ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია _ „ქართული ოცნების“ მთავარ პრობლემად ძალოვან უწყებაში გამეფებული არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი და კორუფცია გადაიქცა.
არც ერთი ხელისუფლების დროს ქვეყნის სპეცსამსახური ამგვარ სკანდალში არ გახვეულა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა საკუთარი უფროსის, ვახტანგ გომელაურის ოჯახის წინააღმდეგ სკანდალების გასაჯაროებაც კი დაიწყო.
ჯერჯერობით, ის თანამდებობას ინაჩუნებს. როგორც ამბობენ, სწორედ კომპრომატების წყალობით, მაგრამ მისი ძალაუფლება სუსტდება და შორს არ არის ის დრო, როცა მას თანამდებობას ჩამოაშორებენ.
„ქრონიკა+“ ერთადერთი მედიასაშუალება იყო, რომელმაც გაბედა და სოსო გოგაშვილს დაუპირისპირდა. მთავარი სკანდალი, რომელიც „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა, გოგაშვილისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. კარგად ინფორმირებულმა წყარომ „ქრონიკა+“-ს აცნობა, რომ სუსის უფროსის მოადგილე წარსულში კუდის აგენტი იყო და ის მისმა „ნახალოვკელმა“ მეზობელმა, გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა. ეს ის დროა, როცა გოგაშვილს „ნახალოვკაში“ ხორცის მაღაზია აქვს და ფარშის დისტრიბუციითაა დაკავებული. პაპაშვილი მას „კრიშავდა“ და თან მისგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა.
თავად გოგიტა პაპაშვილი კუდის ფაქტობრივი უფროსის, ვაჟა ლელუაშვილის პატრონაჟის ქვეშ მუშაობდა. ლელუაშვილი იყო მეორე პირი, რომელმაც გოგაშვილის აგენტობის ამბავი იცოდა. „ანტრიკოტა“ კუდისთვის ფასეულ აგენტად მიიჩნეოდა. იმ დროისთვის ის მეუფე იობის სტიქაროსანი იყო და პარალელურად „ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში“ იყო შეგზავნილი. ჩვენი წყარო სხვა მიმდინარე `დანოსებზე” ინფორმაციას არ ფლობს.
პირველი „სერიოზული“ დავალება კი სოსო გოგაშვილმა 2011 წლის 26 მაისს შეასრულა. აქციის დარბევის შემდეგ მოძრაობის ლიდერებმა და რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა რუის-ურბნისის ეპარქიას, ყინწვისის მთავარანგელოზის სახელობის მონასტერს შეაფარა თავი. მათი ადგილსამყოფლისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია სწორედ გოგაშვილმა მოიპოვა და მიაწოდა კუდს. „ყინწვისის საქმეში“ „შეტანილი წვლილისთვის“ სოსო გოგაშვილს სამუდამოდ გაუფუჭდა ურთიერთობა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობთან (აქიაშვილი), რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ბიძაშვილია. მეუფემ `ანტრიკოტა” ანათემასაც კი გადასცა. სწორედ მეუფე იობის წინააღმდეგ იყო მიმართული სოსო გოგაშვილის ერთ-ერთი პირველი სადამსჯელო ნაბიჯი, როცა ის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. საპატრიარქოში მისი ინტერესების გამტარებელმა ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) გოგაშვილის ცოლის ნათესავს, მეუფე სვიმეონს (ცაკაშვილი), ახალი ეპარქია შეუქმნა, მეუფე იობის ეპარქიების ტერიტორიის გაყოფის ხარჯზე.
„ქრონიკა+“ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, ყინწვისში განვითარებული მოვლენების თვითმხილველი მოეძებნა, რომელიც სოსო გოგაშვილის როლის შესახებ მოგვიყვებოდა, მაგრამ ეს, თითქმის, შეუძლებელი აღმოჩნდა, _ ამ თემაზე არავინ ისურვა საჯაროდ საუბარი.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ინტერვიუზე დაეთანხმა, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიტპატიმარი დავით შუკაკიძეა. მას „ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში“ სოსო გოგაშვილი ახსოვს და „ქრონიკა+“-ს მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გვარებსა და სახელებს უმხელს:
_ დათო, შენ ხარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც „ყინწვისის საქმეზე“ იყო დაკავებული და გასამართლებული. დავიწყოთ იმით, თუ როგორ აღმოჩნდი „ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში“ მაქვს ინფორმაცია, რომ ამავე ორგანიზაციაში სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე, სოსო გოგაშვილიც იყო გაწევრიანებული.
_ შეკითხვა სწორად არის დასმული, როგორ მოვხვდი ხელისუფლების მიერ დადგმულ პრიმიტიულ ხაფანგში, _ მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება მქონდა ქართულ პოლიტიკაში ყოფნის, არანაირად არ უნდა მოვხვედრილიყავი... ახლა რაც შეეხება სოსო გოგაშვილს და მისნაირებს, ასე ვთქვათ... იქ ბევრი ადამიანი იყო ამ ბინძური გეგმის ავტორი, ან, მინიმუმ, თანაავტორი.
_ დავიწყოთ თავიდან: მოძრაობა რომ შეიქმნა, ვინ დაგიკავშირდა და როგორ აღმოჩნდი ამ მოძრაობაში, რა ფუნქცია გქონდა, თავის დროზე?
_ მე დამიკავშირდა ჩემი ყოფილი თანამებრძოლი კობა გიგიაშვილი და მთხოვა დავხმარებოდი სარწმუნოებრივი ორგანიზაციის შექმნაში. აქ იგულისხმებოდა სტრუქტურულ-ორგანიზაციული მხარე, რისიც საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა. ამ ორგანიზაციასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებდი სხვა სახით, უბრალოდ, დახმარების მიზნით მიმიწვიეს. პირველადი გასაუბრების შედეგად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, ვესაუბრე ვინმე (დღემდე ვინმეა ჩემთვის) ნიკოლოზ გოგუაძეს. იმ დროს ვერ აღვიქვი, რომ ისინი ძლიერი რეჟისორისგან მომზადებული ადამიანები იყვნენ. სცენარზეც, თავისთავად, მოგახსენებთ. რეჟისორში ვგულისხმობ კუდის მაღალჩინოსნებს, ან ჩინოსანს.
მაშინვე მითხრეს, რომ იქ ფიგურირებდა მეუფე იობის სახელი, როგორც თანადამფუძნებლისა და, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი იმის უფლებასაც აძლევდა თავს, რომ ახმოვანებდა, თითქოს, ეს იდეა მეუფე იობისგან მოდიოდა. მეუფე იობს, ამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს, იმ რეჟიმის მოწინააღმდეგედ მივიჩნევდი, როგორც საღ ქართველ ადამიანს, თანაც ჩემთვის მეუფე იობი წარმოადგენდა და წარმოადგენს ავტორიტეტს... მის სახელს აქტიურად იყენებდნენ. ამ სახელთან კავშირში იყო სოსო გოგაშვილიც...
_ როგორ გამოჩნდა სოსო გოგაშვილი „ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობაში“, ვინ მოიყვანა?
_ სოსო გოგაშვილი პერიოდულად მოდიოდა, ე. წ. ხელმძღვანელებთან განმარტოვდებოდნენ ხოლმე...
_ ვისთან, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?..
_ ჯემალ გუნდიაშვილთან, ნიკოლოზ გოგუაძესთან, რამაზ ღვალაძესთან ერთად. რამდენიმე წუთს განმარტოებით დაჰყოფდნენ განცალკევებულად, გარკვეულ სივრცეში, კონკრეტულად ოთახში, რაღაც ინფორმაცია მოჰქონდათ. ერთი პერიოდი დავეჭვდი კიდეც, რაღაც დირექტივებს იძლეოდა, შემდეგ ვიკითხე, _ ვინ არის ეს ადამიანი-მეთქი? და გამაცნეს, _ სოსო გოგაშვილიო...
_ როგორ გაგაცნეს?
_ „სოსო გოგაშვილი, ჩვენი აქტივისტი ყვარლიდან... სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ბიჭია, მაგრამ „მოზგი“ აქვს“. საუბრებს ყურმოკვრით რომ ვისმენდი, ჰოლშიც ლაპარაკობდნენ და ცალკე კაბინეტებშიც, სანამ ოთახში შევიდოდით, ყვარელთან და ყვარლელ აქტივისტებზე, იქაურ ადგილობრივ ორგანიზაციაზე არაფერს ყვებოდა. ამ ადამიანმა ჩემში დოქსოპულოს პერსონაჟის შთაბეჭდილება დატოვა კინოფილმ „მონანიებიდან“, _ თავისი აზროვნებით, ჰაბიტუსით, გამომეტყველებით და ინტელექტითაც კი... ჩვენდა სამწუხაროდ, ისევ დოქსოპულოების მეშვეობით უნდათ, ეს ქვეყანა მართონ!.. ქალაქს თავს დაასვეს ერცახე ცერეცო.
_ დათო, როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? ნამდვილად ჰქონდა მეუფე იობთან რაიმე კავშირი სოსო გოგაშვილს, როგორ ფიქრობ?
_ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ჰქონდა. ამ გაცნობის შემდეგ გოგუაძემ, ღვალაძემ და გუნდიაშვილმა მეუფე იობთან გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი მაჩვენეს. მეუფე იობთან რაღაც ჩემი სულიერი პრობლემების გამო მინდოდა შეხვედრა. მიმაჩნდა, რომ სერიოზულად დამეხმარებოდა... როცა ეს ფოტოები მაჩვენეს, მათ ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, მეუფე იობს შევხვედროდი, ერთი-ერთზე, განმარტოებით, რამდენიმე წუთით და მისთვის ჩემი სულიერი პრობლემების შესახებ მეთქვა. იმ დღეს მათ არ მიპასუხეს. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვიღაცასთან კონსულტაცია გაიარეს. არც კი გამხსენებია, რა თემაზე მქონდა საუბარი. მოგვიანებით, მითხრეს, რომ მეუფე იობს უახლოეს ხანში შემახვედრებდნენ. ეს უახლოესი ხანი აღარ დადგა. მერე შევახსენე, _ რას აკეთებთ, თუ ასეთი ახლო ურთიერთობა გაქვთ, ჩვენი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანამებრძოლია თქვენი მეუფე იობი, რატომ ვერ ხერხდება შეხვედრა-მეთქი? ჩემი ტრანსპორტით წავალ დამოუკიდებლად, თუ თქვენ არ გცალიათ-მეთქი. ჯემალ გუნდიშვილმა იქ ახსენა, რომ გოგაშვილს უნდა მოეგვარებინა ეს საქმე. ამის შემდგომ თემა ასე დაიხურა.
_ ამ გადასახედიდან ფიქრობთ თუ არა, რომ სპეციალურად არ შეგახვედრეს მეუფე იობთან იმიტომ, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, მის სახელს იყენებდნენ და, რეალურად, მეუფე იობს ამ ორგანიზაციასთან შეხება არ ჰქონდა?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს აშკარაა, მეუფე იობის სახელით სპეკულირებდნენ.
_ იყო თუ არა ეს გეგმის ნაწილი, რომ მეუფე იობი, რომელიც იმ ხელისუფლებისადმი ძალიან კრიტიკულად განწყობილი მეუფე გახლდათ, ასევე მოხვედრილიყო ციხეში, თუკი ამ „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ თანამზრახველი აღმოჩნდებოდა?
_ არ მინდა, საზოგადოება დავაბნიო, ეს იყო ჩვენთვის იმიტირებული ქრონიკის თავსმოხვევა, სცენარი აბსოლუტურად ვერაგულად დაიწერა: მთავარი მიზანი ამ დოქსოპულოებისა იყო (მთავარი დოქსოპულო აქ, დღევანდელი გადმოსახედიდან, სოსო გოგაშვილია), რაც შეიძლებოდა მაქსიმალური რაოდენობით, მეტ-ნაკლებად, ცნობადი სახეებისთვის მოეყარათ თავი ყინწვისში. ალბათ, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს, დილის 8 საათზე ტელესივრცეში ინფორმაცია გავიდა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებასა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებს შორის ორმხრივი სროლები მიმდინარეობს. ეს პანიკა გამიზნულად დაგეგმეს. ვიმეორებ: სოსო გოგაშვილის დავალება იყო, დარბევის შემდეგ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მათ შორის, ცნობადი სახე უნდა შეკრებილიყო ყინწვისში, შთაბეჭდილება უნდა შექმნილიყო, რომ შეთქმულთა ბანაკი იქ იყო და მას სწორედ მეუფე იობი ხელმძღვანელობდა. გვიან გავიგე, გოგაშვილი კუდს იმ სცენარის შექმნაში ეხმარებოდა, რომ კომპრომატები მოეგროვებინათ, რათა მეუფე იობის დაჭერა შესაძლებელი გამხდარიყო.
_ როგორ აღმოჩნდით ყინწვისში 26 მაისის წინა დღეებში? ვისი ინიციატივა იყო ის, რომ თქვენ აქციიდან წასულიყავით ყინწვისში მეუფე იობთან?
_ პროკურატურამ 21-ში დამაკავა. უნდოდათ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წაეყენებინათ ბრალი, მაგრამ ვერ წამიყენეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, _ 25 მოწმე მყავდა, სხვა ადგილას დამაკავეს, არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია. სწორედ ამიტომაც გამომიშვეს. „ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობას“ აღარ ვუკავშირდებოდი. 24-ში ჯემალ გუნდიაშვილი მირეკავს და მეუბნება, _ რუისში მეუფე გველოდებაო... ვეკითხები, _ ვის და ვის-მეთქი? მიპასუხა, _ შენ და ოჯახის წევრებიც წამოიყვანე, ხომ გინდოდა მასთან შეხვედრაო? ასე ჩამიყვანეს რუისში. მეუფე იქ არ დაგვხვდა. ამის შემდგომ ჩემთან მოდიან გოგუაძე და გუნდიაშვილი და მეუბნებიან, რომ მეუფე ყინწვისში გველოდებაო... სულ სხვა მანქანით წავედი. ყინწვისში ჩემთვის უცნობი პირები დამხვდნენ, გოგაშვილი არ იყო, არ მახსოვს, რომ რუისში ყოფილიყო, ყინწვისშიც არ ყოფილა... ამან კიდევ გამიმყარა ის აზრი, რომ გოგაშვილი იყო ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ამ ორგანიზაციას კუდის დირექტივების მეშვეობით მართავდა...
_ ანუ კუდის ამოცანა იყო, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ყოფილიყო თავმოყრილი ყინწვისში იმ დროისთვის, როცა სპეცოპერაცია დაიწყებოდა...
_ რაც შეიძლება მეტი ადამიანი... და მთავარი: ამ 25 ადამიანში ერთადერთი ვიყავი მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში. იმ ხელისუფლებას, როგორც ამ ხელისუფლებას, დიდად გულზე არ ვეხატებოდი, რბილად რომ ვთქვათ და მთავარი მიზანი იყო, მეუფე იობი ყინწვისში ჩვენთან მოეტყუებინათ. ახლა ცოტა ვარბილებ სიტუაციას და მაგალითისთვის მომყავს „ხარება და გოგიას“ სცენარი, _ ზუსტად მასე დამთავრდებოდა ყინწვისის ოპერაცია, ჩვენ ადგილზე ჩაგვხოცავდნენ. „ჩვენში“ ვგულისხმობ მეუფე იობს, დავით შუკაკიძეს და რამდენიმე პიროვნებას, დანარჩენს დააკავებდნენ; რაც მოხდა მუხროვანშიც. ეს სცენარები იყო „ორი გვამის“ პრინციპი... იქ არ იქნებოდა „ორი გვამის პრინციპი“, იქ იქნებოდა რამდენიმე გვამი.
_ დათო, სოსო გოგაშვილი იქ იმიტომ არ იყო, რომ მან თავისი ამოცანა შეასრულა, დირექტივები, რასაც კუდიდან იღებდა, რეალურად განახორციელა და უკვე დაკავების სპეცოპერაციისას გაქრა? თუ დააკავებდნენ, მაშინ თქვენთან ერთად უნდა დაეკავებინათ, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი...
_ რა თქმა უნდა... მე უფრო მეტი ინფორმაციაც მაქვს... სასჯელი მოვიხადე და არც ისე სასათბურე პირობებში, ძალიან რბილად რომ ვთქვა. მიშას რეჟიმის დროს სოციალურ შემწეობას ვინ იღებდა?
_ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები...
_ დიახ, დიახ... მე როგორც გამაცნეს, ეს კაცი მეხორცედ მუშაობდა ყვარლის ბაზარში და რაღაც სავალუტო ჯიხური ჰქონდა, თუ ხელზე ფულს ახურდავებდა. სოციალური დახმარება, მე მგონი, არ უნდა დასჭირვებოდა, ხომ?..
_ სხვათა შორის, სულ ახლახან, აღმოვაჩინე, რომ გოგაშვილის მეუღლეს, თეა მარტყოფლიშვილს, ბოლო მომენტამდე, სანამ ის საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ჩაეწერებოდა, პირადობის მოწმობა მისამართის გარეშე ჰქონდა. როგორც წესი, ასეთ პირადობის მოწმობებს ისეთ ადამიანებს აძლევდნენ, რომლებიც მათთვის სანდონი და „ნაცმოძრაობის“ ხმების გარანტირებული ყულაბები იყვნენ.
_ დიახ, დიახ, გეთანხმებით, ქალბატონო ელისო, ეს ჩვენთვის ცნობილია და დღეს უნდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გუშინდელი დღე არ დაგვავიწყდეს. ის რეჟიმი რომ გვინდოდეს, კიდეც დავივიწყოთ, ვერ დავივიწყებთ. ეს ხელისუფლება უარესი მეთოდებით აგრძელებს, ამას არ დავარქმევ სახელმწიფო მართვას...
_ თუ ეს წინასწარ გაწერილი სცენარი იყო, მაშინ რატომ დაიჭირეს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები? ნიკა გოგუაძე, გუნდიშვილი, ღვალაძეც, მე მგონი, იჯდა...
_ ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, დიდი ფული იყო გადახდილი. მინიმუმ, 300 ადამიანი უნდა ყოფილიყო იმ დროისთვის ყინწვისში. მათ ეს დავალება ვერ შეასრულეს და ამის გამო დაისაჯნენ... მაგრამ არ დაისაჯა სოსო გოგაშვილი და ძმანი მისნი... ასე რომ ვთქვათ, მეტ-ნაკლებად, პროფესიონალები, აგენტები და მათი დავალებების ერთგული შემსრულებლები, ამიტომ არ იყო იქ და ამიტომაც არ დაიჭირეს... მავრმა მისი საქმე გააკეთა.
_ ოპერაციიდან მას შემდეგ გამოთიშეს, რაც მან თავისი ამოცანები შეასრულა...
_ ზუსტად. თუ სოსო გოგაშვილი მეუფე იობის მოკავშირე, კურიერი იყო და კუდის დავალებებს არ ასრულებდა, მაშინ, პირველ რიგში, სწორედ ის უნდა დაეჭირათ ჩვენთან ერთად. მეტსაც გეტყვით: ოლეგ კეშელავა საერთოდ არ ყოფილა ყინწვისში და ჩვენი დაკავებიდან რამდენიმე დღეში დაიჭირეს... მაგრამ არ დაიჭირეს ზუსტად ეს აქტივისტები, გოგაშვილი და ძმანი მისნი, მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილი და სხვები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დაასახელეს ქალაქის სამმართველოში მათ მიერ მიცემულ ჩვენებაში
_ ჩვენებაში?
_ დიახ, ჩვენებაში!.. გოგაშვილი და სხვა რამდენიმე პიროვნება. იმ პიროვნებებს არ შევეხები, მაგრამ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი გაჩნდება, ყველას ჩამოვხსნი ნიღაბს, იმიტომ, რომ ქალაქის მმართველები იცვლებიან, მაგრამ დოქსოპულოები სულ საჭიროა მათთვის, ხელიდან ხელში გადადიან, მემკვიდრეობით ერგოთ მათ გოგაშვილი... მაგრამ ჩემთვის რა არის, იცით, გაუგებარი? როგორ შეიძლება, კუდ-ის აგენტი გახდეს სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირი?! ეს არასოდეს ყოფილა, არც მსმენია, არც წამიკითხავს, ასეთი რამე არ ხდება პრაქტიკაში!..
_ თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა... სოსო გოგაშვილი არის სუსის უფროსის მოადგილე...
_ დიახ, მოხდა...
_ რა ნიშნით შეარჩიეს და არის თუ არა ის ჩანერგილი ამ უწყებაში, იგივე ყოფილი მისი პატრონების მხრიდან?
_ ყოფილი პატრონი არ არსებობს, პატრონი ერთი ჰყავს, მთავარი პატრონი, ასე ვთქვათ, ესენი დროებითი პატრონები არიან... ესენი შედეგს ნახავენ გოგაშვილების ხელით. ამათი ე. წ. დამვერბოვკებლები არიან ნომერ პირველი პატრონები, ქალბატონო ელისო... შემდეგ არიან ეს მემკვიდრეობითი პატრონები, მაგრამ ნომერ პირველ პატრონს ყოველთვის განუხრელად უსრულებს დავალებებს კონტაქტზე მყოფი პირი... და დღეს გენერლის სამხრეებით არის ეს კაცი აღჭურვილი. მარტო სტატუსი კი არა, რანგიც დიდი აქვს, რამდენადაც ვიცი... ამ საფრთხეს „ოცნებაში“ უნდა ხედავდნენ, მაგრამ, ალბათ, ბევრ რაღაცას ვერ ხედავენ, არ აქვთ ქვეყნის მართვის პრაქტიკული გამოცდილება, როგორც ჩანს...
_ რამდენი ხანი გაატარეთ ციხეში?
_ წელიწადი და რვა თვე...
_ სად იხდიდით სასჯელს?
_ სასჯელს ვიხდიდი გლდანის დაწესებულებაში, შემდგომ ე. წ. მატროსოვის დაწესებულებაში ჩაკეტილი რეჟიმის სისტემაში, მაგრამ ერთი რამ იყო ჩემთვის გაუგებარი: „ქართულ ოცნებას“, ალბათ, ძალიან სჭირდებოდა მაშინაც და ამბოდა, რომ ე. წ. პოლიტპატიმრები ვიყავით. დღეს პოლიტპატიმრები ვართ სიკვდილამდე, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ეს სტატუსი მოგვანიჭა, მაგრამ ნასამართლობა დღემდე არც ერთ ჩვენგანს არ მოგვხსნია. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გავეთავისუფლებინეთ, მაგრამ მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გაგვათავისუფლეს... რაც შემეხება მე, ბოლომდე დაკეტილ სისტემაში დამტოვეს. როდესაც ამის ოფიციალურად ახსნა მოვითხოვე, _ შენ იქ რომ გადაგიყვანოთ, პოლიტიკურ ორგანიზაციას შექმნიო. ჩემნაირი ადამიანები ამათთვის ყოველთვის მიუღებელია, ამათთვის მისაღებია დოქსოპულოები, სოსო გოგაშვილები და ძმანი მათნი. სწორედ მაგათი ხელით გამოეჭრებათ ყელი და ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ, რომ ესენი სახელმწიფო ინტერესებიდან არასოდეს გამოდიან, ესენი გამოდიან პატრონის ერთგულების ინტერესებიდან და ნებისმიერ ბინძურ საქმეზე ხელისმომწერნი არიან, თუ არადა, ჩანს დღეს, რაც ხდება!..
_ იმ სარჩელზეც მოგვიყევით, ახლა რომ შეიტანეთ...
_ ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს სასარჩელე განცხადებით მივმართე იმჟამინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის იმჟამინდელ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და რა ვიცი, აბსოლუტურად ყველას, მაგრამ არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ამის შემდეგ პროკურატურამ ვითომ დაიწყო გამოძიება ჩვენს საქმესთან დაკავშირებით და თაროზე შემოდო. ყოველი შემდგომი არჩევნების მოახლოების დროს ჩვენს საქმეს დროებით ჩამოიღებდნენ თაროდან, დაგვიძახებდნენ, რაღაც ფორმით ხმები სჭირდებოდათ. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, ნასამართლობა მოეხსნათ, რომ ეს ხელბორკილები მოგვშორებოდა. როგორც იქნა, გასულ წელს პარლამენტმა ასეთი სახის დადგენილება მიიღო, რომ უფლება მოგვეცა, სამართლიანი სასამართლოთი ვისარგებლოთ... (იღიმის) ჯერ ეს რამხელა აბსურდია, _ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს... რამდენად სამართლიანია ეს სასამართლო, მომავალ კვირაში გამოჩნდება, 24 ივლისს სასამართლო პროცესია კონკრეტულად ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რაც ყინწვისს უკავშირდება და ვნახოთ, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რა იქნება... იმიტომ, რომ ის ჩვენებებიც თავსმოხვეული იყო, მე საპროცესო გარიგებაზეც არ ვიყავი თანახმა და შიგნით პატიმრები დამიპირისპირეს იმ მიზეზით, რომ რადგან შუკაკიძე საპროცესო გარიგებას არ თანხმდება, ამის გამო ხართ თქვენ გლდანში დახურული ტიპის დაწესებულებაში, თუ არადა, ოაზისში თუ სამოთხეში გადაგიყვანდით ზონაშიო. ასეთი სიტუაციები იყო...
_ იმის შემდეგ, რაც განთავისუფლდით, თუ გქონიათ ურთიერთობა თქვენს ყოფილ თანამებრძოლებთან და მეგობრებთან?
_ იმის შემდეგ, რაც გავთავისუფლდი, არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ მქონია. პიროვნულად თუ შევხვდებოდით სადმე, მაგრამ ამ ბოლო არჩევნებმა იმ ადამიანების ლუსტრირება მოახდინა: ნიკოლოზ გოგუაძე თემურ ხაჩიშვილის აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნების დროს, ასევე რამაზ ღვალაძე და ძმანი მისნი... ეს ხალხი არანაირ პოლიტიკურ იდეოლოგიას არ მიჰყვებიან და არანაირი პოლიტიკური მოტივაცია მათ არ გააჩნიათ... ნიკოლოზ გოგუაძეს ტელევიზიაში შევხვდი ხაჩიშვილთან ერთად. ჩემი საეთერო დრო მოდიოდა ხაჩიშვილის გამოსვლის შემდეგ და ვუთხარი, _ შენ აქ რა გინდა-მეთქი?.. _ სხვაგან არც არასოდეს ვყოფილვარ, ყოველთვის ხაჩიშვილის თანამებრძოლი ვიყავიო. რამდენადაც მე მახსოვდა და საზოგადოებასაც, თემურ ხაჩიშვილი „კაგებეს“ მაღალჩინოსანი იყო. მე „კაგებეს“ დავარქმევდი შევარდნაძის დროინდელ სპეცსამსახურს.
_ მისი თანამებრძოლობა ავტომატურად რასაც ნიშნავს, ვხვდებით...
_ რა თქმა უნდა... რამაზ ღვალაძეს ჩვენი საერთო ნაცნობის პირით შევუთვალე, _ რატომ მოხვდი ამ გაუგებრობაში-მეთქი? კიდევ ვიტოვებდი იმედს, რომ ეს ადამიანი არ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან. დღესაც ვერ ვიტყვი ღიად, მაგრამ აშკარაა, რომ სოსო გოგაშვილი და რამდენიმე პიროვნება, თუ დაგვდებს პატივს, ან დააპირებს თავის მართლებას, თემას აუცილებლად გავაგრძელებ. კონკრეტული სამხილები მაქვს, რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა სოსო გოგაშვილი. ეს საქმე სიღრმისეულად შევისწავლე, სადაც ჩემი თვალსაწიერი და ჩემი ხელი მისწვდა, იმიტომ, რომ მართლა მაინტერესებდა, ვინ მოგვიტანა ეს უბედურება! სიცოცხლე შევინარჩუნეთ, მაგრამ დღეს ჩემი ფიზიკური ჯანმრთელობაც შერყეულია, მატერიალური მდგომარეობაც და რა ვიცი... ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც, იქ შემთხვევით მოხვედრილი ხალხისთვისაც.
სცენარის ავტორებმა და შემსრულებლებმა აუცლებლად უნდა აგონ პასუხი!
ელისო კილაძე