QronikaPlus
„ბიზნესდაჯილდოება 2017“ იწყება!

„ბიზნესდაჯილდოება 2017“ იწყება!

2017-07-01 11:49:26

#გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს უკვე მეორედ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება იმართება. ბიზნესდაჯილდოების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში  ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანი #გააზიარეწარმატება კვლავ ძალაშია, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები  სოციალური ქსელებისა და მედიის მეშვეობით მთელ  საქართველოს გაუზიარონ. წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე  გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს.  შესაბამისად, პროექტები, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი CSR-ის ფარგლებში განახორციელეს, საინტერესო ფორმით წარმოჩნდება და მიეწოდება საზოგადოებას. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში:
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • წლის ბიზნესი;
  • წლის სტარტაპერი.
ასევე, წელს, „ჯეოსელის“ პატრონაჟით, ინოვაციურ ბიზნეს-ნომინაციასთან ერთად,  განსაკუთრებული კომუნიკაცია გაკეთდება მთელ საქართველოში არსებულ  სოციალურ საწარმოებზე. გამარჯვებულების გამოვლენაზე ჟიური იზრუნებს, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება. ჟიურის ვინაობა დაჯილდოების ბოლომდე კონფიდენციალური დარჩება. ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებლად შეაფასებს მონაწილე კომპანიას და მას ქულას დაუწერს. შეფასებისას განსაკუთრებული აქცენტი  გაკეთდება შემდეგ კრიტერიუმებზე:
  • საზოგადოებისთვის გარკვეული მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მოტანის პოტენციალი;
  • ინოვაციური პროდუქტების/მომსახურების განვითარება;
  • დადებითი გავლენა ბიზნესსა და სოციალურ გარემოზე;
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივა, რომელიც ამაღლებს სამეწარმეო სულისკვეთებას;
  • ახალი ტენდენციების დანერგვა საზოგადოებაში.
ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge. სიახლეა რეგისტრაციისას: სურვილის შემთხვევაში მონაწილე კომპანიებს შეუძლიათ, ინფორმაცია წარმოადგინონ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ. დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ეწევა და მინიჭებული აქვს საგადასახადო კოდი. საწარმო 2016 წლამდე უნდა იყოს რეგისტრირებული,  ხოლო ნომინაციაში „წლის სტარტაპერი“ მონაწილეობისთვის კომპანია არ უნდა იყოს დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ასევე, ნომინაციებში „წლის სტარტაპერი“ და  „წლის მცირე ბიზნესი“ კომპანიის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება ნომინაციაზე „წლის ინოვაციური ბიზნესი“. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა შეზღუდულია ისეთი საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობა ეხება  საბანკო-საფინანსო სფეროს, საკონსულტაციო, აუდიტორულ და სანოტარო მომსახურებას, ასევე, სათამაშო ბიზნესს (აზარტული თამაშები), თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციას. პროექტის მხარდამჭერები არიან „აწარმოე საქართველოში“  და EFSE („ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის“). 2016 წელს  ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო 523-მა კომპანიამ. ჟიურის რჩეულები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოების დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ, თუმცა პროექტის კულმინაციას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი კამპანია, რომლის დროსაც „თიბისი ბანკმა“ და „ჯეოსელმა“ დაჯილდოების მონაწილეებისთვის სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული ღონისძიება განახორციელეს. შედეგად, სოციალური ქსელების მეშვეობით  ბიზნესდაჯილდოების შესახებ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი  #გააზიარეწარმატება  100 000-მდე ადამიანმა გამოიყენა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა.   ვახტანგ ბუცხრიკიძე - „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:   - მოგეხსენებათ, ბიზნესდაჯილდოება შარშან პირველად ჩავატარეთ, აქტიურობა  ძალიან მაღალი იყო და ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. 517-მა კომპანიამ აქტიურად მიიღო მონაწილეობა, წელს კიდევ უნდა გავზარდოთ აქტიურობა და გვინდა, რომ აქცენტი გავაკეთოთ არა მარტო თბილისზე, არამედ რეგიონებზე. ჩვენთვის წარმატებას განსაზღვრავს ის, რომ ქართველებმა წარმატებული ბიზნესები ვაკეთოთ, დავიწყოთ ნულიდან და მერე შევძლოთ ამ წარმატების გაზიარება. შარშან ეს შევძელით და დარწმუნებული ვარ, ამას წელსაც შევძლებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ნიკოლოზ ქურდიანი - „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: - ბიზნესდაჯილდოებაზე წელს ახალი ის არის, რომ დავამატეთ ცალკე ნომინაცია - სტარტაპერი. ჩვენი აზრით, ბიზნესდაჯილდოება ყველაზე მასშტაბური და პოპულარული დაჯილდოების ფორმატია. „თიბისი ბანკი“ და „ჯეოსელი“ საკმაოდ დიდი ორი კომპანიაა იმისათვის, რომ პროექტი მასშტაბური იყოს, მთელი ქვეყნის მომცველი. ჩვენ გვინდა, რომ ცალკეული კომპანიების წარმატების გაზიარებით ქვეყანაში მეტი ინფორმაცია იყოს წარმატებულ კომპანიებზე და ამიტომ  ამას  მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.   თამარ ბატიაშვილი

გაზიარება