QronikaPlus
ხათუნა ლაგაზიძე: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაიკლ პენსი ჩვენს ლობისტად ვაქციოთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში“

ხათუნა ლაგაზიძე: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაიკლ პენსი ჩვენს ლობისტად ვაქციოთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში“

2017-07-29 08:03:16

  რამდენიმე დღეში საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ რიჩარდ პენსი ჩამოდის. მცოცავი ოკუპაციის, საკონსტიტუციო კრიზისის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე, ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ რომ პენსის მოსალოდნელი ვიზიტია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს რეგიონში ჩვენი სახელმწიფოს როლი და ის კიდევ უფრო დაახლოვოს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის სწორი პოლიტიკური გზავნილები და ნება სჭირდება. მაიკლ პენსის ვიზიტზე, მოლოდინებსა და აუცილებელ აქცენტებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ექსპერტს ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ხათუნა ლაგაზიძეს: _ საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ რიჩარდ პენსი ჩამოდის. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და ახალი ადმინისტრაციის მეორე პირის ჩამოსვლას რა პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის? _ უდიდესი, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: 1. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამოყალიბების რეჟიმშია და საქართველოში ვიზიტი მაიკლ პენსს აქაური პრობლემების, პოლიტიკური სპექტრის დათვალიერებისა და დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში დაეხმარება; 2. ვიზიტი ადასტურებს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას ამერიკისთვის რეგიონში მოძალებული პრობლემების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თურქეთის გაუცხოების პროცესი ნატოელი პარტნიორებისგან სულ უფრო მზარდია და საქართველო რჩება დასავლეთისთვის ერთადერთ, ჯერ კიდევ, სტაბილურ, ერთგულ და დემოკრატიულ პარტნიორად; 3. შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ შიშები, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველო რუსეთ-ამერიკის გარიგების ობიექტად იქცევა. _ საკმაოდ საინტერესოა, რატომ ვიცე-პრეზიდენტი და არა, ვთქვათ, სახელმწიფო მდივანი, რომელიც ხისტი და პრინციპული დიპლომატია? _ შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. _ რატომ, რას გულისხმობთ? _ იმიტომ, რომ პენსი უკეთ იცნობს საქართველოს პრობლემებს, ვიდრე ლექს ტილერსონი და მეორეც: ჯერ კიდევ, ტრამპის პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე საქართველოს საკითხების ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ექსპერტი ლინკოლნ მიტჩელი წერდა, რომ თუ საქართველოს საკითხს მაიკ პენსი ჩაიბარებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს თავი ქუდში აქვსო, რადგან ის კარგად იცნობს რეგიონს და ესმის მისი მნიშვნელობა ამერიკისთვის და ამასთან, მაიკლ პენსი, ჯერ კიდევ, წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენდა ტრამპის გუნდის ანტირუსულ ფრთასო. _ ლინკოლნის განცხადება გასაგებია, მაგრამ მაინც, რატომ საქართველო, განა, ცოტა საქმე და საფიქრალი აქვს აშშ-ის ადმინისტრაციას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და თუნდაც, ცხელი რეგიონების პრობლემების გათვალისწინებით? _ იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული, გაგრძელებული ცენტრალური აზიით, თურქეთით, სომხეთით, აზერბაიჯანით, რუსეთით დამთავრებული _ ამ უზარმაზარ რეგიონში საქართველო რჩება ერთადერთ ნათელ წერტილად და სტრატეგიულ პარტნიორად დასავლეთისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის აშშ-მ რეგიონში უკვე დაკარგა აზერბაიჯანი, როგორც სანდო, მყარი პარტნიორი და თურქეთი, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. რჩება საქართველო, რომლის დაკარგვის საფრთხეც, ქვეყანაში მოძალებული და დღითი დღე მზარდი რუსული გავლენების ფონზე, ასევე რეალური ხდება. საქართველოს დაკარგვით ეს უზარმაზარი რეგიონი კარგა ხნით ჩაიკეტება დასავლური გავლენებისთვის. დასავლეთი უნდა ხვდებოდეს და საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიც უნდა პედალირებდეს იმაზე, რომ დღეს გაცილებით იოლია შეინარჩუნო საქართველო, როგორც დასავლური ღირებულებებისა და ცივილიზაციის პლაცდარმი რეგიონში, ვიდრე ის უბრძოლველად დაუთმო რუსეთს. ბრძოლაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სამხედრო დაპირისპირებას. საქართველოს შენარჩუნებით დასავლეთი ინარჩუნებს შანსს, შედარებით იოლად და მოკლევადიან პერსპექტივაში დაიბრუნოს თავისი დაკარგული გავლენები რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთს რჩება „ოცნებების“ გზა: ან იოცნებოს რუსეთის დაშლაზე, ან დიდი ქურთული სახელმწიფოს შექმნაზე შუაგულ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც თურქეთს დაშლის და დაასუსტებს, ან მორიგი სამხედრო გადატრიალების გზით ერდოღანის რეჟიმის შეცვლაზე. ასე რომ, არჩევანი ძალზე მარტივი და ნათელია: შეინარჩუნონ საქართველო, როგორც დასავლური ცივილიზაციის პლაცდარმი რეგიონში. _ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა. ვიზიტის შიდა პოლიტიკურ ასპექტებსაც შევეხოთ? ბოლოს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში 2009 წლის ივლისში ჩამოვიდა. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს _ აპრილიდან დედაქალაქი პარალიზებული იყო და ე. წ. კარვების ქალაქად იქცა; „მაესტრო“ „საკანი 5“-ის პოპულარიზაციით იყო დაკავებული; ქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილში საპროტესტო აქციები იმართებოდა; ხელისუფლება მთავრობის სხდომებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ატარებდა; ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა... და ა. შ. ამჟამად ქვეყანაში ასეთი აქტიური ოპოზიცია არ არის, თუმცა პრობლემები ბევრია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულია პენსი ამ პრობლემების შესახებ და შეძლებს კი დასუსტებული ოპოზიცია, სწორი მესიჯები მიაწოდოს ვიცე-პრეზიდენტს? _ იმედია, რომ ამერიკელები საქართველოს როლსა და მნიშვნელობას ხვდებიან: რამდენიმე დღის წინათ კონგრესში „საქართველოს მეგობართა ჯგუფმა“ პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ არ დაუთმობს საქართველოს რუსეთს და პენსის ვიზიტიც ამას ადასტურებს, მაგრამ სხვის იმედად ყოფნა არ გვარგებს. დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი მობილიზებული უნდა იყოს, რომ აშშ-ს საქართველოს საჭიროება დაანახოს. რას აკეთებს, ამ დროს, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი?! _ არაფერს! ძირითადად, ერთმანეთის ძიძგნით არიან დაკავებულნი და სასიცოცხლო ენერგიას ამას ახარჯავენ. დღეს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გარდა სამი მთავარი პრობლემა უდგას: 1. პოლიტიკური სპექტრის უპერსპექტივობა, ურესურსობა და დაქსაქსულობა; 2. კონსტიტუციის ჭრა-კერვა ქვეყანაში არადემოკრატიული ტენდენციების გამყარებისთვის; 3. ფაქტობრივი კაპიტულაცია ყოველი მხრიდან მოძალებული რუსული გავლენების წინააღმდეგ _ იქნება ეს რუსული საინფორმაიცო პროპაგანდა, მეხუთე კოლონისა თუ აგენტურული ქსელის აბსოლუტური თავაშვებულობა, საოკუპაციო ხაზის ყოველდღიური გადმოწევა და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვის მცდელობა. ეს ამერიკელებისთვისაც სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის, რადგან დღეს საქართველოში არ მოიძებნება პოპულარული, ძლიერი, ორგანიზებული ძალა, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის დაცვასაც შეძლებდა და ხელისუფლების ალტერნატივადაც განიხილებოდა. რამდენად შერჩა ოპოზიციის თუნდაც ცალკეულ წარმომადგენლებს პრობლემების კომპლექსური, გლობალური ხედვის უნარი, თუ ისინი ამჯერადაც ყოფით საკითხებზე დახურდავდებიან, რთული სათქმელია. _ სავარაუდოდ, შეხვედრების უმთავრესი თემებია _ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გზავნილები ვიცე-პრეზიდენტისადმი _ მცოცავი ოკუპაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები. ვინ უფრო დამაჯერებელი შეიძლება აღმოჩნდეს, _ ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთი განსაკუთრებულად „ცუდს“ არაფერს აკეთებს და არსებულ ვითარებაზე წინა ხელისუფლებას აწმენდს ხელს, თუ ოპოზიცია, რომელიც გააქტიურებას მოითხოვს? ასევე საინტერესოა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რამდენად არის შესაძლებელი, პენსმა ხელისუფლებას კომპრომისული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდოს და აიძულოს კიდეც ხელისუფლება, მისი რჩევები გაითვალისწინოს? _ ხელისუფლების იმედად ყოფნა არ გვარგებს. ვფიქრობ, ოპოზიციამ სამ ფუნდამენტურ საკითხზე უნდა გააკეთოს აქცენტი. 1. რუსეთის თემა: სთხოვოს ამერიკას, ყველა შესაძლო რესურსით, იქნება ეს ინტელექტუალური, ფინანსური, საინფორმაციო თუ ტექნოლოგიური, მხარი დაგვიჭიროს რუსეთის შეკავების სტრატეგიაში და აიძულოს ხელისუფლება, აქტიურად განახორციელოს რუსეთის შეკავების სტრატეგია; 2. საკონსტიტუციო ცვლილებები: ჯერ კარგად აუხსნან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიისთვის პროპორციულ არჩევნებს, ყოველგვარი ბონუსის გარეშე და პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს და შემდეგ სთხოვონ, დათმობებზე წამოიყვანოს ხელისუფლება; 3. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: 2018 წლის არჩევნებისთვის მთელი ოპოზიციური სპექტრი (ცხადია, რუსეთის მეხუთე კოლონას არ ვგულისხმობ), დასავლეთის დახმარებით, შეჯერდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების წინ შეიქმნება ძლიერი ოპოზიციური ღერძი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოპოზიცია დახურდავებული დარჩება და კაპიკი იქნება მისი ფასი. _ არის თუ არა მოსალოდნელი, რომ პენსის ვიზიტი, გარკვეულწილად, შეცვლის ხელისუფლების დამოკიდებულებას მთელი რიგი პროცესების მიმართ? ვგულისხმობ საშინაო პოლიტიკას. რამდენად არის მოსალოდნელი, საკონსტიტუციო უმრავლესობამ შეწყვიტოს ხელების გადაგრეხის _ ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ _ პოლიტიკა, დაიწყოს დემოკრატიული პროცესების ხარისხის ზრდა და რაც მთავრია, დასრულდეს ჩინოვნიკთა _ საჯარო თუ სახელმწიფო მოხელეების თავნებობა? _ პრობლემა არა იმდენად ხელისუფლების თავნებობა, არამედ ოპოზიციის სისუსტეა. ხელისუფლების ლოგიკას მივყვეთ: ვის უნდა დაუთმოს ხელისუფლებამ?! დახურდავებულ და დაქსაქსულ ოპოზიციურ ძალებს, როცა მათი დიდი ნაწილის ყიდვა მარტივად შეიძლება ფულით, ან ორი საპარლამენტო მანდატით?! დასავლეთისთვისაც ეს სურათი ცხადზე ცხადია, _ ისიც წუხს, რომ საქართველოში არ ეგულება პოპულარული, ძლიერი, პერსპექტივის მქონე ხელისუფლების ალტერნატივა. ამიტომ აშშ-მ არა მარტო ხელისუფლება უნდა აიძულოს, წავიდეს დათმობებზე, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიც _ მონახონ ძალა და გაერთიანდნენ, მინიმუმ მანამ, სანამ ახალი პოლიტიკური ენერგია არ შემოვა ახალი თაობის სახით და არ გადაიბარებს ესტაფეტას. _ საკმაოდ რთული ამოცანაა ჩვენი ამბიციური და ყოვლისმცოდნე პოლიტიკოსების პირობებში... _ მართალია. ისე, ამ ვაკუუმის გაჩენას თავად აშშ-ის დეზორიენტირებულობამაც შეუწყო ხელი: ბოლო ათი წლის განმავლობაში აშშ-მ და, ზოგადად, დასავლეთმა არაფერი გააკეთა საქართველოს ახალ თაობებში დასავლური ღირებულებებისა და ცნობიერების პოპულარიზაციისა და შექმნისთვის. მათ დიდი ძალისხმევა გაიღეს საქართველოში 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებთან და ცივილიზაციასთან ზიარებული თაობების ჩამოყალიბებისთვის და შედეგსაც მიაღწიეს. მაგრამ შემდეგ მოდუნდნენ, იფიქრეს, რომ დასავლეთზე ორიენტირებული საშუალო ასაკის თაობა თავად მოახერხებდა ახალი თაობების დემოკრატიული ღირებულებებით აღზრდას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს დემოკრატიული ელიტის უდიდესი ნაწილი საკუთარი თავით და ძალაუფლებით ტკბობაში ჩაიძირა და მთავარი ამოცანა _ მომავალი, დემოკრატიული თაობების აღზრდა, _ ყურსმიღმა გაუშვა. შედეგებს ახლა ვიმკით: აქტიური ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალისტური, უარეს შემთხვევაში, პრორუსული სულისკვეთებით საზრდოობს. ეს ფუნდამენტური პრობლემაა, რომელსაც თავად არც ოპოზიციური სპექტრი და არც სამოქალაქო საზოგადოება არ დააყენებს აშშ-ის პოლიტიკური წრეების წინაშე. არადა, ამ ვაკუუმის შევსების გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება და ამერიკელებს, ფაქტობრივად, თავიდან აქვთ დასაწყები ის პროგრამები, რომელთა წყალობითაც, მათ, თავის დროზე, პრადასავლური ელიტა შექმნეს საქართველოში. _ რთული რეალობა დაგვანახეთ. დავუბრუნდეთ ვიცე-პრეზიდენტის მოსალოდნელ ვიზიტს: მართალია, ეს ფაქტი ოფიციალურ ქრონიკებში არ შუქდება, თუმცა ცნობილია, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდრებს ძალიან ხშირად მასპინძლობდა ქვეყნის არაფორმალური მმართველი _ ბიძინა ივანიშვილი. რამდენად არის მოსალოდნელი ასეთი არაფორმალური შეხვედრა პენსთან და რამდენად ჯდება ეს თავად ივანიშვილის ინტერესებში, რომელიც, მედიაში გავცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, საკუთარი გაუჩინარებით სწორედ იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა? _ ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ლიდერებთან არაფორმალური შეხვედრებით, ფაქტობრივად, მათ წინაშე პასუხისმგებლობას იღებდა საქართველოს მოქმედი მთავრობების საქმიანობაზე. თუკი დღეს მას ნამდვილად აღარ აქვს სურვილი, პასუხისმგებლობა აიღოს დღევანდელი მთავრობის შეცდომებსა და სისუსტეებზე და მით უფრო, გაემიჯნოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და ამ არჩევნების შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსულ ფიგურებს, მაშინ მას, დიდი ალბათობით, მაიკ პენსთან შეხვედრის სურვილიც არ უნდა ჰქონდეს. თუმცა არც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სტილია არაფორმალურ მმართველებთან შეხვედრები. ზოგადად, „ქართული ოცნების“ აშკარა მხარდაჭერისგან ბიძინა ივანიშვილის გამიჯვნა პოლიტიკურ სპექტრს თავისუფალი ცურვის, ანუ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოჩენის საშუალებას მისცემს, რაც პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებას ნამდვილად წაადგება. ამას გარდა, კონკურენციას გაზრდის თავად „ქართული ოცნების“ შიგნით, სადაც სხვადასხვა ინტერესჯგუფის დაპირისპირება უკვე აშკარაა. _ პასუხის მეორე ნაწილი გასაგებია, თუმცა ისევ ჩემს კითხვას დავუბრუნდები: საინტერესოა, თავად ეს ლიდერები ხომ არ უწყობენ ხელს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველად აღიარებას, როდესაც მას ხვდებიან და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრებიან? _ როგორ გითხრათ, მსოფლიოს ლიდერები შეჩვეულები არიან, ესაუბრონ რეალური ძალაუფლების მქონე პირებს, რომლებიც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ფოსტალიონებს, ანუ ინფორმაციის მიმტანებს რეალური ძალაუფლების მატარებელ ადამიანთან. ორიოდე წლის წინათ ისრაელში გახლდით და შესაძლებლობა მქონდა, როტშილდების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელს შევხვედროდი და რაღაც შეთავაზებებზე საუბრისას სწორედ მან უწოდა საქართველოს მთავრობას ფოსტალიონი: რა აზრი აქვს ფოსტალიონთან საუბარს, საქმეზე რეალურ პირველ პირს უნდა შეხვდეო. ეს არის მათი ლოგიკა, თუმცა საქმის ასეთი ვითარება ვერ გეტყვით, რომ დიდად სიამოვნებთ. _ რამდენიმე დღის წინათ საოკუპაციო ზონაში აშშ-ის ელჩი გამოჩნდა. ეს ქმედება ცალკეულმა ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც მესიჯი კრემლს: ჩვენ აქ ვართ! ამ კონტექსტში რამდენად არის მოსალოდნელი, პენსმა თბილისში რუსეთის მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღეროს, მით უფრო, რომ ის საქართველოში ესტონეთიდან ჩამოდის, სადაც ასევე მოუწევს გარკვეული პოზიციების დაფიქსირება კრემლის მისამართით? _ მე არ ვიცი, რამდენად გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ამას, მაგრამ მათ ადგილას ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ სწორედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიმეყვანა საოკუპაციო ზოლთან! ეს ნამდვილად იქნებოდა ყველა განცხადებაზე დიდი სიმბოლო და ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, არც ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ამერიკელი დამგეგმავები იქნებოდნენ უარზე. რადგან დღეს სულ უფრო ხშირად ისმის ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა, ტრამპისთვის უაღრესად მნიშნელოვანია, რომ მისი ადმინისტრაციის არც ერთი ნაბიჯი არ იქნეს აღქმული, როგორც რუსეთისთვის დათმობა. ჰოდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და ჰიბრიდული ომის სულ უფრო მძიმე შემოტევები ტრამპის ოპოზიციისთვის ტრამპის ადმინისტრაციის სისუსტედ იქნეს აღქმული, რაც რეალურად ასეც არის: რუსეთი ჩქარობს და სარგებლობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩამოუყალიბებლობით. ასეთ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება საქართველოს მიმართ და რუსეთის შეკავების მექანიზმები გაათმაგდება. მაგრამ ამის გამკეთებელი საქართველოს ხელისუფლება და არ და ვერ არის: მას ამისთვის, სამწუხაროდ, არც ინტელექტუალური რესურსი ეყოფა, არც გამოცდილება და არც სურვილი, თუ არ ჩავთვლით აშშ-ში საქართველოს დღევანდელი ელჩის მართლაც გამორჩეულად თავდადებულ და მაღალკვალიფიციურ საქმიანობას, რაც თბილისიდანაც ანალოგიურ მხარდაჭერასა და შემართებას საჭიროებს. _ იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც ვიზიტი შემდგარა და არც განცხადებები გაკეთებულა, ამთავითვე როგორ შეიძლება შეფასდეს ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლა თბილისში, მით უფრო, როდესაც რესპუბლიკელები დაჟინებით მოითხოვენ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას, ხოლო თუ მოვლენები ასე განვითარდა, რაც ძალიან სათუოა, საქართველოში, ფაქტობრივად, აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ჩამოდის. _ ზემოთ უკვე ვისაუბრე ამის თაობაზე, ერთს დავამატებდი: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაიკლ პენსი ჩვენს ლობისტად ვაქციოთ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაში. მით უფრო, რომ საქართველოს მხარდამჭერებს შორის საკვანძო ფიგურის, ჯონ მაკკეინის ავადმყოფობით, რაც უაღრესად სამწუხაროა, კონგრესში ჩვენი ლობისტების პოზიციებიც სუსტდება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. _ მადლობა საინტერესო საუბრისთვის. _ დიდი მადლობა ასეთი ღრმადშინაარსიანი კითხვებისთვის. ბედნიერებაა, როცა ჟურნალისტი აზროვნებას გაიძულებს.   არმაზ მეტრეველი    

გაზიარება