ლანჩხუთის მოქმედი გამგებელი, ზაზა ურუშაძე, გურიაში ერთადერთია კოლეგებიდან, „ოცნებამ“ რომ „მოტეხა“. ის არ ჩანს მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციაზე, არც შტაბში გამოჩენილა. არადა, მას საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა. როგორც ირკვევა, ურუშაძე ნაწყენია, რომ კანდიდატად არ დასახელდა.
ასევე, საერთოდ პარტიული სიის მიღმა აღმოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი, გოგი ხელაძე... თუმცა ის შეხვედრებზე ჩნდება. ისიც გულნატკენია, ოღონდ ურუშაძე, მისგან განსხვავებით, გამგებლის კაბინეტშიც იშვიათად ჩნდება. მან ოფიციალურად ერთკვირიანი შვებულება აიღო, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის აღარ დაბრუნდება კაბინეტში, სადაც 4 წელი და 8 თვე გაატარა.
ზაზა ურუშაძემ ადგილობრივ მედიასთან გამოსამშვიდობებელ-შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა. ამბობს, რომ გამგებლის რანგში ბევრი კარგი საქმე გააკეთა და ის დაფინანსება, რომელიც ბოლო წლებში ლანჩხუთში შემოვიდა, სწორედ მისი აქტიურობის შედეგი იყო. „34 მილიონია ჩემი გამგებლობის პერიოდში შემოსული. თითქმის 5 წელი ვიყავი გამგებელი და ვეცადე, იმაზე მეტი გამეკეთებინა, რაც შესაძლებელი იყო...“ _ ამბობს მოქმედი გამგებელი.
რატომ მოხდა, რომ რაიონისთვის ამხელა ბიუჯეტის შემქმნელი გამგებელი გურიაში ერთადერთია, რომელსაც ცვლიან? ზაზა ურუშაძის თქმით, მერობის კანდიდატად დასახელებას ელოდა, მაგრამ იმის ძებნა არ დაუწყია, თუ ვინ დაბლოკა: „არ ვარ ის კაცი, ამისთვის ვინმე შემეწუხებინა. პარტიამ გადაწყვიტა, ლანჩხუთში ახალი ადამიანები მოიყვანოს სათავეში და სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ, რატომ მოხდა ასე. შემეძლო, დამოუკიდებელ კანდიდატადაც მეყარა კენჭი, თუმცა ვარ „ქართული ოცნების“ წევრი, ამჟამად ლანჩხუთის გამგებელი და ამ ეტაპზე არ მქონდა უფლება, მმართველი პარტიის საწინააღმდეგოდ გადამედგა ნაბიჯი“.
ცნობილია, რომ მმართველმა პარტიამ ზაზა ურუშაძესთან ერთად უარი უთხრა მის ძმას, კახა ურუშაძესაც, რომელიც მოქმედ საკრებულოში მამათის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა: „მიმაჩნია, რომ კახა არის ძალიან წესიერი, განათლებული ადამიანი და ნამდვილად გაკვირვებული დავრჩი მიღებული გადაწყვეტილებით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მიმართ გავნაწყენდით“, _ თქვა ზაზა ურუშაძემ, რომელიც არ საუბრობს საკუთარ მოსაზრებებზე, თუ ვის შეეძლო, ურუშაძეების დაბლოკვაში გადამწყვეტი როლი ეთამაშა. „ვერანაირად ვისაუბრებ, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ამ გადაწყვეტილებაში, რადგან საამისოდ არანაირი დოკუმენტი არ მაქვს, უბრალოდ, არც დავინტერესებულვარ ამ საკითხით. მაჟორიტარი ნინო წილოსანი? მე არ მაქვს ეს ინფორმაცია და თქვენ, მგონი, უფრო მეტი იცით“, _ ღიმილით აიცილა მისი პოსტიდან წასვლაში მაჟორიტარის წვლილზე კითხვა გამგებელმა.
თუმცა იმას აღიარებს, რომ „ოცნების“ ადგილობრივ შტაბს გარკვეული გავლენა ექნებოდა მერობის კანდიდატის შერჩევაზე.
_ რა ურთიერთობა გაქვთ საკრებულოს თავმჯდომარესთან და რატომ არ ჩანხართ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კანდიდატის კამპანიაში?
_ არავის უთქვამს, რომ დავხმარებოდი. ქორწილში დაუპატიჟებელი წახვალთ? მე არც მერობის კანდიდატ ალექსანდრე სარიშვილის საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული. მისგან ამის შესახებ შემოთავაზება არ წამოსულა. არც პარტიიდან უთხოვიათ, თორემ დავეხმარებოდი. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ყველა შემთხვევაში, მხარს დავუჭერ „ქართული ოცნების“ კანდიდატს. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძეს, მასთან 2 თვეა, კავშირი არ მქონია.
ლანჩხუთის გამგებელი განაწყენებულია მაჟორიტარებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ეშინიათ მისი ხსენება გაკეთებულ საქმეებთან: „ჩვენი ბიუჯეტი 1 მილიონ 200 ათასამდე იყო, როდესაც მოვედით, დღეს 2,5 მილიონია. ეს შევძელით ჩვენი მწირი შემოსავლების მობილიზებით. მახსოვს, შუხუთში გაზის გაყვანის გამო აქცია გაიმართა, მაშინ მივედი და ხალხს დავპირდი, რომ 10 დღეში საქპროექტის ხალხი ჩამოვიდოდა და სოფელს დააპროექტებდა. მე-9 დღეს ჩამოვიდნენ. ასეთ საქმეებზე ჩემ გარდა ყველას მადლობას უხდიან, თითქოს ჩემი დიდი კი არა, საერთოდ არ იყოს წვლილი ამაში. ეტყობა, ფიქრობენ, მოქმედი გამგებელი რომ ვაქო, იქნებ, არ აყენებენ კანდიდატად და მერე რა მეშველებაო“.
ლანჩხუთის გამგებელმა ფეხბურთის თემაზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა და აღიარა, რომ კლუბ „გურიას“ საკითხზე პოლიტიკამაც ცუდი როლი ითამაშა: „არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული საუბარი, პირდაპირ ვიტყვი, დიახ, „გურიის“ ამ მდგომარეობაში პოლიტიკამაც შეიტანა წვლილი. ოღონდ, ეს არ ყოფილა რაიმე დირექტივა მთავრობიდან. აქ, ადგილზე, პოლიტიკამ ცუდი როლი შეასრულა _ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ფეხბურთში პროფესორები იყვნენ, „გურიას“ მიხედავდნენ და გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდათ, სინამდვილეში, საერთოდ უცოდინარები აღმოჩნდნენ“, _ ამბობს გამგებელი.
ღიად არ ამხელს, მაგრამ აშკარაა, ურუშაძე უკმაყოფილოა. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გააჩნია. მას გრიგოლეთში საკუთარ ეზოში წარმოებულ მშენებლობებზეც ვკითხეთ, რომელსაც ოპონენტები აყვედრიან: „ერთი სახლი ჩემმა ძმისშვილმა (მოდელი მარიშა ურუშაძე, _ რედ.) ააშენა და მისი საკუთრებაა, ხოლო მეორე ჩემი გახლავთ. ის კრედიტით გავაკეთე. 120 ათასი მაქვს აღებული ბანკიდან. ზაზა ურუშაძე არ არის ისეთი პიროვნება, რომ ვერ მიხვდეს, რა როგორ გააკეთოს. ის ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში, რომელსაც მომავალ წელს შევავსებ, აუცილებლად აისახება. არავინ არაფერს მოგაპარინებთ და არც მე გამიკეთებია რამე უკანონოდ. დიახ, ავიღე სესხი და ავაშენე სახლი, _ ყველაფერი კანონიერი გზით“.
ლანჩხუთელმა ჟურნალისტებმა მას სიმბოლური საჩუქარი გადასცეს _ წიგნი ლეო მესიზე... მართლაც სიმბოლური გამოვიდა... ზაზა ურუშაძეს ხომ დღევანდელი გამგებლებიდან, ალბათ, ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთი, თითქმის ხუთწლიანი მუშაობისას ლანჩხუთში პოლიტიკური ფინტების კორიანტელიც დააყენა, მრავლის აზრით, _ ბევრიც გააცურ-მოატყუა, აქამდე მთავარ მოთამაშედ რჩებოდა, მაგრამ... შეუცვლელი არავინაა და წასვლის დროც დადგა. ურუშაძე იმედოვნებს, რომ მთავარ მოთამაშედ დაბრუნდება, ოღონდ „ამ ეტაპზე“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს... რა იქნება „სხვა ეტაპზე“, ამას დრო და ურუშაძის მარიფათი (რაც უდავოდ მოზღვავებულად აქვს) გამოაჩენს...
მათე გურული