2017 წლის ლიტერატურულ კონკურს „საბას“ გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი და ხალხის რჩეული გახლავთ 22 წლის ზურა აბაშიძე ქალაქ ბათუმიდან. მისმა წიგნმა, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, საზოგადოებისგან უამრავი დადებითი შეფასება მიიღო. როგორც თავად ავტორი ამბობს, საზოგადოების სიყვარული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზურა, ამ ეტაპზე, თბილისში ცხოვრობს და სწავლობს.
ახალგაზრდა და იდეებით სავსე მწერალი იხსენებს, რომ წერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მშობლიური ქალაქიდან სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა. სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მის ცხოვრებაში ერთი დიდი და ძალიან ლამაზი ეტაპი დამთავრდა და ამ აღმოჩენით უკმაყოფილომ წერა გადაწყვიტა. შეეცადა, ამ გზით, მისთვის ყველაზე სანუკვარი ემოციები და მოგონებები შემოენახა საუკეთესო ქალაქზე.
უფრო მეტს მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ როდის და რატომ გადაწყვიტე წიგნის დაწერა?
_ წიგნი თავისთავად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, არასდროს წინასწარ არ დამიგეგმავს და არც ერთი მოთხრობა კრებულისთვის არ დაწერილა, მაგრამ როცა ბოლოს მივხვდი, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო და დროც დადგა, ერთ წიგნად გამომეცა, 12 მოთხრობას მოვუყარე თავი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ დახმარებით ავკინძე. ბევრი მოთხრობა გამძიმებს, ზურგზე ტვირთად გადევს, ყველა უფროსმა მეგობარმა მირჩია, მოიშორე, გაუშვი მკითხველთან და აცალე, თავიანთი გზით იარონო. მეც მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა გავთავისუფლებულიყავი ამ ტექსტებისგან და ამისთვის მოთხრობების სადებიუტო კრებულის გამოცემაც საუკეთესო საშუალება იყო.
საზოგადოების რეაქციამ კი დიდი სიხარული მომიტანა. გიხარია, როცა ადამიანებს უყვარხარ, შენს ტექსტებს ელოდებიან, ან, უბრალოდ, ახარებთ შენი წარმატება. გიხარია, რომ უცხო ადამიანების გულებამდეც ახერხებ შეღწევას, გიხარია, რომ შენი ამბები, განცდები და პერსონაჟები მხოლოდ შენები არ არიან და უცებ ბევრი ადამიანის ხდება.
_ რას ნიშნავს შენთვის, იყო ამ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და ხალხის რჩეული?
_ საბას დებიუტანტობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ცოტათი საფრთხილო ამბავია. ჩვენ ვიცით, 2003 წლიდან მოყოლებული, ვინ არიან ამ პრემიის მფლობელები დებიუტის ჟანრში, ვიცით, რას აკეთებენ ისინი და როგორ განვითარდნენ საბას შემდეგ, ამიტომ დანებების საშუალება არ მაქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემგან კარგი მწერალი დადგეს.
რაც შეეხება ხალხის რჩეულობას, ამაზე საამაყო ცოტა რამ მქონია ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ძალიან საპატიო იქნებოდა, ჟიურის რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ხალხმა რომ გადაწყვიტა, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან, ვხვდები, რომ ჩემი წიგნი მარტო ერთი პატარა სალიტერატურო, ორასკაციანი საზოგადოების კუთვნილება კი არ არის, არამედ უფრო მეტ ადამიანთან მოახერხა მისვლა და უფრო მეტ ადამიანს შეუყვარდა ჩემი ისტორიები.
_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნაშრომს?
_ ჩემი ტექსტების ყველაზე კარგი შემფასებელი ისევ მე ვარ, თუ რამე ნაკლი აქვს, პირველ რიგში, მე ვამჩნევ ამას და თვითონვე ვწყვეტ, მიღირს თუ არა ამ ნაკლის გამოსწორება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მირჩევნია, საკუთარი თავის იმედად არ დავრჩე და სხვა ადამიანმა შეამოწმოს, აქვს თუ არა მოთხრობას რამე ღირსება და ასეთ დროს მეგობარი იდეალური ადამიანია, ვინც ამას მეტყვის, ან არ მეტყვის.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში, რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ ყველაფრის პატიება შემიძლია ადამიანისთვის, შემიძლია გავიგო და გავიაზრო ყველა მისი დანაშაული, ვეცადო, რომ სხვა კუთხიდან შევხედო, არ ვიყო გადაწყვეტილების მიღების დროს ცალსახა და ვიფიქრო მის წინა ისტორიაზეც. ერთადერთი, რასაც ყველაზე რთულად ვპატიობ ადამიანს, არის თანაგანცდის არქონა. თუ ადამიანს არ შეუძლია სხვისი ჭირის, უბედურების, ტრაგედიის, სიხარულის თუ ბედნიერების გაზიარება, მგონია, რომ იმ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ყველაზე მეტად ემპათიის შეგრძნებას ვაფასებ ადამიანში, ზუსტად ემპათიაა, რისგანაც იქმნება დიდი ლიტერატურა თუ კინო, ერთი ადამიანი ხედავს მეორე ადამიანის გასაჭირს, ებრალება, ეცოდება და როცა აღარ იცის, რა უშველოს და სად წაიღოს ამხელა გრძნობები, იწყებს წერას.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ დრო, ალბათ, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის არ მენანება, შემიძლია დაუსრულებლად ვიჯდე ოჯახის წევრებთან ერთად ბათუმში და ვილაპარაკო, რა მაგარი იყო ჩვენი ბავშვობა, რა მაგარი იყო ეზო, რომელშიც გავიზარდე, რა კარგი იყო ეს, რა კარგი იყო ის, დრო არ მენანება მეგობრებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემთან ერთად გადიან რაღაც გზას და უკვე იმდენი მოგონება გვაქვს, რომ შეუძლებელია, ერთმანეთს მოვშორდეთ.
_ მაქსიმალისტი ხარ?
_ მე ვერ მივაკუთვნებ საკუთარ თავს მაქსიმალისტების რიგებს, ძალიან კი მინდა, ასე იყოს და სურვილი მქონდეს, პირველი ვიყო ჩემს საქმეში, მაგრამ მსგავსი ამბიციები არ მაქვს, ვიცი, რომ სამყაროში არსებობს ჩემზე გაცილებით დიდი ლიტერატურა, ვიცი, რომ ლიტერატურის ზღვაში ჩემი წიგნი ერთი წვეთიც კი არ არის, ვიცი, რომ შეიძლება ისე მოვკვდე, ვერაფრით დავწერო „ომი და მშვიდობა“ და დარჩეს წვეთი წვეთად, მაგრამ სანამ მე მჭირდება წერა, დავწერ, იმიტომ რომ წერა ყველაზე კარგი საშუალებაა, არ დაიგროვო ემოციები, გასაჭირები და ამბები. მე ეს მჭირდება ისევე, როგორც ადამიანებს ზღვაზე დასვენება ზაფხულში.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ რამდენიმე კვირის წინ ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა და ყოველი ახალი დღე რას მაძლევს, არ ვიცი. ალბათ, უფრო იმას მახსენებს, რომ დრო ძალიან, ძალიან ნელა გადის და სინამდვილეში წინ მთელი ცხოვრება მაქვს, რომელიც უმისოდ უნდა გავიარო და საშინელებაა ამ შეგრძნებასთან ერთად გაღვიძება. საშინელებაა იმასთან შეგუება, რომ ცხოვრება გრძელდება და ვერაფერს შეცვლი, მოხდა და მოხდა. ლიტერატურაში შეგიძლია ვიღაცა სულ ცოცხალი იყოს, მაგრამ ცხოვრებაში ვერ ხარ მთლად ასეთი მაგარიც.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?
_ ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან ისინი, რომლებიც შრომობენ და დიდი, ძალიან დიდი ხანი ერთგულად ემსახურებიან ლიტერატურას, ასეთი ადამიანია ჩემთვის ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი, რომელიც ბევრი წელია, თავის საქმეს ძალიან ერთგულად და ხარისხიანად აკეთებს და ჩემთვის ძალიან მისაბაძია მისი ეს ერთგულება საქმის მიმართ.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ ალბათ, ქართული ლიტერატურის პრობლემებზე 5-10 წლის წინათ უფრო საინტერესოდ ვისაუბრებდით. დღესდღეობით ქართულმა ლიტერატურამ მოახერხა ის, რომ ქართველი ავტორების კითხვა აღარ არის ხელწამოსაკრავი და მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმდენი საინტერესო რომანი დაიწერა, ვერაფრით დატოვებდა მკითხველს უკმაყოფილოს. პრობლემები თუ გვაქვს, ეს, ალბათ, უფრო ქვემოდან მოდის, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანა პატარაა და ჩვენს ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, შესაბამისად, რთულდება ქართველი ავტორების საქართველოს გარეთ გატანა. დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩემს კოლეგას სხვა, უფრო დიდი ქვეყნის ენაზე რომ დაეწერა თავისი წიგნები, დღეს ის გაცილებით უკეთეს დღეში იქნებოდა.
_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?
_ ლიტერატურა და წერა არის საქმე, რომელიც ერთია, რომ ძალიან მიყვარს და მეორე _ ძალიან მჭირდება. ბევრი წელი არ მიცხოვრია, მაგრამ ამ 22 წლის განმავლობაში ლიტერატურა დარჩა, სხვა ყველაფერი მიდი-მოდის, რჩებიან ავტორები, რომლებსაც ვკითხულობ და წიგნები, რომლებიც მიყვარს. ლიტერატურა ყველაზე კარგად იზიარებს სიხარულს, ლიტერატურა გიდგას მხარში ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობის დროს, ლიტერატურა გზრდის, გამოგზაურებს, გაყვარებს, გაძლევს დაუნანებლად და ამ ყველაფრის მერე რთულია, ლიტერატურას უწოდო საქმე და თუ საქმეს ვუწოდებთ, რთულია აღწერო, რა არის შენთვის ეს საქმე.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ ამ ეტაპზე ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირაა, საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ყველაფერი შეცვალა და სხვა მიმართულებით წამიყვანა, ახლა ვცდილობ, გავიაზრო და გადავხარშო ეს ყველაფერი და საკუთარ თავს დრო მივცე რაღაცებისთვის. მინდა, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო, მოვალეობები, რომლებიც უცებ დამეკისრა, ძალიან მძიმეა და არ მინდა, ამ სიმძიმეებმა და მოვალეობებმა ჩამყლაპოს.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?
_ ვიტყოდი, რომ საკუთარი თავი ვიპოვე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძიება შევწყვიტე. ვიცი, რომ ახლა მწერალი ვარ და ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ხვალ მწერლობასთან ერთად სხვა რაღაცის კეთება მომინდეს, ამიტომ სულ ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო და ვაკონტროლო, ნამდვილად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, თუ ადგილის შეცვლაა საჭირო?
_ მიგაჩნია, რომ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?
_ არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული მისია მაქვს ცხოვრებაში, ერთადერთი ვიცი, რომ ჩემი ლიტერატურით ადამიანებს ის უნდა ვუთხრა, რისი მოსმენა მეც გამიხარდებოდა, რომ მარტო არ არიან, რომ მათზე მშვენიერი არსებები ამ მიწას არ ახსოვს, მინდა, რომ ვუთხრა, ნუ მოიწყენენ, რომ ქუჩის ბოლოში რაღაცა ელოდება, რომ შეუძლებელია, რაღაცები ასეთი აუტანელი იყოს ყოველთვის, რომ შეუძლებელია, დიდი ბედნიერება არ მოვიდეს.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ყველაზე ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება ყველაფერი ის, რაც ჩემ გარშემო ხდება, ვაქციო ლიტერატურად, როგორ შეიძლება, რეალური ამბები გადავიდეს ფიქციურ სამყაროში, ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ჩემ გვერდით არიან ან იყვნენ და სულ ვფიქრობ, სად წავიღო ამ ადამიანების ისტორიები. ეს არის ჩემი ძირითადი საფიქრალი სხვა წვრილ-წვრილ ფიქრებთან ერთად, ყოველ თავისუფალ წამს, იქნება ეს ტრანსპორტში, ბანკის რიგში, სუპერმარკეტსა თუ სავაჭრო ცენტრში, ვფიქრობ, როგორ ავაგო საინტერესო სიუჟეტები.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ არ ვიცი, რამდენადაა საყვარელი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება ჰემინგუეის ერთ-ერთი წიგნის სათაური „თჰე შუნ Aლსო ღისეს“ _ „და აღმოხდების მზე“. ეს ის სიტყვებია, რაც ბოლო პერიოდი სულ მიტრიალებს თავში. ერთი მხრივ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მზე ისევ ანათებს, ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას, ვიღაცას სამსახურისკენ მიეჩქარება, ვიღაც ბედნიერია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან რთულია გააცნობიერო, რომ მზე ისევ ანათებს, ცხოვრება გრძელდება და შენ რომ გგონია, მზე ჩაესვენა, როცა საყვარელი ადამიანი დაკარგე, სულაც არ არის ეგრე, მზე ისევ ანათებს და ჯიუტად გააგრძელებს ნათებას.
_ ვინ ხარ რეალურად და ვისთან ხარ ნამდვილი ზურა?
_ ვცდილობ, რომ სხვადასხვა სახეები არ მქონდეს. ამბობენ, რომ ჩემი მოთხრობები გულწრფელობითაა კარგი, არ არის ამ მოთხრობებში შეფარული სახეები, შეფარული მესიჯები, ყველაფერი პირდაპირ არის მიწოდებული მკითხველისთვის. ალბათ, ასეთი ვარ მე, ან ვცდილობ, რომ ვიყო. არ მინდა, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა ზურას იცნობდეს, მინდა, რომ როგორიც ვარ, ისეთი ვახსოვდე ყველას. ასე უფრო მარტივია, მიიღო სიყვარული ადამიანებისგან. რაც უფრო მეტს ჩახლართავ, მეტად გაებმები შენს ხლართებში.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ არ ვიცი, რამდენად მაქვს უფლება, ასე პირდაპირ ვესაუბრო საზოგადოებას და გზავნილები მივცე. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემი გამოცდილების გაზიარებაა. ვიტყვი ერთს: შეუძლებელია, ადამიანმა კეთილი და დიდი საქმე გააკეთოს და სამყაროში ეს კარგი საქმე უკვალოდ გაქრეს, ის აუცილებლად დაბრუნდება და დაბრუნდება ორჯერ უფრო მეტი ძალით. სხვა არც არაფერი დაგვრჩენია, არ ვიცით, ხვალ რა იქნება, ვიცით მხოლოდ, დღეს რა არის და ამიტომაც ღირს, რომ ეს დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვიყოთ უფრო კარგები, ვეცადოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები, თავისუფლები და მე მჯერა, რომ საკუთარი ბედნიერება იწყება იქიდან, როცა გინდა, სხვა გააბედნიერო.
ნინო ტაბაღუა