სამი აბსურდული გადაწყვეტილება ერთ კვირაში
ასეთი რამ ჯერ არავის გინახავთ, _ „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა, რომ დღეს ქვეყანას მართავს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დილეტანტი და არაპროფესიონალი მთავრობა.
ხელისუფლებას მხოლოდ კონსტიტუციის მიღების შემდეგ გაახსენდა: უნდა, რომ კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩაწეროს კონსტიტუციაში. დაუჯერებელია, მაგრამ სწორედ მესამე მოსმენით, კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, „ოცნებამ“ გამოგვიცხადა, რომ კიდევ რაღაცები დარჩა ჩასაწერი, საკონსტიტუციო პროექტი თავიდან უნდა მოამზადოს და ორ სესიაზე სამი მოსმენით ცვლილებები თავიდან უნდა გაიტანოს. მართლაც რომ სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს!!!
საკითხი ეხება საარჩევნო სისტემის ორ საკმაოდ მნიშვნელოვან თემას, რომელზედაც დიდი ხანია, დისკუსია მიმდინარეობს. ესაა 2024 წლიდან ბონუსების გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების შექმნის უფლების დატოვება 2020 წლის არჩევნებში.
რატომ არ გაახსენდა ეს თემები ხელისუფლებას მეორე მოსმენისას, როცა თავისუფლად შეიძლებოდა ამ ორი საკითხის დამატება, ადვილი მისახვედრია. თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ბლოკების თემით სპეკულირება „ოცნებას“ დღეს არ დაუწყია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ხელისუფლება ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რამდენიმე ერთკაციან პოლიტიკურ პარტიასთან, რომელთათვისაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანაში, პროპორციული თუ მაჟორიტარული. ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში პარლამენტში ვერ ხვდებიან. მათთვის მთავარია, ბლოკების შექმნის უფლება ჰქონდეთ. ჩაებმებიან რომელიმე შედარებით ძლიერ პარტიას და პარლამენტში თუ ვერ შევლენ, კვალიფიციური პარტიის სტატუსს მაინც მიიღებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას მაინც გამოჰკრავენ ხელს. ამის შესანიშნავი მაგალითია „პატრიოტთა ალიანსის ბლოკი“, როდესაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ხუთი პატარა პარტია ჩაება შედარებით ძლიერს, ყველანი კვალიფიციურები გახდნენ და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
„ოცნება“ ცდილობდა, ეს პატარა პარტიები მოკავშირეებად გაეხადა და ბლოკების შენარჩუნების სანაცვლოდ, მათგან მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე თანხმობა მიეღო, მაგრამ ხელისუფლებას ეს არ გამოუვიდა. არა იმიტომ, რომ პატარა პარტიებს ბლოკები აღარ უნდოდათ, არამედ იმიტომ, რომ მაჟორიტარული სისტემის „გაპრავება“ ვერავინ გაბედა. შესაბამისად, „ოცნება“ ისევ მარტო დარჩა.
ამას დაემატა ის, რომ მთელი მსოფლიო უარყოფითად შეხვდა ერთპარტიულ კონსტიტუციას. „ვენეციის კომისიამ“ მილიონჯერ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფართო პოლიტიკური კონსენსუსია, რომლის გარეშეც კონსტიტუცია ვერ იქნება ლეგიტიმური. „ვენეციის კომისიამ“ ასევე მკაფიოდ და არაერთხელ განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია 2020 წლიდან, ხოლო შვიდი წლის შემდეგ ამ საკითხის გადავადება კომისიის სერიოზულ შეშფოთებასა და წუხილს იწვევს. კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს „ვენეციის კომისია“ „ოცნების“ შემოთავაზებულ ბონუსების სისტემას, ანუ გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად მითვისებას რომ აპირებენ. ერთი სიტყვით, ყველა მხრიდან წამოსულმა შეტევამ ხელისუფლება აიძულა, დათმობებზე დაფიქრებულიყო. სწორედ ამ დათმობის დემონსტრირებას ცდილობს „ოცნება“ ამ ორი ინიციატივით. ანუ ეს თემები თავიდან სავაჭროდ სჭირდებოდა, მაგრამ როცა ვერავის მიჰყიდა, გადაწყვიტა, „კაი ბიჭის“ როლი მოირგოს და გაითამაშოს, თუ როგორ ითვალისწინებს სხვის მოსაზრებებს, _ აი, დათმობაზე მივდივარ და სანაცვლოდ არაფერს ვითხოვო. ქვეყნის შიგნით, ოპოზიციასთან და არასამთავრობოებთან, ეს საკენკი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები აუცილებლად აღნიშნავდნენ, როგორც პოზიტივს. თუმცა ყოვლად უდროო დროს გახმოვანებულმა ამ ინიციატივამ უფრო კურიოზული სახე მიიღო, ვიდრე საქმიანი და მნიშვნელოვანი.
ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გათვალა, როდის უნდა გაეკეთებინა ეს შემოთავაზება, მათ სერიოოზულ დილეტანტიზმზე მიუთითებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ექვსთვიანი პროცესის ხელიდან გაშვება და პროცესის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების თავიდან დაწყება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არ იცის, ან ვერ გაუგია, რა უნდა თავად მას და მით უმეტეს, ვერ გარკვეულა, რა სჭირდება ქვეყანას. ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკა მართლაც რომ უპრეცენდენტოა. წარმოიდგინეთ, ამ უთავბოლობის გამო ხელისუფლებამ თავიდან უნდა მოახდინოს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, შემდგომ კანონპროექტი საჯარო განხილვაზე უნდა გამოიტანოს და ერთი თვის განმავლობაში უნდა გააცნოს ის საქართველოს მოქალაქეებს. შემდგომ პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საშემოდგომო სესიაზე. შემდგომ კანონპროექტი „ვენეციის კომისიას“ უნდა გადაუგზავნოს რეკომენდაციებისთვის და ბოლოს საგაზაფხულო სესიაზე კიდევ ორჯერ უნდა უყაროს კენჭი. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ორი თვის წინ, კონსტიტუციური ცვლილებები პირველი და მეორე მოსმენით, ისეთი დაჩქარებული ტემპებით გაარბენინეს, არც კი გახსენებიათ, რომ რამე მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლებოდა გამორჩენოდათ.
მას შემდეგ, რაც ასეთი სიბრიყვისთვის ყველამ დასცინა, ხელისუფლებამ გამოსავლის ძიება დაიწყო და პრეზიდენტს მიადგა, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციაზე ვეტოს დასადებად ემზადება. როგორც გაირკვა, „ოცნების“ „გენიოსა“ ლიდერების თავში კიდევ ერთი საოცარი იდეა დაიბადა _ მათ საქართველოს პრეზიდენტს სთხოვეს, ჩვენ მიერ მიღებულ კონსტიტუციას ვეტო დაადეო. დიახ, დიახ, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, საოცნებო კოსტიტუციას ვეტო დაადეო. ოღონდ მოტივირებულ შენიშვნებში, რომელსაც ვეტოს მოაყოლებ, ჩვენი ეს ორი ინიციატივა ჩაწერეო. ანუ მარტივად რომ აგიხსნათ, „ოცნების“ ვირეშმაკობის არსი ისაა, რომ ასეთი გზით ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აიცილოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო მთელი ის პროცედურები, რომლებიც უკვე ჩამოვთვალეთ. თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, მოტივირებულ შენიშვნებში ჩაწერს, რომ ბონუსებისა და ბლოკების თემა დაამატეთო, საპარლამენტო უმრავლესობა კი ამ ვეტოს არ დაძლევს, ე. ი. პრეზიდენტის მეშვეობით „ოცნება“ მისთვის საურველ ამ ორ ინიციატივას უპრობლემოდ მოახვედრებს იმ კონსტიტუციაში, რომელიც უკვე სამი მოსმენითაა მიღებული.
ამდენად, ხელისუფლებამ, რომელმაც ვერც ერთი პატარა პარტია ვერ გადმოიბირა, ახლა ბლოკების თემით ცდილობს პრეზიდენტის გადაბირებას, რომელსაც სთავაზობენ, „ოცნებას“ თავის ტკივილი მოუგვაროს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც რამდენიმე დღის წინათაც კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ოპოზიციასთან გარიგებასა და პარლამენტისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. მოკლედ, პოლიტიკა კი არა, კომედი შოუა ნამდვილი...
ასეთი არაორდინალური შეთავაზების შემდეგ პრეზიდენტმა კონსულტაციებისთვის კვლავ შეკრიბა მთელი ოპოზიცია, რომელთან ერთადაც ორი კვირის წინ ხუთპუნქტიანი პაკეტი შეიმუშავა, რომლის ორი პუნქტი სწორედ ბონუსების გაუქმებასა და ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ ხუთ პუნქტში საუბარია, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე. ასევე საუბარია ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევაზე და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად. აღნიშნულ პაკეტში ასევე საუბარია გადაუნაწილებელი მანდატების, ანუ ბონუსების პროპორციულად და სამართლიანად გადანაწილებაზე და ბლოკების შექმნის უფლების დატოვებაზე.
მიუხედავად სიტუაციის არაორდინალურობისა, მარგველაშვილი, როგორც დამბალანსებლის როლში მყოფი პრეზიდენტი, საკმაოდ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. ერთი, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მისგან კონსტიტუციაზე ვეტოს დადებას ითხოვენ; მეორე _ მოტივირებული შენიშვნებისთვის პრეზიდენტს ხუთპუნქტიანი პაკეტი გამზადებული აქვს, რომელშიც ოპოზიციის მოთხოვნებიც დაფიქსირებულია და „ქართული ოცნებისაც“. ასე რომ, ვეტო გარდაუვალია, თან ისეთი ვეტო, რომლის დროსაც მარგველაშვილი იქით დააყვედრებს ყველას, _ ა, ბატონო, ხომ გინდოდათ ვეტო, _ აი, ვეტო და აი, მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც ყველას ინტერესს ვაკმაყოფილებ და თუ ამ ყველაფერს კონსტიტუციაში გაითვალისწინებთ, ოპოზიციაც კმაყოფილი დარჩება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს, „ვენეციის კომისიაც“, რომელიც კონსენსუსს ითხოვს და ხელისუფლებაც, რომელიც ბონუსებისა და ბლოკების თემას ითხოვს.
თუმცა მიუხედავად ხელისუფლების მოთხოვნისა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ამ ვეტოს აუცილებლად დაძლევს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ოპოზიციის დანარჩენი მოთხოვნების გათვალისწინებაც მოუწევთ. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ერთი მთლიანი პაკეტია ხუთი პუნქტით და საპარლამეტო უმრავლესობა ამ ხუთი პუნქტიდან თავისთვის მისაღებ ორ საკითხს ვერ ამოარჩევს. ან ხუთივეს ერთად უნდა დაუჭიროს მხარი, ან _ არც ერთს. ხუთივეს ერთად კი, ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, თან ბონუსების გარეშე, „ოცნებისთვის“ საფლავის გათხრას ნიშნავს. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, კიდევ ერთ კურიოზულ სიტუაციას მივიღებთ, როცა ხელისუფლება თავისსავე მოთხოვნილ ვეტოს დაძლევს და ჩააგდებს.
ხელისუფლების მიერ ერთ კვირაში ჩადენილი სისულელეები რომ დავაჯამოთ, სისულელეების რეკორდს მივიღებთ. სამი აბსურდი ერთ კვირაში. პირველი: კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში გამოაცხადეს, რომ ახალი საკონსტიტუციო ინიციატივები აქვთ მისაღები; მეორე: უმრავლესობა თავისსავე მიღებულ კანონზე პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს; და მესამე: თავისსავე მოთხოვნილ ვეტოს უმრავლესობა გარანტირებულად ჩააგდებს.
დიაგნოზი ნათელია, _ ეს ხელისუფლება ხელისუფლებისთვის შეუფერებელია!!!
თუმცა მთავარი დანაშაული უკვე ჩადენილია. ყველაზე ცუდი, რაც კი „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის შეეძლო გაეკეთებინა, მან უკვე გააკეთა. კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოს მთავარი სამოქმედო სამართლებრივი დოკუმენტია, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მოარგო და ერთპარტიულ რეჟიმში დაამტკიცა. 117 დეპუტატმა ხმა მისცა კონსტიტუციას, რომელსაც მხარს არ უჭერს არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. „ვენეციის კომისიამ“ მკაფიოდ დაწერა თავის დასკვნაში, რომ „პროპორციული საარჩევნო სისტემის ძალაში შესვლის 2024 წლისთვის გადავადება ძალიან სამწუხაროა და კონსენსუსის მისაღწევად მთავარ შეფერხებას წარმოადგენს“. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ყველა თავისი კონტროლირებადი მედიასაშუალებით ცდილობს, მოსახლეობა მოატყუოს და ყველა დაარწმუნოს, რომ „ვენეციის კომისია“ მწუხარებას კი არ გამოთქვამს, პირიქით, კმაყოფილებას ვერ მალავს იმით, რომ საქართველოს სამართლიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ 7 წლის განმავლობაში არ ექნება. ისიც საკითხავია, შვიდი წლის შემდეგ იქნება თუ არა?!
ვის შეუძლია თავი დადოს, რომ 2023 წელს კახა ოქრიაშვილს კიდევ არ მოუნდება მაჟორიტარობა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ოცნება“ კიდევ არ გაახანგრძლივებს დღეს არსებულ, შერეულ-მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას? ერთხელ „ქართულმა ოცნებამ“ ხომ უკვე მოგვატყუა?
გახსოვთ, ალბათ, ორი წლის წინათ, ჯერ კიდევ, წინა მოწვევის პარლამენტში, როგორ გვარწმუნებდა ხელისუფლება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბოლო მაჟორიტარული არჩევნები იქნება საქართველოშიო. მეტიც: საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებაც კი მოახდინეს პარლამენტში. სახალხო განხილვებიც კი ჩაატარეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოოდ კი, როგორც გითხარით, „ოცნებამ“ ყველა ერთად მოატყუა და საკონსტიტუციო პროექტი არათუ კენჭისყრაზე, განსახილველადაც არ გამოიტანა.
როგორც კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 48%-იანმა „ოცნებამ“, მაჟორიტარების მეშვეობით, 80% დეპუტატებისა მიითვისა და საკონსტიტუციო უმრავლესობა გაინაღდა, საერთოდ დაავიწყდა თავისი დაპირება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ახლა ზუსტად იმას გვიმტკიცებენ, რასაც ორი წლის წინათ _ აი, 2020-ში კიდევ ერთხელ ჩაგვატარებინეთ მაჟორიტარული არჩევნები, კიდევ ერთხელ მოგვაპარინეთ უმრავლესობა და შემდგომი არჩევნებიდან, პირობას ვდებთ, პროპორციულზე გადავალთო.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ შერეული მაჟორიტარული სისტემით სულაც არაა აუცილებელი, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უმრავლესობის მისაღებად 50%-იანი ზღვარი გადალახოს. საკმარისია 73 მაჟორიტარის მოგება, რაც ხელისუფლებას არასდროს უჭირს და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებშიც კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შენია. ანუ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ „ოცნებამ“ აღნიშნული სისტემის წყალობით 2020-შიც მოიპოვოს დაუმსახურებელი საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ლოგიკურად ისმის კითხვა, _ რატომ უნდა გაუჩნდეს უცებ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებასთან დამშვიდობების სურვილი 2024 წლიდან?.. პროპორციულზე გადასვლის შემთხვევაში 50%-ზე დაბალი მაჩვენებლით ხომ ვეღარ შეინარჩუნებენ ერთპარტიულ უმრავლესობას? ამიტომაც ძალიან მაღალი ალბათობით, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეცვლის კონსტიტუციას და ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთ ბერკეტს, მაჟორიტარებს, ისევ შეინარჩუნებს. ასე რომ, ნუ ვიქნებით მიამიტები და ნუ დავიჯერებთ იმას, რაშიც ერთხელ უკვე მოგვატყუეს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრეტენზია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუციის მიმართ გახლავთ ის, რომ იგი არ გახდა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის საგანი. ანუ მისი ერთპარტიულობა დიდი შავი ლაქაა. ეს, რა თქმა უნდა, „ოცნებაშიც“ ესმით და ძალიან არ მოსწონთ, რომ მთელი მსოფლიო ამ ბრალდებას უყენებს. „ვენეციის კომისიის“ სწორედ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობა შეიძლება დაუჯდეს ძვირი „ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ხელისუფლებაში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, მოიფიქრეს გამოიგონონ მრავალპარტიულობა და კონსენსუსი. უცებ გაახსენდათ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეწერენ ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი და გია გაჩეჩილაძე. ეს ადამიანები ადრე იყვნენ კონსერვატიული, სოციალ-დემოკრატიული და „მწვანეთა“ პარტიების ხელმძღვანელები. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ პოლიტიკური კარიერის გაგრძელება „ქართულ ოცნებაში“ პორტირებით გადაწყვიტეს, ამ პარტიების შესახებ კაციშვილს აღარაფერი გაუგია.
ძიძიგურმა თავისი კონსერვატიული პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ დათმო, როცა „ოცნებამ“ ბლოკის გარეშე მოისურვა არჩევნებში მონაწილეობა; ჟორჟოლიანმა და გაჩეჩილაძემ კი თავისი პარტიები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ, 2012 წელს ჩააბარეს ისტორიას. მათი პარტიებისთვის „ოცნების“ კოალიციაში ადგილი არ მოიძებნა და ისინიც სიაში, როგორც რიგითი წევრები, ისე ჩაეწერნენ.
და, აი, დადგა დრო, როცა სამი პოლიტიკური პარტია: კონსერვატორები, სოცდეკები და „მწვანეები“, ფენიქსივით უნდა აღდგნენ ფერფლიდან და „ქართულ ოცნებას“ ესოდენ სასურველი და საოცნებო კონსენსუსი მოუტანონ. დღეს „ქართული ოცნება“ უტიფრად ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და თვალებში ნაცრის შეყრას იმის მტკიცებით, რომ, თურმე, კონსტიტუცია მრავალპარტიული, პოლიტიკური კონსენსუსითაა მიღებული.
ბუნებრივია, ამ სისულელეს ისედაც არავინ დაიჯერებს, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ, შემთხვევით მაინც, ვინმე არ მოტყუვდეს, ვარსებობთ ჩვენ, რომლებიც ყველა ასეთ ტყუილს გავაშიშვლებთ და ჩვენს მკითხველს ლანგარზე მივართმევთ.
დემნა ვეშაპიძე