ადვოკატ გოგა ონიანის საქმე გახლავთ პირველი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში, რომლის შესახებაც სახალხო დამცველი დასკვნას დებს, რომ, სავარაუდოდ, დისკრიმინაცია მოხდა.
„ქრონიკა+“-ს ადვოკატი გოგა ონიანი ესაუბრება:
_ 2005 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა დავტოვე პირადი პატაკის საფუძველზე; 6 თვის შემდეგ კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დავინიშნე. 2006 წლიდან 2012 წლამდე ერთ პოზიციაზე ვიყავი და არანაირი თანამდებობრივი წინსვლა არ მქონია. ისმის კითხვა, _ თუ მე ვიყავი ზონდერი და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი, რაში გამოიხატებოდა ეს? მაქსიმალური პრემია თვეში 400 ლარი მქონდა. და რას მედავებიან დღეს? იმას, რომ ორმა ადამიანმა _ დავით შათირიშვილმა და ლევან მდინარაძემ, იგივე დიჯეი რემბომ, ხელი დამადეს, რომ ვითომ უკანონოდ დავაკავე. სინამდვილეში მოხდა შემდეგი: 2011 წლის ოქტომბერში სამმართველოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვინმე დავით შათირიშვილს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომლის ნაწილიც უნდა გადაეცა სხვა პირისთვის. შევკრიბე განყოფილება. შათირიშვილის გაჩხრეკა და აყვანა მოხდა „თბილისი ცენტრალში“, სადაც უამრავი კამერაა. წამოვიყვანეთ სამმართველოში, შედგა ოქმები და საქმე სასამართლოში წავიდა. როგორც თქვენ არ გიკითხავთ ამ სისხლის სამართლის საქმის ბედი, ისე მე არ მიკითხავს. ამ ადამიანსაც 2012 წლამდე არ გახსენებია, რომ თურმე ვიღაცამ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდო. მაშინ კი პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა საპროცესო შეთანხმების თხოვნით, რაზეც უარი მიიღო. დავით შათირიშვილის საქმეში დევს პროკურორის განცხადება, რომ ამ შათირიშვილმა ითანამშრომლა და პროკურატურას სხვა პირები დააჭერინა, რის გამოც მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს და გირაოთი გამოუშვეს. თუმცა თანამშრომლობის მიუხედავად, მას საპროცესო მაინც არ გაუფორმდა. ყველა ეს დეტალი მას მერე გავიგე, რაც ბრალი წამიყენეს... იმიტომ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს ადამიანი საუბარს იწყებს იმაზე, რომ თურმე მას ნარკოტიკი ჩაუდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ დავით შათირიშვილს ეკა ბესელიას საადვოკატო ბიურო იცავდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ეკა ბესელიამ გაიგო, რომ მის კლიენტს უკანონოდ ჩაუდეს ნარკოტიკი და ეს სასამართლოზე არ გააჟღერა?! შათირიშვილი ცენტრალის ტერიტორიაზე კამერების წინ გაიჩხრიკა, იმავე დღეს შეხვდა ადვოკატს და ადვოკატმა კამერებიდან ჩანაწერის ამოღება არ მოითხოვა? იმიტომ, რომ ბესელიამ ძალიან კარგად იცოდა, დავით შათირიშვილს ეს ნარკოტიკი ჰქონდა. მალევე თავი წამოყო ლევან მდინარაძემ, ე. წ. დიჯეი რემბომ, რომელიც თბილისის უპირველეს ღამის კლუბ „გვირაბიდან“ მოყოლებული, ძალიან ახლო კავშირში იმყოფება რიგ ნარკოტიკულ საშუალებებთან. მოკლედ, ლევან მდინარაძესაც ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. იგი დააკავეს და ამნისტიაში მოყვა. მას შეეძლო გაეგრძელებინა სასამართლო დავა და გამართლებულიყო, მაგრამ ამაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, 2013 წელს, ჩემი დაკავების შემდეგ, ოთხ დღეში ახსენდება, რომ, თურმე, მასაც შათირიშვილის მსგავსად ჩაუდეს და საჩივარი შედის ქალაქის პროკურატურაში სწორედ იმ პროკურორის სახელზე, რომელიც ჩემს საქმეს იძიებდა. როდესაც ვკითხეთ, საიდან იცოდა ჩემი პროკურორის სახელი, განაცხადა, რომ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა (ეკა ბესელიას საადვოკატო ბიუროდან) უთხრა, რომ განცხადება ამ პროკურორის სახელზე უნდა დაეწერა. მდინარაძე აცხადებდა, რომ ბერა ივანიშვილის მეგობარი იყო, რომ მას უნდა დაერიგებინა „ქართული ოცნების“ მაისურები და ამაზე დამაკავესო. არადა, მდინარაძის ამ განცხადების შემდეგ არც ბერა ივანიშვილი დაიკითხა, არც ის სტუდენტი გოგონები, რომლებსაც მდინარაძემ მაისურების დარიგება შესთავაზა. მოკლედ, როდესაც ამ ორ ფაქტზე ბრალი წამიყენეს, მოწმეებად მოიყვანეს დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც მათი დაკავების დროს მახლდნენ. ოთხმა პოლიციელმა, პროკურატურის ზეწოლის მიუხედავად, ჩემ წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება არ მისცა. ანუ 2011 წელს იყო ჩვენება, რომ დაკავებული პირისგან ამოიღეს დაჭმუჭნული ქაღალდი, გახსნეს, შიგ ნახეს ნარკოტიკული საშუალება და გადმომცეს. 2013 წელს იგივე ჩვენება მისცეს, რომ ამოიღეს, მაგრამ ქაღალდი არ გაუხსნიათ და არ იციან, იქ რა იყო.
_ რამდენი ადამიანი მონაწილეობდით შათირიშვილისა და „რემბოს“ აყვანაში და კონკრეტულად სად არის დანარჩენი?
_ პოლიციელების ჩათვლით, სულ 8 ადამიანი ვიყავით, ვისაც ბრალი წაგვიყენეს ერთი და იგივე მუხლით და აქედან 7 კაცს განრიდება გაუკეთეს, მხოლოდ მე დამტოვეს. პროკურატურა თავიდან იმაზე აპელირებდა, რომ ამ ადამიანებმა აღიარება გააკეთეს და იმიტომ განვარიდეთო. თუმცა მე უჩა ნანუაშვილს ამ პოლიციელთა სასამართლოში დაკითხვის ოქმები მივუტანე, სადაც კითხვებზე, _ რაში გამოიხატა, რა დანაშაული ჩაიდინეთ კონკრეტულად, რომ პროკურატურაში მიიჩნიეს, რომ ეს თქვენ მიერ ჩადენილი დანაშაული იყო? ყველა ეს ადამიანი აცხადებს, რომ არ იცის, რა დააშავეს. შესაბამისად, ვერანაირ გულითად აღიარებაზე აქ საუბარი ვერ იქნებოდა. ამის შემდეგ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან მივიდა ბრალდების მთავარი მოწმე _ გამომძიებელი გიორგი შარიქაშვილი. მანამდე შარიქაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ პროკურატურასთან არასწორი რაღაცები ვთქვი და რა გავაკეთოო? მე ვურჩიე, რომ პროკურატურაში მისულიყო, რაზეც უარი მითხრა, _ მეშინიაო. საჯარო განცხადებაზეც უარი თქვა. ბოლოს, გადაწყვიტა, საჯარო დამცველთან მისულიყო და მას მოუყვა დეტალურად, რა ზეწოლა განახორციელეს მასზე, როგორ აიძულეს, რომ ყოველ დილით მიჰყავდათ პროკურატურაში და, უბრალოდ, ღამის 12 საათამდე ტოვებდნენ, ანუ არც არანაირ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ და არც უშვებდნენ. როდესაც უჩა ნანუაშვილმა ჰკითხა, ახლა რატომ არ საუბრობდა ამაზე საჯაროდ, შარიქაშვილმა უპასუხა, რომ ჩემი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დამემუქრნენ და ამიტომ მეშინიაო. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა უჩა ნანუაშვილმა სასამართლოში მისვლა. გაითვალისწინეთ, რომ მას შეეძლო, არ მისულიყო, იმიტომ, რომ მე და თქვენ თუ გვაქვს სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადების ვალდებულება, ომბუდსმენს ეს ვალდებულება არ აქვს. თუმცა უჩა ნანუაშვილმა გადაწყვიტა, რომ მაინც მისულიყო და მოსამართლესთან ბრალდების მოწმეზე პროკურატურის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. უბრალოდ, აქ ერთადერთი პრობლემური საკითხია _ ეს ყველაფერი სასამართლოს დახურულ სხდომაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა და ამიტომ დეტალებს, ბუნებრივია, უჩა ნანუაშვილი ვერ გაამხელს.
_ ანუ დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს ყველა ბრალდება მოუხსნეს?
_ არათუ მოუხსნეს, არამედ სამსახურებრივადაც დააწინაურეს. ერთ-ერთი მათგანი, ბრალდებულობის პერიოდში, შს მინისტრმა 15 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის დააჯილდოვა.
_ პოლიციელს, რომელსაც ორი პირისთვის ნარკოტიკის ჩადების გამო ბრალი წაუყენეს, პარალელურად, მინისტრი უმწიკვლო სამსახურისთვის აჯილდოებს?
_ დიახ, მე მაქვს ეს ბრძანება ნუკრი ძებისაურის სახელზე. ანუ კაცს ბრალი ჰქონდა წაყენებული, რომ ორ სხვადასხვა ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდო და ზუსტად ამ ბრალდებულობის პერიოდში აღნიშნული ბრძანებით დაჯილდოვდა. ამის ძალიან მარტივი ლოგიკა არსებობს _ პროკურატურას თვითონვე არ სჯეროდა ამ ფაქტის, უბრალოდ, მათ ეს სჭირდებოდათ გიორგი ონიანის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის დასაშინებლად. უკვე აღვნიშნე, რომ ამ ამბის შემდეგ ერთი ბრალდებული პოლიციელი განყოფილების უფროსი გახდა, დანარჩენი კი უფროს ინსპექტორებად დააწინაურეს.
_ რა პასუხი აქვს ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს?
_ არანაირი პასუხი არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ იუსტიციის მინისტრის 181-ე ბრძანების გათვალისწინებით განრიდება არ შეიძლება გაკეთდეს, ხოლო თავად იმ ბრძანებაში წერია, რომ თუ საჯარო მოხელემ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ჩაიდინა დანაშაული, აღნიშნულზე განრიდების გაკეთება არ შეიძლება. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებს განრიდება არ უნდა გაკეთებოდათ. მიზანი იყო ის, რომ ამ პოლიციელებს ეუბნებოდნენ, გიორგი ონიანს დაადეთ ხელიო. ამ პოლიციელებმა ეს არ გააკეთეს. მერე წაუყენეს ბრალი მათ, ჩვეულებრივად ევაჭრნენ, სამსახურს არ შევეხებით და ა. შ. მოხდა გარკვეული შეთანხმება და ადრე თუ ისინი ამბობდნენ, რომ დაჭმუჭნილი ქაღალდი ნამდვილად ამოვიღეთ და შიგ ნარკოტიკი იდოო, შეცვალეს და განაცხადეს, რომ შიგნით რამე იდო თუ არა, არ ვიცით, არ გაგვიხსნიაო. მოგვიანებით, ზაზა ხატიაშვილმა ამაზე პრესკონფერცია ჩაატარა და განცხადა, როგორ შეიძლება არსებობდნენ ორგანიზატორები და არ არსებობდნენ შემსრულებლებიო? არადა, ყველა სასამართლო პროცესზე ვითხოვ, მოკიდონ ხელი შათირიშვილსა და მდინარაძეს და წაიყვანონ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. პროკურატურას ეს ორი ადამიანი გიორგი ონიანის დევნისთვის სჭირდებოდა. პოლიციელებმაც კი, ასეთი ზეწოლის პირბებში, არ მისცეს ცრუ მამხილებელი ჩვენება.
_ მამათქვენის ეპიზოდი მოგვიყევით, თუ შეიძლება, ქალაქის პროკურორმა რომ დაიბარა კაბინეტში მოსწავლის მშობელივით?
_ ეს ამბავი ბოლო მომენტამდე მე თვითონ არ მჯეროდა, სანამ პროკურატურაში არ მივედი და მიხეილ შაყულაშვილისგან მამაჩემის სახელზე დაშვებული საშვი არ ვნახე. საერთოდ, შეხება არ აქვს ამ საქმესთან, ლენტეხელი კაცია, რომელიც დღემდე ხის საამქროში მუშაობს. აი, ეს იყო ანეკდოტი. ერთი სვანი პროკურორი მივიდა მამაჩემთან სამსახურში და შენს შვილთან ერთად მიხეილ შაყულაშვილი გიბარებსო. მივედით და შაყულაშვილი მეუბნება, _ ის ორი მოწმე რომ გაიყვანე ქვეყნიდან, ასე შეგრჩებაო?! (ბაჩო ახალაიას საქმეში ორი მოწმე იყო, რომლებიც დაცვის მხარემ ქვეყნიდან გავიყვანეთ. გერმანიაში მათ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ მიცემული ჩვენებები გადათქვეს). შაყულაშვილმა მამაჩემს აგრძნობინა, რომ შენი შვილი თუ არ გაჩერდება, დავიჭერთო. მე კიდევ მეუბნება, _ შენ რა გგონია, ეს ადამიანები რომ გაიყვანე ქვეყნიდან, ასე შეგრჩებაო?! ამ შეხვედრის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადება დავწერე გენერალურ ინსპექციაში, მაგრამ რეაგირება დღემდე ნულია.
„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. უჩა ნანუაშვილთან ვრცელ ინტერვიუს ამ და სხვა თემებზე შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ...
მანამდე კი ვთხოვეთ, პასუხი გაეცათ გიორგი ონიანის საქმეზე ბრალდების მოწმეზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რაზეც სახალხო დამცველისგან პასუხი მივიღეთ, რომ იგი მართლაც იმყოფებოდა გიორგი ონიანის ბრალდების სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურული იყო, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა დაასტურა, რომ აღნიშნულ პროცესზე ისაუბრა ბრალდების მოწმის მასთან ვიზიტის შესახებ, მის მონათხრობზე, რომ მას იძულებით მიაცემინა პროკურატურამ გიორგი ონიანის მამხილებელი ჩვენება.
აღნიშნული საკითხი დეტალურად შეისწავლა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, რომელმაც „ქრონიკა+“-ს შემდეგი განმარტება მისცა:
_ გოგა ონიანი თავიდან ბრალდებაში მისცეს, როგორც კანონიერი დაკავების უკანონო ორგანიზატორი. ამ დროს კანონიერ დაკავებას არ შეიძლება ჰყავდეს უკანონო ორგანიზატორი. როდესაც ამაზე ყვირილი დავიწყე, ეს უტვინო პროკურორები მიხვდნენ, ვინც მას ბრალი წაუყენა, რომ თუ გოგა ონიანი დამნაშავე იყო, როგორც დაკავების ორგანიზატორი, მაშინ აღმსრულებლებიც უნდა მიეცათ პასუხისგებაში. მიხვდნენ ამას და რამდენიმე თვის შემდეგ აღმსრულებელ ოთხ პოლიციელს, ვინც ე. წ. „უკანონო“ დაკავება განახორციელა, ბრალი წაუყენეს.
_ გასაგებია, მაგრამ შემდეგ იქიდან ერთი დააჯილდოვეს და დანარჩენი დააწინაურეს...
_ ეს ბრალის წაყენება ფორმალური იყო. გოგა ონიანი ამბობს, რომ თუ ჩვენ, სავარუდოდ, დანაშაული ჩავიდინეთ, რატომ ვზივარ მე საბრალდებო სკამზე და რატომ მუშაობს დანარჩენი პოლიციაში. ერთ-ერთ პოლიციელს უმწიკვლო მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადეს, რომელსაც ანალოგიურად ედებოდა ბრალი. ეს საკითხი სახალხო დამცველმა შეისწავლა და უპრეცედენტო შეფასება გააკეთა, რომ, სავარაუდოდ, გოგა ონიანთან მიმართებით დისკრიმინაციული მოპყრობა მოხდა. როგორც ვიცი, არც ერთ საქმეზე სახალხო დამცველს ასეთი დასკვნა არ გაუკეთებია. ომბუდსმენმა დასკვნა დადო, რომელიც იმის საფუძველი იყო, რომ გოგა ონიანი არის დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ევროპის უფლებათა დაცვის სასამართლო მხოლოდ ამ დასკვნით პრიორიტეტულ სეგმენტად მიიჩნევს და ეს იქნება ძალიან მძიმე საქართველოს ხელისუფლებისთვის და სირცხვილი მთლიანი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საუბარია ადვოკატზე, რომლის საქმეზეც სახალხო დამცველი წერს, რომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დისკრიმინაციას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა ამგვარი მინიშნება გააკეთა. ეს ძალადობაა და არ შეიძლება, ვინმემ ძალადობით მიაღწიოს შედეგს.
თამარ როსტიაშვილი