QronikaPlus
„პოტიომკინის სოფელი“ და ფასადური საქართველო

„პოტიომკინის სოფელი“ და ფასადური საქართველო

2017-10-28 07:46:04

ეგზიტპოლებით გაყალბებული არჩევნები და ნაღმები, რომელსაც ბიძინა „კალას“ უდებს   დასრულდა მორიგი არჩევნები, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლება აღარ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღარ შეიცვლება, თორემ, მომავლის იმედი ჯერ მთლად არ დამიკარგავს.   რა მოხდება მომავალში, ამას იმედია, მალე ვნახავთ, მაგრამ დღესდღეობით დიდი ტეემპებით მიმდინარეობს საქართველოს „პოტიომკინის სოფლად“ ჩამოყალიბება, რაც არჩევნების დღეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ხოლმე. რატომ პოტიომკინის სოფლად? და რატომ არჩევნების დღეს? იმიტომ, რომ მხოლოდ არჩევნების დღეს აქვს საქართველოს მოქალაქეს უფლება, საკუთარი ხელით შეცვალოს ქვეყნის ბედი. ეს, რა თქმა უნდა, ფურცელზე და არა რეალურ ცხოვრებაში, ანუ მოჩვენებითად და ფასადურად აქვთ ეს უფლება ადამიანებს. სინამდვილეში, ვერავინ ვერაფერს ცვლის, რადგან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ყველას მაგივრად დალაგებული. „პოტიომკინის სოფელი“ იმიტომ ვხდებით, თუ უკვე გავხდით, რომ ყველას ერთად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და ასე შემდეგ ჰგონიათ, რომ თუ ბევრს იღვაწებენ, იშრომებენ და იბრძოლებენ არჩევნების წინ, თუ ამომრჩეველს საინტერესო იდეებს შესთავაზებენ, ან საინტერესო ანალიზს გააკეთებენ, ან კიდევ ყველა ამ საინტერესო საკითხს საინტერესოდ მიაწვდიან მაყურებელს, ამ ქვეყანაში რაღაცა გამოსწორდება, ვიღაც ამით დაინტერესდება და ვიღაც ამის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. მაგრამ არა... არაფერი მსგავსი ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. იმიტომ, რომ როგორც გითხარით, არჩევანს აკეთებს სხვა. შესაბამისად, არჩევნების დღეს გამოკვეთილად იგრძნობა, რომ მოჩვენებით სამყაროში ვცხოვრობთ მოჩვენებითი უფლებებით. საქართველოში „პოტიომკინის სოფლისთვის“ დამახასიათებელი უამრავი ფასადური ღირებულება არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არის „მშვიდად“ ჩატარებული არჩევნები. დააკვირდით, არც ხელისუფლება, თქვენ წარმოიდგინეთ, არც საერთაშორისო დამკვირვებლები, თითქმის, არასდროს საუბრობენ ობიექტურ არჩევნებზე და სამართლიან საარჩევნო გარემოზე. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი რამ საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობს. ასეთია რეალობა, თუმცა ამ რეალობას სჭირდება დამალვა, ფასადი, რისთვისაც შესანიშნავად მოძებნილი ფრაზაა „მშვიდობიანად ჩატარებული არჩევნები“; „არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“ და ა. შ. ორმოც წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებს შესანიშნავად ემახსოვრებათ, რას ნიშნავს მშვიდ გარემოში მიმდინარე არჩევნები. საბჭოთა კავშირის დროს საარჩევნო პროცესი სიმშვიდის ნიმუში იყო. ადამიანები, ხშირად, როგორც ზეიმზე, ისე მიდიოდნენ არჩევნებზე: მიჰყავდათ გამოპრანჭული ბავშვები და ერთადერთ კანდიდატს, სრულიად მშვიდ, მუსიკალურად გაფორმებულ გარემოში, აძლევდნენ ხმას. ამაზე მშვიდ გარემოს დღეს ვერავინ უზრუნველყოფს, თუნდაც „პოტიომკინის სოფელში“ და თუნდაც პოტიომკინის ანგარიშზე არსებული მილიარდები. წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებს ორი ძირითადი ინტრიგა ჰქონდა, _ გადალახავდა თუ არა „ქართული ოცნება“ 50%-იან ზღვარს და გახდებოდა თუ არა საჭირო მეორე ტური. პირველი თემა „ქართული ოცნებისთვის“, პრაქტიკულად, ღირსების საკითხი იყო. ბოლო ორი არჩევნების შემდეგ, როცა მათ ლეგიტიმაციას დიდი კითხვის ნიშნები გაუჩნდა, 50%-იანი ბარიერის დაძლევა (ნებისმიერი გზით) სიკვდილ-სიცოცხლის თემა გახდა. კალაძეს სულ 70% რომ მიეღო, პარტიას წინა ორი არჩევნების შედეგი არ უნდა გაემეორებინა. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, აქაც ყველაფერი პირველ ტურში 50%-ზე ზევით უნდა დასრულებულიყო. და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ყველა ამ გეგმის უმტკივნეულოდ განხორციელებაში „ქართულ ოცნებას“, არც მეტი არც ნაკლები, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული და არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლები დაეხმარა, სადაც მმართველი პარტიაც და მისი კანდიდატიც თითქმის 60%-ით ლიდერობდნენ. მერე რა, რომ მეორე დღესვე, ცესკოს მონაცემებით, კალაძეს 51% დაუფიქსირდა? მთავარია, ეგზიტპოლებმა ხომ ახარეს ქართველ ერს „კალას“ პირველ ტურში გამარჯვება. დანარჩენი უკვე მხოლოდ ტექნიკის საკითხი იყო. ძალიან მაღალი ალბათობით, კალაძეს არ ჰქონდა 50%-ზე მეტი და ეს ხელისუფლებაშიც და ცესკოშიც შესანიშნავად იცოდნენ. რაღა შორს წავიდეთ, ეგ ამბავი „იმედშიც“ კი მშვენივრად მოეხსენებოდათ. სანდო წყაროზე დაყრდნობით, ეგზიტპოლებში, რომელიც „იმედს“ ჰქონდა მომზადებული, კალაძეს მხოლოდ 45% უფიქსირდებოდა. მსგავსი პროცენტი ჰქონდა „ოცნებასაც“. თუმცა „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების შემდეგ „იმედში“ ისე დაიბნენ, რომ საერთოდ ვეღარ გაიგეს, რა ექნათ და სანამ ხელისუფლებასთან გაარკვიეს, რა უნდა ექნათ, თერთმეტის ნახევარიც მოვიდა. სწორედ ამ დროს გამოაქვეყნა „იმედმა“ თავისი ეგზიტპოლები, რომელიც ძირეულად გადააკეთეს და „ოცნებასაც“ და კალაძესაც მაჩვენებლები 10%-ით მოუმატეს. აი, ასეთი სოციოლოგიური ცირკი ტრიალებდა ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. და თუ „იმედთან“ მიმართებით ყველაფერი ნათელია, ანუ რაც პატრონებმა უთხრეს, ის გააკეთეს, „რუსთავი 2“-თან კითხვები დღემდე არსებობს. რომ არა საზოგადოების ასეთი არაობიექტური ზონდირება არჩევნების დასრულებისთანავე, არ არის გამორიცხული, „იმედს“ თავისი ეგზიტპოლები გაეშვა. შესაბამისად, ცესკოც იძულებული გახდებოდა, რეალობისთვის თვალი გაესწორებინა და კალაძისთვის ეს სამარცხვინო 51% არ დაეწერა. შედეგად, დღეს მთელი ქვეყანა მეორე ტურის მოლოდინში იქნებოდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე ადგილზე უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გავიდა, ძალიან საინტერესო მეორე ტური გველოდა. მეორე ტურში ელისაშვილს, პრაქტიკულად, ყველა პარტია დაუჭერდა მხარს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ის პარტია, რომელიც „პოტიომკინის“ სქელ ჯიბეს არ არის მიბმული. აი, ვინც არ დაუჭერდა, საკუთარი თავის ლუსტრირებას მოახდენდა. დაახლოებით ისე, ირმა ინაშვილმა რომ განაცხადა, კალაძისა და ელისაშვილის მეორე ტურის შემთხვევაში, კალაძეს მივცემ ხმასო. ბუნებრივია, ელისაშვილი ბევრს შეიძლება გულზე არ ეხატებოდეს, მაგრამ მეორე ტურის შემთხვევაში ისეთი პოლიტიკური მოცემულობა შეიქმნებოდა, რომლისთვისაც ანგარიშის გაწევა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწევდა. უბრალოდ, არ იარსებებდა არგუმენტი, რატომ არ უნდა დაუჭირო მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, თუ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხარ და ოპოზიციური პარტია გქვია. ერთი სიტყვით, მეორე ტური „პოტიომკინის სოფელს“ ცოტა დაგვაშორებდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვინ მოგვცა ჩვენ მაგის ბედი? რაც შეეხება თბილისის მომავალი მერის ამ საჩოთირო 51%-ს, ალბათ, ეჭვი არავის გეპარებათ, რომ კალაძეს ამ დამადლებულ 51-ს კიდევ მრავალჯერ წამოაძახებენ. ძალიან ჰგავს ეს პირველი ტურის ზღვარზე დაწერილი ერთიანი გაყალბებულს და მომკალით, თუ გინდათ. ცოტა უცნაურად ის ჩანს, რატომ 51 და არა 53, ან მეტი? „რუსთავი 2“-ისა და მერე „იმედის“ ეგზიტპოლები ყველანაირად იძლეოდა იმის საშუალებას, რომ „ოცნებასა“ და ცესკოს თავიანთი კანდიდატისთვის ცოტა ღირსეული პროცენტი დაეწერათ და თუ გაყალბებაა, ისე მაინც გაეყალბებინათ, რომ მომავალი ოთხი წელი ქალაქის მერისთვის ძმრად არ ამოედინებინათ, _ დაუმსახურებლად ზიხარ მერის სავარძელშიო. წარმოიდგინეთ, რომ ისეთ მძიმე დღეში, რომელშიც კალაძე შეიძლება აღმოჩნდეს, თვით დავით ნარმანიაც კი არ ყოფილა. რა პრეტენზიას არ უყენებდნენ ნარმანიას, მაგრამ გაყალბებით მოიპოვე მერობაო, არ გამიგონია, ვინმეს ეთქვას. რატომღაც, ეჭვი მაქვს, რომ ეს 51% შემთხვევითობის ან წინდაუხედაობის ბრალი არ უნდა იყოს. იმდენად ხელოვნური პროცენტია, რომ აშკარად ვიღაცის ხელი უნდა ერიოს მასში. და ნეტავ, ვისი ხელი შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი, რომ ერთი ხელის მოსმით ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტდეს?.. რა თქმა უნდა, „პოტიომკინის სოფლის“ მშენებლის, ბატონი „პოტიომკინის“, რომელსაც არაფერში სჭირდება ისეთი თბილისის მერი, მით უმეტეს, არჩეული, რომლის თავზეც დამოკლეს მახვილი არ იქნება დაკიდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კალაძე არჩეული მერი 2021 წლამდე იქნება, ხოლო რა მოხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთმა ღმერთმა უწყის. მაგ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ უკვე ორი საპარლამენტო ვადა ექნება ამოწურული, უფრო მეტი კი არც „მოქალაქეთა კავშირი“ ყოფილა ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“.  ისმის კითხვა: როგორ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში უფრო დიდხანს „ქართული ოცნება“, რომელსაც, მშვიდად ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, ისე ეშინია დაქუცმაცებული ოპოზიციის, რომ არჩევნების მეორე დღეს, ოცკაციანი გარბენის მოტივით, რუსთაველის გამზირი გადაკეტა, ვინმე პარლამენტის შენობას არ მოადგეს გაყალბებული არჩევნების გამოო. ანუ არავითარი გარანტია იმისა, რომ 2020-ის მერეც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, არ არსებობს. სამაგიეროდ, კალაძეს აქვს გარანტირებული 2021-მდე თბილისის მერობა. ერთგულების ეტალონად კი ყოფილი ფეხბურთელი ნამდვილად ვერ გამოდგება. კალაძის პოლიტიკური გემოვნება იმის მიხედვით ფორმირდება, ვინ არის ხელისუფლებაში, ან ვის აქვს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი. ამიტომაც იყო ის ხან სააკაშვილის და ხან ივანიშვილის მეხოტბეთა პირველ რიგებში. ასე რომ, ფასადების დიდოსტატ „პოტიომკინს“ ნამდვილად აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს კალაძის სტაბილურ ერთგულებაში და ასევე საფუძველი აქვს იფიქროს, რომ როგორც კი „ოცნება“ წაბორძიკდება, „კალას“ ფასადური ერთგულება მაშინვე დასრულდება და ის ახალი თავშესაფრის ძიებას დაიწყებს. კალაძესთან დაკავშირებული საგანგაშო სცენარები ივანიშვილისთვის ამით არ სრულდება. ბოროტი ენები ამბობენ, რომ კალაძეს უკვე გადაწყვეტილი აქვს თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნა, რომელიც არც თუ ისე შორეულ მომავალში კალაძის პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება და „ქართული ოცნების“ დაშლაც სწორედ ამით დაიწყება. ცოდვა გამხელილი სჯობს და კალაძეს ამ მიმართულებით არაერთი საკითხი უკვე მოგვარებული აქვს. მას ჰყავს თავისი კადრები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თავისი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობაში, პრლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით და რაც მთავარია, მალე ეყოლება თავისი გუნდი თბილისის მერიაში, 800-მილიონიანი დედაქალაქის ბიუჯეტით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება კალაძის შეთავაზება ოპოზიციისთვის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თუ მან რამდენიმე ცნობადი ოპოზიციონერის დათანხმება მაინც შეძლო, ეს უკვე არა მხოლოდ ვიზუალურად, შინაარსობრივადაც ახალი პოლიტიკური პარტიის სახეს მიიღებს. ალეკო ელისაშვილი რომ რიგში დგას, ეს ნათლად გამოჩნდა. ცესკოს ყველა უბნის მონაცემი ჯერ დათვლილიც არ ჰქონდა, რომ ელისაშვილმა კალაძეს გამარჯვება მიულოცა და უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც შეუთვალა, ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს ქალაქთან დაკავშირებითო. ახლა ხომ ხედავთ, რამდენი მიზეზი აქვს ივანიშვილს, კალაძის პოლიტიკურ გზაზე ნაღმები დადოს. ასეა თუ ისე, ადილობრივი არჩევნების შედეგებს აღარაფერი ეშველება. ამ შედეგების გამპროტესტებელიც არავინ ჩანს. „ნაცებმაც“ კი „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლების შემდეგ ხმა ვეღარ ამოიღეს. რა უნდა ექნათ, იმას ხომ ვერ იტყოდნენ, „რუსთავი 2“ ბიძინას სასარგებლოდ აყალბებს ეგზიტპოლსო?! ესეც რომ არ ყოფილიყო, ოპოზიციას ხალხის გამომყვანის მაინც არაფერი ეტყობოდა. ასე რომ, არჩევნების მეორე დღეს რუსთაველის გადაკეტვაც და 20-კაციანი გარბენის მოწყობაც ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ხელისუფლების მხრიდან. ისე, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას გასულ კვირას მაგრად არ უმართლებდა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან სრულიად მოულოდნელად დარტყმა, თან ზურგში, პრეზიდენტისგან მიიღო, რომელიც აქამდე, მინიმუმ, თანამოაზრე ეგონა. მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ კონსტიტუციას ხელი მოაწერა. დიახ, კონსტიტუციას, რომელსაც თავად ვეტო დაადო, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ შემდეგ მისი ლანძღვა-გინებით დაძლია, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. რატომ ქნა ეგ „მარგველამ“, არ ვიცი, მე კი არა, პოლიტიკურ კულუარებშიც არავინ იცის. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის გარკვევის დროც არ იყო. ადგილობრივმა არჩევნებმა, რომელიც პრეზიდენტის ამ ყოვლად გაუგებარი გადაწყვეტილებიდან ორ დღეში გაიმართა, მარგველაშვილის ეს აქტი მთლიანად გადაფარა. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს თემა უახლოეს მომავალში სერიოზული განსჯის საგანი არ გახდება. ხელმოწერა კონსტიტუციაზე, რომელსაც თავად უწოდებდა ერთპარტიულსა და ქვეყნისთვის საზიანოს, არა მხოლოდ პრეზიდენტს დააზარალებს. მისი ეს ალოგიკური საქციელი დააზიანებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც უკვე მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ასე რომ, ამ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ძალიან მალე და ძალიან ვრცლად. დემნა ვეშაპიძე

გაზიარება