ლანჩხუთის საკრებულოს წევრებზე საარჩევნო განწყობები აშკარად ნამოქმედარია. მომავალ საკრებულოში ვერმოხვედრილები არცთუ კარგ განწყობაზე არიან. ისიც გამოჩნდა, რომ ვისაც, ასე თუ ისე, განაღდებული აქვს მე-9 მოწვევის საკრებულოს წევრობა, უკვე წასულებზე ხმაურიან განცხადებებსაც აღარ ერიდება.
ამიტომაც ამ მოწვევის საკრებულოს ისტორიაში ერთ-ერთი ბოლო სხდომა უფრო პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო, ვიდრე _ განსახილველი საკითხების ღრმა ანალიზს.
იყო წამოძახილები და სხვა ბრალდებებიც, თუ სად იყვნენ აქამდე და ა. შ.
„რამდენიმე თვეა, სოფლებში გარე განათების ნათურები არ გამოცვლილა და ქუჩები ჩაბნელებულია, ასევე რიგ სოფლებში წყლის სისტემებიც მოსაწესრიგებელია. როცა სამსახური გამართულად მუშაობდა, მადლობასაც არ ვიშურებდით, მაგრამ ახლა, როცა აღარაფერი კეთდება, უნდა გავჩუმდეთ?! ჩვენ ვიცოდით, რომ ის 23 ათასი ლარი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დამატებით გამოეყო ამ სამსახურს ბიუჯეტიდან, გარე განათებას უნდა მოხმარებოდა“, _ ისმოდა საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრთა მხრიდან.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, „ტექსერვისის“ საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს და რა მიზნობრიობითაც გაიხარჯა თითოეული თეთრი, აუდიტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია _ საკრებულოს სხდომაზე „ტექსერვისისა“ და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნუგზარ ცინცაძის, იგივე „ცანცუას“ დაცვა, ამჯერად, უმცირესობას მოუხდა. არადა, თვეების წინათ სრულიად საპირისპირო სურათი იყო და უმრავლესობა სწორედ „ცანცუას“ ფაქტორს იყენებდა ოპოზიციის „დასაშოშმინებლად“. უმცირესობის აზრით, მმართველი გუნდისთვის ნუგზარ ცინცაძე, რომელსაც ერთ დროს „ოცნების“ პარტიულ სიაში მოწინავე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა საჭირო კადრი აღარაა.
ლესის მაჟორიტარ ელისო ჭიჭინაძის განცხადება ხმაურიანი იყო: „თავის დროზე, „ტექსერვისის“ შექმნის პირველი მომხრე მე ვიყავი. ბოლო 4 თვეა, სოფელი ჩაბნელებულია. 40 ნათურაა ჩამქრალი, ჩემს სატელეფონო ზარს ამ სამსახურში არავინ პასუხობს. მე ვერავინ დამაბრალებს, რომ ვინმეს ვიცავდი, ყოველთვის ვამბობდი, რასაც ვხედავდი. იყო შესაქები, ვაქებდი, ეკუთვნის საყვედური? ღიად ვამბობ“.
მას აცანის მაჟორიტარი ემზარ თედორაძეც დაეთანხმა: „ეს ადამიანები ადრე მუშაოდნენ და ახლა არ მუშაობენ. ამას რომ ვამბობთ, რატომ უკვირთ? ფაქტობრივად, შეურაცხყოფილები ვართ, ეს არის სიმართლე“.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ტაბიძის თქმით: „საგებია, ჩაბნებული რომ არის სოფლები, მაგრამ გაკეთებულ საქმესაც ნუ დავუკარგავთო. აქ ნუგზარ ცინცაძეზე საუბრობთ, ეს კაცი ხშირად მინახავს, „ვალინკებით“ კისრამდე წყალში იდგა და მუშაობდა“.
აქა-იქ წამოიძახეს, _ „ცანცუა“ რომ აღარ არის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, იმიტომ ხართ დიდ გულზე, თორემ ამდენ ხანს სად იყავით, თვეების წინ თუ იყო ეს პრობლემაო?!.
ჩაბნელებულ სოფლებთან დაკავშირებით დეპუტატებმა ერთმანეთს ისიც წამოაძახეს: ღამე რომ პლაკატები გააკრათ, ამიტომ ჩააბნელეთ სოფლებიო? რაზეც იქით უპასუხეს: აი, თქვენ გჭირდებათ, თორემ ჩვენ დღისითაც კარგად ვაკრავთო.
„საკრებულოს თითქმის ყველა სხდომას ესწრებოდა ამ სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ეს სამსახური უმრავლესობის მხრიდან ყოველთვის იმსახურებდა მადლობას. მმართველი გუნდი აქამდე მუდამ ხმალამოღებული იბრძოდით ამ ა(ა)იპ-ისთვის დამატებითი თანხების მოძიებაზე, ახლა კი აღმოჩნდა, რომ, თურმე, ეს სამსახური და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნუგზარ ცინცაძე, იგივე „ცანცუა“, ვერაფერს აკეთებდა. უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად მიუღებელია ამგვარი დამოკიდებულება. რეალურად, ყველამ კარგად იცის, ის 23 ათასი ლარი სინამდვილეში სად გაიხარჯა. გასულ ზამთარში ამ სამსახურს სოფლებში „პოსლეზე“ შეასრულებინეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რაც გამგეობის მესამე სართულზე მიღებული დანაშაულებრივი გადაწყვეტილება იყო. როგორც ჩანს, ახლა „ცანცუა“ აღარ არის საჭირო კადრი „ოცნებისთვის“, _ ამბობენ ოპოზიციაში.
ლანჩხუთის ექსგამგებელი, ოპოზიციონერი გია გოგუაძე, ტრადიციულად, სკანდალური იყო: თავის დროზე, ასეთი აქტიური რომ ყოფილიყო საკრებულოს ზოგიერთი წევრი, დღეს „ოცნების“ სიაში იქნებოდაო. მოქმედ თავმჯდომარესაც ურეპლიკა: „ეს თქვენც გეხებათ, ბატონო გოგი, აქტიური რომ ყოფილიყავით, დღეს გამგებელს უკან არ მიგაყოლებდნენ“.
„მთავარია, საკრებულოში მოხვედრა (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიით), მერე იქ კი მოიძებნება ვიღაცები, შექმნი ფრაქციას და აიღებ ხელფასს, ერთი-ორჯერ ტენდერზეც გაამახვილებ ყურადღებას და იცხოვრე არხეინად. მოვა არჩევნები, მონახე ისევ ახალი პარტია... აი, ესაა მთელი არჩევნები... “ _ აცხადებს ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი 2012 წლიდან, მამუკა ჭყონია.
სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ლანჩხუთში საკმაო რისკის წინაშე აღმოჩნდა _ პარტიულ სიაში მინიმალური რაოდენობა შეიყვანეს და მათგან ერთ-ერთს უარი რომ ეთქვა, პარტია მუნიციპალიტეტში არჩევნებს გამოეთიშებოდა. ბოლო მომენტში დაამატეს კანდიდატები, თორემ, მინიმუმ, საკრებულოში ვერმოხვედრილების შანტაჟის ქვეშ იქნებოდნენ.
ერთი საინტერესო დეტალიც _ ჩვენი ინფორმაციით, „თავისუფლება _ ზვიად გამსახურდიას გზის“ ლანჩხუთის პარტიული სია მარტვილელებითაა დაკომპლექტებული. პირველი ნომერი კი, სულაც, მარტვილის ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრია. კიდევ კარგი, ამ პარტიას ლანჩხუთში შანსი არ აქვს, თორემ საკრებულოს სხდომებზე სიარული მარტვილიდან მოუწევდათ...
მათე გურული