დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #21.
1942 წლის დასაწყისში გერმანიის მმართველმა წრეებმა საბჭოთა კავშირის ოკუპირებული ტერიტორიების მომავალ მოწყობასა და ვერმახტის რიგებში ნაციონალური შენაერთების შექმნაზე ინტენსიური მსჯელობა დაიწყეს. თუმცა სანამ ამ თემას დეტალურად შევეხებით, მოკლედ უნდა მიმოვიხილოთ, თუ რატომ დადგა საერთოდ ნაცისტთა მთავრობის დღის წესრიგში ეს საკითხი?
მას შემდეგ, რაც 1941 წლის მიწურულს ბლიც-კრიგის გეგმა ჩაიშალა და ვერმახტმა ზამთრის დადგომამდე მოსკოვის აღება ვერ შეძლო, ჰიტლერის ხელისუფლებამ ბრძოლის ეპიცენტრის გადატანა სამხრეთის მიმართულებით გადაწყვიტა. თუ გერმანია წარმატებულ სამხედრო კამპანიას განახორციელებდა, საბჭოთა კავშირი დაკარგავდა ქვანახშირით მდიდარ დონბასის სამრეწველო რაიონს, ხორბლის ძირითად მწარმოებელ ყუბანსა და, აგრეთვე, კავკასიის ნავთობსაბადოებსა და მანგანუმს.
გარდა ამისა, გერმანია კასპიისა და შავი ზღვის ყველა მნიშვნელოვან ნავსადგურებს დაეპატრონებოდა, რითაც მთლიანად დაანგრევდა მოწინააღმდეგის სატრანსპორტო სისტემას და ძირშივე მოშლიდა საბჭოთა ჯარების მომარაგებას. სასიცოცხლო არტერიებისა და სტრატეგიული რესურსების გარეშე დარჩენილი ბოლშევიკური ხელისუფლება უცილობელი კატასტროფის წინაშე დადგებოდა.
1942 წლის 5 აპრილს ჰიტლერმა სპეციალურ დირექტივას მოაწერა ხელი, რომელიც „ოპერაცია ბლაუს“ სახელით არის ცნობილი. სამხრეთის ფრონტზე შეტევა ორი მიმართულებით დაიგეგმა. ფელდმარშალ ფონ ლისტის დაჯგუფებას უნდა აეღო ჩრდილოეთ კავკასია, გადაეჭრა კავკასიონის უღელტეხილები და წინსვლა ბაქოსკენ გაეგრძელებინა. ამავე არმიის ქვედანაყოფებს ევალებოდათ კავკასიის შავიზღვისპირეთის მონაკვეთზე მოწინააღმდეგის შევიწროება და აფხაზეთის გავლით ბათუმის ოკუპაცია.
ლისტის არმიის პარალელურად, ფელდმარშალ ფონ ბოკის დაჯგუფებას ევალებოდა დონის აუზში წითელი არმიის ნაწილების განადგურება, სტალინგრადის დაკავება და მდინარე ვოლგის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიის პარალიზება. სტალინგრადის შემდეგ ვერმახტს კასპიის ზღვის საკვანძო ნავსადგური _ ასტრახანიც უნდა აეღო, რითაც საბჭოთა კავშირი მთლიანად დაკარგავდა კონტროლს კავკასიასა და სამხრეთ რუსეთის რეგიონზე.
ოპერაცია „ბლაუს“ განხორციელებისთვის გერმანიის გენშტაბმა სამხრეთის მიმართულებით 900 ათასამდე ჯარისკაცი, 17 ათასი საარტილერიო დანადგარი, 1200 ტანკი და 1600 თვითმფრინავი გადაისროლა. თუმცა ასეთი მასშტაბური შეტევისთვის ეს რესურსი საკმარისი არ იყო. საქმე ის გახლავთ, რომ 1941 წელს აღმოსავლეთში წარმოებული კამპანიისას, გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მარტო დაჭრილებისა და დაღუპულების სახით ვერმახტმა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამას დაემატა უსაშველოდ გაწელილი ფრონტის ხაზი, რომლის სტაბილიზაციისთვის გერმანიას, ელემენტარულად, ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდა.
ჰიტლერის მთავრობა იძულებული გახდა, ყველა რეზერვი გამოეყენებინა და ნებისმიერ ფასად გაეზარდა საკუთარი არმია. 1942 წლის გაზაფხულზე ნაცისტებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში გერმანიის მოკავშირე ქვეყნების სამხედრო დაჯგუფებების ჩართვა მოახერხეს. სამხრეთის ფრონტზე გერმანული დამრტყმელი შენაერთი მე-3 და მე-4 რუმინული არმიით, აგრეთვე იტალიის მე-8 და უნგრეთის მე-2 არმიებით გაძლიერდა.
სწორედ ამ სამობილიზაციო კამპანიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა სხვადასხვა ნაციონალური ბატალიონის ჩამოყალიბებაც. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, გერმანიის არმიის შემადგენლობაში კავკასიური და, მათ შორის, ქართული ლეგიონის ხვედრითი წილი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელო იყო, მაგრამ ამ შენაერთებს საბრძოლო დანიშნულებაზე მეტად პროპაგანდისტული ხასიათი ენიჭებოდა. მესამე რაიხი მათი გამოყენებით კავკასიელთა გადაბირებას აპირებდა. თუ გერმანია კავკასიელებში ნდობის მოპოვებას მოახერხებდა და რუსული ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით კავკასიას რაიმე ფორმით დამოუკიდებლობას დაჰპირდებოდა, სტრატეგიული რეგიონის დაკავების პერსპექტივა უდავოდ გაიზრდებოდა.
თავისთავად ცხადია, რომ ნაციონალური ბატალიონების მებრძოლები საკმაოდ კარგად იცნობდნენ კავკასიის გარემოს, მის სპეციფიკას და ადგილობრივთა მენტალიტეტს. აქედან გამომდინარე, მათი დაზვერვითი და დივერსიული საქმიანობისთვის გამოყენება აშკარად მიმზიდველ ელფერს იძენდა.
1942 წლის აპრილში, ჰიტლერის მიერ სამხრეთის მიმართულებით ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანიის დამტკიცებიდან სულ ცოტა ხანში, გერმანიამ კავკასიის ემიგრანტულ წრეებთან პოლიტიკური კონსულტაცია წამოიწყო. კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში შემავალი მცირე ერების მიმართ გერმანიის პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. თავდაპირველად, ამ მიმართულებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობდა. კონსულტაციების ინიციატორი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დიპლომატი გრაფი შულენბურგი გახლდათ. კავკასიურ პოლიტიკაში შულენბურგი, ძირითადად, იმ ემიგრანტებს ეყრდნობოდა, რომლებთანაც, ჯერ კიდევ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოში ელჩად ყოფნისას თანამშრომლობდა.
შულენბურგმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, თურქეთსა და ბალკანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს მოწვევა გაუგზავნა, სადაც მათ ბერლინში დაგეგმილ სპეციალურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდა. აპრილის მიწურულს ბერლინის ფეშენებელურ სასტუმრო „ადლონში“ კავკასიის ემიგრანტული წრეების გავლენიანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ: აზერბაიჯანული პარტია „მუსავატის“ ლიდერი ემილ რასულ-ზადე, ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგობის ლეგენდის, იმამ შამილის შვილიშვილი _ სეიდ შამილი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე სპირიდონ კედია, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ წერეთელი, ანტიბოლშევიკი გენერალი ლეო კერესელიძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები: თავადი დავით ვაჩნაძე და თავადი შალვა ამირეჯიბი. ასევე საქართველოს სამეფო ტახტის პრეტენდენტი ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანელი.
კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდა ქართველი ემიგრანტი მეცნიერი, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი და გრაფ შულენბურგთან დაახლოებული ქართული არმიის პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე, რომელიც, ჯერ კიდევ, 1918 წელს შულენბურგთან ერთად საქართველოში მოხალისეთა ფორმირებების შექმნაში მონაწილეობდა.
როგორც მოგვიანებით თავადი დავით ვაჩნაძე იხსენებდა, შულენბურგმა მას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა შეახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთიერთობების აღდგენაში ვაჩნაძე აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა, მაგრამ საკუთარი პირობაც წამოაყენა, რომელიც გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობდა. ზოგადად, ქართული ემიგრაციის ნაწილი თანახმა იყო გერმანიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ვაჩნაძის მსგავსად, საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ ყველას ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ჰქონდა. რაც შეეხება ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას, ამ საკითხზე ემიგრანტთა პოზიცია შემდეგი იყო:
- ემიგრაციის წარმომადგენლებისა და გერმანიის ტყვეობაში მყოფი ქართველი საბჭოთა ჯარისკაცებისგან ნაციონალური ბატალიონების შექმნა უნდა განხორციელებულიყო ქართული ნაციონალური კომიტეტის მეთვალყურეობით;
- ქართული ლეგიონი სამხედრო-პოლიტიკურ მომზადებას უშუალოდ გერმანიის ტერიტორიაზე გაივლიდა და იგი მომავალში კავკასიის განმათავისუფლებელი არმიის საფუძველი გახდებოდა;
- ქართული ლეგიონი საბრძოლო მოქმედებებში მხოლოდ შესაბამისი მომზადების შემდეგ უნდა ჩართულიყო და მას მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთის ფრონტზე გამოიყენებდნენ.
შულენბურგმა ქართველებს აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, ასევე ქართული ლეგიონის აღნიშნული პირობების გათვალისწინებით შექმნისთვის. როგორც ჩანს, კავკასიური პროექტის მიმართ შულენბურგი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. სპირიდონ კედიას თქმით, მასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ, პირველ ეტაპზე, საქართველო სლოვაკეთის მსგავს დამოუკიდებლობის მოდელს მიიღებდა, რომელიც გერმანიის პროტექტორატის სტატუსს გულისხმობდა.
თუმცა კავკასიასთან დაკავშირებით ყველაფერი არც ისეთი იდეალური იყო, როგორც შულენბურგი ხატავდა. სასტუმრო „ადლონში“ კავკასიის კონფერენციის მოწვევის ფაქტმა აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრი, ალფრედ როზენბერგი გააღიზიანა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და როზენბერგის უწყებას შორის ღია დაპირისპირება დაიწყო. როზენბერგი მიიჩნევდა, რომ კავკასიის მომავალი მოწყობა ერთმნიშვნელოვნად მისი სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენდა და ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი ესაქმებოდა. გარდა ამისა, როზენბერგს არ სიამოვნებდა, რომ საგარეო უწყება მის სამინისტროში დასაქმებული კავკასიელი ემიგრანტების გადაბირებას ცდილობდა.
ორ უწყებას შორის დაპირისპირებაში როზენბერგმა გაიმარჯვა. მან ჰიტლერთან იჩივლა, ფიურერმა კი კატეგორიული ფორმით მოსთხოვა რიბენტროპს, რომ საგარეო უწყებას თავი შეეკავებინა აღმოსავლეთის ტერიტორიების საკითხებში ჩარევისგან. ფიურერის გადაწყვეტილებით, ყველა საკითხი, რომელიც საბჭოთა კავშირში შემავალი ერების მიმართ გერმანიის პოლიტიკის შემუშავებას ეხებოდა, როზენბერგის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენდა.
რიბენტროპი იძულებული გახდა, ფიურერის გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. სასტუმრო „ადლონში“, შემაჯამებელი კონფერენციის შემდეგ გამართულ საზეიმო ბანკეტზე, შულენბურგმა ჰიტლერის ეს გადაწყვეტილება კავკასიელ ემიგრანტებს გამოუცხადა და აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს ოფიციალური პირი წარადგინა, რომელიც კავკასიის მომავალი მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებდა.
მართალია, კონფერენციის მოწვევამ ქართველი ემიგრანტებისთვის პრაქტიკული შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ ამ ფაქტმა მაინც დიდი როლი ითამაშა. კონფერენციის წყალობით, გერმანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, ანგარიში გაეწია ემიგრაციისთვის და კავკასიის საკითხებში მათი ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ეროვნული კომიტეტი გერმანიაში, რომელიც, ფაქტობრივად, კოორდინაციას უწევდა საქართველოს მომავალ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
და მაინც, რატომ დათანხმდა ქართული ემიგრაცია ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობას? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამოსავალი წერტილი, ალბათ, ისევ საქართველოს დამოუკიდებლობა და ბოლშევიზმთან ბრძოლა იყო. თუმცა, მეორე მხრივ, ერთი ბოროტების დასამარცხებლად ემიგრანტები არანაკლები ბოროტების მატარებელ რეჟიმს მიეკედლენ.
მაგრამ თუ ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ, მათი გაგება, ალბათ, მაინც შეიძლება. გერმანია არასოდეს განიხილებოდა საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ. მეტიც, გერმანია ჩვენი ქვეყნის პარტნიორი იყო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სწორედ გერმანელთა პირდაპირი მხარდაჭერის შედეგად შეიქმნა. თავისთავად ცხადია, რომ მას კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა, მაგრამ ეს ინტერესები იმ მომენტში ბუნებრივ თანხვედრაში მოდიოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროს.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თითქმის ანალოგიური ვითარება შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც. გერმანია იმ რუსეთს ებრძოდა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვა და დემოკრატიული წესით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში გაისტუმრა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო თურქეთის ფაქტორიც, რომელიც კავკასიას, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევდა და საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის მხოლოდ ხელსაყრელ ვითარებას ელოდა. ქართული ემიგრაციის ხელმძღვანელობას კარგად ესმოდა, რომ ბოლშევიზმისგან საქართველოს განთავისუფლების შემთხვევაში, ისევე როგორც 1918 წელს, თურქეთის შეკავება მხოლოდ გერმანიას შეეძლო. მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის მქონე მესამე რაიხი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ კავკასიის რეგიონში,თურქეთის გაბატონებას, უბრალოდ, არ დაუშვებდა.
რა თქმა უნდა, კაიზერის გერმანია ძირეულად განსხვავდებოდა ჰიტლერის ფორმაციის გერმანიისგან. თუ კაიზერის დროს გერმანიას მხოლოდ მკვეთრად გამოხატული იმპერიული ამბიციები ჰქონდა, ჰიტლერის პერიოდში ამ ამბიციებს ნაცისტური იდეოლოგია დაემატა, რომელიც მთელ კაცობრიობას უქმნიდა საფრთხეს. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი გარემოებაც: მართალია, ნაცისტები საკუთარ აგრესიულ იდეოლოგიას არ მალავდნენ, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით, უცნობი იყო მათი ჭეშმარიტი სახე. ანუ იმ პერიოდში ჰიტლერის რეჟიმთან ურთიერთობა კი იწვევდა უხერხულობას, მაგრამ ცალსახად მიუღებელი მაინც არ ჩანდა.
ასეთი გახლდათ ის ზოგადი მიზეზები და წინაპირობა, რომლის გამოც ქართულმა ემიგრაციამ ნაცისტებთან თანამშრომლობისა და ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
ახლა რაც შეეხება ვერმახტის რიგებში უშუალოდ ქართული შენაერთების ფორმირებას: ნაციონალური ბატალიონების შექმნისკენ მიმართული პირველი რეალური ნაბიჯი 1942 წლის თებერვალში გადაიდგა. იმ პერიოდში ქართულ ემიგრაციასთან პოლიტიკური კონსულტაციები ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გადაწყვეტილება ნაცისტურ ხელისუფლებას უკვე მიღებული ჰქონდა. დროის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება ოპერაცია „ბლაუს“ შემუშავების პროცესს ემთხვევა, სადაც კავკასიურ შენაერთებს უკვე განსაზღვრული ჰქონდათ კონკრეტული ამოცანა.
1942 წლის 8 თებერვალს გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“ შესაბამისი ბრძანება გამოიცა, რომლის საფუძველზეც ლეგიონის შესაფერისი კადრებით დაკომპლექტება დაიწყო.
საგულისხმოა, რომ სხვა კავკასიური შენაერთებისგან განსხვავებით, ქართული ლეგიონის შექმნაში წამყვან როლს არა გერმანელი სამხედროები, არამედ პროგერმანულად განწყობილი ქართველი ემიგრანტი ოფიცრები ასრულებდნენ. ამ მხრივ უდაოდ გამოსარჩევია ტფილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, შალვა მაღლაკელიძე. მაღლაკელიძემ საქართველო 1923 წელს დატოვა. 1934 წლიდან, როდესაც გერმანიის ხელისუფლებაში უკვე ნაცისტები იყვნენ, ვერმახტთან მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა. მალე მაღლაკელიძე სამხედრო დაზვერვის _ „აბვერის“ ოფიცერი გახდა.
საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, მაღლაკელიძემ სპეციალური დავალება მიიღო: ვერმახტის გენშტაბის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის, გრაფ ფონ შტაუფენბერგის რეკომენდაციით, იგი პოლონეთში მიავლინეს, სადაც ქართული ლეგიონის ფორმირება იწყებოდა.
ნომინალურად, მაღლაკელიძე ლეგიონის ქართველი მეთაური უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას მართვის სრული დამოუკიდებლობა ენიჭებოდა. ნაციონალური შენაერთები ვერმახტის დაქვემდებარებაში ირიცხებოდნენ და ამდენად მისი ხელმძღვანელი გერმანელი ოფიცერი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მაღლაკელიძის ფუნქცია გერმანელი მეთაურისთვის დახმარების გაწევასა და ლეგიონის პირად შემადგენლობასთან კომუნიკაციის დამყარებაში გამოიხატებოდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქართველი მებრძოლებისთვის მეთაური მაღლაკელიძე იყო, თუმცა მათ იცოდნენ, რომ მაღლაკელიძის ზევით გერმანელი ოფიცერი იდგა.
ნაციონალური შენაერთების შექმნას ვარშავის სიახლოვეს მდებარე სპეციალური ორგანო ხელმძღვანელობდა, რომელსაც აღმოსავლეთის ლეგიონების ფორმირების შტაბი ეწოდებოდა (Aufstellungsstab der Ostlegionen).
ლეგიონის დაკომპლექტება ქართული ეროვნების საბჭოთა ტყვეებისა და ემიგრანტთა აქტიური ნაწილის ხარჯზე განხორციელდა. ეს საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი პროცესი იყო. თუ ემიგრანტები ლეგიონის ამოცანებში კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი, ტყვეების შემთხვევაში საქმე სრულიად სხვაგვარად იყო. ისინი უნდა დაერწმუნებინათ, რომ ლეგიონის მისია სამშობლოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება იყო და თანხმობის შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ჯარისკაცები გახდებოდნენ.
ქართული ლეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰაიგენდორფი წლების შემდეგ იხსენებდა, რომ გერმანიის ხელისუფლება გაურბოდა კავკასიის მომავალი პოლიტიკური მოწყობის შესახებ კონკრეტული დაპირებების გაცემას. ოფიციალური პირები ამ თემაზე მხოლოდ აბსტრაქტული ლოზუნგებით შემოიფარგლებოდნენ, რომელიც ბოლშევიზმთან და რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას გულისხმობდა. ბერლინის ასეთი პოზიციის მიუხედავად, ქართული ლეგიონის გერმანელი ოფიცრები ჯარისკაცებთან ისე საუბრობდნენ, რომ მათ დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენის იმედი არ დაკარგვოდათ: „1942 წლის სექტემბრიდან, როდესაც მე 797-ე ქართულ ბატალიონს ვხელმძღვანელობდი, ლეგიონერების მიერ ფიცის დადების ცერემონიალზე ყოველთვის ხაზგასმული იყო მთავარი მიზანი. კერძოდ, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა“, _ ამბობს ჰაიგენდორფი.
ქართული ლეგიონის შტაბი და სასწავლო ცენტრი ვარშავის სიახლოვეს დაბა ვესოლში მდებარეობდა. საწყის ეტაპზე ლეგიონის მხოლოდ ქართველი მებრძოლებით დაკომპლექტება ვერ მოხერხდა, ამიტომ გადაწყდა, რომ პირადი შემადგენლობა ჩრდილოკავკასიელების დახმარებით შეევსოთ. ქართულ ლეგიონში ჩაირიცხნენ: ადიღები, ბალყარელები, ყარაჩაელები, ყაბარდოები, ჩერქეზები და ოსები. შემდეგ, როდესაც ქართველთა ხვედრითი წილი გაიზარდა, გერმანელებმა ქართული ლეგიონიდან ჩრდილოკავკასიელები გამოჰყვეს და დამატებითი ქვედანაყოფი შექმნეს.
ქართული ლეგიონის ჯარისკაცები მხარზე ფარის ფორმის განმასხვავებელ ნიშანს ატარებდნენ, რომელიც ქართული ეროვნული დროშის ფერების შესაბამისად იყო გადაწყვეტილი. ფარს ზევიდან გერმანულად ეწერა: Georgien _ საქართველო.
ქართველი საბჭოთა ტყვე ჯარისკაცები, რომლებიც ლეგიონში მსახურობაზე თანხმობას აცხადებდნენ, საკონცენტრაციო ბანაკიდან ლეგიონის მოსამზადებელ ცენტრში გადაჰყავდათ, სადაც მათი წვრთნა იწყებოდა. სასწავლო პროცესი თავიდან ფიზიკურ მომზადებას, აგრეთვე გერმანული არმიის წესდებისა და ბრძანებების ათვისებას გულისხმობდა. ამის შემდეგ ლეგიონერებს ბატალიონების მიხედვით ანაწილებდნენ, ურიგებდნენ იარაღს, ამუნიციას, გერმანულ ფორმას და ინსტრუქტორების მეთვალყურეობით უკვე მათი ტაქტიკური და საბრძოლო მომზადება მიმდინარეობდა.
სტრუქტურული თვალსაზრისით, ლეგიონში შემავალი თითოეული ბატალიონის შემადგენლობაში 3 მსროლელი ასეული, მეტყვიამფრქვევეთა დანაყოფი და საშტაბო ასეული შედიოდა. ყოველ მათგანში, დაახლოებით, 130-200 მებრძოლი ირიცხებოდა. ამდენად, ბატალიონის საერთო რიცხვი 800-დან 1000 მებრძოლამდე მერყეობდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ოფიცრები, უნტერ-ოფიცრები, რიგითები და ინსტრუქტორები. თითოეულ ბატალიონში გერმანელთა რაოდენობა 60 სამხედროს აღწევდა.
საწვრთნელ პროცესში წარჩინებულ ლეგიონერებს, წახალისების მიზნით, შვებულებას აძლევდნენ. ასე მაგალითად, 1942 წლის მაისში ლეგიონერთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობამ, თითოეული ნაციონალური ბატალიონიდან, 4-4 კაცი შეარჩია და მათ ბერლინში ერთთვიანი ექსკურსია მოუწყო. ბერლინის რკინიგზის სადგურზე ქართველ ლეგიონერებს ემიგრანტი მწერალი გრიგოლ რობაქიძე დახვდა, რომელიც ჯარისკაცების წინაშე მგზნებარე პატრიოტული სიტყვით გამოვიდა. ბერლინში ყოფნისას ლეგიონერები ათვალიერებდნენ მუზეუმებს, ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ესწრებოდნენ კინოსეანსებს და ა. შ.
ლეგიონერთა სამხედრო-პოლიტიკური მომზადების პროცესი კოლექტიური ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალითა და ბატალიონისთვის სახელობითი დროშის გადაცემით სრულდებოდა. გერმანელი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ქართველი ლეგიონერები ფიცს დებდნენ, რომ ბოლშევიზმისგან საქართველოს განთავისუფლებისთვის იბრძოლებდნენ და ამ მიზნის მისაღწევად უსიტყვოდ დაემორჩილებოდნენ გერმანიის მთავარსარდლობის ბრძანებებს. ამის შემდეგ ბატალიონი ფრონტზე გასამგზავრებლად მზად იყო.
სტატიის მომზადებისას გამოყენებულია გიორგი მამულიას წიგნის „ქართული ლეგიონის“ მასალები
მიხეილ ბასილაძე