QronikaPlus
ვიგინდარა და ხაზინის ქრუდი - დიმიტრი ქუმსიშვილს დაიჭერენ?!

ვიგინდარა და ხაზინის ქრუდი - დიმიტრი ქუმსიშვილს დაიჭერენ?!

2018-06-22 10:57:38

ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან. ტექნიკურ მთავრობაში ფორმალურად მათი მოადგილეები იქნებიან წარმოდგენილები. დაახლოებით სამ კვირაში მთავრობის სტრუქტურა შეიცვლება, რესტრუქტურიზაციას კი საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ახალ მთავრობაში ახალი სახეები იქნებიან. რა მოხდა რეალურად? საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ კარზე გადატრიალება მზადდებოდა: რამდენიმე სახელისუფლებო შტო, ოპოზიციის ნაწილთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის სრულ იზოლაციასა და სახელისუფლებო გავლენებისგან განთავისუფლებას ცდილობდა. ფაქტობრივად მთელი სქემა დალაგებული იყო, „შეთქმულებს“ მხოლოდ პარლამენტში უჭირდათ სრული უმრავლესობის მოპოვება და ამიტომაც იყო დეპუტატებს შორის მუდმივი დაპირისპირება, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე საჯარო სივრცეში. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე სამთავრობო მაფია სტრუქტურირდა და კორუფციული სქემების დალაგება დაიწყო. ამ მიზნით სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არაოფიციალური თათბირი გაიმართა, რომელსაც კვირიკაშვილის გარდა დიმიტრი ქუმსიშვილი, ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, ზურაბ ალავიძე, კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ესწრებოდნენ. ამ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ბიზნესქემების დალაგების საკითხი, გადაინაწილეს გავლენის სფეროები, ვის რა უნდა ეკონტროლებინა და საუბარი იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე, მათ შორის, ჩემზე. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა ორი პირის მეშვეობით ჩემთან მოლაპარაკება დაიწყო უჩა მამაცაშვილმა. მართალია, ამ პერიოდში საკადრო ცვლილებებზე საუბარი არც ყოფილა, მაგრამ, როგორც ჩანს, კახი კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი საფრთხედ მაინც განიხილავდნენ მამუკა ბახტაძეს, რომელიც ამ დროს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი იყო. ამიტომ სუს-ისა და სამთავრობო პიარჯგუფების შემდეგ მამუკა ბახტაძეზე კომპრომატების შეგროვება და სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის ამ მასალების მიწოდება დაიწყო, მათ შორის, ერთ-ერთმა პირმა ეს მასალები „ქრონიკა+“-ის რედაქციაში გამოგზავნა. თუმცა, როგორც ჩანს, ინფორმაციამ გაჟონა და იგივე პირმა მეორე დღეს თხოვნა მოაყოლა, რომ მის მიერ გამოგზავნილი მასალები მედიაში აღარ გამოქვეყნებულიყო. როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნით გავლენებისთვის ბრძოლა საკმაოდ სერიოზულ მასშტაბებზე გავიდა, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მის ადგილზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა, ფინანსთა სამინისტროს ჩამოაშორეს და ეკონომიკის სამინისტროში დააბრუნეს დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრად კი, ყველასთვის მოულოდნელად, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი მამუკა ბახტაძე დანიშნეს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში მიბრუნებულმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მის წინამორბედზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო, ისევე როგორც ეს გააკეთა თბილისის მერიაში გრიგოლ ლილუაშვილის შემთხვევაში. ის, რომ პარალელურად მთავარ პროკურატურაში გამოძიება იყო დაწყებული ალავიძე-კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის წინააღმდეგ, ამის შესახებ „ქრონიკა+“-ში დეტალურად უკვე ვწერდით. სწორედ გამოძიების ინტენსივობიდან გამომდინარე, კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა გადაწყვეტილება მიიღეს _ თანამდებობიდან გადააყენეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე. სწორედ ამ დღეს თქვა გიორგი კვირიკაშვილმა ისტორიული ფრაზები, _ თაიმერი რომ ჩამირთეთ და ყვავ-ყორნებივით დატრიალებთ კანცელარიის მეთერთმეტე სართულს, ჩემი გადადგომის ტაიმერი კიდევ რამდენიმე წელს არ დარეკავსო. გიორგი კვირიკაშვილს ამ განცხადებიდან 77 დღეში მოუწია გადადგომა. რა ხდებოდა კვირიკაშვილის გადადგომამდე? რა სცენარით მიდიოდა პროცესები კულისებში? სიტუაცია ისე დაიძაბა, ბიძინა ივანიშვილმა საჯარო სივრცეში დაბრუნება გადაწყვიტა. მოულოდნელად შეკრებილ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა გაიგო, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, არც მეტი _ არც ნაკლები, თავად ივანიშვილი ბრუნდებოდა. ივანიშვილის დაბრუნება სრულიად მოულოდნელი ახალი გარემოება იყო და კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის დუეტისა და მათი მოკავშირეების საქმეს კიდევ უფრო მეტად ართულებდა. ზურაბ ალავიძის სავარძელი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა, მაია ცქიტიშვილმა დაიკავა. იმავე დღეს თანამდებობა დატოვა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სტრუქტურიდან წავიდა მამაცაშვილისა და გოგაშვილის ყველა კადრი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება თითქმის დასრულებულია და ქუმსიშვილ-ალავიძისთვის ბრალის წაყენება მხოლოდ დროის ამბავია. საუბარია, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარზე, რომელიც ბიუჯეტიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე დაიხარჯა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის ლობისტურმა ჯგუფმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აგრესიული პიარკამპანია დაიწყო _ ერთი მხრივ, ე. წ. ბოტების ფაბრიკის შექმნით და გააქტიურებით, მეორე მხრივ, ამერიკაში შეხვედრების ორგანიზება. ლობისტებმა მოახერხეს და გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრა მოუწყვეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან. უცხოეთში გამართულ ყველა შეხვედრაზე მოქმედი პრემიერი ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და არაფორმალურ მმართველობაში ბიძინა ივანიშვილს სდებდა ბრალს. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდეც მივიდა, იმიტომ რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე ეს თემა ივანიშვილ-კვირიკაშვილის დაპირისპირების ერთ-ერთი დრამატული მომენტი იყო. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მერე კვირიკაშვილი და მისი გუნდი უფრო აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა _ მთავარი სამიზნე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახდა. კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი ნარკოსკანდალი უძღოდა წინ. რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკით, რომელიც ბაზარზე სპეციალურად შემოაგდეს. კლუბების სპეცოპერაციას ქუჩაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. როგორც გაირკვა, პროტესტი ისევ სახელისუფლებო კულუარებიდან თბილისის მერისა და პრემიერის მიერ იმართებოდა. აქციების მთავარი მოთხოვნა თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა იყო. საბოლოოდ ეს პროცესი ჩაიშალა, აქციაზე მისულ გახარიას კი ტაშით შეხვდნენ. მოგვიანებით, როცა მთავრობის მეთაური ახალგაზრდების მიტინგზე ჩავიდა, მას ბოთლები დაუშინეს და არც კი მოუსმინეს. უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მართალია, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების განხილვად შემოგვასაღეს, მაგრამ სიმართლე, ბოლოს და ბოლოს, არ დაიმალა და სხვადასხვა ფორმით მნიშვნელოვანი დეტალები მაინც გახდა ცნობილი. ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ერთადერთია, რომელსაც ამ შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი მოსმენილი აქვს, ყველაზე ხშირად სწორედ მისი ინფორმაცია ვრცელდება საინფორმაციო საშუალებებით. დეტალებზე საუბარს, ცხადია, არ დავიწყებ, მაგრამ რამდენიმე საყურადღებო ფაქტზე ნამდვილად ღირს ყურადღების შეჩერება. ვიგინდარა და ბიუჯეტის ქურდი _ ეს შეფასება ბიძინა ივანიშვილისგან ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაიმსახურა, ესეც მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დაადასტურა ჩანაწერის არსებობა, სადაც ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს სთხოვს, აქციის მოთხოვნა კვირიკაშვილის კი არა, გახარია-წულუკიანის გადადგომა იყოს. „ამერიკელებს რომ მიხსენებ, მაგ ამერიკელებს ხომ უთხარი, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტია, ტერორისტის მამას შეხვდი? თუ რამის გაკეთება შეგეძლო, რატომ არ გააკეთე? მანამდე რატომ არ შეხვდი?“ _ ეს ფრაზები ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს უთხრა. სხვათა შორის, შეხვედრაზე ოპოზიციურ პარტიებზეც და მედიაზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, კვირიკაშვილი საკმაოდ დიდ ფულს იხდიდა მედიაში, მაგრამ საბოლოოდ ეს წამგებიანი სვლა აღმოჩნდა, ისევე როგორც მისი ლობისტები ორგანიზებას უწევენ დაფინანსებული მასალების გამოქვეყნებას დასავლურ მედიაში, სადაც, ძირითადად, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. რა კონფიგურაცია შეიქმნება ახალ საჭადრაკო დაფაზე? პრემიერი მამუკა ბახტაძე საგარეო ფრონტზე კარგად დაპიარებული პერსონაა. დანიშვნამდე მას უცხოეთში შეხვედრები ჰქონდა გავლენიან ფინანსურ ჯგუფებთან, პოლიტიკოსებთან და მედიასთან. როგორც ჩანს, საშინაო ფრონტზე წამყვანი ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იქნება, რომელიც ვიცე-პრემიერის პოსტიდან ასევე ძალოვანი უწყების კურატორობას ჩაიბარებს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საერთოდ უქმდება ეკონომიკის სამინისტრო, ერთიანდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები, იგეგმება რამდენიმე სტრუქტურული შერწყმაც. კვირიკაშვილის პრემიერობის დროს მთავარი პროკურორის პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომისთანავე, რაც ე. წ. შეთქმულთა გუნდის ერთადერთი მიღწევა იყო, დაიწყო ბრძოლა მთავარი პროკურორის პოსტის დასაკავებლად. „ევროპული საქართველოს“ მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე კონკურენტი ოპოზიციური ძალის ლიდერის შალვა შავგულიძის კანდიდატურა დასახელდა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ხელისუფლების განაწილების გეგმის განხორციელება დაიწყო. უმცირესობას იმედი ჰქონდა, რომ შალვა შავგულიძის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილისთვის მისაღები იქნებოდა, მაგრამ უმრავლესობის უმრავლესობა შავგულიძის კანდიდატურას თვალში საცემი გულგრილობით შეხვდა. ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში პრემიერ კვირიკაშვილის მოკავშირედ იქცა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მისი თხოვნით კარავში მყოფ ზაზა სარალიძესთან მივიდა და შესთავაზა იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოსტზე მასთან შეთანხმებული კანდიდატურის დანიშვნა. გადადგომაზე უარიდან ზუსტად მეორე დღეს კვირიკაშვილს პოსტის დატოვება მაინც მოუწია. თუ ის მეორე დღეს არ გადადგებოდა, გამორიცხული არ იყო, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე დაეკავებინათ ან მეორე და უფრო მარტივი გეგმა ამუშავებულიყო, _ მთავრობის რამდენიმე წევრი მინისტრი თანამდებობას დატოვებდა და საჭირო გახდებოდა პრემიერის ხელახალი ნდობის გამოცხადების პროცედურა. ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ სათადარიგო სკამი ძალიან მოკლეა, ჯერ არც ახალი მთავრობის ახალი სახეები და არც საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაუსახელებიათ.

ელისო კილაძე

 

გაზიარება