QronikaPlus
ბაიკერ ვიცე-გუბერნატორის დედაზე დამალული ქონების ისტორია

ბაიკერ ვიცე-გუბერნატორის დედაზე დამალული ქონების ისტორია

2017-05-07 08:56:57

თელავი ისტორიული ქალაქია, აქ ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. თელავში ერთი დღე ყველას გამორჩეულად უყვარს. ამ დღეს ერეკლეობა ჰქვია. ტრადიციული კახური რიტუალებით მეფის დაბადების დღეს აღნიშნავენ... მაგრამ, ხანდახან, ტრადიციაც ირღვევა და... 2014 წლის 7 ნოემბერს თელავმა მეფე ერეკლეს დაბადების დღე აღნიშნა... დაბადების დღისა რა გითხრათ და, მოედანზე ისეთი „ბაიკერული შოუ“ მოეწყო თავისი სექსუალური ელემენტებით, რომ კახელებს ნამეტანი გაუკვირდათ... მთავარი კითხვა მაშინ ერთი იყო, _ ვინ დაუკვეთა თელავის მერიას ეს ღონისძიება? დიდი ძებნა არ დამჭირვებია _ კახეთში ერთი ბაიკერია და ისიც გუბერნატორის მოადგილე, ზურაბ არსენიშვილი! მაშინ შეშფოთებულები ამბობდნენ, _ ისე, მეფე ცხენზე რომ ზის და არა _ მოტოციკლეტზე, გვახსოვს და იმედია, ამ ძეგლს არ გამოცვლიან და პატარა კახს მოტოციკლზე არ შემოსვამენო! ჯირითი რომ მოეწყოთ, მგონი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმ „სხვისა“ და კახელების გემოვნებაზე დავა დიდი ხანია, უკვე გრძელდება.   *** „ქრონიკა+“ განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილს  წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში საკუთარი ქონება  არასრულად აქვს ასახული და ოჯახის სხვა წევრეზე გაფორმებული. საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ზურაბ არსენიშვილის სახელზე ქონებრივი მდგომარეობის რამდენიმე დეკლარაციაა რეგისტრირებული, თუმცა არც ერთ დეკლარაციაში ზურაბ არსენიშვილს არავითარი ქონება არ აქვს, არც სახლი, არც მიწები, არც მემკვიდრეობით მიუღია რამე, მხოლოდ და მხოლოდ, მოტოციკლეტის გაყიდვა-გასხვისებას აფიქსირებს ბაიკერი. თუმცა, რატომღაც, აღმოჩნდა, რომ არსენიშვილს სესხი აქვს აღებული და ხელფასიც _ სოლიდური. სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, ჯერ ვიცე-გუბერნატორის ღიად არსებული დეკლარირებული შემოსავალი განვიხილოთ: ზურაბ არსენიშვილი 2014 წლის მარტიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაციის, რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც კახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა მედიასთან, _ ხომ ხედავთ, როგორი კადრები მომყავს, ელიტარული! კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა სამი ახალი თანამშრომელი წარადგინა. გუბერნატორმა პირველ მოადგილედ იურისტი, 35 წლის ზურაბ არსენიშვილი დანიშნა. პირველ დეკლარაციაში, რაც მან გამოაქვეყნა, არსად ჩანს მისი ქონება, სახელფასო დებეტი კი, 2014 წლის მარტის მონაცემებით, 670 ლარი აქვს, 2014 წლის მარტის მონაცემებით ბოლო ერთი წლის მანძილზე, ანუ 2013-დან 2014-მდე, არსენიშვილი მუშაობდა შპს „ერისთავის იურიდიულ“ ჯგუფში იურისტად, სადაც მან 34100 ლარი მიიღო გასამრჯელო. 2015 წელი. არსენიშვილის დეკლარირებულ ქონებაში ისევ ცარიელ უჯრებად რჩება მისი უძრავი, ან მოძრავი ქონება, კრედიტის სახით მხოლოდ 2000 ლარი აქვს, მიუთითებს, რომ გაასხვისა მოტოციკლი და შიგაწვის ძრავა (დაშლილ მდგომარეობაში), საიდანაც 3300 და 1150 ლარი მიიღო. გასამრჯელოდ კი ერთი წლის მანძილზე კახეთის ვიცე-გუბერნატორმა 40356.00 ლარი მიიღო. 2016 წელი. კახეთის გუბერნატორის მოადგილე ისევ ქონების გარეშეა დარჩენილი, წლიური შემოსავალი კი 38232.00 ლარი აქვს. 2017 წელის მონაცემებით, ზურაბ არსენიშვილის წლიური ჯამაგირი 48310,14 ლარს შეადგენს, ხოლო მისი სასესხო ვალდებულებით გასავალი 6793,97 და 7800,00 ლარი იყო. ასე, ერთი შეხედვით, უმწიკვლო, გამჭვირვალე ქონებრივი დეკლარაცია სპეტაკად გამოიყურება. ოფიციალურად არსენიშვილს არსად გააჩნია უძრავი ქონება მიწის სახით. ოფიციალურად იგი ამბობს, რომ ჰყავს ოჯახის ორი წევრი _ მისი შვილები, რომლებიც მცირეწლოვნები არიან. ოფიციალურად არსენიშვილს, წლების მანძილზე, 2014-დან 2016 წლის ბოლომდე, სახელმწიფო კახეთში ბინის ქირას უხდიდა, ემსახურებოდა ავტომობილი, ჰქონდა ლიმიტირებული საწვავი, ერთობოდა მოწვეულ ბაიკერებთან ერთად და ასე მიდიოდა მისი ცხოვრება... სამოქალაქო სამართალში ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მისი შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს კანონით აკრძალული არ არის, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ქონება არის რაიმე, რისი ფლობის უფლებაც კანონის საფუძველზე გაქვთ, იგი თქვენ გეკუთვნით. თქვენ ის იყიდეთ, მემკვიდრეობით მიიღეთ, ვიღაცამ გადმოგცათ. პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობაა, დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, მშვიდობიანი გზით ფლობდეს საკუთარ ქონებას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიება ადამიანის საცხოვრებლის დასაცავად, როდესაც ამ საცხოვრებელს მეზობლები დაეუფლნენ და მოპარული ქონების პატრონისთვის დაბრუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად: „ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. როგორც მოცემული მუხლიდან ირკვევა, ქართული სამოქალაქო კოდექსი ქონებად აღიარებს როგორც ნივთებს, ასევე არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც. ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ყველამ იცის, რომ მათი თანასოფლელი კახეთის ვიცე-გუბერნატორი გახდა. როგორ? _ მარტივად. აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, არსენიშვილის დედა, დოდო არსენიშვილი, 2014 წლის შემდეგ ყვარელში, სოფელ ახალსოფელში, პერიოდულად უძრავ ქონებას ყიდულობს. კერძოდ, 2017 წლის მარტის მონაცემებით დოდო არსენიშვილი ფლობს: 1865.00 კვ.მ. პლუს, 20000.00 კვ.მ. პლუს 20025 კვ.მ. და 50009 კვ.მ, ჯამურად, 91899 კვ.მ.-ს მფლობელია. კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილს სახელმწიფო ქირას აღარ უხდის, რადგან მან საცხოვრებელი სახლი იმავე სოფელში აიშენა. თუმცა სახლი ვისზეა გაფორმებული, ამ ეტაპზე, უცნობია. გუბერნატორის მოადგილე არ ასაჯაროებს იმ ფაქტს, რომ ოჯახის წევრებად მშობლები აღიაროს. გუბერნიის აპარატში კი განმარტავენ: „ფაქტი ჯიუტია: კახეთის გუბერნატორის მოადგილემ თავისი მოღვაწეობის პერიოდში ჯამში ბიუჯეტიდან ჯამაგირის, პრემიისა და დანამატის სახით, საშუალოდ, მილიონის მეხუთედი აიღო. ამას თუ დავუმატებთ სახელმწიფოსგან მისთვის დახარჯულ ბინის ქირას, ავტომობილისა და საწვავის ხარჯს, მგონი, მეფე ერეკლეს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ამხელა ფუფუნებაში არ უცხოვრია“. ასეთია ბაიკერ ვიცე-გუბერნატორის დედაზე დამალული ქონების ისტორია, მაგრამ დედა ხომ ოჯახის წევრი არ არის?!!   მაკა მოსიაშვილი

გაზიარება