მერამდენე დღეა, აქ ვარ, გარეთ მოძრაობაა, ცხოვრება დუღს, მიდი-მოდია, ჩვენთან კი _ სიმშვიდე. ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რწმენაზე, ადამიანის კეთილსა და ბოროტ ზრახვებზე, მსოფლმხედველობაზე, მოკლედ, ყველაფერზე.
ვცდილობთ, დრო არ გავაჩეროთ, პირიქით, რაღაცებს ვიგონებთ, რომ აქაურობა ავაჩქაროთ. პერიოდულად ათას რამეზე მეფიქრება. ხან რას მივედები, ხან _ რას. ორშაბათს პროცესია და უკვე ფიქრები მომდის თავში, რა და როგორ იქნება. სულ ერთი კვირა ვინატრე გარეთ ყოფნა ახლა, ამ წამს. ამათ ისე გავყრიდი და დავფანტავდი, ამ ნაძირალებს, რომ კვალიც კი გაქრებოდა ამ არასწორების! უაზრო დღეა _ არც ცივა, არც ცხელა... თითქმის მთელი დღეა, დაპაუზებული ვარ! მაგრად მიტყდება უკვე ამ ერთფეროვნებაში ცხოვრება, აქ 3 წელიწადზე დიდხანს ვინც ზის, ის აუცილებლად სამკურნალო და მისახედია! 1000 დღე კი არა, 1 დღეც ცოდოა აქ ადამიანი, მით უმეტეს, ის, ვინც უდანაშაულოდ ზის და არაფერი გაუფუჭებია! ამ დაკარგული დღეების კომპენსაცია?! არ ვიცი, ფულში რაც არც უნდა ეცადოს ვინმე, ვერ ასახავს და როგორ უნდა გამოსახო თანხობრივად, როცა ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე და მისი ფუნქცია-მოვალეობა ოჯახის, ადამიანების, ცხოვრების მიხედვა-გალამაზებაა! არა, რა, ეს უსამართლობა დასანგრევ-დასასამარებელია და მე და ჩვენ, სიმართლისთვის მებრძოლი იდეალისტები, ვჭირდებით წინა ხაზზე! ბოლომდე უნდა გავიდეთ, რასაც ისინი ბედავენ, ამათ იმის ნახევრის ტ...ი არ აქვთ! მიზეზი ბანალურია. თუ ბიძინა წაუგებელ თამაშს თამაშობს, ახლავე აგიხსნით, რატომაც: როგორც კი კრიზისი დაიწყება, ბიძინა იმ წამსვე განზე გადგება, ამათ დაიკიდებს, მას საკუთარი ქონების უსაფრთხოება აღელვებს. ხალხმა რაც იბოლავა, ეყო და გაღვიძება დაიწყო, კრიზისის დაწყებისას იქ მოკალათებული გუნდიც დაიფანტება, ამას წყალი არ გაუვა და ისეთივე ცხადი და ნათელია, როგორც 2X2=4.
ცოტა წავიკითხე, წამოვწექი, სულიერად დავიღალე! იქნებ, წავუძინო კიდეც. მოსაღამოვდა, პარასკევია და წინ უძრაობის შაბათ-კვირა მოდის, რაც ძალიან მაღიზიანებს. რომ ვაკვირდები, ეს ბოლო წელია, გონება გამზარმაცებია, მაგრამ აქ მე და ძია ვართ და გონების დაძაბვა არანაირად არ მიწევს, თორემ ციხე ჭაბუას იმ კასრს ჰგავს, სადაც ადამიანები ერთმანეთს ჭამენ. მარტივად ავხსნი, რომ ყველა კატეგორიისთვის გასაგები იყოს: პურის ჭამის შემდეგ ხომ ნამცეცები იყრება. აი, იმ ნამცეცებს დასდევენ ადამიანები ურთიერთობებში, მაგრად უზნეოდ არის სისტემა აწყობილი. თუ აქაურობა ნებისყოფის, ადამიანურობის, ნერვებისა და სულის გამოცდაა, ამავდროულად, ამაზრზენი ერთფეროვნების გამო ნამდვილად ჯოჯოხეთია! აქაურობის ასატანად და გასატანად სამი ძირითადი რამეა საჭირო:
- რა თქმა უნდა ღვთის წყალობა! სიბინძურის, ფსკერზე ყოფნის მიუხედავად არ უნდა გაბოროტდე, გახსოვდეს, რომ შენ ადამიანი ხარ და უნდა ადამიანობდე;
- რეგვენი არ უნდა იყო, იცოდე, სად, ვისთან როგორ მოიქცე და ისაუბრო!!! აქ ბევრი ნამცეცაა, როგორც ზემოთ აღვნიშნე;
- რა თქმა უნდა, წესიერი ცხოვრების წესი უნდა გქონდეს!
ეს ყველაფერი 90%-ია. არსებობს მე-4 წესი, ეს წესი კი ყველაზე მარტივი და აღსაქმელად რთულია. უმარტივესად არის მოცემული: „სადაურსა სად მიიყვანსო“, ამ 3 სიტყვაშია ჩაქსოვილი. ამას ერთი სიტყვით შემთხვევითობა ჰქვია! ადამიანების ცნობა არასოდეს მეშლებოდა. მე გამიმართლა, კარანტინში ძია რომ შემხვდა, ქართველი კაცია! კაცია, რაც მთავარია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს 10% ბედისწერაა და წინასწარ არასოდეს იცი, ვის სად შეხვდები, ამიტომაც ვგრძნობ კიდევ თავს თავისუფლების „პალაჟენიაზე“ და ასეც იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მთლად კარგია, როცა დაძაბული არ გიწევს ყოფნა და სიტყვების კონტროლი, პირიქით, ზრდილობის ფარგლებში ვხუმრობთ კიდეც. დღეს ოფიცერი როინი „მეგრელია“ შემოვიდა, _ აბა, რა ხდება, რაის „პატკობს“ თხრითო? სასწაული კაცია, ძაან მევასება, კარგი ტიპია, ვხალისობთ ამათ მორიგეობაზე, ეს და გოჩა მაგარი დუეტია.
კარგი მუსიკა მენატრება, სიამოვნებით მოვუსმენდი ახლა ყველაფერს, როგორ მაკლია კარგი მუსიკა. სულ სხვაგვარად განგაწყობს მუსიკა ყველაფრის მიმართ, სხვა ემოციები მოაქვს, სხვა სამყაროში გადაჰყავხარ.
სასამართლოსთვის ჩამოწერილი მაქვს კითხვები, რაც საქმეში ლოგიკურად ისმის.
მაშ, ასე:
- ზუსტად რომელ საათზე მიიღო პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია და ზუსტად რომელ საათზე შედგა პატაკი და მერე ოპერატიული ჯგუფი?
- როცა გაირკვა, ვის დასაკავებლად მიდიოდნენ, რატომ არ წამოიღეს კამერა ან ვიდეო ოპერატორი, თუ ყველაფერს კანონიერად აკეთებდნენ? ეს ხომ მათ მიმართ ნდობას გაზრდიდა. მით უმეტეს, როცა საქმე ელისოს შვილს, დათოს ეხებოდა!
- რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ოპერაციაში? საქმეში რატომ ჩანს 3, როცა კადრებში 10-ზე მეტია?
- დაკავების მომენტში, როცა მუხლებზე დავეშვი და ხელები ავწიე, რა საჭირო იყო 4 კაცის მოვარდნა, ცემა და სახით მიწაზე წაქცევა? შემდეგ ხელებამობრუნებული გაჩერება 5 წუთის განმავლობაში?
- რატომ არ ჩანს საქმეში პოლიციელი მიხეილ ჩივიაშვილი, რომელიც ვასაძეს ჩაენაცვლა და მაგრად შემბოჭა, როცა ვასაძე უფროსის მანქანისკენ ნარკოტიკის მოსატანად წავიდა?
- რატომ არ არის საქმეში პოლიციელ არჩილ ოქრუაშვილის ჩვენება, რომელმაც ასე წაქცეულზე ფოტო გადამიღო და როცა ეს შევამჩნიე, მოვიდა და კაპიუშონი გადამაფარა თავზე?
- რატომ არ მოიწვიეს ჩემი მოთხოვნის მიუხედავად მოწმეები, რომლებიც იქ იყვნენ და არ დაასწრეს ჩხრეკას?
- რატომ არ განმიმარტეს ჩემი უფლებები?
- რატომ არ მომცეს ერთი კანონიერი ზარის უფლება ადვოკატთან, ან უფლებადამცველთან?
- რატომ ჩატარდა ჩხრეკა ძალით, როცა ნებაყოფლობით ჩხრეკას ვთავაზობდი?
- საქმეში უწერიათ, რომ გაქცევას ვცდილობდი და თან დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გამიწევია, თან, თურმე, წონაკები ჯიბეში მაქვს და გადაგდებას არ ვეცადე? სად არის ლოგიკა?
- რატომ არის ოქმებში ამდენი შეუსაბამობა დროებსა და თარიღებში, თუ ისინი სიმართლეს ამბობენ?
- რატომ არ ცნობენ შორენას გადაღებულ ვიდეოს მტკიცებულებად, როცა ეს ვიდეოები ოქმებსაც აბათილებს, პოლიციელების ჩვენებასაც და, მათ შორის, უფროსის, რამაზ თარაშვილის ჩვენებასაც?!
- რატომ არ არიან გამოკითხული იმავე ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ?
- მანქანაში ჩემი ჩასმისა და დიღომში წაყვანის შემდეგ რატომ ვიცდიდით სამმართველოს ჩასახვევთან, დაახლოებით, 40 წუთი? პოლიციელები რას ელოდებოდნენ, ან ვის?
- რატომ არ გაჩხრიკეს ჩემი სახლი ან მანქანა? როცა ადამიანს ამდენ წამალს უნახავ, არ ჩნდება ეჭვი, რომ მას, შესაძლოა, მეტი ჰქონდეს? მანქანასა და სახლს არ ჩხრეკ? მაგრამ საქმეც ისაა, რომ რაც ჯიბეში ჩადეს, ის ნახეს!!!
- რატომ და ვინ შეცვალა ორი ტომსიკა თეთრი ფხვნილი აბებით, როცა ამას რამაზ თარაშვილიც ადასტურებს?
- რატომ მოათავსეს თავისივე ჩადებული ნივთიერება ამოღების შემდეგ ქაღალდის კონვერტში და არა ნივთმტკიცების შესანახ სპეციალური პოლიეთილენის პარკში, რომელსაც ექსპერტიზის ბიუროს შტამპი და გერბი აქვს?
- ნარკოლოგიურში პირველი მიყვანისას ექიმი ამბობს, რომ კლინიკურად ზემოქმედების ქვეშ არ ვიმყოფები! ბიოლოგიურ მასალას არ ვაბარებ ორი მიზეზის გამო: ჩემგან არავინ ესწრება _ არც უფლებადამცველი; მეორე, კიდევ, ჯერ თქვან, რა ნივთიერება ჩამიდეს, რომ იგივე ნივთიერება არ ამომიყვანონ! 3 საათის მერე მე პროკურორთან, ადვოკატთან, სახალხო დამცველთან და პოლიციელებთან ერთად, რა თქმა უნდა, კლინიკურად ფხიზელი ვარ, რაც ისევ ნარკოლოგმა დაადასტურა. ზოგადად, ნარკოტიკის ყიდვისას ამდენი თუ იყიდა „აქტიურმა მომხმარებელმა“, არ გასინჯავდა, რა იყიდა, ლოგიკას რომ გავყვეთ? მაშინ მათივე ნარკოლოგი, ხომ ფაქტია, რომ სიფხიზლეს ადასტურებს?
- ნარკოლოგიურში ბიოლოგიური მასალის ჩაბარების შემდეგ 11 სახეობის ნარკოტესტზე შემამოწმეს. 11-ივემ აჩვენა, რომ სუფთა ვარ. როცა ტესტირება დამთავრდა, ფოტოს გადაღება მოვითხოვე ამ ტესტებზე! რატომ თქვეს ამაზე უარი? თუ რაიმე საეჭვო იყო, ხომ მაგათ აწყობდათ? ფაქტი სხვაა!
- ექსპერტი ბიოლოგიური მასალის ნაწილს ლუქავს და ამბობს, რომ დეტალურ ექსპერტიზაზე გაიგზავნება. სინამდვილეში კი გვერდით ოთახში გაგზავნილა! რატომ მოიტყუა ექსპერტმა?
- 14-ში ჩატარებულ ექსპერტიზას რატომ არ ესწრებოდა ჩემი არც ერთი წარმომადგენელი?
- რატომ არ არის დოკუმენტებსა და გაყოფილ ბიოლოგიურ მასალაზე ჩემი ან ადვოკატების ხელმოწერა? ეს ხომ კანონის დარღვევაა?
- რატომ არ ამოგვაღებინეს კამერების ჩანაწერები, სადაც ჩივიაშვილ-ოქრუაშვილის პროვოკაციებია აღბეჭდილი?
- რატომ არ დაკითხეს მთავარ საქმეში „კაპაზეს“ ექიმები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მე ნაცემი ვარ?
- საქმიდან ჩანს, რომ პოლის.გე-დან ჩემი მონაცემები სამმართველოში მიყვანის მერე ამოიღეს და თუ ეს ასეა, საიდან იცოდნენ ჩემი აღნაგობა, თუ მანამდე არ მითვალთვალებდნენ?
- რა მიზნით წაიღეს პოლიციელებმა მოტყუებით ჩემი ქურთუკი და მოსაცმელი, როცა გლდანში მიმიყვანეს? იმიტომ ხომ არა, რომ პოლიციელ ოქრუაშვილის დნმ კაპიუშონზე იყო დარჩენილი და ჩემი დნმ მოეპოვებინათ?
- რატომ არ ჩანს საქმეში სიგარეტი და სანთებელა? ექსპერტმაც დაადასტურა, რომ ჩვეულებრივად შესაძლებელია დნმ-ის მოპოვება ტანსაცმლიდან, ან ყოველდღიური მოხმარების ნივთებიდან.
- რატომ არ შემამოწმეს ფსიქოანალიტიკოსთან, ან ნევროპათოლოგთან, რომელიც მარტივად დაადასტურებდა, რომ ჩემი ადრინდელი თავის ტრავმის გამო მარცხენა მხარეს რეფლექსები დაქვეითებული მაქვს და არც ერთი ლოგიკით მარცხენა ჯიბეში არ შევინახავდი მნიშვნელოვან ნივთებს? ეს ხომ უმარტივესია!
- კანონიერია თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებები, რომელსაც იურისტის დიპლომი არ აქვს?
- ვის უნდა რეალურად ჩემი და ჩემი ოჯახის დასჯა სიმართლეზე საუბრის და მსახურის გამო?
- რატომ არ იყო პროკურატურა საქმის კურსში თავიდანვე?
- როდის გაიღვიძებ, საქართველოვ? მაშინ გვიან არ იყოს, გუბერნიაში რომ გათენდება!!!
ეს ლეგიტიმური კითხვებია, რომელთა პასუხები მარტივად გაგაგებინებს უბრალო გაუთვითცნობიერებელ ადამიანს, რამხელა ბოროტება დამატეხეს თავს! არა უშავს, ყველაფერი წინ არის, ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! რაც არ გკლავს, გაძლიერებს! გული ადამიანობით, სითბოთი და სიყვარულით მაქვს სავსე! დიდება უფალს, რომ მომცა იმის ძალა, არ გავბოროტდე! აბსოლუტურად მშვიდად ვარ. ისეთ „ხოდზე“ და „დუხზე“ ვარ, მილიონჯერ რომ მომიწიოს თქმა, ცხადზე ცხადია, მხოლოდ ერთი სადარდებელი მაქვს და ეს მეუღლის, შვილის, მშობლის, ოჯახისა და მეგობრების დარდია! ვიცი, სწორად გესმით, მეგობრებო, ეს არის და ეს. ამის იქით სრულიად ჯანსაღია ჩემი ემოციები! რა თქმა უნდა, სჯობს სახლში გაგითენდეს, ვიდრე ერთფეროვან ციხის კედლებში, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია! საკითხს როგორც მიუდგები, ისე წარიმართება! ეს სოსო ყორღანოვებს, ჯანყაროვებსა და 1000 რჯულის ნაძირალა ვიგინდარებს ჰგონიათ, რომ ადამიანს ციხეში თუ ჩასვამ, მას გატეხ, დაიმორჩილებ, ზნეობას წაართმევ, სამშობლოს გააყიდინებ, ოჯახს დაუშინებ. აქ, რა თქმა უნდა, გათვლა ელისოზე ჰქონდათ, ვიდრე ჩემზე. ალბათ, ეგონათ, ელისოს თუ ჩემს თავს წაართმევდნენ, გაურიგდებოდა და რამეს დათმობდა! არ გავურიგდით მაშინ, როცა ძალაუფლების ზენიტში იყვნენ და რას აღარ გვთავაზობდნენ! მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებოდით მოღალატეები. როცა ქვეყანას სჭირდება და დასჭიდება, აუცილებლად მის გვერდით ვიდგებით და ვიდექით იმიტომ, რომ საქართველოა უპირველესი სალოცავი ხატი! ყველა უარყოფითი ემოცია ამ წუთს მკვდარია! ცხოვრება ერთი დიდი „სროკიცაა“ თავისუფლების ზეიმთან ერთად. მხოლოდ ღირსეულები გადიან ამ გზას ისე, რომ სულს არ კარგავენ! სული თუ დათმე, მერე ყველაფერს დათმობს ადამიანი! ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანი, სული არ უნდა დათმო! მე რომ დღეს სუს-ს მივწერო, _ თქვენს პირობებს ვიღებ-მეთქი, ხვალ საღამოს სახლში ვარ, მაგრამ მაშინ სული უნდა გავყიდო და მთავარ პრინციპებზე უარი ვთქვა! 2 000 000 გვთავაზობდნენ და ვერ ვქენით კი არა, არ ვქენით სიმართლის გაყიდვა! სწორედ ამის გამო ვზივარ „ე“ კორპუსის 78-ე საკანში! თუ სიმართლის დაცვა, ხალხის ფულის მფლანგველების მხილება, დაჩაგრულების დაცვა და გამხნევება დანაშაულია, მაშინ სიამოვნებით ვიღებ ამ სასჯელს! ადრეც გითხარით და ჩემი გათვლებით, მაქსიმუმ, 9 თვე მომიწევს აქ ყოფნა. 9 თვე ის დროა, როცა განაჩენი უნდა დადონ! ესეც მაქსიმუმია. ამდენ პროცესს ვერანაირად ჩაატარებენ და ვერ გაწელავენ! საქართველო, ევროპა და სტრასბურგი წინ მაქვს და ზუსტად ვიცი, ამ საქმეს მოვიგებ! სიმართლეს წინ ვერავინ ვერასდროს დაუდგება.
მე ვარ იმდენად სწრაფი გიჟი და მართალი, ჩემი სამართალი ურმით ვერანაირად ვერ ივლის. რაც არ უნდა მახეები აგონ გზებზე, ჩემი სიმართლე აუცილებლად გაივლის ფინიშის ხაზს! უფალო, მადლობა ამ სიმტკიცისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ბევრი სიბინძურისა, სულის სიმტკიცე მომეცი და არ გავბოროტდი! სოსომ ეს ბრძოლა წააგო მარტივი მიზეზის გამო _ მე დანებებას არ ვაპირებ! არ იქნება არანაირი გარიგება და უკან დახევა! თავის იმედი და ნების სიმტკიცე რომ არ მქონოდა, არც ჩავერთვებოდი ამ ბრძოლაში, ქვეყნიდან წავიდოდი და ყველაფერს გავერიდებოდი!
დავით ხარშილაძე