი ხელით დაკლან. შურისძიების დროს მონები ყველაზე სასტიკნი არიან, რათა მომავალში როგორმე თავი გადაირჩინონ!
მოკლედ, ივანიშვილი გრძნობს, რომ შიდა საფრთხე მხოლოდ კალაძისგან კი არა, სხვა ფიგურებისგანაც მოდის! ამიტომ შეეცდება, რომ ვერტიკალი გაამყაროს და პრემიერის პოსტი დაიკავოს.
_ ე. ი., გაპრემიერებით ივანიშვილი „ქოცების“, ასე ვთქვათ, გულისმოსაგებად შიდა ბუნტის ჩახშობას შეეცდება?
_ აბა, მეორედ მობრუნება კი არა, ივანიშვილმა მონარქის გვირგვინიც რომ დაიდგას, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არ შეიცვლება _ ხალხი მას ისე იცნობს, როგორც თაღლითს, გადამგდებს, ქვეყნის დამაქცევარსა და სახელმწიფოს ჩამომშლელს! აქედან გამომდინარე, რა სტატუსიც უნდა ჰქონდეს, ვერავის გულს ვეღარ მოიგებს! ამ მახინჯი სახელისუფლებო სისტემის სათავეში ფორმალურად მხოლოდ იმიტომ მოექცევა, რომ შიდა გადატრიალების მსხვერპლი არ გახდეს!
_ სხვათა შორის, „ენდიაის“ ბოლო გამოკითხვამაც ნათელყო, რომ ივანიშვილს ჭარბი ნდობა აღარ აქვს.
ისე, ბატონო გიორგი, ალბათ, იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ პოლიტიკურ მეორედ მოსვლამდე უწმინდესმა მეორედ მოსვლაზე იქადაგა და განაცხადა, აპოკალიფსამდე შესაძლოა, რამდენიმე დღეღაა დარჩენილიო.
_ პატრიარქმა თავის ქადაგებას, ალბათ, უფრო პოლიტიკური დატვირთვა მისცა, რადგან სახარებაში მაცხოვარი ამბობს, მეორედ მოსვლის შესახებ მხოლოდ მამა ღმერთმა იცის და სხვამ არავინო. ამიტომ პატრიარქი მეორედ მოსვლაში, როგორც ჩანს, სამეფო კარის გადატრიალებებს გულისხმობდა!
_ გიორგი ბატონო, ათ წუთზე მეტია, ვსაუბრობთ და მახვილს ივანიშვილზე სვამთ. არადა, იმ სიაში, რომელსაც მედიამ „შავი სია“ უწოდა, ოპოზიციამ ივანიშვილი არ შეიყვანა. რატომ?
_ ეს სია „შავი“ არ არის.
_ აბა, რა ფერია, ანუ როგორ ჰქვია?
_ ეს „სანქცირებულთა სიაა“, რომელსაც მეტაფორულად, შეიძლება, 20 ივნისის სია ვუწოდოთ. „შავი სია“ ჟურნალისტებმა არასწორად აიტაცეს, შემდეგ კი სახელისუფლებო რუპორებმა გამოიყენეს, რათა ამ სიასთან შავბნელი მოგონებები დაეკავშირებინათ.
_ შავი თუ სანქცირებულთა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ამ სიაში ოპოზიციამ არც ივანიშვილი შეიყვანა, არც _ გახარია და არც _ სხვა რომელიმე გავლენიანი თანამდებობის პირი. ამიხენით, რატომ?
_ ამ სიას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს.
_ მაინც, რა „სხვა დატვირთვა“?
_ 25 წელზე მეტია, პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ტრიალებთ და ანალიზის გაკეთება ყველაზე უკეთესად შეგიძლიათ.
_ მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ თუ შეიძლება, კითხვაზე მიპასუხეთ: ზემოხსენებულ სიაში ივანიშვილი, გახარია და თანამდებობის სხვა გავლენიანი პირები რატომ არ შეიყვანეთ?
_ ამ სიის მიზანი იმ საჯარო ჩინოვნიკების წარმოჩენაა, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ და კანონის მოთხოვნებით კი არა, დაკვეთებზე მუშაობენ! ასეთი საჯარო მოხელეები მოსამართლეები, პოლიციისა თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები და „ზონდერები“ არიან. სიის მიზანია, ამ ადამიანების სახე საზოგადოებას კარგად გავაცნოთ, ანუ თითოეულ მათგანს დისკომფორტი შეექმნას და იცოდეს, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ სიაში შეყვანილ ადამიანებზე გარკვეული შეზღუდვები უნდა დააწესოს.
სხვათა შორის, მაგნიტსკის სიაში პუტინი არ შეუყვანიათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რუსეთში პოლიტიკურ პროცესებს პუტინი წარმართავს!
რაც შეეხება ივანიშვილს, მისი საკითხი მრავალი წელია, დაყენებულია და ამის შესახებ საზოგადოებამაც იცის.
_ ივანიშვილის საკითხი სადაა დაყენებული?
_ შალვა ნათელაშვილმა ივანიშვილის საკითხი აშშ-ის სენატსა და კონგრესში დააყენა და მისი დოსიე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტშიც დევს.
_ მერე, ამით რა იცვლება?
_ ამაზე რეაგირება კრიტიკულ სიტუაციაში მოხდება.
საერთოდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს სია ქმედითი იყოს. მასში ივანიშვილი და გახარია რომ შევიყვანოთ და მათზე სანქციები დაწესდეს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დასავლეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტოს!
_ თქვენს მსჯელობაში ლოგიკა, ცხადია, არის, მაგრამ სანქცირებულთა სიაში, მაგალითად, შოთაძე რატომ არ შეიყვანეთ, რომელსაც საჯარო თანამდებობა, მეორედ მოსვლის სურვილის მიუხედავად, ჯერაც არ უკავია?
_ წეღან შემთხვევით არ ვთქვი, 20 ივნისის სია-მეთქი, ანუ ჩვენ აქცენტი 20 ივნისსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გავაკეთეთ. ეს სია მუშავდება და ნახავთ, მასში ვინაა შეყვანილი და თითოეული მათგანი 20 ივნისთან როგორ არის დაკავშირებული.
_ ათვლის წერტილად 20 ივნისი რატომ აიღეთ?
_ 20 ივნისს რეჟიმი ყველაზე სასტიკად მოიქცა _ მშვიდობიანი მომიტინგეების, ანუ იმ ადამიანების სისხლი დაღვარა, რომლებმაც ოკუპაცია გააპროტესტეს! თუ მთავარ პროკურორად მეორედ დანიშვნის შემდეგ შოთაძე ამ კურსს გააგრძელებს, ამ სიაში, ბუნებრივია, ისიც აღმოჩნდება!
_ სანქცირებულთა სიაში, როგორც ყური მოვკარი, საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სულიკო კედელაშვილი შეიყვანეთ. 20 ივნისის მოვლენებში ამ ადამიანის ბრალი იკვეთება?
_ ხომ გითხარით, რომ სიის შედგენისას აქცენტი 20 ივნისსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გავაკეთეთ. სულიკო კედელაშვილი კი, რომელიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა _ თავის უფლებამოსილებას სცილდება და ამ სიაშიც სწორედ ამიტომაა შეყვანილი!
_ ეს სია ოპოზიციაში ბზარს ხომ არ შეიტანს, მით უმეტეს, რომ სიის შედგენაში „კანონი და სამართალი“ არ მონაწილეობს?
_ არანაირი ბზარი! რაც შეეხება „კანონსა და სამართალს“, იმედი მაქვს, რომ ქალბატონი თაკო ამას ღრმად გააანალიზებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს!
გითხარით და კიდევ ერთელ გავიმეორებ: ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაა და გვინდა, რომ ყველაფერი ეს არჩევნების გზით მოხდეს. სიის შედგენა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ასე რომ იყოს, ყველას შევიყვანდით _ ივანიშვილიდან დაწყებული, გახარიათი დამთავრებული და ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ამ სიის დატვირთვა აბსოლუტურად სხვა რამეა.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, ეს „სხვა რამე“ რა არის?
_ საშუალო რგოლები, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ, კანონის მოთხოვნებს სცდებიან და მშვიდობიანი მოქალაქეებისა თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ უხეშ ძალას იყენებენ. ისინი უნდა წარმოჩინდნენ და მათზე სანქციები განხორციელდეს, თორემ თუ უმაღლესი თანამდებობის პირებს შევიყვანთ, მაშინ ეს სია ამ ეტაპზე არაქმედითი გახდება.
გეთანხმებით, რომ ყველა უბედურების სათავე ივანიშვილია, გახარია, ფარცხალაძე, თადუმაძე თუ კალაძე კი მისი მსახვრალი ხელია, მაგრამ ყველაფერ ამის დამარცხება ამ სიით კი არა, ოპოზიციის ქმედითი ნაბიჯებით უნდა მოხდეს. ეს სია, უბრალოდ, პრევენციაა.
_ კეთილი, მაგრამ არ მგონია, რომ ამ სიის გამო რომელიმე „ქოცი“ შეშინდეს და უკანონო დავალებების შესრულებაზე უარი განაცხადოს.
კიდევ ერთ თემას უნდა შევეხო, ბატონო გიორგი, რომელიც ოპოზიციის პოზიციებს არ ამყარებს, ანუ მხედველობაში მაქვს მამუკა ხაზარაძის „ლელო“. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ხაზარაძე მოსახლეობას მოუწოდებდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის დაეჭირა მხარი. ახლა კი „ლელოს“ დამფუძნებელი ერთ-ერთი ყველაზე პირგამეხებული ოპოზიციონერია, თუმცა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მისი გულწრფელობის არ სჯერა. მოკლედ, ხაზარაძე და მისნაირები ოპოზიციის იმიჯს დარტყმას ხომ არ აყენებენ?
_ თავისი პოზიციის ნაყოფს ხაზარაძე ახლა სასამართლოში კრეფს, ანუ მან საკუთარი თავი დააზარალა.
_ ე. ი., შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სისტემის შექმნაში ხაზარაძემაც დადო აგური, არა?
_ ოპოზიციას ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოგვდის.
_ ანუ?
_ ბევრ რამეზე ჩვენ განსხვავებული შეხედულება გვაქვს, მაგრამ ოპოზიცია ერთ მაგიდასთან იმიტომ დაჯდა, რომ პროპორციულ არჩევნებს მივაღწიოთ. პროპორციულ არჩევნებზე ივანიშვილმა მხოლოდ მთელი ერი კი არა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება „გადააგდო“.
პროპორციული არჩევნები ერთი ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციას გამორიცხავს. ჰოდა, ხალხმა სწორედ პროპორციული არჩევნებით უნდა გადაწყვიტოს, პარლამენტში რომელი პოლიტიკური ძალა სჭირდება. აი, ჩვენი თანამშრომლობა, აქციები და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ოპოზიცია ახორციელებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თორემ იმას არავინ ამბობს, არიქა, ერთმანეთზე გადარეულები ვართ და სამისდღემჩიო ფიც-ვერცხლით შევედუღაბეთო. ჩვენ, ყველას, განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა, იდეოლოგია გვაქვს და სახელმწიფოს განვითარებასაც ჩვენეულად ვუყურებთ!
პირდაპირ გეტყვით: ოლიგარქია და მსხვილი ბიზნესი, რომელიც პოლიტიკას განაგებს, პირადად ჩემთვის, მიუღებელია.
_ დამისაბუთეთ, რატომ?
_ ოლიგარქიამ და მსხვილმა ბიზნესმა პოლიტიკა შეიძლება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს და ამის ნათელი მაგალითი ივანიშვილია.
_ ივანიშვილს ვერ გაუტოლდება, მაგრამ ოლიგარქის სიმპტომები ხაზარაძესაც აქვს. ჰოდა, მისაღები რატომ არის?
_ ახლა ჩვენი სახელმწიფო ისეთი დიდი საფრთხის წინაშე დგას, რომ ყველაფერი ეს დროებით გვერდითაა გაწეული და კონკრეტულ საკითხებზე ვთანამშრომლობთ! აქამდე ჩვენ შორის მძიმე დაპირისპირებებიც არსებობდა, მაგრამ ვიმეორებ: დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და სწორედ აქედან გამომდინარე ვთანამშრომლობთ!
_ ვნახოთ, ეს თანამშრომლობა როგორ დამთავრდება.
ისე, ბატონო გიორგი, გაქვთ იმედი, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აიძულებს, რომ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს?
_ სწორი ფორმულირება მოახდინეთ _ დიახ, ჩვენი მიზანი დემოკრატიული, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნებია, რომლითაც არსებული ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს!
ახალი წლის დღეები მიილია და ისევ აქტიურ ქმედებებზე გადავალთ, რადგან ხელისუფლება იძულების რეჟიმში მოვაქციოთ და პროპორციულ არჩევნებზე წამოვიყვანოთ
_ ჰოდა, კითხვაზე მიპასუხეთ: რა გარანტია გაქვთ, რომ „ოცნება“ პროპორციულ არჩევნებზე წამოვა?
_ თუ არ წამოვა, უფრო დიდ დარტყმას მიიღებს.
_ ანუ?
_ თუ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზას დაადგება და ძალაუფლების შენარჩუნებას ასე შეეცდება, მაშინ პროტესტის უფრო მძლავრ ტალღას მიიღებს!
ხალხის სუვერენული უფლებაა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰქონდეს და ისეთი დაქირავებული ხელისუფლება ჰყავდეს, რომელსაც აირჩევს! თუ ვინმე შეეცდება, რომ ეს სუვერენული უფლება წაართვას, მაშინ ხალხისგან უმძიმეს რისხვას დაიმსხურებს!
გიორგი აბაშიძე