საქმეს ისეთი პირი უჩანს, გორში თვითმმართველობის არჩევნები ურთიერთბრალდებების, დაპირისპირებებისა და განთავისუფლებების ფონზე ჩაივლის. საწყისი უკვე სახეზეა _ გორის გამგებელმა პირველი მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად კანონდარღვევები დაასახელა.
დავით ონიაშვილის თქმით, მისი მოადგილე გელა კაპანაძე უფლებამოსილებას სხვა მიზნებისთვის იყენებდა:
„კანონდარღვევების შესახებ რამდენჯერმე გავაფრთხილე. ვფიქრობ, რომ პიროვნებას, რომელსაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობა უკავია ადმინისტრაციაში, კანონს უნდა იცავდეს და სამაგალითო უნდა იყოს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ჰქონდა კანონდარღვევები, ამიტომ გაფრთხილების შემდეგ გადავწყვიტე, სამსახურიდან გამეთავისუფლებინა“.
გორის გამგებელმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც კაპანაძე სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ შტაბში იმყოფებოდა და პარტიულ საქმიანობას ასრულებდა. მისი თქმით, კაპანაძის ეს ქმედება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა:
„სამუშაო საათებში „ქართული ოცნების“ შტაბში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა. რამდენჯერმე მყავდა გაფრთხილებული, მაგრამ არ გაითვალისწინა. ა(ა)იპის თანამშრომლების დაბარება და სხვადასხვა კუთხით მუშაობის იძულება არ არის სწორი საქციელი. თუ მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, არჩევნებზე გაათავისუფლებდა სამსახურიდან და ასე შემდეგ“, _ აღნიშნა მან.
სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას კაპანაძე ბრიფინგით გამოეხმაურა. მმართველი პარტიის წევრმა გამგებლის ქმედებას პოლიტიკური სარჩული მიაკრა და საკუთარ თავს პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული უწოდა:
„მე ვარ პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი და მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ნაკარნახევი იყო და კარგად ჩანს პოლიტიკური დისკრიმინაცია. ერთადერთი მოტივაცია ჩემი განთავისუფლებისა არის ის, რომ მე ვარ მმართველი პარტიის წევრი და ის _ „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი“, _ ამბობს გელა კაპანაძე და ონიაშვილის ბოსტანშიც ისვრის კენჭს:
„რიგი კითხვები მაქვს დავით ონიაშვილთან მიმართებით. ეს არის სოფელ ქვახვრელის ცნობილი თემა; რთველი 2016-ის თემა; უცხოეთში მივლინებები. ამ თემებზე ჩვენ უახლოეს ხანში გავაგრძელებთ საუბარს“.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრალდებებს იზიარებს ბაღების გაერთიანების თანამშრომელი, გიორგი დვალიშვილი, რომელიც 20 სექტემბრის შეხვედრას იხსენებს:
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში თათბირი შედგა, რომელსაც ბარების გაერთიანების 12 თანამშრომელი ვესწრებოდით და ასევე გელა კაპანაძე, რომელმაც მოითხოვა, რომ ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, ანუ ვის მხარეს ვიყავით. მას აინტერესებდა, დავუჭერდით მხარს დავით ონიაშვილს, თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მივიღებდით გადაწყვეტილებას არჩევნების დღეს? არჩევნებზე კაბინაში იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ჩვენი ფარულობა დაცული იყოს და კაპანაძის ამ მოთხოვნით ვფიქრობ, ხმის ფარულობას საფრთხე შეექმნა“, _ აღნიშნა დვალიშვილმა.
კითხვაზე, _ იყო თუ არა საუბარი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, თუკი „ქართული ოცნების“ სასიკეთოდ არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას? დვალიშვილმა თქვა, რომ ირიბი მინიშნებები იყო.
ონიაშვილის მიერ დაწერილ ბრძანებაში გელა კაპანაძის სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი მითითებული არ არის. გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილე აღნიშნულის გასაჩივრებას აპირებს და ამბობს, რომ მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთი ბებიაშვილის თქმით, გელა კაპანაძის განცხადება მისთვის მოულოდენელი აღმოჩნდა, რადგან მისი ორგანიზაცია კაპანაძეს ვერ დაეხმარება. საიამ გორის საოლქო-საარჩევნო კომისიას რამდენიმე დღის წინათ მიმართა და გელა კაპანაძის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითხოვს, რადგან ის სამუშაო საათებში პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.
მალხაზ მიქელაძე