QronikaPlus
აღვირახსნილი კრიმინალი, დაუოკებელი ფაროსანა და ეთნიკური ქართველების ახალი ჩაგვრა ოკუპირებულ აფხაზეთში

აღვირახსნილი კრიმინალი, დაუოკებელი ფაროსანა და ეთნიკური ქართველების ახალი ჩაგვრა ოკუპირებულ აფხაზეთში

2017-10-27 08:51:37

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავის ტკივილი, აზიურ ფაროსანასთან ერთად, განუსაზღვრელი მასშტაბის კრიმინალი და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაა.   აფხაზური ფორუმებისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ იქაური საზოგადოება, მისი საშუალო ფენა, რომელიც, ასე თუ ისე, ჩახედულია შიდაპოლიტიკურ სიტუაციებში, რუსეთის მიმართ გაღიზიანებას არ მალავს. ყველაზე ხშირად გულისტკივილი იმის გამო ისმის, რომ როგორც იმედებს ამყარებდნენ, რუსეთი აფხაზეთის „დამოუკიდებელ განვითარებას“ კი არ უწყობს ხელს, პირიქით, უფრო და უფრო ცდილობს, რეგიონი მასზე დამოკიდებული გახადოს და ეს გამოსდის კიდეც, რადგან ადგილობრივი ე. წ. ხელისუფლება მთლიანად რუსეთიდან მიღებული დოტაციის ათვისება-განაწილებაზეა გადასული. ბიუჯეტი ისედაც მწირი იყო და კიდევ უფრო შემცირდა. ტურისტული სფერო, რომლისგანაც ბიუჯეტის შევსებას ვარაუდობდნენ და იმედი ჰქონდათ, რუსი ტურისტების ნაკადს ვერ აუვიდოდნენ, ფაქტობრივად, ჩაკვდა. არა, ეს იმით არაა გამოწვეული, რომ უცებ, რუსებს ზღვა შესძულდათ, ან მობეზრდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გახმაურებული თუ გაუხმაურებელი კრიმინალური თავდასხმების გამო, რომელთა სამიზნეები, არცთუ იშვიათად, რუსი ტურისტები არიან, ისინი აფხაზეთში რისკის ფასად ჩასვლას და დასვენებასა და მოგზაურობას ურჩევნიათ, საქართველოს დანარჩენ ნაწილში კრიმინალისგან დაცულად, ევროპულ გარემოსთან მიახლოებულად გაატარონ დრო. კრიმინალური შემთხვევები კი ოკუპირებულ აფხაზეთში იმდენად მოხშირდა, რომ ამის გამო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლაც გახდა საჭირო. მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ახლად დანიშნულ გარი არშბას წმინდად რუსული საპოლიციო სკოლა აქვს გავლილი და მისი რუსული კარიერაც, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო, აღმავლობით გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოვიდა და, როგორც ჩანს, რისხვადაც დაატყდა თავს ცალკეული ქალაქების პოლიციის უფროსებს. ალბათ, თავის მოტყუება იქნება, მივიჩნიოთ, რომ გარი არშბა კრიმინალის სრული აღმოფხვრითაა დაინტერესებული და სწორედ ამას აპირებს: კრიმინალი და პოლიტიკა, ქურდები და პოლიტიკოსები ოკუპირებულ აფხაზეთში ისეა ერთმანეთში არეული და ერთმანეთზე დამოკიდებული, რომ ამ მოცემულობის შეცვლა რომც დააპიროს, ალბათ, ახალ ე. წ. მინისტრს სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაგრამ მთლად უქმად ჯდომაც ხომ არ გამოდიოდა და გარი არშბამაც მტკივნეულ, საზოგადოებაში გავრცელებულ შემთხვევაზე რეაგირებით დაიწყო: ბიჭვინთაში 11 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაზე რეაგირებით, რა დროსაც „გაგრამშენის“ მფლობელ ნოდარ ხვარწკიას ოჯახი დააყაჩაღეს. გარი არშბამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე „პახოდი“ დაარტყა და ინსპექტირების მიზნით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეგიონულ განყოფილებებს ესტუმრა. მისი შექება მხოლოდ გალის პოლიციამ დაიმსახურა, ხოლო გაგრისა და გუდაუთის პოლიციის უფროსები გადაყენებულად გამოაცხადა მაშინვე, როცა ადგილზე ჩავიდა და სამუშაო საათებში განყოფილებებში მხოლოდ უფროსთა თანაშემწეები აღმოაჩინა. „ამან შემძრა. ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. ეს კიდევ არაფერი, თვითონ ეს ადგილზე მყოფი თანაშემწეებიც არ იყვნენ გარკვეული რაიონებში არსებულ მდგომარეობაში“, _ თქვა გარი არშბამ. თუმცა გაგრის პოლიციის უფროსი, ცხადია, ბიზნესმენზე გახმაურებული თავდასხმის საქმეს შეეწირა. ხვარწკიას ოჯახს კი შეიარაღებული პირები 11 ოქტომბერს დაესხნენ თავს _ ბიზნესმენს სახლში შეუვარდნენ და აწამეს, გაძარცვეს, შემდეგ კი მისივე კუთვნილი მანქანით დატოვეს ტერიტორია. მომხდარის შესახებ საზოგადოებას ბიზნესმენის ძმამ ამცნო, რომელიც ბლოგერია. შემთხვევას ხვარწკიების საგვარეულო შეკრებაც კი მოჰყვა _ მათ ხელისუფლებისგან მაქსიმალურად სწრაფი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს. ხვარწკია იშვიათი გამონაკლისი სულაც არ არის, თუმცა აფხაზეთში კრიმინალები უფრო იოლ ლუკმას _ რუს ტურისტებს ირჩევენ. მოგეხსებათ, აფხაზეთის მთაგორიანი ადგილების დალაშქვრა ერთი სიამოვნებაა და რუსი ტურისტი ექსტრემალებიც არ იკლებენ ამ სიამოვნებას, თუმცა, დაახლოებით, ისეთ დღეში ვარდებიან, რა დღეშიც სვანეთის მოყვარული ტურისტები იყვნენ, როცა საქართველოს ამ ულამაზესი კუთხისკენ მიმავალ გზას და უშუალოდ კუთხეს კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. სავარაუდოდ, სწორედ კრიმინალების მსხვერპლი გახდა რუსი ტურისტი საშა ლიხაჩოვი, რომელიც ივლისის ბოლოს გაუჩინარდა და სწორედ მთებში, 150-კილომეტრიანი საფეხმავლო მარში ჰქონდა დაგეგმილი, ბოლო გაჩერებით წებელდაში. მოსკოველი 23 წლის ბიჭი ოჯახის წევრებს ბოლოს აგვისტოს დასაწყისში დაუკავშირდა და მას შემდეგ მასზე არავინ არაფერი იცოდა, სანამ კელასურთან 15 ოქტომბერს აღმოჩენილი ამოუცნობი მამაკაცის ცხედარი სამართალდამცველებმა ლიხაჩოვის ცხედრად არ მიიჩნიეს. ტურისტის დედა ამბობს, რომ ცხედარი მისი შვილის არ არის და ამის დასამტკიცებლად „სხვა ფეხსაცმელი“ მოჰყავს, თუმცა მზადაა, სოხუმში ჩავიდეს და დნმ-ის ანალიზისთვის ნიმუში მოსკოვში გადაიტანოს, ასევე უნდა, რომ შვილის მარშრუტს გაჰყვეს და შესაძლო თვითმხილველებს ესაუბროს. ხშიარია ზღვასთან დაკავშირებული ტურისტული ტრაგედიებიც: მაგალითად, გახმაურებული და მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსი ტურისტი გოგონას მკვლელობას, რომელიც გაგრაში ზაფხულში უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გამოძიებამ ახლახან დაადგინა, რომ გოგონამ ადგილობრივი ბიჭი გაიცნო. მალე მათი ურთიერთობა სიახლოვეშიც გადაიზარდა და ბიჭმა ერთ საღამოს გოგონას ზღვაზე კვადროციკლით სეირნობაც შესთავაზა, რა დროსაც ჯერ მოკლა, მერე კი ცხედარი ზღვაში ჩაძირა და, ვითომც არაფერი, ნაპირზე არხეინად დაბრუნდა. ის ცოტა ხანში დააკავეს. მან დანაშაული აღიარა, მკვლელობის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ „გოგომ თავი მოაბეზრა“, თუმცა დასძინა, მისი მოკვლა არ მინდოდაო... კრიმინალთან გადაბმული თემა და მუმდივი, გადაუჭრელი პრობლემა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხადია, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაა. აფხაზურ ფორუმებზე სწორედ ამაზე მოთქვამენ ყველაზე მეტი სიხშირით და ცხადია, „გენოფონდის განადგურების საფრთხესაც“ უსვამენ ხაზს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები კი, როგორც ჩანს, მხოლოდ სამეგრელოს არ აწუხებს, უფრო სწორად, სამეგრელომდე, სწორედ, ოკუპირებულ აფხაზეთში აწუხებდათ. ერთ-ერთ ბლოგზე იმასაც კი წაიკითხავთ, რომ ფაროსანა რუსეთის ტერიტორიიდან სპეცსამსახურებმა აფხაზეთში შეგნებულად შეიტანეს და გაავრცელეს. ბლოგერი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა: მისი თქმით, ოჩამჩირის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში, დილის ტრადიციული გარბენის დროს, ზღვის პირას ჯიპი შენიშნა, იუცხოვა და მიახლოება გადაწყვიტა. „როცა მივუახლოვდი, ჯიპის მძღოლმა მანქანა დაქოქა და სასწრაფოდ გაუჩინარდა. არ დამეზარა, ახლოს მივედი და რას ვხედავ: იქ, სადაც მანქანა იდგა, სამი თვწაკრული ტომარა იდო, გავხსენი და სამივე აზიური ფაროსანით იყო სავსე... საინტერესოა, ვის აწყობს ამ მწერის ასე ხელოვნურად გავრცელება და რატომ?“ _ კითხულობდა ბლოგერი, რომელიც წერდა, რომ თან არ ჰქონდა სმარტფონი და ვერ შეძლო ტომრების გადაღება, რის გამოც ბევრმა „მუცლით მეზღაპრეც“ უწოდა... აზიური ფაროსანა კი უკვე მთელ დაბალ ზონას (ასე უწოდებენ გალის რაიონის ენგურისპირა და მიმდებარე სოფლებს) მოედო და ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ ძალიან დიდ მასშტაბებსაც მიაღწია. ზოგიერთ სოფელში ფანჯრებზე სპეციალური დამცავები ააკრეს, მაგრამ მავნებლისგან მაინც ვერ იცავენ თავს: ისინი ყველგან არიან: საწოლში, კედელზე, კარადაში, აბაზანაში... ფაროსანა რომ თხილის მტერია, ეს ყველაზე კარგად დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში მოეხსენებათ. ფაროსანას პრობლემას კიდევ ბევრი პრობლემაა მიბმული და მათ შორის ისიც, დარჩება თუ არა საქართველო „ფერეროსთვის“ თხილის მიმწოდებელ სამ დიდ ქვეყანას შორის? „ფერერო“ იტალიური ფირმაა, რომელიც ცნობილ ბრენდებს _ „რაფაელოსა“ და „ნუტელას“ _ თხილით ამარაგებს. სწორედ საქართველო, იტალიასთან და თურქეთთან ერთად, ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად მიიჩნეოდა, მაგრამ ფაროსანა ამ მოცემულობას საფრთხეს უქმნის. ფაროსანას გარდა, საფრთხე კიდევ არსებობს: ევროკავშირის ქვეყნებთან პარტნიორული სავაჭრო ურთიერთობა გულისხმობს, რომ ნებისმიერ პროდუქციას, რომელიც ევროპაში საქართველოდან გავა, წარმოშობის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. საქართველოდან ევროპაში გასული თხილის თითქმის ნახევარი სწორედ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოდის, რადგან თხილი ერთადერთია, რის გატანასაც დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის, არაქართველებსაც, არ უკრძალავს. მაგრამ, აი, სერტიფიცერებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. უფრო კონკრეტულად, თუნდაც აფხაზ ფერმერებზე თბილისში დამოწმებული სერტიფიკატები გაიცეს, ეს ფერმერები აფხაზეთში მაშინვე „ერის მოღალატეებად“ და „აფხაზეთის დამოუკიდებლობის მტრებად“ გამოცხადდებიან. ცხადია, ასეთი პერსპექტივა არავის ხიბლავს. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა, პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებსა და არა მარტო მათ ბევრად უფრო ძნელი ზამთარი ელით, ვიდრე შარშან. მოგეხსენებათ, თხილის მოსავალი გალის რაიონის მოსახლეობისთვის, ხშირ შემთხვევაში, ზამთარში თავის გატანის ერთადერთი წყაროა. ამჟამად ეს წყარო, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამ ყველაფერს, ანუ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, პოლიტიკურიც ემატება _ გალის აფხაზური ადმინისტრაციის მეთაურმა თემურ ნადარაიამ, რომელიც ადგილობრივი ქართველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, გადაწყვიტა, ქართველებს გადაადგილების უფლება შეუზღუდოს. მან გალის რაიონში მცხოვრები 4.000-მდე ადამიანი „აღმოაჩინა“, რომლებიც, მისი თქმით, გალის რაიონში კი არა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ნადარაია მათ „ყოფილ გალელებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი იშვიათად, მხოლოდ საკუთარი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად და თხილის, ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაგროვებლად გადადიან გალში: „მათ ადრე აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, მაგრამ ეს შეცდომაა. ჩვენ ვაპირებთ, ეს შეცდომა გამოვასწოროთ, რადგან აფხაზური პასპორტის ფლობის გამო ამ პირებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ გადაადგილდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და პირიქით, აფხაზეთისკენ, არადა, ისინი ვიზებით უნდა სარგებლობდნენ აქ შემოსვლისას“, _ ამბობს გალის დე ფაქტო გამგებელი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ ქართველებზე ე. წ. აფხაზური პასპორტების გაცემის პროცედურა 2013 წლიდან შეაჩერეს. ამის სანაცვლოდ მათ ეროვნების შეცვლას სთავაზობენ, უფრო სწორად, სთავაზობენ, „სამურზაყანოელ აფხაზებად“ ჩაეწერონ, ასეთი ეროვნება კი, ცხადია, არ არსებობს. 1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 47%-ს ქართველები შეადგენდნენ, აფხაზები კი _ 17%-ს, თუმცა, ამჟამად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ქართველთა პროცენტული მაჩვენებელი 19,2%-დე დავიდა, აფხაზებისა კი 50,7%-მდე ავიდა. რაც შეეხება გალის რაიონს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, იქ 46.000 ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. ლაშა ბერულავა

გაზიარება