მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს მკვიდრი, ოლეგ შუკაკიძე, მის ოჯახში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე საუბრობს და სამართალდამცველ ორგანოებს დანაშაულის დაფარვაში ამხელს. შუკაკიძე ჰყვება, რომ მარნეულის პროკურატურაში გაჩაღებულია მექრთამეობა და პროკურორი დამნაშავეებს ხელს აფარებს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოლეგ შუკაკიძე:
_ 2016 წლის 21 აპრილს, 23:30-დან 00:30 საათის ფარგლებში, ჩემი საცხოვრებელი სახლის ოთახის კარი შემომინგრიეს და ორი ახალგაზრდა შემოიჭრა. სავარაუდოდ, მათ გარეთ სხვებიც ელოდებოდნენ. ქარიანი ღამე იყო, მე და ჩემი მეუღლე 19:00 საათის შემდეგ გარეთ არ გამოვსულვართ და ჩემი ვარაუდით, ყაჩაღებს ეგონათ, სახლში მარტო ვიყავი. დიდი სახლი გვაქვს, მე და ჩემი მეუღლე სხვადასხვა საძინებელ ოთახში ვიყავით. როდესაც ყაჩაღები შემოცვივდნენ, ფულს და ოქროს ითხოვდნენ. ვუთხარი, _ თუ ფული გინდათ, სინათლე აანთეთ-მეთქი, უფრო იმიტომ ვუთხარი, რომ სახეზე შემეხედა. სინათლე რომ აანთეს, რას ვხედავ, _ ნიღბები, იარაღი, ხელთათმანები... იმდენად არ დავბნეულვარ, რამდენადაც დროს ვწელავდი, რომ ჩემს მეუღლესთან არ შესულიყვნენ, ვიცოდი, შიშისგან ადგილზე მოკვდებოდა. აქვე აღვნიშნავ: ცოტა ხნით ადრე რამდენიმე ადამიანმა ზუსტად ის შეკითხვები დამისვა, რასაც ეს ყაჩაღები მეკითხებოდნენ. ვვრაუდობ, რომ ისინი არიან ჩამშვებები.
_ რას გეკითხებოდნენ?
_ მანქანა რომ გაყიდე, ახალს არ ყიდულობო? ძაღლი მყავდა, ახლა ცოცხალი აღარ არის, იმას კითხულობდნენ... ის აინტერესებდათ, ეზოში ძაღლი მყავდა კიდევ თუ არა? ჩემი ძმის სახლს ვპატრონობ, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, მის ეზოში ძაღლი მყავს გაშვებული, ისიც იკითხა... ქარიანი ღამე იყო, ამის გამო ვერ გავიგე, თორემ სანადირო თოფი იქვე მქონდა და თავს დავიცავდი. ისინი ფიქრობდნენ, რომ მე სახლში ფულს ვინახავდი და ამიტომ გადაწყვიტეს შემოსვლა. ორი წლით ადრე „მერსედესი“ გავყიდე, შვილი საზღვარგარეთ გვყავს, სოფლის დონეზე ისე ვცხოვრობთ, რომ არ გვიჭირს, რამდენიმე თვით ადრე ეზოში ქვა დავაგე და გავალამაზე. ერთი სიტყვით, ამათ იფიქრეს, რომ ფული მქონდა. ამას დაემატა ის, რომ ადრე ჩემს მეზობელს 3000 დოლარი ვასესხე და ეს ამბავი მისგან იმ ჩამშვებმა გაიგო, ახლობლობენ. ორივე ჩამშვები ჩემს მეზობლად ცხოვრობს, ასეთი ადამიანები არიან, თან შურით აღსავსენი... თვითონ უჭირთ, პურის ფულიც არ აქვთ და, ალბათ, ადამიანური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე იქცევიან ასე.
_ ყაჩაღობის ფაქტს დავუბრუნდეთ...
_ შუქი რომ აანთეს, ვუთხარი, _ ტელევიზორთან დევს 200 ლარი-მეთქი, 100 დოლარი რომელ წიგნშიც იდო, მივანიშნე. ეს ფული აიღეს და კიდევ ითხოვდნენ, დამცხეს, მირტყამდნენ, საწოლიდან თავი არ ამაწევინეს. ერთხელ მოვახერხე, ორივე მუხლით წამოვდექი და პირდაპირ წელის არეში დამცხეს ბეისბოლის ჯოხი, დავვარდი და ისე მირტყეს, ახლა ფეხი მომტეხეს. ერთი სიტყვით, მიდის უხმაურო ბრძოლა, გამაფრთხილეს, თუ ხმას ამოიღებ, გესვრითო და ერთ-ერთმა მათგანმა პირში პისტოლეტი ჩამიდო, მოგკლავო. გამწარებული თან ვაკვირდები, ვინ არიან ეს ახალგაზრდები-მეთქი?!. ერთ მომენტში მოვახერხე, რომ ერთ-ერთისთვის ნიღაბი ჩამომექაჩა, რას ვხედავ?! _ ჩემი კლასელის შვილია! სწორედ ამ დროს მომხვდა ძლიერად თავის არეში და გავითიშე. ისე მცემეს, თავის კანი ცხვირზე მქონდა გადმოფარებული, თვალები რომ გავახილე, მარჯვენა მხარეს სკოჩი მქონდა მობმული. ეტყობა, ჩემი გაკოჭვა უნდოდათ, რომ მერე ჩემს მეუღლესთან გადასულიყვნენ. როგორც გითხარით, ქარიანი ღამე იყო, ჩემმა მეუღლემ ხმა გაიგო, მაგრამ ვერ მიხვდა, საიდან მოდიოდა. გარეთ გავიდა და იქიდან დაინახა, რომ ჩემს ოთახში შუქი ენთო. ყაჩაღებს ვიღაცამ სიგნალი მისცა, ქალი მოდისო, ჩემს სანადირო თოფს დაავლეს ხელი და გაიქცნენ. მერე ჩემმა მეუღლემ ყვირილი დაიწყო, მეზობლები მოცვივდნენ, ისინი უკვე გაქცეულები იყვნენ. ამასობაში ერთ-ერთმა მეზობელმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა.
_ გამოძიება რას ამბობს?
_ საავადმყოფოში 10 დღე ვიწექი, თავის ქალა მქონდა გაბზარული, ბეწვზე გადავრჩი, რომ არ მოვკვდი. ექსპერტები იმ ღამესვე მოვიდნენ, ამბობდნენ, _ ეს კაცი არ გადარჩებაო, თან შაქრიანი დიაბეტი და წნევა მაქვს. ბევრი სისხლი დავკარგე, მაგრამ ღმერთის სასწაულად გადავრჩი. მოკლედ, მარნეულის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ეს ყაჩაღები სხვა საქმეებშიც არიან შემჩნეულები და ერთ-ერთი მათგანი სხვა საქმეზეცაა დაჭერილი, მაგრამ პროკურორი ჩემს საქმეზე, რატომღაც, დუმს.
_ რატომ მაშინვე არ დაიჭირეს, ხომ ამოიცანით?
_ არ დაიჭირეს! პროკურორმა მითხრა, ამას ბევრი მტკიცებულება უნდაო!.. დნმ აღმოჩნდა. ერთ-ერთი ყაჩაღის, ხარაიშვილის ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა, 50-მდე პოლიციელი შევიდა დილის 6:00 საათზე, ჩხრეკა ჩატარდა, ნივთები წაიღეს და მათ შორის ის ჯოხი აღმოაჩინეს, რომლითაც მე მირტყამდნენ. ექსპერტიზამ ამ ჯოხზე ჩემი სისხლის კვალი დააფიქსირა. ჩემს შემთხვევაშიც ჩატარდა ექსპერტიზა, ყველანაირი მონაცემი წაიღეს, მაგრამ, რატომღაც, პოლიციასა და პროკურატურას შორის ჭიდაობა მიდიოდა. პოლიცია პროკურატურისკენ იშვერს ხელს, პროკურატურა _ პოლიციისკენ. ერთმანეთს აბრალებენ რაღაცებს, ვითომ კანონის ენით ერთმანეთზე რაღაც გაუგებრობებს ლაპარაკობენ. მივდივარ-მოვდივარ, ვერაფერი გამიგია... ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას მივმართე, ასევე ვიყავი ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოში, მეუბნებიან, _ გამოძიება მიდისო. ეს რა გამოძიებაა?! _ წელიწადზე მეტი გავიდა, დამყაჩაღებლის სახელს ვამბობ და მეუბნებიან, _ საკმარისი მტკიცებულება არ არისო... ჩემს საქმეზე ხარაიშვილი და კუპრაშვილი არიან დამყაჩაღებლები, ერთ დილას ორივე აიყვანეს და ღამე გამოუშვეს. როგორც ჩანს, ვიღაცები ჩაერივნენ... პოლიცია კი იძიებს, მაგრამ თუ პროკურორმა ნება არ დართო, ვერაფერს გააკეთებენ. მეუბნებიან, ცოტაც მოიცადე, ესენი კიდევ ჩაიდენენ რამესო. ცხრა თვის თავზე მართლაც დაიჭირეს ერთ-ერთი _ ხარაიშვილი, მაგრამ ის სხვა საქმეა და ჩემი _ სხვა. ჩემი საქმე კი გაჩერებულია. მე-14 თვეა, ეს ამბავი მოხდა და გაუხსნელ საქმედ ითვლება! ვასახელებ დამნაშავის ვინაობას, დნმ-ის ანალიზით დამტკიცებულია და საქმე გაუხსნელია! ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი და თუ გახსნეს, ისიც მითხრან! არც გამომძიებელი მიბარებს, არც _ პროკურორი. რამდენჯერაც პროკურორამდე მივედი, ვერ მივაღწიე. ერთხელ ჩემი მეუღლე წავიდა, მაგრამ იქამდე შეღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პროკურორი ხან ადგილზეა, ხან _ არა. თუ იუსტიციის სახლმა საშვი არ მოგცა, ისე ვერ შეხვალ. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობს და რამეს რომ ჰკითხავ, ხელებს ასავსავებს და პასუხს ვერ მცემს... ჩემი საქმე პოლიციის გამომძიებელ თამარ ჩუბინიძეს აწერია და მეუბნება, _ პროკურორის გარეშე არაფრის გაკეთება არ შემიძლიაო. პოლიციის უფროსი მოხსნეს, ახალი რომ მოვიდა, შევხვდი. დამპირდა, რომ გამოიძიებდნენ, მაგრამ დრო გავიდა და გამოძიებას ვინ ჩივის, აღარც მიღებს. თვენახევარი იქნება, მივაკითხეთ და ისევ მპასუხობენ, _ ახალი არაფერი არისო. ახალს რას ელოდებიან, ვერ გავიგე?! როდესაც პოლიციის უფროსს შევხვდი, მითხრა, _ მთელ მსოფლიოში ასეა, მტკიცებულებად ითვლება დნმ-ო. და რაღა უნდა, _ ნუთუ, პროკურორს არ სურს, რომ გახსნილი საქმეები ჰქონდეს?!
_ თქვენ როგორ გგონიათ, ვინ მფარველობს?
_ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მარნეულის პროკურორმა გიორგი კაკულიამ 10 000 დოლარი აიღო და საქმე გააჩერა! ეს ამბავი ჩემმა მეუღლემ თავად უთხრა პროკურორს. იმან უპასუხა, _ კი, ასეთი საუბრები იქნებაო. მე ვუთხარი, _ თუ ასე გაგრძელდება, ხალხს შევკრებ და მარნეულის პროკურატურის წინ აქციას მოვაწყობ, თბილისში მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად დავჯდები-მეთქი. მიპასუხა, _ მაგით რა საქმე გამოვაო? ჩემმა ადვოკატმა როგორც მარნეულის, ასევე საოლქო პროკურატურას წერილი მისწერა და საქმეზე ოფიციალური პასუხი მოითხოვა, მაგრამ ორივედან ანალოგიური შინაარსის პასუხი მიიღო, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
_ რას ითხოვთ?
_ კაკულია მეტად გაინძრეს! ალბათ, მართლა ქრთამი აიღო და დამნაშავეებს ხელს აფარებს, რომ არ დაიჭირონ და საქმეს ასე წელავს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური სახის რამდენიმე საქმეა მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი. მელიორაციაში ვმუშაობ და სამსახურებრივად თითქმის ყველა ოჯახში წელიწადში რამდენჯერმე მიწევს მისვლა, ხალხთან შეხება მაქვს. ერთი სიტყვით, ყაჩაღობის საქმეები, რომლებიც მარნეულის სოფლებში მოხდა, ჩაიფარცხა! მხედველობაში მაქვს პროკურორ კაკულიას მოღვაწეობის პერიოდი. როგორც ჩანს, პროკურორი დამნაშავეებს ხელს აფარებს! მარნეულის რაიონში რომ მექრთამეობაა გაჩაღებული, ამას ლაპარაკი რად უნდა! ხალხი ასეთ ამბავს ჰყვება: ერთ ბიჭს გოგო გაუუპატიურებია, პროკურორს უთქვამს, _ ახლა ეს ბიჭი რომ დავიჭირო და ციხეში შევაგდო, იცით, იქ რას უზამენო?! რადგან პროკურორმა ასე გადაწყვიტა, დღეს ის ადამიანი გარეთ დადის თავისუფლად! ჩემი აზრი ასეთია, მარნეულის პროკურორი ხელს აფარებს დამნაშავეებს, არ უნდა საქმის კვალიფიციურად გამოძიება, რომ დამნაშავე დაისაჯოს! დღესაც თავს დაუცველად ვგრძნობ! არ გავჩერდები, სამართალს მაინც ვიპოვი და ამ ბრძოლით საკუთარ თავს გადავარჩენ!
„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
_ ამ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს მოხდა, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია ყველა ის პირი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი ინფორმაციის მოწოდება, ამ ეტაპზე, არ შეგვიძლია.
თამარ ბატიაშვილი