QronikaPlus
გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები  (მესამე ნაწილი)

გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები (მესამე ნაწილი)

2017-05-20 09:58:35

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##15;16.   1918 წლის გაზაფხული. ბოლშევიკების პროპაგანდით დემორალიზებული რუსული არმია უწესრიგოდ ტოვებს კავკასიის ფრონტს. საქართველო სავსეა დეზერტირი ჯარისკაცებითა და თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციებიდან დევნილი სომხებით, რომლებიც ოსმალთა სისასტიკეს გაურბიან. 3 მარტს ბოლშევიკებმა, გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან, ბრესტ-ლიტოვსკში სეპარატულ ზავს მოაწერეს ხელი. რუსეთმა დამარცხება აღიარა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოვიდა. ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქები თურქეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. კავკასიის ფრონტი მთლიანად მოირღვა და ამიერკავკასიის ქვეყნები თურქეთის მოსალოდნელი აგრესიის წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ 27 თებერვალს, ანუ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელმოწერამდე ერთი კვირით ადრე, ამიერკავკასიის სეიმისთვის ცნობილი იყო, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთის ბოლშევიკური პარტია გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინაშე კაპიტულაციას გამოაცხადებდა. ამ ფაქტმა საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქართველოს დემოკრატიული რუსეთის პოლიტიკურ ველში დარჩენის მცირე შანსიც კი აღარ ჰქონდა. საქართველოს ან ლენინის პარტიასთან უნდა ეთანამშრომლა, ან დამოუკიდებლობის გზა აერჩია. კომუნისტებთან თანამშრომლობა წარმოუდგენელი ჩანდა. რჩებოდა დამოუკიდებლობა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ქვეყანა ოსმალეთის აგრესიისა და ტერიტორიების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგებოდა. 28 თებერვალს სეიმის სხდომაზე გამოსვლისას ნოე ჟორდანიამ მიმდინარე პოლიტიკური ვითარება შეაჯამა და დასკვნის სახით დანანებით აღნიშნა, რომ ამიერკავკასიისა და რუსეთის დამაკავშირებელი ძაფი, თითქმის, გაწყვეტილი იყო. თებერვლის დასაწყისიდან ამიერკავკასიის საგარეო მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. თურქული არმია, რომელსაც კავკასიის ფრონტზე სერიოზული მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა, რუსეთის მიერ მიტოვებული პოზიციების სწრაფ დაკავებას შეუდგა. კავკასიის ფრონტზე ოსმალეთმა აქტიური მოქმედება, ჯერ კიდევ, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის გაფორმებამდე დაიწყო. 12 თებერვალს თურქეთმა აღმოსავლეთით 7 ქვეითი დივიზია გადაისროლა, რომლის შემადგენლობაში, დაახლოებით, 25 ათასი ჯარისკაცი ირიცხებოდა. 25 თებერვალს ოსმალები ერზიჯანში შევიდნენ, ერთი დღის შემდეგ _ ბაიბურთში, 6 მარტს კი ისინი უკვე არდაგანში იყვნენ. თურქული არმია საქართველოს საზღვრების უშუალო სიახლოვეს გამოჩნდა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ცხადია, ოსმალები მიღწეულით არ დაკმაყოფილდებოდნენ და, მინიმუმ, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით მიკუთვნებული ტერიტორიების დაკავებას დაიწყებდნენ. ხელსაყრელი ვითარების შემთხვევაში კი არც ამიერკავკასიის სრულ ოკუპაციაზე იტყოდნენ უარს. თურქული არმიის სწრაფმა წინსვლამ ამიერკავკასიის ერებს შორის საგარეო ორიენტაციის საკითხში არსებული უთანხმოება მთელი სიცხადით გააშიშვლა. სომხეთისთვის და საქართველოსთვის ოსმალეთი ისტორიული მტერი იყო. თურქეთის პრეტენზია ბათუმზე, არდაგანსა და ყარსზე კი კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილიყო. ანტითურქული პოზიცია განსაკუთრებით სომხებში იყო ძლიერი. 1915 წლიდან დაწყებული ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც სომეხთა კომპაქტური დასახლებები იყო, თურქებმა ზედიზედ რამდენიმე სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეს. ამ აქციას თან სდევდა სომხების მასობრივი მკვლელობები და ტოტალური დეპორტაცია. ოსმალთა ეგზეკუციას უამრავი სომეხი შეეწირა. განსაკუთრებით დაზარალდა ვანისა და ყარსის რაიონები, სადაც თურქებმა პირწმინდად აყარეს სომხები. თურქთა ასეთ აგრესიას თავისი მიზეზი ჰქონდა: კავკასიის ფრონტზე მიმდინარე აქტიური სამხედრო მოქმედებების პერიოდში, სომხებმა რუსულ არმიას დაუჭირეს მხარი. აღმოსავლეთის ზოგიერთი პროვინცია, სადაც სომხები ცხოვრობდნენ, პრაქტიკულად, თურქთა კონტროლიდან გამოვიდა. ცხადია, სომეხთა სეპარატული მოძრაობა სტამბულმა ღალატად შეაფასა და მათ წინააღმდეგ მთელი სისასტიკით დაიწყო მოქმედება. ოსმალებმა სომეხთა გასამხედროებული რაზმები დაამარცხეს და შემდეგ მოსახლეობას დაერივნენ. თურქები არავის ინდობდნენ და სომხურ დასახლებებს დედაბუდიანად ანადგურებდნენ. ქართველებისგან და სომხებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი თურქეთს სულაც არ აღიქვამდა მტრად. პირიქით, ოსმალეთი მათთვის პოტენციური მოკავშირე და ერთმორწმუნე ქვეყანა იყო, ამიტომ როდესაც ამიერკავკასიის სეიმზე თურქეთის აგრესიის საპასუხოდ ერთობლივი ბრძოლის საკითხი დადგა, აზერბაიჯანმა ომზე კატეგორიული უარი განაცხადა. 1918 წლის მარტის დასაწყისში ოსმალეთის მთავრობამ ამიერკავკასიის კომისარიატს ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის განხილვა დიპლომატიურ დონეზე შესთავაზა. ამ ნაბიჯით თურქები ცდილობდნენ, ზედმეტი სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე დაეკავებინათ ზავის პირობებით მათთვის მიკუთვნებული ტერიტორიები. დიპლომატიურ ინიციატივას თურქული არმია უმაგრებდა ზურგს, რომელიც წინ სწრაფად მიიწევდა. ასეთ ვითარებაში ამიერკავკასიის კომისარიატმა თურქეთთან მოლაპარაკების გამართვა მიზანშეწონილად მიიჩნია და სპეციალური დელეგაციაც ჩამოაყალიბა. დელეგაციაში, რომელიც 11 წევრსა და 29 მრჩეველს აერთიანებდა, ამიერკავკასიის სამივე ნაციონალური ფრაქციის წარმომადგენლები შევიდნენ. მისიის ხელმძღვანელად ქართველი სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი დაინიშნა. სეიმმა შეხვედრის ადგილად ტრაპიზონი შეარჩია. იმ პერიოდისთვის იგი ნეიტრალური ადგილი იყო, რომელსაც თურქები ვერ აკონტროლებდნენ და, ამდენად, მოლაპარაკების პროცესში ფორმალურად ორივე მხარე თანაბარ პირობებში იქნებოდა ჩაყენებული. ამიერკავკასიის დელეგაცია ტრაპიზონში 8 მარტს ჩავიდა, თუმცა ამ დროისთვის ვითარება  უკვე შეცვლილი იყო. ერთი დღით ადრე ქალაქი ოსმალთა სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 12 მარტს, როდესაც თურქებმა მინიმალური დანაკარგით ერზრუმიც აიღეს. 1918 წლის 14 მარტს, დღის სამ საათზე, ტრაპიზონის სამშვიდობო მოლაპარაკება გაიხსნა. ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი აკაკი ჩხენკელი პირისპირ შეხვდა მოლაპარაკებაზე თურქული მხარის მეთაურს, ჰუსეინ რაუფ ბეის. რაუფ ბეიმ პირდაპირ განუცხადა ჩხენკელს, რომ ტრაპიზონის შეხვედრა არ წარმოადგენს დიპლომატიური მოლაპარაკების ფორმატს, რადგან ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით ყველა საკითხი უკვე ისედაც გადაწყვეტილია და ამერკავკასიის დელეგაციას მხოლოდ მისი აღიარება მოეთხოვება. რაუფ ბეიმ ისიც დაამატა, რომ ამიერკავკასიამ დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს თურქეთს არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქული არმია სამხედრო ძალის გამოყენებით მთელი რეგიონის ოკუპაციას მოახდენდა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკების ოფიციალური ნაწილი, რომელსაც თავიდანვე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი წარმართავდა. რაუფ ბეიმ დასაწყისში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ამიერკავკასიის ერებისა და თურქეთის საერთო ისტორიაზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ კავკასიელებმა დამოუკიდებლობის გზა აირჩიეს: „200 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივად ვაწარმოებდით თავდაცვით ომებს რუსული ცარიზმის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ საერთო ისტორია, რომელიც მთელი ამ ბრძოლის მანძილზე გვაერთიანებდა... ჩვენს ქვეყნებს შორის არის არა მხოლოდ ისტორიული და გეოგრაფიული ერთობა, არამედ მე ვიტყოდი, ნათესავური კავშირიც, რომელიც ყველა ჩვენგანის საერთო წარსულიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომაც არის, რომ,  ამჟამად, კავკასიისა და თურქეთის ერებს აქვთ ერთი და იგივე ისტორია, ერთი და იგივე რელიგია და, პრაქტიკულად, ისინი ერთ ერს წარმოადგენენ“. კავკასიისა და თურქეთის იდენტობის შესახებ ეს უსაგნო განცხადება უფრო მეტად აზერბაიჯანულ მხარეზე იყო გათვლილი. რა თქმა უნდა, რაუფ ბეიმ ისედაც მშვენივრად იცოდა, რომ რელიგიური, ისტორიული და ეთნიკური თვალსაზრისით სრული აბსურდი იყო ქართველებისა და სომხების თურქულ სამყაროში ათქვეფა. ეს განცხადება ამიერკავკასიის დელეგაციაში უთანხმოების ჩამოგდებას და დელეგაციის აზერბაიჯანული ნაწილის საკუთარ მხარეს მიმხრობას ემსახურებოდა. ამიერკავკასიის დელეგაციის წევრებს შორის დაბნეულობის შეტანის შემდეგ რაუფ ბეიმ ოსმალეთის ოფიციალური მიმართვა წაიკითხა: „ოსმალეთის იმპერიის დელეგაციას პატივი აქვს განაცხადოს, რომ მის მთავრობას გულწრფელად სურს დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობა ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან, რომელიც ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია. ჩვენ ვთხოვთ ამიერკავკასიის დელეგაციას, გვაცნობოს აღნიშნული რესპუბლიკის პოლიტიკური და ორგანიზაციური ფორმა. გარდა ამისა, ჩვენს დელეგაციას აინტერესებს, შეასრულა თუ არა ამიერკავკასიის რესპუბლიკამ საერთაშორისო სამართლით გავალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც საჭიროა ახალი სახელმწიფოს შესაქმნელად?“ თურქების მიერ დიპლომატიურ ენაზე მოწოდებული ეს ზრდილობიანი მიმართვა ჩვეულებრივ ენაზე, დაახლოებით, შემდეგნაირად ჟღერდა: ვინ ხართ, ვინ გიცნობთ და საერთოდ ვის დაკარგვიხართ? ანუ ოსმალებმა თავიდანვე გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს ამიერკავკასიის დელეგატები და ნათლად განუცხადეს, რომ ისინი არარსებულ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ. ამიერკავკასიის დელეგაციამ თურქულ კითხვაზე პასუხი მეორე დღეს ჩამოაყალიბა: „ამიერკავკასიის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და მმართველობით ფორმას განსაზღვრავს მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო _ ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც არჩეულია ამიერკავკასიის მოქალაქეების მიერ თავისუფალი ნების გამოხატვის გზით. ბოლშევიკური გადატრიალებისთანავე ამიერკავკასიის ტერიტორიაზე არსებობა შეწყვიტა რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აღმოცენდა ახალი დამოუკიდებელი მთავრობა, რომელიც ამჟამად ანგარიშვალდებულია მხოლოდ სეიმის წინაშე. ამ მთავრობამ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში და მიიღო ოტომანთა მთავრობის წინადადება, დაეწყო მასთან დამოუკიდებელი მოლაპარაკების პროცესი მშვიდობის დამყარების თაობაზე. ამიერკავკასიის სეიმმა და მთავრობამ გადადგა შემდეგი ნაბიჯიც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და გააგზავნა საპროტესტო დეპეშა იმ ქვეყნების საგარეო სამინისტროების სახელზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებებში. ამიერკავკასიის მთავრობას მიაჩნია, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავის იმ ნაწილს, რომელიც ეხება ამიერკავკასიას და რომელიც გადაწყვიტეს მათი თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ გააჩნია საფუძველი და ჩვენი მხრიდან არ ექვემდებარება სავალდებულო შესრულებას. ტრაპიზონში მიმდინარე სამშვიდობო კონფერენცია არის საერთაშორისო სამართლის აქტი. ამგვარად, ამიერკავკასია დე ფაქტო უკვე წარმოადგენს სახელმწიფოს, თუმცა მას ჯერ არ მოუხდენია დამოუკიდებლობის დეკლარირება“. მკაფიოდ ფორმულირებული მტკიცე პასუხის მიუხედავად, ამიერკავკასია არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და ეს თურქებისთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი. რაუფ ბეიმ ეს გარემოება უმალ გამოიყენა და ამიერკავკასიის დელეგაციის წარმომადგენლებს უხერხული კითხვით მიმართა. კითხვის არსი ამიერკავკასიის რესპუბლიკის საზღვრებს ეხებოდა. ამიერკავკასიის დელეგაცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუ ისინი პირველ მსოფლიო ომამდე, ანუ 1914 წლამდე არსებულ საზღვრებს დაასახელებდნენ, გამოდიოდა, რომ ამიერკავკასიის შემადგენლობაში იგულისხმებოდა ის ტერიტორიაც, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის ზავის მიხედვით თურქეთს გადაეცა. სხვა შემთხვევაში დელეგაციას ზავის პირობები უნდა ეღიარებინა და თურქეთის მოთხოვნებს დასთანხმებოდა. ვინაიდან ამიერკავკასიის დელეგაციამ ტრაპიზონის კონფერენციაზე ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები მტკიცედ უარყო, საზღვრების შესახებ აკაკი ჩხენკელის პასუხიც ამ პოზიციის გაგრძელებას წარმოადგენდა: „ამიერკავკასიის სახელმწიფოს ტერიტორიაში შედის ბაქოს, ელიზავეტოპოლის, ერევნის, ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები, ბათუმისა და ყარსის ოლქები, აგრეთვე, სოხუმისა და ზაქათალის ოკრუგები“. ამგვარად ამიერკავკასიის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ ცნობდა ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმებას და ბათუმისა და ყარსის ოლქები საკუთარ ტერიტორიად მიაჩნდა. თურქთა პოზიცია ერთმნიშვნელოვანი იყო და ამიერკავკასიის დელეგაციას მცირე ლავირების საშუალებასაც კი არ უტოვებდა. რაუფ ბეიმ საჯაროდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოსმალეთი არ აღიარებდა ამიერკავკასიას დამოუკიდებელ სუბიექტად და ტრაპიზონის კონფერენციის გასაგრძელებლად ამიერკავკასიის მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვა  დამოუკიდებლობის გამოცხადება ყველა საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით. „ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ და სიხარულით დაგიჭერთ მხარს საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობაში. რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ჩვენს ინტერესში შედის. ამის სანაცვლოდ თურქეთი მზად არის, ყველანაირად მხარში დაგიდგეთ. მაგალითად, ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარსაც კი დაგახმართ“, _ აღნიშნა მან. რაუფ ბეი ისე საუბრობდა, თითქოს თურქეთს მართლა სურდა ამიერკავკასიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. მისი სიტყვებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მათი მთავარი მიზანი რეგიონიდან რუსეთის გაძევება იყო და ამის საფასურად, შესაძლოა, ტერიტორიულ საკითხში კომპრომისზეც კი წასულიყვნენ. თუმცა ოსმალთა დელეგაციის მეთაურმა ეს ილუზია მეორე დღესვე გააქარწყლა. მისი სიტყვებით, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ხელმოწერის დროს ამიერკავკასია, ჯერ კიდევ, რუსეთის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მას საკუთარი მთავრობაც კი არ გააჩნდა. მისი სიტყვებით, სწორედ იმის გამო, რომ ამიერკავკასია არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, იგი არ დასწრებია ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებას, ამიტომ ამ სამშვიდობო ხელშეკრულების აღსრულება ამიერკავკასიისთვის სავალდებულო იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამიერკავკასია დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ ფაქტს უკუძალა არ ექნებოდა და ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება არ გადაიხედებოდა. ამგვარად, თურქეთმა ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე ღიად განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაშიც კი ბათუმის, არდაგანისა და ყარსის ოლქებს თურქეთი შეიერთებდა. ამიერკავკასიის დელეგაცია, ფაქტობრივად, დიპლომატიურ ჩიხში აღმოჩნდა. რაუფ ბეისა და აკაკი ჩხენკელს შორის გამართულ კერძო შეხვედრებში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელს არ დაუმალავს, თუ რატომ სურდა ოსმალეთს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება: „თურქეთს ამიერკავკასია რუსეთთან ბუფერული ზონის შესაქმნელად სჭირდება. თუ კავკასია ამ ამოცანას შეასრულებს, შესაძლოა, ვიფიქროთ კიდეც ბათუმისა და ყარსის დაბრუნებაზე. მაგრამ საკითხავია, შეძლებს თუ არა ამიერკავკასია ძლიერ სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბდეს? აქ მეორეც არის _ რამდენად დაიცავს დამოუკიდებელი ამიერკავკასია თურქეთის ინტერესებს? ამიერკავკასია დამოუკიდებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვშიშობთ, რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც ხელსაყრელი ვითარება იქნება, რეგიონი ისევ რუსეთისკენ შეტრიალდება“. თავისთავად ცხადია, თურქეთი არ იყო დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამიერკავკასია ისეთ ძლიერ, ერთიან სახელმწიფოდ შედგებოდა, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის ბუფერის ფუნქციას შეასრულებდა. ოსმალებმა კარგად იცოდნენ სამ კავკასიურ ერს შორის არსებული გადაულახავი წინააღმდეგობების შესახებ. განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია, განსხვავებული აღმსარებლობა, მოუგვარებელი და სადავო სასაზღვრო საკითხები, რომელიც ხშირად შეიარაღებული დაპირისპირებების საბაბი ხდებოდა. რა თქმა უნდა, თურქებისთვის ცნობილი იყო აზერბაიჯანელებისა და ქართველების ანტირუსული განწყობა (აზერბაიჯანი, რომ თურქეთისკენ მიილტვოდა, ეს ისედაც ცხადი იყო), მაგრამ ისინი არ იყვენენ დარწმუნებულნი, რომ ქართველები პროთურქულ პოზიციას დაიკავებდნენ. ეჭვს არ იწვევდა სომეხთა რუსული ორიენტაციაც, რადგან სომხეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობის ძირითადი გარანტი მხოლოდ რუსეთი იყო. ოსმალებს იმაშიც ეპარებოდათ ეჭვი, რომ ანტირუსული პოზიციის მიუხედავად, საქართველო და აზერბაიჯანი დამოუკიდებლად, ან თუნდაც ერთობლივად შეძლებდნენ რუსეთის შეჩერებას ამიერკავკასიაში. ამიტომ ოსმალეთი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა და საკუთარი მიზნის მიღწევაში ამიერკავკასიელების გამოყენების მოლოდინი ნაკლებად ჰქონდა. ბათუმის, არდაგანისა და ყარსის შემოერთება თურქეთს ამიერკავკასიის კონტროლის მშვენიერ საშუალებას აძლევდა. რეგიონის ფორმალურად დამოუკიდებელ სუბიექტად გამოცხადება კი რუსეთისგან საჭირო ბუფერული ზონის შექმნას უზრუნველყოფდა. ასეთი ვითარება თავისთავად გულისხმობდა, რომ ამიერკავკასია თურქეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა. კიდევ ერთი გარემოება: თუ ამიერკავკასია დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა და თურქეთი ამ ახალ სუბიექტთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების მიხედვით გააფორმებდა, ოსმალეთი ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას მოახდენდა. 1918 წლის 21 მარტს რაუფ ბეიმ ამიერკვკასიის დელეგაციას ულტიმატუმი წაუყენა, სადაც ბრესტ-ლიტოვსკის პირობებზე საბოლოო პასუხს 3 დღის ვადაში ითხოვდა. კონფერენცია დროებით შეწყდა, რადგან ამიერკავკასიის დელეგაციას თურქთა ულტიმატუმი სეიმისთვის უნდა გაეცნო. 22 მარტს ტფილისში თურქთა ულტიმატუმის განხილვა დაიწყო. მსჯელობა, ძირითადად, ორი საკითხის შესახებ მიმდინარეობდა: დამოუკიდებლობის გამოცხადება და ოსმალეთის ტერიტორიული პრეტენზია. პირველ საკითხზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ დამოუკიდებლობა არ გამოცხადებულიყო. ამ თემასთან დაკავშირებით ქართველ სოციალ-დემოკრატ წერეთლის მოსაზრება შემდეგი იყო: „დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, დავაფიქსიროთ ამიერკავკასიის ტერიტორიული საზღვრები და რადგანაც ბათუმის, არდაგანისა და ყარსის ოლქები ამ საზღვრებში შედის, არც თურქეთი და არც ჩვენი მოკავშირე ქვეყნები ამ დამოუკიდებლობას არ ცნობენ. ამას ჩვენ ულტიმატუმად ჩაგვითვლიან“. შემდეგ მსჯელობა გაიმართა თურქეთისთვის ტერიტორიული დათმობის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხში საერთო პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა. გადაწყდა, რომ ტრაპიზონის სამშვიდობო კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ აკაკი ჩხენკელს ფართო უფლებამოსილება მინიჭებოდა, რომელიც დამოუკიდებლად და ვითარების შესაბამისად გადაწყვეტდა ტერიტორიის დათმობის საკითხებს. მასვე მიეცა თურქეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება. 30 მარტს ტრაპიზონში სამშვიდობო კონფერენცია განახლდა. რაუფ ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას კვლავ ულტიმატუმი წაუყენა და გადაჭრით განაცხადა, რომ თუ 3 აპრილამდე ოსმალეთი მისთვის სასურველ პასუხს არ მიიღებდა, თურქული არმია შეტევას დაიწყებდა. ჩხენკელმა ოსმალეთს გარკვეული ტერიტორიული დათმობა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც თურქეთს გადაეცემოდა: ოლთისის ოლქი მთლიანად, არდაგანის ოლქის სამხრეთი, ბათუმის ოლქის ნაწილი, ყარსის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და აგრეთვე ყაღიზმანის ოკრუგის დასავლეთი. თუმცა თურქეთმა ეს პირობა არ მიიღო. 6 აპრილს ოსმალეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განსაზღვრული ტერიტორიების დაკავების ბრძანება მიიღეს. 1918 წლის 8 აპრილს მტერი ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრა და 13 აპრილს უკვე  ბათუმი დაიკავა. იმავე დღეს ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის ფრაქციათა გაერთიანებულმა კრებამ ერთხმად მიიღო ირაკლი წერეთლის რეზოლუცია ტრაპიზონიდან ამიერკავკასიის დელეგაციის გამოწვევის შესახებ. სამშვიდობო კონფერენცია ისე ჩაიშალა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. 15-21 აპრილს თურქეთის ჯარებმა დაიკავეს: ოზურგეთი, ქობულეთი, მთელი მესხეთი და ბორჯომის მისადგომებთან გამოჩნდნენ. ქართულმა ჯარმა ოსმალთა მცირე ხნით შეჩერება მარტო მდინარე ჩოლოქთან მოახერხა. შეიქმნა ვითარება, როდესაც ამიერკავკასია არა მარტო ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებულ ტერიტორიებს კარგავდა, არამედ მას ტოტალური ოკუპაციის საფრთხე ემუქრებოდა. პირველ რიგში, ეს საქართველოს დედაქალაქ ტფილისს ეხებოდა, რომლის დაკავებასაც ოსმალები სერიოზულად განიხილავდნენ. სოციალ-დემოკრატების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საწინააღმდეგო არგუმენტმა ძალა დაკარგა _ თურქეთმა ისედაც დაიკავა სადავო ტერიტორიები და, როგორც ჩანს, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. იმ პირობებში, როდესაც ამიერკავკასიას არ შესწევდა სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია ოსმალთა არმიისთვის, თურქების შესაჩერებლად დამოუკიდებლობის გამოცხადება უპირველესი ვარიანტი გახდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში, შესაძლებელი ხდებოდა ოფიციალური მოლაპარაკების წარმოება და იმ ტერიტორიების შენარჩუნება, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით თურქეთს არ ეკუთვნოდა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმის საგანგებო სხდომა ჩატარდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ დეპუტატებმა რუსეთის შემადგენლობიდან რეგიონის გასვლისა და ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად ტფილისი დასახელდა. ფედერაციაში სამი კავკასიური ქვეყანა გაერთიანდა: საქართველო, სომხეთი და აზებაიჯანი. ფედერაციის სეიმის თავმჯდომარედ ქართველი სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს. ამიერკავკასიის სეიმმა იმავე სხდომაზე მოისმინა საზავო დელეგაციის მოხსენება და საზავო მოლაპარაკების გაგრძელების დადგენილება მიიღო. ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შექმნა აკაკი ჩხენკელს დაევალა. 1918 წლის 26 აპრილს აკაკი ჩხენკელმა სეიმს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა, რომელიც იმავე დღეს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარის პოსტი აკაკი ჩხენკელმა ჩაიბარა. თურქული არმია კი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აფართოებდა კავკასიის რეგიონში გავლენის სფეროს. 25 აპრილს ოსმალებმა ყარსი აიღეს და ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს: ამიერკავკასიის ფედერაციას თავისი შეიარაღებული ძალები 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე არსებული საზღვარის მიღმა უნდა გაეყვანა, ეს საზღვარი კი მდინარე ჩოლოქისა და არპაჩაის ხაზზე გადიოდა. ცხადი გახდა, რომ თურქეთის ტერიტორიული ამბიცია ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებით არ შემოიფარგლებოდა და იგი მთელი რეგიონის ოკუპაციას შეეცდებოდა. 1918 წლის აპრილის ბოლოს, გერმანიის სახით, კავკასიაში ახალი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდა. გერმანია, მართლია თურქეთის მოკავშირე გახლდათ, მაგრამ ამიერკავკასიის რეგიონში ოსმალეთის ზედმეტად გაძლიერება მის გეგმებში სულაც არ შედიოდა. კავკასიის მიმართ მას თავად ჰქონდა გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი. 1918 წლის 27 აპრილს გერმანიის მოთხოვნით, სტამბულში საიდუმლო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც  ამიერკავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხებოდა. თურქეთი უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებს უნდა დასჯერებოდა, ხოლო ამიერკავკასიის დანარჩენი ნაწილი გერმანიის კოტროლის ქვეშ გადადიოდა. გერმანიის მოთხოვნითვე, თურქეთმა 28 აპრილს ამიერკავკასიის ფედერაციის დამოუკიდებლობა აღიარა და მზადყოფნა გამოთქვა, ახლად შექმნილ სახელმწიფოსთან სამშვიდობო მოლაპარაკება გაემართა. მოლაპარაკება 11 მაისს უკვე თურქების მიერ ოკუპირებულ ბათუმში უნდა შემდგარიყო.   მიხეილ ბასილაძე

გაზიარება