სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
2019-12-15 12:24:45
„არ ვიცი, დასავლეთმა კიდევ რა შეიძლება, გააკეთოს _ განცხადებებში სიმკაცრე იმატებს, მაგრამ ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად სანამ ფინანსური სანქციების იმედად ვიქნებით, არაფერი გვეშველება! მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს ჩვენ თვითონ ვაგვარებთ! შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი მკვდარი აყროლებამდე ჩვენვე უნდა მივაბაროთ მიწას!“ _ ასე ეხმაურება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რომლის შეფასებითაც, ის, რაც ახლა ხდება, თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ბრძოლა, რომელიც მმართველი გუნდის ლიდერმა, ანუ ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ ხალხს გამოუცხადა. ქარდავა დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში აუცილებლად ხალხი გაიმარჯვებს.
სხვათა შორის, პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, თბილისში საპროტესტო აქციები რომ დაიწყო და პარლამენტის წინ კარვები გაიშალა, ყველაზე დიდი კარავი ედპ-მ გაშალა, თუმცა, მოგეხსენებათ, ამ კარვებს რა ბედიც ეწია _ ხელისუფლებამ მშვიდობიან პროტესტანტებს „რობოკოპები“ დაუპირისპირა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმით გაწმინდა. შესაბამისად, ედეპელების კარავიც იმ წმენდას შეეწირა, თუმცა, სხვა ოპოზიციის მსგავსად, ბაჩუკი ქარდავას გუნდს ბრძოლაზე ხელი არ აუღია და 17 ნოემბრის მერე გამართულ საჯარო უწყებების „დაბოქლომებისა“ თუ სხვა ტიპის საპროტესტო აქციებში კვლავინდებურად აქტიურადაა ჩართული.
მოკლედ, რა აძლევს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს იმის თქმის საფუძველს, რომ ზემოხსენებული ბრძოლა აუცილებლად ხალხის გამარჯვებით დასრულდება და, საერთოდ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს და ამ არჩევნების ჩატარებას არსებული საარჩევნო, ე. ი., შერეული სისტემით დააპირებს? _ ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ ბაჩუკი ქარდავას ესაუბრა:
_ ბაჩუკი, როგორ ხარ, საქმეები როგორ მიდის?
_ კარგად ვარ და საქმეებიც კარგად მიდის.
_ ხელისუფლება უკან არ იხევს. აგერ, დიმიტრი ხუნდაძე კი ხელმოწერების შესაგროვებლად ხალხში გადის და ირწმუნება, 2024 წლიდან მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეთო. ჰოდა, ყველაფერი ეს საქმის კარგად წასვლა როგორაა?
_ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ „გადამგდების“ სახელი აქვს, ამასთან, ხელისუფლება ხალხის პროტესტს „რობოკოპებით“ უპირისპირდება და კონტრაქციებს იყენებს. ეს ძალაუფლების შენარჩუნების ბოლო ფაზაა, ანუ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას დიდი პერსპექტივა არ აქვს და ესაა დღევანდელი მოცემულობა!
ზოგადად, პროპორციული ან გერმანული მოდელი, რომელიც ოპოზიციამ ივანიშვილს შესთავაზა, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი და საშუალებაა, მაგრამ ივანიშვილს ხელისუფლების უზურპაცია უნდა. ჩვენი, ანუ ოპოზიციის მოთხოვნა სამართლიანია და ამიტომ ამ ბრძოლაში ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება!
ისე, ივანიშვილმა იცის, რომ მისი რეიტინგი, პრაქტიკულად, განულებულია და ხელისუფლებაში დარჩენის პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ხელისუფლება არ ეთმობა და ამიტომ ყველაფერზე მიდის, თუმცა გითხარით და კიდევ გეუბნებით, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს!
_ შეიძლება, ასეცაა, მაგრამ „ოცნებას“ სხვა არგუმენტი აქვს. კერძოდ კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა ოდიოზური სახეები აცხადებენ, ქუჩაში 200-მდე „ნაციონალი“ დგასო. ბაჩუკი, გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ოპოზიციამ ხალხის მასობრივი აყოლიება ვერ შეძლო.
_ „მასობრივი აყოლიება“ რას ნიშნავს?
_ „მასობრივი აყოლიება“ იმას ნიშნავს, რომ პროტესტს საერთო-სახალხო სახე არ აქვს, ანუ „დაბოქლომებისა“ თუ სხვა სახის აქციებში უმეტესად ოპოზიციური პარტიების აქტივისტები მონაწილეობენ.
_ 10-15 და 20-ათასიანი მიტინგები ჩატარდა, ამას გარდა, ახალგაზრდები თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტს პერმანენტულად გამოხატავენ. სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება, თავისი აღმასრულებელი უწყებებითა თუ მაჟორიტარებიანად, ჩამოქცეულია.
დიახ, ეს მოცემულობაა და თუ ივანიშვილი „დრონებით“ თავების დათვლას გააგრძელებს, დამერწმუნეთ, ძალიან ბევრ თავს დაითვლის, თუმცა შესაძლოა, დათვლა ვეღარც მოასწროს!
_ ვნახოთ, რა მოხდება, თან ნათქვამია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. შემოდგომამდე კი დიდი დროა. მოკლედ, ივანიშვილი, როგორც თვითონ ამბობს, „პატარა ტრიუკებს“ აკეთებს ხოლმე. შესაბამისად, ოპოზიცია მზადაა, „ოცნების“ ლიდერმა რამე ახალი „ტრიუკის“, ანუ ფაქტის წინაშე არ დააყენოს, ვთქვათ, ოპოზიციაში მსტოვრები შემოაგზავნოს და „ციხე შიგნიდან გატეხოს“? ისე, არ დაგიმალავთ და, პირადად მე, ხაზარაძე-უსუფაშვილ-„მემარჯვენეების“ გაერთიანება სწორედ ასეთ „ტრიუკად“ მივიჩნიე. მოკლედ, ეს „ტრიუმვირატი“ ოპოზიციას ხომ არ ემიჯნება?
_ არა, ვერ ვიტყვი, რომ ეს გამიჯვნაა. ეს ოპოზიციური ერთობა კონკრეტულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებითაა შექმნილი. ეს ერთობა საერთაშორისო დონეზეც მუშაობს და ასევე ქვეყნის შიგნით საპროტესტო ტალღის, ასე ვთქვათ, დაორგანიზებაზე. ყველაფერ ამაში თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკური სუბიექტებიც ჩართულები არიან.
რაც შეეხება კოალიციას, ბლოკს და არჩევნებში ვინ როგორ გამოვა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. ზემოხსენებულ ერთობაში პროდასავლური ძალებიც არიან და პრორუსულიც, ასევე მემარჯვენეები და მემარცხენეებიც. შესაბამისად, არჩევნებში ერთად გამოსვლის მიზანს არც ვისახავთ.
პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ბრძოლაში კი, ვიმეორებ, ყველა პარტიაა ჩართული და ჩვენი დევიზია _ ყველას მინუს ერთი, ანუ ბიძინა ივანიშვილი!
_ მესმის, რომ პროპორციული სისტემის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტში ერთ გუნდად არ გამოვა, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ეს ე. წ. საკოორდინაციო საბჭო თაკო ჩარკვიანმა დატოვა და ამით ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტი გააპროტესტა.
სხვათა შორის, ბურჯანაძის მოსკოვში წასვლა „ოცნებამაც“ ხელზე დაიხვია, „გერმანულ მოდელს“ პუტინისგან ჩამოიტანსო. ბაჩუკი, იცოდით, რომ ბურჯანაძე ჩრდილოეთს მიემგზავრებოდა თუ პოსტ ფაქტუმ გაიგეთ?
_ ეს ინფორმაცია არ მქონდა. ბურჯანაძეს მოსკოვში ვიზიტი ადრეც ბევრჯერ ჰქონდა და, ზოგადად, მისი საგარეო ორიენტაცია ცნობილია. აქვე გეტყვით, რომ ეს ორიენტაცია ჩემთვის და ასევე ძალიან ბევრი იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც ამ საკოორდინაციო საბჭოს წევრია, აბსოლუტურად მიუღებელია.
რაც შეეხება თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას, ეს ემოციურად გასაგებია. ისე, ქალბატონი თაკო გაერთიანებული ოპოზიციის არათუ წევრად რჩება, არამედ საპროტესტო აქციებშიც ჩართულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემა, პრაქტიკულად, ამოწურულია!
_ კი ბატონო, მაგრამ იმაზე რატომ არ მპასუხობთ, „ოცნება“ რომ ქირქილებს, ბურჯანაძე „გერმანულ მოდელს“ პუტინისგან ჩამოიტანსო?
_ ჯერ ერთი, ენას ძვალი არ აქვს.
მეორეც, გასაგებია, რომ ბურჯანაძესთან დაკავშირებით ყურადღებას რუსულ ფაქტორებზე გაამახვილებენ, მაგრამ პროპორციულის ჩაგდება, ხალხის პროტესტის ჩახშობა, კონტრაქციები და არჩევნებზე უარის თქმა, ანუ ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაწუნება, „ენდიაისა“ და „აირაის“ კრიტიკა რუსული გზაა.
_ ანუ?
_ ეს გზა ივანიშვილის იძულებითი არჩევანი არ არის.
_ აბა, რა არის?
_ რუსეთი ივანიშვილის მენტალური არჩევანია. პუტინიც ზუსტად ასე იქცეოდა და ივანიშვილიც ასე იქცევა!
_ გეთანხმებით, რომ იგივე არასამთავრობოების წინააღმდეგ პუტინიც ილაშქრებს და ამ მხრივ ქართულ და რუსულ მმართველ ელიტებს შორის პარალელის გავლება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ბაჩუკი, თქვენი ნებართვით, საუბრის თემას შევცვლი და იმ კითხვას დაგისვამთ, რომელსაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ვუსვამ ხოლმე.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ ოპოზიციონერებს რატომ გქონდათ იმედი, რომ ივანიშვილი თავის სიტყვას შეასრულებდა და პროპორციულ არჩევნებს დააკანონებდა? მთელი ზაფხული ამ თემაზე ოპოზიციას უფრო მეტად რომ ეაქტიურა, ახლა, იქნებ, სხვა რეალობა გვქონოდა?
_ საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გამოდის და ხალხს ჰპირდება, საარჩევნო რეფორმას განვახორციელებ და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავაო, მაგრამ აქამდე არც ჩვენთან გამიგია და არც _ უცხოეთში, რომ ასეთი დაპირების შემდეგ მმართველს არათუ თავისი მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც მოეტყუებინოს!
_ უკაცრავად, 2012 წლიდან მოყოლებული ოპოზიცია ივანიშვილს მატყუარას ეძახის და ახლა რატომ გეგონათ, რომ თავის დაპირებას შეასრულებდა?
_ იცით, რომ ივანიშვილის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მაინც არ ვიცოდი, რომ ამ დონის უწესო კაცი თუ იყო!
_ ე. ი., არ აღიარებთ, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა ამ თვეების განმავლობაში პროპორციულ სისტემაზე უფრო მეტ პედალირებას არ აკეთებდა, არა?
_ შეცდომა ოპოზიციამ კი არა, ივანიშვილმა დაუშვა, ანუ ქვეყანაში, პრაქტიკულად, პოლიტიკური კრიზისია და ამ კრიზისამდე ივანიშვილმა საკუთარი თავი თავად მიიყვანა! დიახ, ეს მისი შეცდომაა და ახლა ჩვენ მის შეცდომაზე ვრეაგირებთ!
_ შეიძლება, ასეცაა, მაგრამ ხელისუფლებას მაინცდამაინც არ ეტყობა, რომ ყველაფერი ის, რაც ქუჩაში ხდება, „ოცნებას“ ანერვიულებს. აი, მაგალითად, გუშინ ერთი-ორ არაპოლიტიკურ ღონისძიებაზე ვიყავი, რომელსაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და გულიანად „ტაშფანდურობდნენ“…
_ ვნახოთ, ბოლოს ვინ ინერვიულებს!
ხელისუფლება, პრაქტიკულად, ჩამოქცეულია. მეტიც, უმრავლესობა იშლება _ მას ყოველდღე ვიღაც აკლდება. მოკლედ, ხელისუფლება არ არსებობს.
_ ეს როგორ?
_ ხელისუფლება მხოლოდ ძალაზეა დამყარებული, მაგრამ ძალაძე დიდი ხნის განმავლობაში ვერ იდგება!
_ ცხადია, ნებისმიერ ძალადობას, ადრე თუ გვიან, ბოლო მოეღება, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს? 2020-ის ოქტომბრამდე აქცია-დარბევებით უნდა მივიდეთ?
_ უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ასე მივიდეთ. უფრო სწორად, ჩვენ კი მივალთ, მაგრამ ივანიშვილი ვერ მივა.
_ რატომ?
_ ეს ხელისუფლება ამ პრესს ვერც ქვეყნის შიგნით გაუძლებს და ვერც _ ქვეყნის გარედან!
_ ანუ ივანიშვილი იძულებული გახდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილს ხელისუფლებიდან წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს!
_ ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, ბაჩუკი?
_ საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და ჯერ არ გამიგია, რომ ასეთ ფაზაში შესულ ხელისუფლებას ძალაუფლება შეენარჩუნებინოს!
საქართველო ნავთობით მდიდარი ქვეყანა არაა.
_ ეს რა შუაშია?
_ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც ერთი სიმდიდრე აქვს და ეს სიმდიდრე თავისუფლება და დემოკრატიაა! შესაბამისად, ამ სიმდიდრეზე უარისმთქმელი ხელისუფლება ხელისუფლებაში ვერ დარჩება!
_ ანუ ოპოზიცია რევოლუციას მოაწყობს?
_ რევოლუციას პოლიტიკური ორგანიზაციები არ აწყობენ!
_ აბა, ვინ აწყობს?
_ რევოლუციას ხალხი აწყობს! აქამდე კი ვითარება ხელისუფლებას მიჰყავს ხოლმე!
ისე, არ ვისურვებდი, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არაარჩევნების გზით კიდევ ერთხელ შეიცვალოს. ეს ცვლილება სამართლიანი არჩევნებით უნდა მოხდეს!
მოკლედ, რევოლუცია ჩემთვის მისაღები ნამდვილად არაა, თუმცა ეს ივანიშვილის გადასაწყვეტია, ანუ მისი არჩევანი იქნება, ხელისუფლებიდან როგორ წავა!
_ ჩემს ხელთ არსებული კულუარული ინფორმაციით, „ოცნებამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, მარტის შუა რიცხვებისთვის ან აპრილის ბოლოსთვის დანიშნოს, ოღონდ ვადამდელი არსებული, ანუ შერეული სისტემით ჩატარდება. თუ ასე მოხდა, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?
_ ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს.
_ და ეს „დღის წესრიგი“ როგორია?
_ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხალხის რეალური ნება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე გამოვლინდება და მცირერეიტინგიანი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს!
მოკლედ, ამ ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება შესრულდება. სხვათა შორის, ეს მხოლოდ დაპირება არ იყო.
_ აბა, კიდევ რა იყო?
_ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2020-დან პროპორციულ არჩევნებზე გადავიდოდა, ამას საჯარო განხილვები მოყვა და უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, აი, რა კარგები ვართ, 2020 წელს სამართლიან არჩევნებს ჩავატარებთო. აქედან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმურობა ვერ წარმომიდგენია.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამაზე ოპოზიცია იმსჯელებს და თავისი პოზიცია ასევე გეგმაც აუცილებლად ექნება, რაც ივანიშვილს არ ესიამოვნება.
_ სხვათა შორის, არსებობს ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვადამდელის მომხრე არაა და უნდა, რომ არჩევნები 2020-ის შემოდგომაზე ჩატარდეს. ოპოზიციისთვის სააკაშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი არაა?
_ მიხეილ სააკაშვილთან დიდი ხანია, არ მისაუბრია და ვადამდელთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ ვიცი, ამიტომ ამ საკითხზე მხოლოდ ჩემი და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ პოზიციის თქმა შემიძლია.
_ და ეს პოზიცია როგორია?
_ ოპოზიცია ვალდებულია, რომ პოზიციები შეაჯეროს და ერთიანი სტრატეგიით გამოვიდეს _ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ ბოიკოტს გამოუცხადებს მას!
ზოგადად, ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა, თან არ მგონია, რომ ივანიშვილმა ვადამდელის არჩევნების დანიშვნა გაბედოს, რადგან აუცილებლად წააგებს!
_ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ მასში „ოცნების“ მეტი არავინ მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიცია კი ჭრელია. აი, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულის მომხრეა, არსებობს გარანტია, რომ არჩევნებს ბოიკოტი „პატრიოტთა ალიანსმაც“ და სხვა წვრილმა პარტიებმაც გამოუცხადონ?
_ არ ვამბობ, რომ ბოიკოტს რამე უპირატესობა აქვს.
ზოგადად, ჩემს პოზიციას გულწრფელად გეტყვით.
_ გისმენთ.
_ თუ არჩევნები გაყალბდება და ხელისუფლებას მიიტაცებენ, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი ქუჩაში არჩევნების შემდეგ გამოვა და ამ ხელისუფლებას დაამხობს თუ _ არჩევნების წინ?
ისე, სიტყვა „დამხობისთვის“ შეუძლია, სუს-მა, ნიკა გვარამიას მსგავსად, დაკითხვაზე მეც დამიბაროს!
ერთი სიტყვით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, კონკრეტულ შემთხვევაში როგორი პოლიტიკური მოცემულობაც იქნება!
სხვათა შორის, ბოიკოტის გარდა ისიც შეიძლება, რომ ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატები ჰყავდეს.
ერთი სიტყვით, ბევრი ვარიანტი არსებობს. ის კი, ვინც სხვა თამაშს ითამაშებს, ეს სხვა კი არა, არამედ ივანიშვილის თამაში იქნება!
_ ვთქვათ, ისე მოხდა, რომ ხუნდაძემ საარჩევნო სისტემის მთლიანად მაჟორიტარულზე გადასვლასთან დაკავშირებით 200 ათასი ხელმოწერა მართლა შეაგროვა. ეს 200 ათასი ადამიანიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მისი აზრი გასათვალისწინებელი იქნება?
_ ზედმეტი ირონიის გარეშე გეტყვით, რომ ხუნდაძე რამდენ ხელმოწერას შეაგროვებს ან რა განცხადებას გააკეთებს, ამას სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ!
_ რატომ?
_ ხუნდაძე ივანიშვილის იდეებს ახმოვანებს და ამიტომ ხუნდაძეზე კი არა, ივანიშვილზე უნდა ვისაუბროთ! პროპორციულის ჩავარდნის სპექტაკლში ხუნდაძე მთავარ როლს ასრულებდა და ამ სპექტაკლის გაგრძელებაა მთლიანად მაჟორიტარულზე გადასასვლელად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაც.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ივანიშვილს კი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე აღარ აქვს!
მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც ხუნდაძეები აკეთებენ, ჩვეულებრივი სპექტაკლია და რეალურ პოლიტიკასთან კავშირში არ აქვს!
_ ბაჩუკი, გამორიცხავ, რომ ივანიშვილი ამ „ხუნდაძეების“ ტყვეობაში იყოს და იმას აკეთებდეს, რასაც ისინი ეუბნებიან?
_ რას ლაპარაკობთ! ამას სერიოზულად მეკითხებით?
_ დიახ, რადგან ე. წ. პატარა ფეოდალებს, როგორც ამბობენ, ძალაუფლების დაკარგვა არ უნდათ და ივანიშვილი შესაძლოა, კუთხეში მიაყენეს.
_ ამ თემაზე საუბარი არასერიოზული გამოგვივა, მით უმეტეს, ყველამ ვიცით, პროპორციულის ჩაგდების მიზეზი რაც გახდა.
_ მე არ ვიცი და მითხარით.
_ ივანიშვილს რეალური კვლევები დაუდეს. ამის შემდეგ ივანიშვილმა შიდა დახურული კვლევების ჩატარება მოითხოვა და ამ შიდა კვლევით „ოცნებას“ ბევრად უფრო ცუდი შედეგი აქვს, ვიდრე, ვთქვათ, „აირაის“ კვლევებით გამოჩნდა.
აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნებს წააგებდა, ანუ ხალხის მხარდაჭერას ვეღარ მოიპოვებს და ამიტომაც ცდილობს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარებით შეინარჩუნოს, მაგრამ უტოპიაა, რომ არჩევნებში დამარცხებულმა რამე მაქინაციებით შეინარჩუნოს ხელისუფლება და, როგორც სხვა საკითხებში, ივანიშვილი აქაც მწარედ ცდება!
_ იმაზე, რასაც ახლა გკითხავთ, არ მგონია, ობიექტურად მიპასუხოთ, მაგრამ ოპოზიციას ცალკეული მაჟორიტარების „დავერბოვკება“ არ უცდია?
_ ყველას თავისი სინდისი და მორალი კარნახობს, როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომ ვინმეს ყიდვის ან გადმობირების სურვილი ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, გადაწყვეტილებას მაჟორიტარები კი არა, ივანიშვილი იღებს!
_ ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით, ანუ ოპოზიცია არ ცდილობს, რომ უმრავლესობა დაშალოს?
_ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და არავინ იცის, „ოცნება“ ხვალ რა მოცემულობის წინაშე იდგება!
ისე, წეღან ვადამდელ არჩევნებზე მკითხეთ. ჰოდა, საქართველოს, სამწუხაროდ, უმძიმესი ახალი წელი ელოდება და ამ ფონზე არ მგონია, ივანიშვილს ვადამდელ არჩევნებზე საუბრის განწყობა ჰქონდეს!
_ მოკლედ, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები არ უნდა?
_ ვადამდელი პროპორციული ან გერმანული მოდელი.
ბოლოს, ერთსაც გეტყვით: ივანიშვილს უნდა, რომ ხელისუფლებაში მუდმივად იყოს. ხალხს კი უნდა, რომ თავად გადაწყვიტოს, ხელისუფლებაში ვინ უნდა იყოს და ვინ _ არა. აი, სწორედ ამის გამოა კონფლიქტი ხალხსა და ივანიშვილს შორის. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს _ ხალხი თუ ივანიშვილი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს!
_ ხალხი, ადრე თუ გვიან, ყოველთვის იმარჯვებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დეკემბერი ქართული პოლიტიკისთვის საკრალური თვეა _ 25 წლის წინ თბილისის ომი სწორედ დეკემბერში დაიწყო და ღმერთმა არ ქნას, რომ მოვლენები ისევ იმ ავბედითი სცენარით განვითარდეს!
გიორგი აბაშიძე