სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
2019-12-21 09:11:41
14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ევროპელობის ზეიმის საფარქვეშ თბილისში ოპოზიციას კონტრაქცია მოუწყო. რეგიონებიდან ძალით ჩამოყვანილი ხალხის დახმარებით შეეცადა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მას ამდენი მხარდამჭერი ჰყავს და მასთან ოპონენტები ვერაფერს გახდებიან. თავიდან „ოცნებას“ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მისი აქცია აგრესიული ყოფილილიყო. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ევროპელობის ზეიმის საბაბით ხალხი ჩამოიყვანეს. ასეთი პარტიული ღონისძიებები ჩვენს უახლოეს წარსულში ხშირად ყოფილა. 2012 წლის 28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმაც გადაავსო „დინამოს“ სტადიონი თავისი მომხრეებით და რეგიონებიდან ძალით ჩამოყვანილი ხალხით, მაგრამ ზუსტად ორ დღეში არჩევნები წააგო.
სამოქალაქო აქტივისტი გელა ჩხეიძე ბევრი ასეთი აქციის მნახველია. 2003 წელს ის „აღორძინების“ სიით მოხვდა პარლამენტში, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ გამო არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. ოპოზიციისგან თავის დასაცავად შევარდნაძემაც შეკრიბა რუსთაველზე თავისიანები. დამხმარე ძალა მას ასლან აბაშიძემაც გამოუგზავნა, მაგრამ შევარდნაძე დამთავრდა. გელა ჩხეიძე ფიქრობს, რომ „ოცნებაც“ დამთავრებულია. მისი თქმით, 14 დეკემბრის აქცია მმართველი პარტიის პოლიტიკური პანაშვიდი იყო.
რატომ მიიჩნევს „ოცნებას“ დამთავრებულად? არსებობს თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე? რატომ გაუჭირდება ივანიშვილს დამარცხების აღიარება? რა ელოდება მას დასავლეთიდან? _ ამის შესახებ გელა ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ 2003 წელს თქვენ „აღორძინების“ სიით მოხვდით პარლამენტში. დაესწარით კიდევაც იმ სხდომას, სადაც ახალი დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ეცნოთ, მაგრამ ყველაფერი „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა. ამ ამბავს იმიტომ გახსენებთ, რომ იმ პერიოდშიც ხელისუფლების მომხრეები მართავდნენ კონტრაქციას, მაგრამ მათ ხელისუფლების დაცვა ვერ შეძლეს. თქვენი აზრით, რაიმე აზრი აქვს კონტრაქციებს?
_ დავიწყოთ 2003 წლიდან. მთავარი კონტრაქცია რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა, იქ რამდენიმე დღის განმავლობაში გამაგრებული იყვნენ თბილისში მყოფი შვარდნაძის მომხრეები და ბათუმიდან გამოგზავნილი ხალხი. მანამდე რუსთაველზე ოპოზიცია იდგა. რაღაც პერიოდში მათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და ეს ადგილი ეგრევე დაიკავა შევარდნაძემ. მისთვის მთავარი იყო, პარლამენტის პირველი სხდომა ჩაეტარებინა, რათა ახალი პარლამენტის უფლებამოსილება ეცნოთ.
სხდომა 22 ნოემბერს იყო დაგეგმილი. ოპოზიციამ წინა დღეს ჩამოიყვანა ხალხი რეგიონებიდან. ისინი თავისუფლების მოედანზე დაბანაკდნენ. იქიდან ისინი 22 ნოემბერს, შუადღით დაიძრნენ პარლამენტისკენ, რომელსაც, კონტრაქციის გარდა, სამართალდამცველებიც იცავდნენ. მაშინ კონტრაქციის მონაწილეებს ჭკუა ეყოთ და დაპირისპირებაზე არ წავიდნენ. როდესაც ოპოზიცია თავისუფლების მოედნიდან ხმაურით და შეძახილებით დაიძრა, ესენი იქაურობას გაეცალნენ. პარლამენტს პოლიციამაც მოხსნა ალყა.
ისიც კარგად გვახსოვს, თუ როგორ გადაავსო მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი. დიდი ზარზეიმი ჰქონდათ ამის გამო, მართლაც მასშტაბური ყრილობა გამოუვიდათ. მანამდე „დინამოს“ სტადიონის გადავსება ზვიად გამსახურდიამ შეძლო, სხვა არ მახსენდება.
_ „გრეჩიხებმაც“ ხომ გაავსეს 2009 წელს „დინამო“?
_ მაშინ მარტო „გრეჩიხა“ არ ყოფილა, მაშინ იქ მთელი ოპოზიცია იყო. ოპოზიციის ღონისძიება ხელისუფლების აქციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. როცა ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციას, ეს ნორმალური არ არის. როდესაც ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის მოწყობილ კონტრაქციების ვუყურებ, სულ მიჩნდება კითხვა, _ ერთი და იგივე ხალხი ხომ არ დგას ამ კონტრაქციებზე?
ზვიად გამსახურდიამ როცა შეავსო „დინამო“, ეს სულ სხვა რამე იყო. იმ დროს ეროვნული გრძნობები გახლდათ ხალხში მოზღვავებული. იმ დღეს გაიხსნა ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატიც და ძალიან ბევრი ხალხი მივიდა იქ, ოღონდ ყველა საკუთარი ინიციატივით. ხალხისთვის მაშინ არავის დაურიგებია ფული და არც მანქანები უქირავებიათ მათ გადასაყვანად. „გრეჩიხას“ აქციას რაც შეეხება, იქ კიდევ ბევრი ოპოზიციური ძალა იყო, სტადიონზე მთელი თბილისი მივიდა, მაგრამ სიმართლე ვთქვათ _ მაშინ ფულმაც იმუშავა.
მიშას მიერ გადავსებულ სტადიონზე დიდი ზარზეიმით კი ჩაატარეს „ნაციონალებმა“ ყრილობა, მაგრამ ორ დღეში არჩევნები წააგეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი გამოიყვანა „ოცნებამ“ 14 დეკემბერს. „ოცნების“ აქციაზე ვსაუბრობ და მათ მიერ 2012 წლის სექტემბერში გამართულ აქციასაც გავიხსენებ. რუსთაველი მაშინაც გადაივსო, მაგრამ ხალხი იქ მხოლოდ საკუთარი ინიციატივით არ წასულა.
ჩემმა მეუღლემ იქ გორიდან წასული ისეთი ხალხი ნახა, რომელიც თბილისში აქციაზე საკუთარი ინიციატივით არ წავიდოდა. იმას კი არ ვამბობ, რომ ისინი ივანიშვილს მხარს არ უჭერდნენ, ამ ადამიანებს თბილისში წასასვლელი ფული, უბრალოდ, არ ჰქონდათ. აქციაზე წასულთაგან რამდენიმე „ნაციონალების“ მიმართაც ინდიფერენტულად იყო განწყობილი და _ „ოცნების“ მიმართაც. ისინი იყვნენ დაქირავებულები, მათ ფული გადაუხადეს და ასე წაიყვანეს აქციაზე. ახლაც იგივე ხდება _ ახლაც დაარიგეს ფული და ასე ჩამოიყვანეს ხალხი თბილისში.
ვთქვათ, შალვა ნათელაშვილს ხელში ჩაუვარდა რამდენიმე მილიონი. მასაც შეუძლია, რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა დააფინანსოს. ყველა რაიონიდან 500-500 კაცი რომ ჩამოიყვანოს, 35.000-იანი მიტინგის მოწყობა შეუძლია. ვისაც ფული აქვს, მას ხალხის მობილიზებაც ძალუძს. ივანიშვილივით მდიდარი ქართულ პოლიტიკაში არავინ არის, მაგრამ ბევრი პარტია არ უჩივის დაფინანსებას. ამის მიუხედავად, ისინი იმას არ აკეთებენ, რასაც „ოცნება“ კადრულობს.
_ რას გულისხმობთ?
_ უამრავი ნაცნობი მწერს, როგორ ემუქრებოდნენ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ისინი 14 დეკემბერს თბილისში აქციაზე არ წავიდოდნენ. გორის რაიონის ბევრი სოფლიდან დამიკავშირდნენ. ქალაქ გორის მცხოვრებლებმაც შემომჩივლეს. ამ პარტიას თუ მართლა ჰყავს სერიოზული მხარდამჭერები, ისინი საკუთარი ინიციატივით უნდა ჩასულიყვნენ თბილისში. 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე ხალხი თავისი ინიციატივით გავიდა. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ინიციატივით და ჩვენი სვლით ჩამოვედით გორიდან პროტესტის გამოსახატავად დედაქალაქში.
დღეს „ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციებზე საკუთარი ნებით მხოლოდ პარლამენტის წევრები წავლენ. წავლენ იმიტომ, რომ სკამები შეინარჩუნონ. მათ ძალიან უჭირთ სკამებთან დაშორება. დავინახეთ, რომ ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ტოვებენ თავისი ნებით პარლამენტს, როცა იქ ცუდი სუნი დგება. გასულ კვირას ვნახეთ, როგორ გამორბოდნენ ცუდი სუნის გამო კანონმდებლები სხდომათა დარბაზიდან. მეშინია, რომ ქვეყანაშიც არ დააყენონ ცუდი სუნი.
_ ქვეყანაში ცუდი სუნის დაყენებაში რას გულისხმობთ?
_ მეშინია, რომ არეულობამდე არ მიიყვანონ საქმე. 1991 წელს ოპოზიციისა და უმრავლესობის აქციები სროლით და უბედურებით დასრულდა. მეშინია, იგივე არ განმეორდეს. ამას ვგულისხმობ ქვეყანაში ცუდი სუნის დაყენებაში. პარლამენტში რა სუნი დადგება, სულ არ მაინტერესებს. პარლამენტი უკვე დიდი ხანია, ყარს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკურ სუნს არ ვგულისხმობ.
_ რაკი პარლამენტში სუნის გაშვებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, თქვენ მოგეწონათ ეს ქმედება? გამართლებული იყო საკანონმდებლო ორგანოში იმ სუნის გამომწვევი სითხის დასხმა? მე არ მომეწონა.
_ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტის ერთგვარი დაკნინება, მაგრამ ეს პროცესი უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში მიდის. საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა თავის გამოსვლით მთელ ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა. მან შეურაცხყოფა მიაყენა იმ ხალხს, ვისაც შვილები გვეზრდება და ვინც ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დავდგეთ. ამ განცხადებით ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტიც დააკნინა.
_ პრეზიდენტად წოდებულის რომელ განცხადებას გულისხმობთ? მისი ყველა განცხადება ერთმანეთზე უარესია.
_ ჯარი არ გვყავსო და არც გვექნებაო, რომ თქვა, მაგ განცხადებაზე მოგახსენებთ. ამით მან, პირველ რიგში, პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინა. დაკნინებული და ჩამოშლილია თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტიც. გინდ დამიჯერეთ გინდ _ არა, მაგრამ ძალიან მტკივა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება. პარლამენტში გაშვებული სუნი მე უფრო მახრჩობს, ვიდრე ენძელა მაჭავარიანს, გუგული მაღრაძეს ანდა იქ მყოფ რომელიმე დეპუტატს.
ის საშინელება, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, ყველას გვეხება. ეს ყველა ჩვენგანის ტკივილია. რაღაცებზე კი ვხუმრობთ, მაგრამ, სინამდვილეში, სახუმაროდ არ გვაქვს საქმე. ხშირად მწერენ, რატომ ხუმრობ ფეისბუქზე ყველაფერზეო, საყვედურებსაც მეუბნებიან. მე აქედან ვპასუხობ, _ აბა, რა ვქნა, ქვეყანაში ტრაგიკომედიაა-მეთქი.
_ მე ვერ ვიტყოდი, რომ ხუმრობთ. ფეისბუქზე სულ სიცილ-სიცილით ამბობთ მწარე სიმართლეს.
_ ჰოდა, ეგაა ტრაგიკომედია, თორემ მშვენიერ ზღაპრებს დავწერ: ზოგს მგელის როლში გამოვიყვან, ზოგს _ ჟირაფის და ზოგს _ დათვის. ისე დავწერ, რომ ძალიან ადვილად ამოიცნობენ საკუთარ თავებს. პირანიებზეც დავწერ. პირანიების როლში ძალიან ბევრი დაინახავს საკუთარ თავს. როცა ქვეყანაში ტრაგიკომედია ტრიალებს, იქ ზღაპარი საჭირო არ არის. ვიცინით, ვხუმრობთ, ზოგი იმ სუნს გაურბის, რა სუნსაც ბავშვობიდან მიჩვეული იყო. ამ დროს ქვეყანას აუბედურებენ. უვადო მოსამართლეებად ის ხალხი დასვეს, ვისაც წინა ხელისუფლების დროს უკანონო გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. უნდოდათ, ხალხი დაერწმუნებინათ იმაში, რომ 14 დეკემბერს ევროპელობა იზეიმეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სულ სხვა რამე იზეიმეს.
_ რა იზეიმეს, ბატონო გელა?
_ უსამართლო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და მაჟორიტარული სისტემის გადარჩენა. დღეს ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებულად მიიჩნევს თავს და ამიტომაც გასცა ზეიმის გამართვის განკარგულება.
_ ამბობთ, თავს გამარჯვებულად მიიჩნევსო. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მას გამარჯვებულად არ თვლით? სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი?
_ ამ კითხვაზე საპასუხოდ დავუბრუნდეთ იმ თემას, რითაც დიალოგი დავიწყეთ: კონტრაქციები ხელისუფლებისთვის კარგად არ სრულდება. არც ახლა იქნება გამონაკლისი. ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პანაშვიდის, გნებავთ, გასვენების სუნი ტრიალებს. ქალბატონმა სალომემ, ჯერ კიდევ, როდის მოხარშა ლობიო ქელეხისთვის. ქელეხზეც ხომ ასე ხდება _ გასვენებამდე ლობიოს ხარშავენ ხოლმე. ლობიო უკვე მოხარშულია. პოლიტიკური გამოსვენებაც მალე იქნება. „ოცნების“ პოლიტიკური ქელეხის სუნი აშკარად ტრიალებს ქვეყანაში. ასეთი კონტრაქციები შევარდნაძისთვისაც ცუდად დამთავრდა და _ მიხეილ სააკაშვილისთვისაც.
_ ორივემ მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება, გაუჭირდათ, მაგრამ დათმეს. თქვენ საუბრისას 1991-1992 წლების მოვლენები გაიხსენეთ. მაშინ ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეცვალეს. ახლაც ხომ არ არის ამის საფრთხე? ზემოთ თქვით, რომ ამის განმეორების გეშინიათ.
_ მეშინია, რომ ასეთი რამე არ მოხდეს, ძალიან არის ივანიშვილი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. მეშინია, მაგრამ მახსოვს 2012 წლის პირველი ოქტომბერიც. იმ დღეს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგაც კი, ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილი უსისხლოდ არ წავაო. ყველას ეშინოდა, რაღაც არ მოეწყოთ „ნაციონალებს“. გავიდა რამდენიმე საათი, მიშამ დამარცხება აღიარა და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
_ ფიქრობთ, რომ ივანიშვილიც იგივეს გააკეთებს?
_ დარწმუნებული ვარ, რომ არ გააკეთებს. „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილით დაწყებული, მისი მრჩევლებით დამთავრებული, არავინ არის ისეთი, ვინც ოპონენტს არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს. გამორიცხული ამბავია, რომ ივანიშვილმა ვინმეს მასზე გამარჯვება მიულოცოს. ამიტომ მეშინია რაღაცების გამეორების. ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ ხელისუფლებასთან განშორება. ეს მათ დიდ ტკივილსაც მიაყენებს. ამ ტკივილმა მათ შეიძლება ბევრი ცუდი რამე გააკეთებინოს. ჯერ არ ტრიალებს დენთის სუნი, მაგრამ წინ გვიდევს ასეთი მწარე გამოცდილება და შიშისთვის სრული საფუძველი გვაქვს. თანაც აშკარად ვხედავთ, რომ ივანიშვილს დათმობაზე წასვლა უჭირს.
_ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რამდენიმე წელი დასავლეთი შორიდან უყურებდა. ახლა ისინი აქტიურად არიან ჩართულები აქაურ პროცესებში. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგსაც კი უწევენ ორგანიზებას. თითქმის ყოველდღე კეთდება რაღაც განცხადება. აშკარაა, რომ დასავლეთი ივანიშვილის ქმედებებით შეშფოთებულია. ეს შეშფოთება თუ შეაშფოთებს „ოცნების“ ლიდერს?
_ ამ სიტუაციის შესაფასებლად ცუდი არ იქნება, თუ ედუარდ შევარდნაძის დროს გავიხსენებთ: 2003 წელს მას შავი სალაროს გახსნა მოუწია. იმ წელს არჩევნები ტარდებოდა და შევარდნაძეს სხვა გზა არ ჰქონდა. ამ შავი სალაროს არსებობას ნურავინ გაიკვირვებს. ასეთი სალარო ჰქონდათ „ნაციონალებს“ და აქვს „ქართულ ოცნებას“. 2003 წელს შევარდნაძემ გახსნა ეს სალარო, საიდანაც ძალიან ბევრი ფული დაურიგა პენსიონერებსა და პოლიციელებს. მაშინ ხელფასები და პენსიები იყინებოდა და ხელისუფლებას ხალხის მიმართ დიდი დავალიანება ჰქონდა. სადღაც აგვისტოში სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და კიდევ სხვა ორგანიზაციებმა ყოველგვარ დახმარებაზე მაშინდელ ხელისუფლებას უარი უთხრა. ვატყობ, „ოცნების“ საქმეც აქეთ მიდის. შორს არ არის ის დრო, როცა ივანიშვილს კიდევ მოუწევს ჯიბეში ხელის ჩაყოფა და იქიდან საკუთარი ფულის ამოღება. ამ შემთხვევაში მას ფულის დახარჯვა სულ სხვანაირად მოუწევს.
_ სხვანაირად როგორ?
_ ისე ნამდვილად არა, როგორც აქამდე იყო. გამოვიდოდა რომელიმე სკოლის დირექტორი, იტყოდა, _ ბიძინამ საღებავი ან კარ-ფანჯარა გვაჩუქა და ჩვენც ისე შემოვატანინებდით ამას, რომ დღგ-ს არ ვახდევინებდით. დასავლეთმა თუ იგივე გაუკეთა მას, რაც შევარდნაძეს უქნა, საკუთარი ფინანსებით მოუწევს ქვეყნის შენახვა.
_ ამას დასთანხმდება ივანიშვილი?
_ ამას ივანიშვილი არ გააკეთებს. ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ გააკეთებს. ქვეყანა რომ თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით შეინახოს, მაშინ მას 7 კი არა, 70 მილიარდი უნდა ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ დასავლეთმა 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებას ყველანაირი დახმარება შეუჩერა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირდაპირ უთხრეს ედუარდ შევარდნაძეს, _ ჭკვიანად მოექეცი ამ ახალგაზრდებს! ჟვანია-სააკაშვილის გუნდს გულისხმობდნენ.
შევარდნაძე ვერ გამოდგა ისეთი ჭკვიანი, როგორიც ჩანდა ან როგორიც ეგონათ და 2%-ს გადააყოლა საკუთარი თავი. ეს ამბავი 16 წლის წინათ მოხდა და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ მაშინ დავა მიდიოდა არჩევნებში მიღებული ხმების 2%-ზე. ამ 2%-ის დათმობა არ ისურვეს შევარდნაძემ და მისმა გუნდმა, მაგრამ მერე ყველაფერი დაკარგეს. მოხდა „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგადაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ძალა, რომელმაც რაღაც შექმნა, მაგრამ დაუშვა დიდი შეცდომა. შეიძლება, ეს დანაშაულიც კი იყო _ მათ არ დაანგრიეს შევარდნაძის სტრუქტურა. სააკაშვილს ეს სტრუქტურა რომ დაენგრია, სულ სხვანაირად წავიდოდა საქართველოს საქმე.
_ შევარდნაძის სტრუქტურაში რას გულისხმობთ?
_ შევარდნაძემ საბაზრო ეკონომიკაზე გადამსვლელ-გადმომსვლელი რაღაც შექმნა. ფაქტობრივად, არარსებული სოციალური სისტემა მოიგონა, რამაც საქართველოს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. სააკაშვილს ეს სისტემა რომ დაენგრია და ქვეყანა სხვა მოდელზე გადაეყვანა, ჩვენ ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით. დაახლოებით იგივე დონეზე ვიქნებოდით, რა დონესაც ბალტიის სახელმწიფოებმა მიაღწიეს. მათ მართლა სწრაფი და უზარმაზარი ნაბიჯები გადადგეს წინსვლისა და განვითარებისკენ. წინა ხელისუფლებას ამ მხრივ უფრო ჭკვიანურად რომ ემოქმედა, შეიძლება სააკაშვილს 2012 წელს არც კი წაეგო არჩევნები.
_ სააკაშვილმა მარტო იმიტომ არ წააგო არჩევნები, რომ შევარდნაძის სისტემა არ დაანგრია. მისი დამარცხება იმ უსამართლობამ და ძალადობამ განაპირობა, რაც „ნაციონალების“ მმართველობის დროს ხდებოდა. ამას არც „ნაციონალები“ უარყოფენ.
_ ძალადობა თავიდანვე ჰქონდათ „ნაციონალებს“. დღეს ეს პოლიტიკური ძალა ოპოზიციაშია. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში ამ პარტიის ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, დაუფარავად ვამბობ, რომ ეს ძალა უფრო მომწონს, ვიდრე _ „ქართული ოცნება“.
_ ცოტა მიკვირს, რომ თქვენ დღეს ამ ძალას უჭერთ მხარს.
_ შეიძლება მხარს არ ვუჭერ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ძალამ რაღაც გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მათ მეტის გაკეთება შეეძლოთ. მათაც ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამის შედეგია, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა. დიდი შეცდომა დავუშვით წლების წინათ, რომ დეპუტატების რაოდენობა 150 კაციდან 100 კაცამდე არ შევამცირეთ.
_ ეს რას მოუტანდა ქვეყანას?
_ როგორ თუ რას?! _ 50 უსაქმურს ხომ მაინც მოვიშორებდით თავიდან! ბიუჯეტს მათი შენახვა ძალიან ძვირი უჯდება. დღეს ოპოზიციაში ბევრი ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ 75 დეპუტატზე მეტი საქართველოს არ სჭირდება.
_ მთლად პარლამენტის განახევრება მონდომებიათ. 75 კაცზე მეტი მართლა არ არის საჭირო, მაგრამ ამას ვინ დასთანხმდება?
_ ამაზე ხალხის დათანხმება ძალიან გაჭირდება, ეს მტკივნეული იქნება. ბევრი შანსი გაუშვა წინა ხელისუფლებამ. მშენებლობებით ძალიან გაერთო მიშა და პოლიტიკურ რეფორმებს აღარ მიხედა. პოლიტიკური სისტემა რომ დაელაგებინა, აქამდე არ მივიდოდით. დღეს საქართველო რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ დგას. ქვეყნის სრული დაპყრობის საფრთხეზე მოგახსენებთ, მცოცავი ოკუპაცია ახლაც გრძელდება.
_ ისე, ცოტა უცნაურია, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ ზეიმს აწყობს და ამ დროს რუსი კომუნისტი დაგვისვეს პარლამენტის სპიკერის სავარძელში. ამ უზნეობის გასაპროტესტებლად გამოსულ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს! ეს არ არის ევროპა. მათ მიერ ევროპელობის ზეიმის მოწყობა ბედის ირონიას ჰგავს.
_ ევროპის დღეები მხოლოდ საბაბი იყო, თორემ ყველამ კარგად ვიცით, რომ ხალხი ოპოზიციისთვის კონტრაქციის მოსაწყობად გამოიყვანეს ქუჩაში. 14 დეკემბერი ხრესილის ბრძოლის დღეა. ამ დღეს ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
_ ხრესილის ბრძოლა ისტორიული გამარჯვებაა, მაგრამ ეს აქციაზე არავის გახსენებია. ან როგორ გაიხსენებდნენ? ჩვენ ხომ, სალომე ზურაბიშვილს თუ დავუჯერებთ, ჯარი არასდროს გვყოლია და არც არასდროს გვეყოლება.
_ დიდი ჯარი არასდროს გვყოლია, მაგრამ კარგი მებრძოლები ვიყავით. სოლომონ I-მა ხრესილის ბრძოლისთვის 16.000 კაცს მოუყარა თავი. დადიოდა სოფლებში, 200-300 კაცს აგროვებდა, ასე შეაგროვა 16.000 კაცი და უძლეველი ჯარი დაამარცხა. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან, ვინც 14 დეკემბრის აქციაზე მივიდა, არავის ეცოდინება ხრესილის ბრძოლის შესახებ. მათ ასევე არ ეცოდინებათ, თუ რა არის ევროსაბჭო და რა არის ევროკავშირი.
ისიც კი არ ეცოდინებათ, საქართველო ევროსაბჭოს წევრი როდის გახდა, ვერც იმაზე გასცემენ პასუხს, თუ რა გვინდა ევროკავშირსა და ევროპარლამენტში. 14 დეკემბერს გამართული ღონისძიება სხვა არაფერია, თუ არა ბიძინას ზეიმი. ვიღაცამ შთააგონა, რომ ეს აქცია მოეწყო. ვიღაცას უნდა, ბიძინა დაარწმუნოს, ნუ გეშინია, ჩვენ ძალა გვაქვსო.
_ 100.000 კაცი საკმარისი ძალაა? ამდენს მიშას კი კრებდა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო არჩევნები…
_ 100.000 კაცი თუ გამოიყვანეს, ნიშნავს, რომ არჩევნებზე 300.000 ხმას მიიღებენ, რაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ბიძინა ივანიშვილი განწირული მარცხისთვის.
შორენა მარსაგიშვილი