QronikaPlus
ბაკო ხელაძე: ,,დიდგორობის დღესასწაული უნდა არსებობდეს - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ხელშეუხებელია!“

ბაკო ხელაძე: ,,დიდგორობის დღესასწაული უნდა არსებობდეს - უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ხელშეუხებელია!“

2017-05-14 12:16:10

აშშ-ს პრეზიდენტი ხელს აწერს კანონს, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარება იკრძალება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობენ. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ თბილისში გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოდის და მხარეები თანამშრომლობის ახალ გზებზე საუბრობენ. ამ ფონზე, ჩვენი მეზობელი თურქეთის დასავლეთთან ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. პრეზიდენტი ერდოღანი ათათურქისეულ დემოკრატიას ნელ-ნელა ავტორიტარიზმით ანაცვლებს, ხოლო თბილისში თურქეთის საელჩოს „დიდგორობის“ დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა აღელვებს... ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური უსაფრთხოების ახალგაზრდა მკვლევარი _ ბაკო ხელაძე: _ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელმოწერილი კანონი ხმამაღალი დიპლომატიური განაცხადია. აქამდე ასეთი რამ არ ყოფილა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპი აქტიურ და აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მხარდაჭერით წელსაც საქართველოში „ღირსეული პარტნიორობის“ ფარგლებში ნატოს ეგიდით წვრთნები გაიმართება, სადაც ქართველი და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. გარდა ამერიკული სამხედრო ტექნიკისა, წინა წლებთან შედარებით, ეს წვრთნები ბევრად გაფართოებული იქნება და მასში კიდევ მეტი ქვეყანა ერთვება. სავარაუდოდ, ფინანსურ-ტექნიკური დახმარება გაგრძელდება, რასაც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი და, ზოგადად, მისი რუსეთისადმი აგრესიული პოლიტიკა მოასწავებს. ამერიკიდან სულ უფრო პოზიტიურ ნაბიჯებს ველოდები. მთავარია, შემხვედრი ნაბიჯები გავაკეთოთ. _ ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანიც სტუმრობდა თბილისს, რა ახალი პერსპექტივები ჩნდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში? _ ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩვენთვის დიდი მიღწევაა, რადგან ეს სულ რამდენიმე წლის წინათ, ლამის, წარმოუდგენელი იყო. როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყანაა, რაშიც არ შეიძლება, მას არ დავეთანხმოთ. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის ყველაზე მეტად უახლოვდება ევროკავშირსა და, ზოგადად, დასავლეთს. მნიშვნელოვანი იყო ასევე ევროკომისრის მიერ გაჟღერებული ფინანსური დახმარება, რომელსაც ევროკავშირისგან უნდა ველოდოთ. სხვა რაიმე კონკრეტული ახალი პერსპექტივა, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში მოხდეს, არ ჩანს. მთავარია, გაგრძელდეს სხვადასხვა სფეროში (განსაკუთრებით ეკონომიკური) ურთიერთობები, რადგან ევროკავშირის ბაზარი ათასჯერ უფრო დიდია საქართველოს ბაზრის მოცულობასთან შედარებით. ევროკავშირის მოსახლეობა ჩვენზე ასჯერ მეტია და, ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები ჩვენზე, დაახლოებით, ათჯერ მეტია. ანუ დილეტანტურად რომ დავითვალოთ, ევროკავშირის ბაზარი ჩვენსაზე ათასჯერ დიდია, ამიტომ ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის ასეთი ბაზრის ქონა უმნიშვნელოვანესია. ახლა მთავარია, ადგილობრივ ბიზნესს მაქსიმალურად ხელი შეეწყოს, რომ ჩვენი პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს. მნიშვნელოვანია, სხვა სფეროებშიც გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობები, რაც საქართველოს უფრო წაადგება, ვიდრე ევროკავშირს. შემთხვევითი არ იყო, რომ იოჰანეს ჰანმა ისაუბრა განათლების როლზე ქვეყნის მშენებლობაში და ევროპული სკოლის გახსნაც დააანონსა. არსებობს სკეპტიკოსების დამოკიდებულება, რომ ჩვენ ევროკავშირი ვერ მიგვიღებს, რადგან რუსეთთან კონფრონტაციას გაურბისო, ამიტომ რასაც ვაკეთებთ, ამას აზრი არ აქვსო. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ერთი რამის გამო, _ არსებობს გარკვეული პრეცენდენტები, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მქონე ქვეყანა ევროკავშირს მიუღია. ეს კვიპროსს შეეხება. ამიტომ მივიჩნევ, რომ ევროკავშირის კონსულტაციებითა და მხარდაჭერით განხორციელებული რეფორმები, ზოგადად, ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, სულ რომ ვერ გავწევრიანდეთ ვერც ერთ კავშირში ვერასოდეს. რადგან ევროკავშირი უკვე შემდგარი და წარმატებული პროექტია, მასთან თანამშრომლობა საქართველოს მომავალში ბევრ სიკეთეს მოუტანს. _ ამ ფონზე, რა პროცესები მიმდინარეობს მეზობელ თურქეთში და ეს რა გავლენას ახდენს საქართველოზე? _ ზოგადად, როდესაც თურქეთის თანამედროვე ისტორიაზე ვსაუბრობ ხოლმე, ერთგვარ წყალგამყოფად მივიჩნევ წინა წლის გადატრიალების მცდელობას. აქ თვისობრივად ორი განსხვავებული თურქეთია: ერთი 2016 წლამდე არსებული ათათურქისეული თურქეთი, მეტ-ნაკლებად, ზომიერი ისლამისტური ძალებით. ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია ზომიერ ისლამისტურად მიიჩნევა. მაინც იმ პოლიტიკას ატარებდა, რაც ამ ყველაფერში ათათურქს ჰქონდა ჩადებული. 2016 წლიდან, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, ერდოღანი, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი ხდება, რაც შემდეგ 16 აპრილის რეფერენდუმით დაიკანონა. საერთოდ სხვა, ნეოოსმანური თურქეთი ჩნდება, რომელმაც ათათურქის ძირითადი პრინციპი, დასავლეთისკენ სწრაფვა და თურქეთის ვესტერნიზაცია უარყო. დღეს ის საკუთარ თამაშს თამაშობს. ნეოოსმანური ორიენტაციის აღებით თურქეთი დღითი დღე სცილდება დასავლეთს და იუარესებს მის ძველ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს. თურქეთის აღნიშნული თვითმარგინალიზაცია და დასავლეთთან დაშორება, ერთი მხრივ, დასავლეთის ბრალიც არის, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მძევალი იყო _ რადგან ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ, სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდნენ... თურქეთი აღნიშნულ მოთხოვნებს, მეტ-ნაკლებად, ზედმიწევნით ასრულებდა, თუმცა შემხვედრი ნაბიჯები დასავლეთისგან არ იყო და ევროკავშირის ლიდერები მუდმივად გაურბოდნენ კითხვას, _ როდის გაწევრიანდებოდა თურქეთი ევროკავშირში? ამიტომ ამან იმედგაცრუება გამოიწვია. მეტიც, ნეოოსმანისტების იდეების პოპულარიზაცია შეუწყო ხელი და ამიტომ აქ დასავლეთის გარკვეული ბრალეულობაც იკვეთება. კიდევ მნიშვნელოვანია, დღეს თურქეთი როგორ იქცევა დასავლეთთან და რუსეთთან. მოგეხსენებათ, წინა წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ლამის, ომის ზღვრამდე მივიდა. უშედეგო გადატრიალების შემდეგ თურქები და რუსები ძალიან ახლო მეგობრები ხდებიან. ამის შემდეგ პირველი ვიზიტი ერდოღანმა სწორედ რუსეთში განახორციელა, _ პუტინს ეახლა. მაშინ უცხოელ ანალიტიკოსებში ასეთი ვერსია იყო, რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ პუტინი-ერდოღანის დამეგობრება აღნიშნულ გადატრიალებაში რუსეთის მონაწილეობას უკავშირდება, ოღონდ რა კუთხით: აქ ერთი ვერსიაა, რომ ერდოღანი საერთოდ აჯანყებულებისგან რუსეთმა იხსნა, ანუ სიკვდილს გადაარჩინა, რაც, ცოტა არ იყოს, ბელეტრისტიკის ჟანრია და ბოლომდე რეალურ ამბავს არ ჰგავს. მეორე ვერსიაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს გარკვეული ინფორმაციები ჰქონდათ გადატრიალების შესახებ, ეს მიაწოდეს და ამით პუტინმა ერდოღანის გული მოიგო. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთსა და თურქეთს შორის ის არის, რომ ძალიან დაახლოვდნენ და მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა დაიწყო. აღდგა ურთიერთობები ბირთვულ და ენერგო სფეროებში. დაანონსდა ძველი ენერგოპროექტების გაგრძელება, რაც ჩაშლილი იყო და თითქოს ამაზე არც ერთი მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებდა. ამავდროულად, შეიძლება დაიწყო მოლაპარაკებები ახალი ენერგომატარებლების გაყვანაზე. ამ ფონზე, თურქეთი ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს დასავლეთის მიმართ. გერმანიისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს შეგახსენებთ. დღევანდელი გერმანია ნაცისტურ გერმანიას შეადარა და თქვა, რომ მათ შორის, მაინცდამაინც, ბევრი განსხვავება არ არისო. ასევე იყო ჰოლანდიის შემთხვევაში, როცა საგარეო და სოციალური პოლიტიკის მინისტრები არ შეუშვეს. ამის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ გერმანიამ მარტში ცოტა ხნით დახურა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში, მათივე დიპლომატთა უსაფრთხოების გამო. მოკლედ, თურქეთი ნელ-ნელა ავტორიტარული ქვეყანა ხდება. ათი ათასობით, შეიძლება უკვე ასი ათასობით ადამიანი დაპატიმრებულია. მას შემდეგ ერთგვარი პარანოიკული მოვლენები ვითარდება მეზობელ ქვეყანაში. მათ შორის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში, დაახლოებით, 15 ათასი ებრაელი ცხოვრობს და აქედან 6 ათსზე მეტი უკვე პასპორტებსა და თავშესაფარს ითხოვს ესპანეთში, პორტუგალიაში, ისრაელსა და ა. შ., ანუ ისინი ქვეყნის დატოვებას აპირებენ. არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია ბევრი ადგილობრივისთვისაც გაუსაძლისი ხდება. _ რა გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესები საქართველოზე? _ ზოგადად, ყოველთვის არასასურველია არადემოკრატიული რეჟიმი შენს მეზობლად. მით უმეტეს, თუ მას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს. ნატოში თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობით თურქეთი მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ. როდესაც ქვეყანა აგრესიულ რიტორიკას იყენებს და ასეთსავე ნაბიჯებს დგამს, ხშირად ერთგვარი, სენტიმენტები, გამოსჭვივის ოტომანთა იმპერიის მიმართ. რასაკვირველია, ეს საქართველოსთვის, მაინცდამაინც, სასიამოვნო რეალობა არ არის, იმისდა მიუხედავად, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. უამრავი, დაახლოებით, ასამდე ხელშეკრულება არის დადებული ორ ქვეყანას შორის. ასევე ჩვენი ეკონომიკა ასიმეტრიულადაა დამოკიდებული თურქეთზე და აქ შემიძლია რამდენიმე ციფრი გითხრათ: წინა წლის მესამე კვარტალში ინვესტიციებმა 111 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, წლის პირველი ხუთი თვის დაანგარიშებით, საზღვარგარეთიდან შემოსული თანხებიდან 7,4% სწორედ თურქეთიდან მოდის. რომ არაფერი ვთქვათ იმ თანხებზე, რომელიც საქართველოში არაპირდაპირ შემოდის. ანუ ვგულისხმობ ქართველებს, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ არიან ჩასულები. იქიდან რაღაც თანხები ჩამოაქვთ, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ. ძალიან სერიოზულ თანხებზეა საუბარი, ალბათ, გესმით, რამდენად დიდია ეკონომიკური ურთიერთკავშირი თურქეთთან. ამ ბოლო დროს ყარსის ხელშეკრულებაზე დაიწყო ისევ საუბარი, თითქოს ამ ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთს შეუძლია აჭარის შემოერთება და ამისთვის ემზადება. რაღაც ხელოვნული პანიკა იყო შექმნილი, როგორც ეს ხელოვნურად კეთდება ხოლმე ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მხარდაჭერას სხვა ქვეყნიდან იღებს, რომ რუსეთთან ერთად თურქეთიც ოკუპანტია და ა. შ. აი, ამ ტიპის პროვოკაციების შემოგდებას ცდილობენ. ზუტად ამაზე გააკეთა განცხადება თურქეთის ელჩმა ლევენტ გუმრიქჩუმ, რომელმაც თქვა, რომ თურქეთს არავითარ შემთხვევაში არ აინტერესებს არც ბათუმი, არც აჭარა, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ თურქეთი თუ არ გადაუხვევს ავტორიტარიზმისკენ მიმავალ გზას, შეიძლება, ის გარკვეული საფრთხედ  იქცეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად სამეზობლოსთვისაც. რამდენადაც ნელ-ნელა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ემსგავსება და შეუძლებელია ასეთი სახელმწიფოების პროგნოზირება, ხვალ და ზეგ რას გააკეთებს. _ მაინც, როგორია თქვენი დაკვირვება, როგორ განვითარდება პროცესები თურქეთში და ანკარა-თბილისის ურთიერთობაში? _ თურქეთს ძალიან დიდი შიდა პრობლემები აქვს. ერთი მხრივ, ბოლო ორი წელია, სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. სერიოზული ინფლაციაა, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზარალდება და უკმაყოფილებაა. ასევე ათასობით ადამიანის დაკავება, მასწავლებლების, პროფესორების, სხვადასხვა პროფესიის, მაღალი რანგისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანთა დაპატიმრება მიმდინარეობს. ამას ემატება სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციები, სადაც, ძირითადად, ქურთები ცხოვრობენ. სროლები და შეტაკებები ამ ქურთული რეგიონებისთვის, ბოლო პერიოდია, ჩვეულებრივობად იქცა. დიარბექირში, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომია. რამდენიმე მეგობარი მყავს თურქეთის ამ მხარეში. ყვებიან, რომ აქ პოლიციური რეჟიმი მოქმედებს. როგორც კი ქუჩაში ხალხის თავშეყრაა, ავტომატურად მოდის ჟანდარმა, ან სხვა რომელიმე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და შლიან. ასევე თურქეთში ხშირია სროლები, ბოლო პერიოდში ტერაქტები, რაც ქვეყნის სტაბილურობაზე ცუდად აისახება. ერთი სიტყვით, მაინცდამაინც, დადებით პროგნოზებს ვერ გაძლევთ, რადგან შიდა პრობლემებს გარე გამოწვევები ემატება. მოგეხსენებათ, აშშ მხარდაჭერას უცხადებს ერაყელ ქურთებს, იქაურ ქურთისტანს, ასევე სირიელ ქურთებს, რაც ანკარისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ქურთისტანის სახელმწიფო თურქეთის გარეთ ისეთივე საფრთხის შემცველია, როგორც ქვეყნის შიგნით... ამიტომ თუ ერდოღანი ახლანდელ პოლიტიკას გააგრძელებს, დასავლეთის მხარდაჭერას მაქსიმალურად დაკარგავს და ამით ქურთებს ახლო აღმოსავლეთში გააძლიერებს. ავტორიტარული მიდგომების მომძლავრება თურქეთს არანაირად არ წაადგება. ასევე რუსეთთან დაახლოება, რომელთანაც თუ დღეს მოკავშირეები არიან, ხვალ არ იქნებიან, რადგან მათი ინტერესები იკვეთება _ ორივეს სტრატეგიული ინტერესები აქვს კავკასიასა და შავ ზღვაზე. მოგეხსენებათ, ოსმალური იმპერია კავკასიას უკანა ეზოდ განიხილავდა. რუსებიც აქ თავს დომინანტებად მიიჩნევდნენ. დღეს კავკასიის გარკვეულ ნაწილებში ისევ რუსეთი დომინანტობს: სომხეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ პარტნიორობა მოსკოვ-ანკარას შორის მხოლოდ დროებითი მოვლენაა. როგორც კი საქმე შავ ზღვაში, კავკასიაში დომინანტობას შეეხება (იგივე სირიაში დომინატობას), აქ უკვე პარტნიორობასაც ბოლო ეღება. თანაც ეს ყველაფერი თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობის დინამიკაზე არის დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა ეს კავშირი, გარკვეულწილად, მოშალა. ასევე თურქეთს, ერთგვარი, კოზირი აქვს ამ თვალსაზრისით და ეს სირიელი ლტოლვილებია. დაახლოებით სამ მილიონზე მეტი სირიელი დევნილი ჰყავს შეფარებული თურქეთს. ხშირად იმუქრებიან ხოლმე, რომ თუ ევროკავშირი ჭკუით არ იქნება, ამ ხალხს პრობლემებს შეუქმნიან. ერთი სიტყვით, ამით ევროკავშირს აშანტაჟებენ. ალბათ, გახსოვთ შარშან ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი თურქეთს სირიელი ლტოლვილების შესანახად გარკვეულ ტრანშებს არ გადაურიცხავს, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უარს იტყვის ამ ხალხის შეჩერებაზე და დასავლეთს შეასევს. ამიტომ გარკვეული კოზირები დასავლეთთან ურთიერთობაში თურქეთსაც აქვს. ისეც არ არის, რომ ის წინასწარ განწირულის პოზიციაში იმყოფებოდეს. _ თურქეთის საელჩომ „დიდგორობის“ დღესასწაულის აღნიშვნაზე კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა... _ დიდგორობის საკითხს სამ ნაწილად ვყოფ: 1. რამდენად გვჭირდება ეს ჩვენ? 2. რამდენად ლოგიკურია თურქეთის მიდგომა ამ დღესთან დაკავშირებით? როგორც ვიცი, ოფიციალური პოზიცია არ არსებობს, მხოლოდ საელჩოს დამოკიდებულებაზეა საუბარი; 3. უნდა გავითვალისწინოთ თუ არა თურქეთის საელჩოს პოზიცია? რაც შეეხება პირველ საკითხს, _ რამდენად გვჭირდება ეს ჩვენ? მე პირადად, თურქეთის პოზიცია რომ არა (საკითხი ცალკე რომ დავაყენოთ და ისე შევხედოთ), მომხრე არ ვარ, რადგან საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა უქმე დღეებით. შარშან დაითვალა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომ ჩვენ ყოველი ასეთი უქმე დღე 80 მილიონი ლარი გვიჯდება. ეს დიდი თანხაა და ამით ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. დავითვალოთ საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები, 80 მილიონზე გადავამრავლოთ და კოლოსალური თანხა გამოდის. რასაკვირველია, ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი ასეთი დღე, უბრალოდ, არ გვჭირდება. მაგრამ რაც შეხება იმას, თუ რამდენად ლოგიკურია თურქეთის საელჩოს დამოკიდებულება, ეს ჩემთვის ორი რაღაცის გამო გაუგებარია: ერთი ის, რომ ეს საქართველო-თურქეთს შორის ომი არ იყო და დღევანდელი თურქეთი არ განიხილება იმდროინდელი თურქ-სელჩუკების სამართალმემკვიდრედ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დასახელებაში არსებობს სიტყვა „თურქი“. ამ საკითხს, დიდგორის ბრძოლას, უფრო გლობალურად რომ შევხედოთ, ეს ჯვაროსნული ომებიდან ერთი კონკრეტული ეპიზოდი იყო. ეს იყო ისლამური კოალიციური ლაშქარი, რომელშიც რამდენიმე მუსლიმური სასულთნო იყო გაერთიანებული. ეს ერთგვარი ჯიჰადი იყო საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ. მოკლედ, თურქეთი არ ითვლება იმ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრედ, რომელიც დიდგორის ომში მონაწილეობდა. ამიტომ მათი პოზიცია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. მით უმეტეს, რომ თვითონაც აღნიშნავენ ასეთ დღეებს, იგივე კონსტანტინოპოლის აღებას, ართვინის შემოერთებას, თუ არ ვცდები, 7 მარტს. ასევე 30 აგვისტოს დუმლუპინარის ბრძოლაში ბერძნებზე გამარჯვებას აღნიშნავენ და, მაინცდამაინც, არ აწუხებთ ამ დროს სხვების, ვთქვათ, ბერძნების დამოკიდებულება. მათთვის ეს დღესასწაულია. მესამე საკითხს რაც შეეხება, ანუ უნდა გავითვალისწინოთ თუ არა თურქეთის საელჩოს ასეთი პოზიცია, ვფიქრობ, საელჩოს ეს პოზიცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ, თავიდან ამას შევეწინააღმდეგებოდი. მაგრამ ახლა ეს უკვე პრინციპის საკითხად იქცა, რადგან თურქული მხარის ასეთი მოქმედება ჩვენს სუვერენიტეტში ჩარევაა. ამიტომ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ხელშეუხებელია. ეს არის გამოცდა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ასევე მთავრობისთვის. ვფიქრობ, ამ საკითხის წარუმატებლად გასვლა საზოგადოებაში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს მთავრობის მიმართ. ახლა საკითხის განხილვა შეჩერებულია და იმედი მაქვს, რომ განახლდება და ეს დღესასწაული ისე ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო. იდეაში, დიდგორობის დღესასწაული უნდა არსებობდეს, მაგრამ ვიმეორებ, უქმე დღედ გამოცხადება, მაინცდამაინც, მისაღები არ არის. როგორც აღვნიშნე, ეს უფრო პრინციპის საქმეა.   გელა მამულაშვილი    

გაზიარება