QronikaPlus
ირაკლი კიკნაველიძე: „ივანიშვილის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია არჩევნების გზით საარჩევნო უბანზე“

ირაკლი კიკნაველიძე: „ივანიშვილის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია არჩევნების გზით საარჩევნო უბანზე“

2017-10-28 07:36:01

„ქრონიკა+“-თან „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას სახელით, პარტიის პრესსპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ ისაუბრა: _ ვერც ერთი ოპოზიციური პარტია და, მათ შორის, ვერც ჩვენ, ვერ ვიქნებით კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. თბილისსა და მთელ საქართველოში ნამდვილად სამწუხარო რეალობა დადგა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მანიპულაციების გზით მოახერხა უმრავლესობის შენარჩუნება ყველგან. ასევე, ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, ანუ თბილისის მერობაზე გაეყვანა თავისი კანდიდატი კახი კალაძე, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს მოუტანს თბილისს _ მერიაში კლანური და სისტემური კორუფცია უფრო გაღრმავდება. ჩვენ ახლად დაფუძნებული პარტია ვართ და, რაღა თქმა უნდა, ნამდვილად მადლობას ვუხდით იმ 160 ათას ადამიანს, ვინც არჩევნებზე მივიდა და ხმა მოგვცა. რაც არ უნდა იყოს, მთელ საქართველოში 160 ათასი ადამიანი ცოტა არ არის, მაგრამ ყველა პარტიას, მათ შორის, ჩვენ, წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ამ არჩევნებზე აქტივობა დაბალი იყო. მიგვაჩნია, რომ აქტივობა ძალიან მაღალი უნდა იყოს, ადამიანებმა თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ და ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოში მშვიდობიანად შეიცვალოს. სხვა გზა და სხვა არჩევანი, ამ შემთხვევაში, არ გაგვაჩნია, როგორც პოლიტიკური კლასის საზოგადოებას. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალი თვეების განმავლობაში, რათა შემდეგ არჩევნებზე უფრო მაღალი აქტივობა იყოს და მანიპულაციებისა და ზეწოლის მიუხედავად, ვერავინ შეძლოს უმრავლესობის შენარჩუნება, ასევე საკუთარი კანდიდატების გაყვანა. _ რა არის ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიზეზი? როგორი იქნება თქვენი შემდგომი რეაგირება, _ გაასაჩივრებთ თუ არა არჩევნების შედეგებს? _ ის, რომ ამომრჩევლების აქტივობა დაბალი იყო, სამწუხარო რეალობაა. ამ მხრივ პარტიებსა და პოლიტიკურ კლასს ბევრი სამუშაო აქვს. თბილისში 400 ათასამდე ამომრჩეველი მოვიდა, როცა მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული. ეს არის სწორედ პოლიტიკური კლასის პრობლემა, მათ შორის, ოპოზიციისაც. ამაზე ბევრია სამუშაო, უფრო ახლოს უნდა მივიდეთ ხალხთან და მეტი სასაუბროა, რათა ერი დავარწმუნოთ, რომ ივანიშვილის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია არჩევნების გზით მხოლოდ საარჩევნო უბანზე. _ ხალხში გამეფებულ ნიჰილიზმზე რას იტყვით? ყველაზე რთული დასაძლევი ეს არის. ექსპერტების შეფასებით, ელისაშვილის მილოცვამ კიდევ უფრო გაუღრმავა ამომრჩეველს ეს გრძნობა... _ ნიჰილიზმის დაძლევა შესაძლებელია მუშაობით და ეს, პირველ რიგში, პარტიებისა და პოლიტიკოსების მოვალეობაა. რაც შეეხება მილოცვას, ერთადერთი განმარტება, რითიც ეს არჩევნები ვერ დახასიათდება, არის სამართლიანობა. არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება. ჩვენ მთელი საარჩევნო კამპანია ვნახეთ, რომელიც გამორჩეული იყო ძალადობით, მუქარით და სხვა არასამართლიანი მოქმედებებით „ქართული ოცნების“ მხრიდან. შესაბამისად, აქ მილოცვაზე და ყალბ ჟესტებზე საუბარი არ არის. პარტიაში მყოფ ადამიანებს ნამდვილად არ უჭირთ თუნდაც სამართლიან არჩევნებში საკუთარი მარცხის აღიარება. ეს არჩევნები ასეთი არ ყოფილა, გამორჩეული იყო ძალადობრივი ბუნებით, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი აქედან, მათ შორის, ნიჰილიზმიდან, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობიდან, არის მუშაობის გაგრძელება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი რამ, უბრალოდ, ვეღარ შეძლოს. _ გეგმავთ თუ არა მომავალში ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგს  ერთობლივი მოქმედების მიზნით? _ ჩვენ არასდროს მსგავსი რამ არ გამოგვირიცხავს. ყველა პროდასავლურ პარტიასთან სასაუბროდ და გეგმების შესაჯერებლად მზად ვართ, თუმცა ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად, არჩევნების რეჟიმით შეცვლას გულისხმობს. თამარ როსტიაშვილი

გაზიარება