დაპირებების მთელი კასკადი, მაგრამ რეალური დეკრიმინალიზაცია ჯერ მაინც არსად ჩანს. ეტყობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან უჭირს პლანთან განშორება. მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში რაღა უნდა ჩაუდოს პოლიციამ ადამიანებს?.. სანამ მარიხუანა, იგივე კანაფი და იგივე პლანი კრიმინალიზებულია, ადამიანის დაჭერას არაფერი უნდა. ვინც არ უნდა გახლდეთ ის, კრიმინალი თუ პატიოსანი მოქალაქე, საკამარისია, ხელისუფლებისთვის არასასურველი იყოს და ჯიბეში სულ მცირე რაოდენობა მარიხუანის ჩადებით მისი იზოლაცია უიოლესი საქმეა.
პლანის ჩადება იმდენად „მოქნილი“ და ათწლეულების განმავლობაში აპრობირებული მეთოდია, რომ პოლიციისთვის მისი გამოყენების უფლების წართმევა მის დასაჭურისებას ნიშნავს. რა ქნას მერე ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურამ? როგორ დააკავოს არასასურველი პიროვნებები? როგორ აღიარებინოს ადამიანებს ჩადენილი თუ ჩაუდენელი დანაშაულებები?
კანაფის დეკრიმინალიზაცია პოლიციისთვის არმაგედონს ნიშნავს. ამის შემდეგ მათ მოუწევთ ეჭვმიტანილებს დაუმტკიცონ, რომ დამნაშავეები არიან და მხოლოდ მას შემდეგ დააკავონ. და თუ ვერაფერს უმტკიცებენ, ე. ი. უნდა შეეშვან. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს პოლიციისთვის, როცა ის ვეღარ იჭერს იმას, ვინც უნდა და როცა უნდა?!!
ხელისუფლებაში უკვე დიდი ხანია, საუბრობენ კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ. მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ ნარკოპოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქვეყანას დღეს აქვს, ნარკომანიის დონეს, არათუ ამცირებს, მის პერმანენტულ ზრდას უწყობს ხელს. იმის გამო, რომ ყველაფერი კრიმინალიზებულია, სააფთიაქო ნარკომანია ყვავის. მედიკამენტებისგან კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი კი ხშირად მომაკვდინებელია. ამასთანავე, ბევრი ხვდება იმასაც, რომ დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ხელს უწყობს ნარკომაფიის განვითარებასა და გამდიდრებას. ამიტომაც დეკრიმინალიზაციის თემამ, რომელსაც მუდამ ტაბუ ედო, ნელ-ნელა გამოაღწია დღის სინათლეზე.
თავიდანვე ძალიან მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რომ საუბარია მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე და არა ლეგალიზაციაზე. ამ ორი ცნების აღრევით დღეს ძალიან ბევრი სპეკულირებს. არადა, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არსებობს. მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანს ციხეში აღარ ჩასვამენ; ლეგალიზაცია კი ნიშნავს იმას, რომ მარიხუანა და მისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი ლეგალურად იყიდებოდეს მაღაზიაში.
ასევე მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. ამითაც ხშირად სპეკულირებენ ხოლმე. მსუბუქი ნარკოტიკი ესაა მარიხუანა, ანუ იგივე პლანი, რომელსაც ეწევიან ან ურევენ სხვადასხვა კერძში, მაგალითად ნამცხვარში ან რძეში და ისე მოიხმარენ. მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიაში გადის ასევე სპეციალური ჯიშის სოკო, რომელსაც მარიხუანის მსგავსი გამაბრუებელი ეფექტი ახასიათებს. მაგალითად, რაჭაში ასეთ სოკოს, რომელიც იშვიათად გამოერევა ხოლმე ჩვეულებრივ სოკოებში, „მაგიჟობელა სოკოს“ უწოდებენ. სხვათა შორის ნარკოტიკი ბერძნული სიტყვაა და სწორედ გამაბრუებელს ნიშნავს. რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, მათი ჩამონათვალი გაცილებით ვრცელია და ადამიანის ორგანიზმზე უფრო სერიოზულ დამაზიანებელ გავლენას ახდენს.
მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე (მცირე გამონაკლისების გარდა), რომ მომხმარებელი არ უნდა იჯდეს ციხეში. წამალდამოკიდებული ადამიანი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა ციხეში ამოლპობა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნარკომანი პოტენციური დამნაშავეა, ნარკოტიკის გამო მან შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს და ამიტომ მისი იზოლაციაა საჭირო. ასეთ ჭკუის კოლოფებს უნდა შევახსენოთ, რომ შიმშილი არანაკლებ მძაფრი გრძნობაა, ვიდრე ნარკოტიკის სურვილი და შიმშილის გამოც შეიძლება ადამიანი უკიდურეს ნაბიჯზე წავიდეს, ამიტომ რა ვქნათ, იმის გამო, რომ ვიღაცამ მომავალში შეიძლება რაღაც ქნას, დავიჭიროთ და ციხეში გამოვკეტოთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, თითქმის მილიონი ადამიანი? დანაშაულის პრევენცია არის არა უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამოკეტვა, არამედ პრობლემასთან ბრძოლა, ისე როგორც ეს ნახევარმა მსოფლიომ უკვე გააკეთა და სერიოზული შედეგებიც მიიღო.
საქართველოშიც, ერთი შეხედვით, ყინული დაიძრა. საკონსტიტუციო სასამართლომ მომხმარებლის ციხეში ამოლპობა არაკონსტიტუციურად ცნო, მომზადდა კანონპროექტი, საპატრიარქომაც გაავრცელა პატრიარქის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებლების ციხეში ჩასმა არის ყოვლად დაუშვებელი, ხოლო ნარკოდამოკიდებულებისთვის სახელმწიფომ სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა შექმნას. დაიწყო განხილვა და უეცრად ყველაფერი ისევ გაიყინა. თუ რატომ, არც ისე ძნელი მისახვედრია. რატომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას ულიმატუმი წაუყენა. ანუ თუ მოხდება მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა გაუარესდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიმინალი ბოლო ერთ წელიწადში 40%-ით გაზრდილა, შსს-ს ულტიმატუმი მთავრობისთვის სერიოზული გამოწვევა იქნებოდა _ ერთი მხრივ, დეკრიმინალიზაცია და ნარკომანიასთან ცივილიზებული ფორმებით ბრძოლა და მეორე მხრვ, იმის გამო, რომ პლანს ვეღარავის ჩაუდებენ, დანაშაულის გახსნის გაუარესებული სტატისტიკა. ასეთ, ორ ცეცხლს შუა მოხვედრილი მთავრობა გაიჭედა და ისევ ერთ ადგილზე გაიყინა. რამდენიმეთვიანმა გამყინვარებამ ეჭვი გააჩინა, რომ მთავრობაში გადაწყვიტეს, აუტკივარი თავი აღარ აიტკიონ და ყველაფერი ისე დატოვონ, როგორც აქამდე იყო.
მთავრობაში, დეკრიმინალიზაციაზე უარის თქმას რომ აპირებდნენ, ის განცხადებებიც მიანიშნებდა, რომლებსაც ცალკეული მინისტრები აკეთებდნენ. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თურმე არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის. ასეთი რამის მთქმელს ან შეგნებულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, რითაც ნიადაგს ამზადებს საზოგადოებრივი აზრისთვის, რომ თითქოს არავითარი განსხვავება მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკს შორის არ არსებობს, ან არადა ჯანდაცვის მინისტრმა, უბრალოდ, არ იცის, რომ მეცნიერული დასკვნები კეთდება არა იმის მიხედვით, კლუბურია თუ არა ესა თუ ის ნარკოტიკი, არამედ რომელი ნარკოტიკია მომხმარებლისთვის და მის გარშემომყოფებისთვის უფრო საშიში და ზიანის მომტანი და რომელი _ არა. ტერმინი კლუბური ნარკოტიკი არაა სამეცნიერო ტერმინი. ტერმინში კლუბური იგულისხმება შედარებით მსუბუქი ნარკოტიკები, ისეთები, რომლებიც ადამიანს გართობაში ეხმარება. კლუბური ნარკოტიკები უფრო ენერგოსტიმულატორებია, რომლებიც მთელი ღამე ცეკვისა და გართობის საშუალებას იძლევა. კლუბურ ნარკოტიკებად მიიჩნევა ექსტაზი, ელესდე, სოკო, მარიხუანა. უამრავი სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ეს ნარკოტიკები ათასჯერ უფრო მსუბუქი და უვნებელია, ვიდრე ისეთი ნარკოტიკები, რომლებიც ყველა მაღაზიაში იყიდება, კერძოდ ალკოჰოლი და თამბაქო. თან ყურადღება მიაქციეთ, რომ ალკოჰოლსა და თამბაქოს, რომელთაც სიმძიმის მიხედვით მოწინავე ადგილები უჭირავთ, ჩვენ არ ვუწოდებთ ნარკოტიკს. მიუხედავად იმისა, რომ მათზე დამოკიდებულება ყველაზე მეტ ადამიანს კლავს დედამიწის ზურგზე, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია მათი აკრძალვა. პირიქით, ყოველდღიურად ათასობით ალკოჰოლური გამოფენა ეწყობა, სადაც მძიმე, სპირტიან სასმელებს ოქროსა და ვერცხლის მედლებით აჯილდოებენ, ხოლო თამბაქოს მწეველი ადამიანი სრულიად ჩვეულებრი მოვლენაა და მას არავინ უწოდებს ნარკომანს. სამაგიეროდ, მარიხუანა, რომლისგანაც გარდაცვლილი ადამიანი ჯერ არავის უნახავს და რომელსაც უამრავი სამკურნალო თვისების გამო ბევრ ქვეყანაში აფთიაქში ყიდიან, ვაცხადებთ ნარკოტიკად და მისი მოხმარებისთვის ადამიანებს ციხეში ვსვამთ. არ გეჩვენებათ, რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში ერთი დიდი არაადეკვატურობა გვჭირს, რომლის მიზეზიც წარსულში შექმნილი სტერეოტიპებია, რომლიდანაც ვერა და ვერ გამოვედით?!
სტერეოტიპების ნგრევა მხოლოდ ინფორმირებულობას შეუძლია. რაც უფრო მეტი იცი ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, მით ნაკლებია შანსი, მოექცე ცრუ გავლენების ქვეშ. იმისთვის, რომ სწორ ნარკოპოლიტიკამდე მივიდეთ, საზოგადოებას მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რომელი ნარკოტიკი კლავს ადამიანს და რომელი _ არა? რომელი იწვევს მიჩვევას და რომელი _ არა? რომელია მომხმარებლებისთვის და გარშემომყოფებისთვის საშიში და რომელი _ არა?
როცა ყველას ეცოდინება პასუხი ამ კითხვებზე, აღარავის ექნება პანიკური შიში იმის გამო, რომ „რა გვეშველება, მარიხუანა ხომ მთელ მომავალ თაობებს გაგვინადგურებს“. ამ ფრაზას ძალიან ხშირად იმ უფროსი თაობის ადამიანებისგან გაიგონებთ, რომლებსაც ხელში სიგარეტი უჭირავთ. მათ რომ იცოდნენ, თამბაქო ასჯერ და ათასჯერ უფრო საშიში და მომაკვდინებელი ნარკოტიკია, ვიდრე მარიხუანა, ალბათ ისტერიკას მაშინ კი არ ატეხდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ მათმა შვილმა მეგობრებთან ერთად პლანი მოწია, არამედ გაცილებით ადრე შემოჰკრავდნენ განგაშის ზარებს, როცა მერვე კლასელის ჯიბეში გადამალულ სიგარეტის ღერს იპოვიდნენ. დააკვირდით, დიდი შესვენების დროს რა ხდება ნებისმიერი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეექვსე კლასიდან ზევით სიგარეტს ეწევა ყველა, ბიჭიც და გოგოც. საუბარია 12-13 წლის ბავშვებზე, რომელთა მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა თავადაა მწეველი.
მარიხუანის საწინააღმდეგო პროპაგანდა ხშირად ალკოჰოლით სავსე ჭიქით ხელში წარმოებს ხოლმე. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანებმა არ იციან, რომ ალკოჰოლი დამღუპველ ნარკოტიკებს შორის პირველ ადგილზეა და ვერავითარი ჰეროინი და ოპიუმი მას კონკურენციას ვერ უწევს.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც ეს სქემა ასახავს, ერთ-ერთია იმ ათასობით კვლევას შორის, რომელიც პერმანენტულად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ლაბორატორიაში. ეს კვლევა ერთხელ უკვე გამოვაქვეყნეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს მინისტრებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ არსებობს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი და რომ კანაფი ისეთივე მომაკვდინებელი შხამია, როგორც ჰეროინი, კიდევ ბევრჯერ სჭირდებათ მსგავსი კვლევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
დეკრიმინალიზაციის პროცესი ალბათ დღესაც გაყინული იქნებოდა, რომ არა ის სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, რომელსაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა. ნარკორეალიზატორების დასაკავებლად „ბასიანსა“ და „გალერიში“ შევარდნილმა სპეცრაზმმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოზიტივის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი თავსატეხი გაუჩინა. ვერავინ გაიგო ბოლომდე, რა საჭირო იყო ხმაურიანი სპეცოპერაცია, თუ ყველა ნარკორეალიზატორი, რომელიც გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა, უკვე აყვანილი იყო? ან, კიდევ, რა საჭირო იყო ამდენი აყალმაყალი თუ კლუბებში არ იყო ე. წ. მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რომელსაც ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა და რის გამოც გააქტიურდა კიდეც ნარკორეალიზაციასთან ბრძოლა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას პარლამენტში მისული შს მინისტრი გიორგი გახარია შეეცადა. მან განაცხადა, რომ ღამის კლუბებში სპეცრაზმი იმიტომ შევიდა, რომ ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა ნარკორეალიზატორების შესახებ. დამერწმუნებით, რომ პასუხი არადამაკმაყოფილებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნარკომოვაჭრეები მანამდე უკვე დაკავებულები ყოფილან.
მეორე არგუმენტად გახარიამ ის დაასახელა, რომ საჭირო იყო ნარკორეალიზატორებსა და კლუბის ადმინისტრაციას შორის კავშირის დადგენა. აქაც სრული არაადეკვატურობაა... რა საჭიროა სპეცოპერაცია იმისთვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს, იყო თუ არა რომელიმე დაკავებული რომელიმე კლუბის ადმინისტრაციის თანამშრომელი? დამეთანხმებით რომ, ასეთი საკითხების დადგენა საბანკო ამონაწერით უფრო იოლია, ვიდრე სპეცრაზმით.
ე. ი. კითხვა, თუ რატომ შეიჭრა ღამის კლუბებში სპეცრაზმი?! _ კვლავ პასუხგაუცემელია. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ სპეცოპერაციის მიზეზი იყო პიარის სურვილი, რომლის დროსაც უნდა წარმოჩენილიყო ნარკომაფიასთან დაუნდობლად მებრძოლი პოლიცია და ამავე პიარის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო ახლად გამინისტრებული გახარიას გმირის მანტიაში გახვევა, რომელმაც სასტიკად დასაჯა ნარკორეალიზატორები.
თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მაც და მისმა მინისტრმაც სრულიად სხვა შედეგი მიიღეს. მოხდა ისე, რომ სპეცრაზმის მიერ კლუბებიდან გამოყრილი ადამიანები სახლებში კი არ წავიდნენ, როგორც ამას პოლიცია ვარაუდობდა, არამედ პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. მეორე დღეს კი მათი რაოდენობა ბევრად გაიზარდა და გახარიას დაფნის გვირგვინის მაგივრად საპროტესტო აქცია შერჩა ხელთ. თუმცა მინისტრისა და მთავრობის პრობლემები ამით არ დასრულებულა. მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო: აქციის მეორე დღეს სპეცრაზმის საქციელით გამოწვეული პროტესტი და დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა ნელ-ნელა უფრო ზოგადი ლოზუნგებით შეიცვალა, ისეთებით, როგორიცაა თავისუფლება, სოლიდარობა, თანასწორობა და ა. შ. ამ მოთხოვნების შინაარსს იმდენად დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, როგორც ფორმას. ფორმა კი იმდენად გამომწვევი აღმოჩნდა, რომ მეორე დღის ბოლოს კონტრაქცია გამოიწვია.
აქციასა და კონტრაქციას შორის დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ტრაგედიამდე სულ რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი. „შავმაისურიანებს“ პოლიციის კორდონი რომ გაერღვიათ, ფერად „ხალათიანებთან“ შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა. კონტრაქციის მონაწილეთა რაოდენობა ორი ათასით მეტი რომ ყოფილიყო, პოლიციის კორდონი ალბათ ვეღარ გაუძლებდა და მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა.
მართალია, სპეცრაზმი და სპეცტექნიკა სრულ მზად ყოფნაში იყო, მაგრამ, ალბათ, ყველას გვესმის, რომ კონტრაქციის რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაშლა მეორე დღესვე მრავალათასიან მიტინგს გამოიწვევდა. ეს კი, არაა გამორიცხული, უკვე მთელი „ოცნებისთვის“ ისეთ თავის ტკივილად გადაქცეულიყო, რომლის მორჩენაც, შეიძლება, შეუძლებელი გამხდარიყო. ასეთ დროს ვითარება კონტროლიდან გადის და ხელისუფლებას ნამდვილად ვეღარ უშველიდნენ სუსის მიერ მართული ჯგუფები, რომლებიც კონტრაქციის რიგებში ჰყავდათ შეგზავნილი.
საბედნიეროდ კონტრაქციამ პოლიციის კორდონი ვერ გაარღვია და სისხლისღვრასაც გადავრჩით და რეზინის ტყვიებსაც, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ გადარჩა თავზე ნაცრის დაყრას. როგორც ჩანს, გახარიას მაღლიდან უთხრეს, როგორც აურიე, წადი ახლა და როგორც გინდა, ისე დაალაგე ვითარებაო. გახარიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან გააკეთა ის, რასაც ბევრი, ალბათ, ვერ შეძლებდა. გამოვიდა აქციაზე და ოღონდ ახლა დაიშალეთ, ბოდიშსაც მოგიხდით და დეკრიმინალიზაციის კანონსაც აღარ შევაფერხებო. დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ გახარიამ აქციის მონაწილეები, უბრალოდ, ლამაზი სიტყვებით მოატყუა. აქციაზე გახარიამ თქვა, რომ ბოდიშს უხდის ყველას, ვისაც სპეცრაზმელები ცუდად მოექცნენ და უფლებები დაურღვიესო. პარლამენტში კი განაცხადა, რომ ბოდიში იმიტომ მოვიხადე, ხალხს დასვენების შეწყვეტა მოუწიაო. სიტყვა აღარ უთქვამს არც შეურაცხყოფაზე და არც დარღვეულ უფლებებზე.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიცემული პირობაც ტყუილი აღმოჩნდება. „ოცნება“ კარგად აპრობირებულ მეთოდს იყენებს და მისთვის არასასურველი კანონპროექტის ჩასაგდებად უკვე ამზადებს მისსავე გუნდში მყოფ მოწინააღმდეგეებს. როგორც ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობაში არაერთი დეპუტატი მოიძებნება ისეთი, რომელიც მიიჩნევს, რომ ნარკომანი არის დამნაშავე და ის უმჯობესია, ციხეში დალპეს, ხოლო პოლიციას მუდამ უნდა ჰქონდეს პლანის ჩადების საშუალება, რათა ამით მანიპულირება მოახერხოს.
მოატყუა თუ არა გახარიამ, ამაში შეწყვეტილი აქციის მონაწილეები ალბათ მალე გაერკვევიან. მანამდე კი უნდა ვაღიაროთ, რომ გახარიას სასოწარკვეთილმა სულისკვეთებამ აქციის მონაწილეებზე ნარკოტიკივით იმოქმედა და „თეთრი ხმაურის“ ლიდერებს სულ დაავიწყდათ თავიანთი ულტიმატუმები, რომელსაც სულ ცოტა ხნით ადრე უყენებდნენ ხელისუფლებას.
გასაკვირი ალბათ არცაა, რომ აქციის მონაწილეები ვერ აღმოჩნდნენ თავიანთი მოთხოვნების ერთგულნი. მათი მთავარი შეცდომა იყო არა ის, რომ ვერ დაიცვეს თავიანთი ულტიმატუმები, არამედ ის, რომ საერთოდ დააყენეს ისინი. შეგახსენებთ: მათი მოთხოვნები იყო, _ გადადგეს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და მთავრობა...
ესაა პოლიტიკური მოთხოვნები და მათ დასაცავად პოლიტიკური ბრძოლაა საჭირო. როცა ხელისუფლებისგან პოლიტიკურ დათმობას ითხოვ, პოლიტიკური ალტერნატივის შეთავაზებაც უნდა შეგეძლოს. ასეთ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევა, ხშირად, პოლიტიკოსებსაც არ გამოსდით, არათუ ღამის კლუბიდან, პირდაპირ საპროტესტო აქციაზე მოხვედრილ ახალგაზრდებს. პროცესები, რომელიც გასულ კვირას თბილისის ცენტრში, ტრადიციულ ადგილას განვითარდა, ბევრისთვის იმის ნიშანი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები საქართველოში ისევ ქუჩაში გადადის. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ ადამიანების იმედგაცრუება უკვე გაბრაზებაში გადავიდა და მალე კომბლების ხელში აღების დროც მოვა.
დემნა ვეშაპიძე