მაღალჩინოსანთა „კომფორტის ზონის“ დათვალიერებასა და მათი ქონებრივი დეკლარაციის განხილვას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ვუწოდოთ, რადგან ხშირად ისინი არასწორ ინფორმაციას მიუთითებენ. მეტიც: ქონების დამალვისა და ცოლისდების, ან სხვა მონათესავე პირებზე გადაფორმების მაგალითებიც გვხვდება (გოგაშვილის ამბებს თუ გავიხსენებთ!).
ამჯერად, შინაგან საქმეთა მინისტრის მორიგ მოადგილეზე მიდგა ჯერი და გლდანში მერაბ მალანიას ვეწვიეთ.
სანამ უშუალოდ ამბის მოყოლაზე გადავალ, გეტყვით, რომ იგი მინისტრის მოადგილედ 2016 წლის 14 იანვარს დაინიშნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 1991-1995 წწ.-ებში თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა;
შემდეგ იყო დაცვის თანამშრომელი (1998-1999 წწ.) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (ამას უკვე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვაწყდებით);
1999-2000 წწ.-ებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ოფიცერი;
2000-2001 წწ.-ებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის საბრძოლო ჯგუფის უფროსი;
2001-2002 წწ.-ებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
2002-2013 წწ.-ებში შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ინსპექტორი;
2013-2014 წწ.-ებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის განყოფილების უფროსი;
29.02.15-13.01.2016 წლებში იყო შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ამ პოსტიდან კი მეორე დღესვე, 14 იანვარს, მინისტრის მოადგილედ ინიშნება.
ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
ახლა უშუალოდ დეკლარაციას რაც შეეხება: გასაკვირია, მაგრამ მის მიერვე ა. წ. 27 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიას, გასულ წელს შესრულებული სამუშაოსთვის, 138 448 ლარი აქვს აღებული, რაც მინისტრის ხელფასზე, თითქმის, ორჯერ მეტია.
დეკლარაციის თანახმად, 2016 წლის 13 იანვრიდან 31 დეკემბრამდე მერაბ მალანიას შემოსავალი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 138 448 ლარი იყო. თუმცა საფიქრებელია, რომ დეკლარაციაში ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, _ მალანიას ხელფასის აღების პერიოდად 13-31 დეკემბერი აქვს მითითებული, რაზედაც უწყებაში ამბობენ, რომ 138 448 ლარი არა ორი კვირის, არამედ მთელი წლის შემოსავალია.
უძრავ ქონებას რაც შეეხება, მის სახელზე ორი ბინა და ერთი არასაცხოვრებელი ფართი ფიქსირდება, სამივე მათგანი ნასყიდობით აქვს შეძენილი, ხოლო იმ ბინის შესაძენად, რომელშიც ახლა ცხოვრობს, მინისტრის მოადგილემ 75000,00 აშშ დოლარი გადაიხადა, იგი 262,00 კვ.მ.-ს წარმოადგენს და იმ ახალაშენებული კორპუსის მეორე სადარბაზოს ბოლო სართულზეა, რომელიც გლდანში, „ახმეტელის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. აქვე აქვს ამავე წელს 1900,00-დოლარად შეძენილი 18,00 კვ.მ.-ის არასაცხოვრებელ ფართი და კიდევ _ მერაბ მალანიას 100%-იან საკუთრებაშია 2009 წელს 37500,00 დოლარად ნაყიდი ბინა თბილისში, მუხიანის პირველ მკრ.-ში, რომლის ფართიც 43,00 კვ.მ-.ია.
მოძრავ ქონებათაგან დეკლარაციაში ერთი ავტომობილი _ „ mersedes 124“ აქვს მითითებული, რომელიც 2006 წელს ნასყიდობით შეუძენია 4500,00 აშშ დოლარად და გარდა ამისა, მითითებულია სამი საბრძოლო იარაღი: „glock 17“, „zig-zauer 1911“ და „Стечкин“-ი _ ყველა მათგანი ნაჩუქარია და მათში თანხა გადახდილი არ არის.
12-გვერდიან დეკლარაციაში ცარიელია გრაფები, სადაც საუბარია ფასიან ქაღალდებზე, მის საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად თანხაზე, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება, მისი ან ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაზე (საქართველოში, ან ქვეყნის გარეთ) და გასული წლის საჩუქარზე, რომლის ღირებულებაც 500 ლარს აღემატება.
როცა საუბარია საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშზე ან/და შენატანზე, დეკლარაციაში ვხედავთ, რომ მის სახელზე ორი საკრედიტო (მათ შორის, ერთი „თი-ბი-სი ბანკში“ (1665,00 GEL (-), 2988,48 GEL (-), ანგარიშის, ან/და შენატანის სახეობას ფლობს, დანარჩენი ორი ანაბარი და სახელფასო კი „საქართველოს ბანკში“ უფიქსირდება (496,91 GEL (+),1640,65 UშD (+) სახელფასო _ 4471,31 GEL (+).
ასევე, მის სახელზეა იპოთეკური სესხი 80000 აშშ დოლარის ოდენობით „ბანკ ქართუში“, საიდანაც გასავალი პროცენტის დასაფარად 1007,00 დოლარია.
სამომხმარებლო სესხი 10000 ლარის ოდენობით „საქართველოს ბანკში“, _ გასავალი 303,54 ლარია.
იპოთეკური სესხი _ 35000 აშშ დოლარი „ბანკ ქართუში“, გასავალი 440 აშშ დოლარია და ლიზინგი (განვადება) 3595 ლარი „საქართველოს ბანკში“, საიდანაც გასავალი 483 ლარი იყო.
დაბოლოს, გრაფაში: „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“ _ შვილის, გიორგი მალანიას სწავლის საფასურად გადახდილ 3500 ლარს ვაწყდებით.
ასევე, 7350 ლარად შეძენილ ავეჯს და 10000 ლარად გარემონტებულ სარდაფს.
ამით მიმდინარე წლის მინისტრის მოადგილის დეკლარაცია იწურება, ხოლო მის წინა წლების შემოსავლებს რომ თვალი გადავავლოთ, 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერია: მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან 80026.68 ლარი აიღო; ხოლო 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან 10561.97 ლარი მიიღო.
საბოლოოდ, დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, გლდანისკენ ავიღეთ გეზი, რადგან ვიცით, რომ როდესაც მინისტრის მოადგილე 262 კვ.მ.-ის ბინას ფლობს, იგი 43 კვ.მ.-ის საცხოვრებელში არ გაჩერდება და დანიშნულების ადგილიც სწორედ ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაა, რომელმაც იმდენად დაგვახვია თავბრუ როგორც მე, ისე ტაქსის მძღოლებს, რომ მიუხედავად მისი არცთუ ურიგო ადგილმდებარეობისა, ბევრმა იქ მცხოვრებმაც კი არ იცოდა, რომ ეს ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა იყო და რომ აქ მინისტრის მოადგილეს დაედო ბინა.
მოკლედ, როგორც კი „ახმეტელის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, პირველ რიგში, გარემოვაჭრეების „გაუჩინარება“ გაგაოცებთ და შემდეგ იმაზე დაფიქრდებით, რომ შორიახლოს შს მინისტრის მოადგილე და კიდევ, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ცხოვრობს. თუმცა, შესაძლოა, საერთოდაც არ შეგაწუხოთ ამ ფიქრებმა და პირდაპირ თქვენს საქმეს მიხედოთ. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
ხსენებული „ახმეტელის“ მეტროს მიმდებარედ, როცა უკვე I მკრ.-სკენ გაემართებით, ცენტრალურ, ხიზანიშვილის ქუჩას გაივლით, რომელზედაც არაერთი სწრაფი კვების ობიექტი, სილამაზის სალონი, კონკრეტული ნივთების მაღაზია შეგხვდებათ, შემდეგ უკვე მარჯვენა მხარეს შეუხვევთ და ესეც თქვენი ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა, თუმცა ჩემი ამ ქუჩაზე აღმოჩენა ჯერ იქ მცხოვრებლებისა და ადგილზე მომუშავე პერსონალის, შემდეგ კი ტაქსის მძღოლების არცოდნის გამო აირია.
კვირას, შუადღის 14:00 საათისთვის გლდანისკენ მიმავალ გზას დავადექი, რომელიც ჯერ მეტრომდე და შემდეგ შესაბამისი მიმართულებით მიდიოდა. ამინდიც შესანიშნავი იყო და ამას ერთვოდა ქალაქის მტვერი, რომელსაც მანქანების სიუხვე იწვევდა.
ჯერ პირველი მკრ.-სკენ ავიღე გეზი და გზად არაერთი ის დაწესებულება გავიარე, რომლებზედაც უკვე გესაუბრეთ, შემდეგ იყო ცენტრალური ქუჩის პარალელურად, შენობების უკან, ხეების ჩრდილში გაშლილი ლურჯი ფერის წყალგაუმტარი მატერია, რომელზედაც უამრავ ნივთს აღმოაჩენთ, სანტექნიკის ნივთებით დაწყებული, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლით დამთავრებული, აქვეა სამკაულები და რომელიღაც ხის ფესვების დაფასოებული პაკეტებიც. ამის პარალელურად კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებია განთავსებული, სადაც საკმაოდ იაფად იპოვით იმას, რაც უკვე ვიღაცის მიერაა გაცვეთილი.
ამ დერეფანში გავლისას, დასაწყისში, ორი ქალბატონი ზის, სხვადასხვა სახის სანელებელს ჰყიდის. სწორედ ამ ქალბატონებით დავიწყე იქ მყოფთა გამოკითხვა ბოჭორიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა და ფიქრობდნენ, რომ, საერთოდ, ამ ტერიტორიაზე ქუჩებს დასახელებები არ აქვს, აქ მხოლოდ მიკრო რაიონები და კორპუსებია განთავსებული.
გასაკვირია და ამას მხოლოდ გამყიდველები კი არა, იქ მცხოვრებლებიც, ტაქსის მძღოლებიც კი აღნიშნავდნენ. სწორედ ასე, კითხვა-კითხვით აღმოვჩნდი პირველ მიკრო რაიონში, საიდანაც ერთმა გოგონამ უკან გამომაბრუნდა და მითხრა, რომ საერთოდ საპირისპირო მხარეს უნდა წავსულიყავი, ქუჩის გადაღმა.
ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჩემი GPღშ სისტემაც კი დაიბნა. მოკლედ, გამოსავალი ტაქსის დაჭერა და მასზე მინდობა იყო, ასეც მოვიქეცი. თუმცა... პირველი სამი მძღოლი, საერთოდ, ქუჩის დასახელებამ დააბნია და სხვა მომხმარებლის ძებნა გადაწყვიტა. სხვას დაველოდე. ბოლოს, ამ მძღოლმა მიპასუხა, რომ იცოდა, სადაც მდებარეობდა ეს ქუჩა, მეც დიდი სიხარულით ჩავჯექი. ავუხსენი, რამდენ ადამიანს ვკითხე უკვე და რომ არც მათ და არც ტაქსის მძოლებმა იცოდნენ, _ აი, მე კი ვიცი, საბურთალოზეა, _ მითხრა და ჩემი ბედნიერი სახე შეძრწუნებამ შეცვალა... თავი გამოვიდე, _ რას ჰქვია, საბურთალო? გლდანშია-მეთქი!
ძალიან ბევრი ვიარეთ და როცა გაიგო, რომ მეც მეგრელი ვიყავი (ისევე, როგორც თავად) მთლად ზედ გადამყვა, რამდენიმე წრე შემოვუარეთ მხოლოდ იმ მარშრუტს, რომელიც მე გავიარე. ბოლოს მივაგენით, _ ეს ჭეშმარიტების წამი იყო. აქედან იწყება თხრობა:
„ახმეტელის“ მეტროდან რომ გამოხვალთ, გლდანის პირველი მკრ.-ისკენ უნდა აიღოთ გეზი და პირველივე მარჯვენა შესახვევში უნდა შეუხვიოთ, ცოტა ხანს ივლით და მარცხენა მხარეს, ახალაშენებულ, ნამდვილად განსხვავებულ კორპუსს დაინახავთ, რომელიც სულაც არ ჰგავს არც იმ „ხრუშჩოვკებს“ და არც 12 ან 16-სართულიან შენობებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს აშენებდნენ. თუმცა სანამ ხსენებულ კორპუსს მიადგებით, ისევ მაღაზიების წყებას გაივლით და ერთ-ერთი მათგანის კაბინასთან ხალხის რიგს შენიშნავთ, _ იმ ჯიხურში ბევრად იაფად იყიდება საკვები პროდუქცია. მათი შემხედვარე ომის დრო და 90-იან წლებში პურის რიგებზე თქმულებები გამახსენდა, თუმცა ახლა მთავარი მინისტრის მოადგილის საცხოვრებლის ნახვა და მასზე თხრობაა. სტატიის მთავარ ფოკუსს დავუბრუნდეთ.
საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებისას იქვე მდგარი „სტაიანშიკი“ შევნიშნე, რომელმაც ტაქსის მძღოლის კითხვაზე, _ იყო თუ არა ეს ბოჭორიშვილის 8 ნომერი? დადებითი პასუხი გასცა და თან მინისტრის მოადგილე მალანიას აქ ცხოვრებაც დაადასტურა.
ტაქსის მძღოლს ამ ადგილზე მოყვანისთვის მადლობა გადავუხადე, შესაბამისად, გავუსწორდი კიდეც და ახლა კორპუსის ქვემოთ მდებარე მაღაზიაში შევედი. მინდოდა მეკითხა, რამდენად ხშირად ჩამოდის და თუ იცნობდნენ იქ თანამდებობის პირს?
მაღაზიაში შესვლისას მოლარე ახალგაზრდა ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ემსახურებოდა, ეს უკანასკნელი კი ლურჯი ფერის მაისურში ჩაცმული, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა, ოდნავ ღიპმორეული მამაკაცი იყო.
_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მინისტრებისა და მათი მოადგილეების კომფორტის ზონაზე ვწერ, _ მივმართე მოლარეს, _ მაინტერესებს, მერაბ მალანიას თუ იცნობთ?
_ კი, კი! _ მითხრა ლურჯმაისურიანმა, ჩემდა გასაკვირად.
_ აქ ცხოვრობს, ხომ?
_ კი, მეც აქ ვცხოვრობ და მეზობელია.
_ როგორი მეზობელია?
_ როგორი? რაში გაინტერესებთ? _ ეს მკითხა და ხელახლა ამათვალიერა. ამ დროს შევნიშნე, რომ მუქი ფერის, მომწვანო თუ მოლურჯო საფულის მაგვარი ტყავის ნივთი ეჭირა, რომელსაც გარედან შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწერა.
_ ხომ მოგახსენეთ უკვე, კომფორტის ზონაზე ვწერ. თქვენც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობთ?
_ კი, თანამშრომლები ვართ, მშვენიერი მეზობელია და ნეტავ, მისი მსგავსი მეზობლები გვყავდეს სულ.
_ სალმიანია?
_ სალმიანი? რას ბრძანებთ?! თან როგორი!
_ კარგი, გასაგებია, გმადლობთ.
_ გაიხარეთ.
ამის თქმა იყო და მაღაზიიდან გამოვედი, სხვამ კომენტარისგან თავი შეიკავა. ახლა ჯერი თვითონ კორპუსის მცხოვრებლებსა და მეზობლებზე მიდგა.
აგურისფერი თაღის გავლის შემდეგ იმ ახალაშენებული კორპუსის ეზოში აღმოჩნდებით, რომელზედაც გესაუბრეთ. მარცხენა მხარეს კი სამ, ან ოთხსართულიანი, სიგრძეზე განფენილი შენობა დგას. ცოტა არ იყოს, კონტრასტია, მაგრამ ეს არაფერი!
ახლა პირველ სადარბაზოში შევედი. ბედნიერება ის იყო, რომ ამ ახალაშენებული კორპუსის კოდდადებული კარი ღია დამხვდა, თან მხოლოდ ერთი კი არა, ორივე სადარბაზოსი.
პირველივეში შევედი და როცა უკვე მესამე სართულზე ავედი, მივხვდი, რომ ამ სადარბაზოში არ იყო ბინის იმდენი რაოდენობა, მე-60 ბინამდე მივსულიყავი, ამიტომ გარეთ გამოსვლა და მეორე მათგანში შესვლა გადავწყვიტე, რაც იქვე, კიბესთან მსხდომარე 10 წლის ბიჭებმაც მირჩიეს.
მოკლედ, მეორე სადარბაზოში შევედი, მივხვდი, რომ ჯერ კიდევ აუთვისებელი და რემონტდაუსრულებელი ბინებით იყო სავსე კორპუსი, მხოლოდ აქა-იქ შეგხვდებოდათ მცხოვრებლებით „სავსე“ ბინები.
ბოლოს, გამიმართლა, ერთ-ერთი კარი შავში ჩაცმულმა ქალბატონმა გამიღო:
_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მერაბ მალანიას კომფორტის ზონაზე ვწერ, თქვენი მეზობელია, ხომ?
_ არა, არაო, _ ხელები დაიქნია, როგორც კი სიტყვა ჟურნალისტი გაიგო. არ ვიცნობ. ვინაა?
_ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა, ზემოთ სართულებზე უნდა ცხოვრობდეს.
_ არა, არ ვიცნობ, _ კარი მიხურა.
_ კარგი-მეთქი _ და წამოვედი.
კვლავ ვაგრძელებდი მაღლა ასვლას, ბოლოს წინა სართული ვნახე, თეთრი კარი იყო, თან ბავშვის ხმა გამოდიოდა. ვიფიქრე, გამიმართლა და როგორც იქნა, ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც დამელაპარაკება-მეთქი, ასეც აღმოჩნდა.
ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, ოჯახის რძალი იქნებოდა, მასაც ასევე წარვუდგინე საკუთარი თავი და ავუხსენი, რატომაც ვეკითხებოდი მალანიაზე. მან გულითადად მიმიპატიჟა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ შევედი და კითხვა გავაგრძელე:
_ თქვენი მეზობელია, ხომ?
_ კი, მერაბი ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს.
_ როგორი მეზობელია, მაინტერესებს?
_ ძალიან კარგი, ძალიან.
_ ურთიერთობაში შემოდის ხოლმე? სალმიანია?
_ კი, აბა?! მერაბი რომ სალმიანია, ისეთი არ ვიცი.
_ ხშირად ხედავთ ხოლმე?
_ კი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. ძალიან კარგი მეზობელია, ტყუილს არ ვამბობ, პირიქით. თავიდანვე, 2 წელია, აქ ვართ და თავად გამოიჩინა ინიციატივა, რომ ოჯახებით გაგვეცნო ერთმანეთი და ასეც მოხდა, დავმეგობრდით.
_ დიდი მადლობა-მეთქი, _ დავემშვიდობე.
ახლა ერთი სართულით ზემოთ ავედი, ბოლო სართული იყო, ბოლო ბინა _ #60, სპილოსძვლისფერზე ოდნავ უფრო მუქი ფერის კარზე სწორედ ეს ნომერი იყო მიკრული და კართან ვერ ან ძლივსგახარებული ყვავილის ქოთანი იდგა, კამერები და სხვა „აღჭურვილობა“ არ შემინიშნავს. ფოტოები გადავუღე და წამოვედი.
ქვემოთ ისევ ფეხით ჩამოვედი კიდევ ერთი რესპონდენტის პოვნის იმედით, თუმცა ტყუილად.
უკვე უკან ვბრუნდებოდი იმავე გზით, ისევ ის „სტაიანშიკი“ შევნიშნე. მასაც წარვუდგინე ჩემი თავი და ავუხსენი, რატომ ვინტერესდებოდი მინისტრის მოადგილით:
_ ძალიან კარგი ბიჭია, მასზე ცუდს არავინ ამბობს, _ მიპასუხა შუახნის „სტაიანშიკმა“
_ მანქანის დაყენებაში ეხმარებით ხოლმე?
_ მე იშვიათად, მაგრამ კარგი, სალმიანი ბიჭია.
_ გმადლობთ-მეთქი, _ და წამოვედი.
უკან ვბრუნდებოდი, ისევ ის რიგი შემხვდა საკვები პროდუქციის მოძრავ ჯიხურთან.
ბევრი რამ ვისწავლე დღეს, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ბოჭორიშვილის ქუჩას მივაგენი, _ ადგილს, სადაც იმ ადამიანის საცხოვრებელი მდებარეობს, რომლის ხელფასიც, გასულ წელს, შს მინისტრის ხელფასზე, თითქმის, ორჯერ მეტი იყო.
ნინო ტაბაღუა