რა ხარვეზები აქვს ქვეყანაში მოქმედ საპოლიციო პრევენციის სისტემას? ამ კუთხით რა გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა? კანონმდებლობის რა კონკრეტულ ჩარჩოებს ითვალისწინების ე. წ. რეიდებისას მოქალაქის გაჩერება და შემოწმება? ჩვენს რეალობაში რა შედეგებს იწვევს ეს პროცესი? სამართალდამცველების მომზადების დონე რამდენად დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ? სახელმწიფომ რა ალტერნატიული ღონისძიებები უნდა გამოიყენოს დანაშაულის პრევენციისთვის?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი _ სოფო ვერძეული:
_ ქალბატონო სოფო, როგორია დღეს საპოლიციო პრევენციის სისტემა და ეს ყველაფერი ადამიანის უფლებების დაცვასთან თანხვედრაშია?
_ საპოლიციო პრევენციის მექანიზმები კანონმდებლობამ 2013 წლიდან გაითვალისწინა, როდესაც პარლამენტმა პოლიციის შესახებ ახალი კანონი მიიღო. ცხადია, პოლიცია მანამდეც ამ ფუნქციას ასრულებდა და დანაშაულის პრევენციის მიზნებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, თუმცა ასეთი კონსოლიდირებული ჩამონათვალი, ერთიანი დოკუმენტი მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ კანონის დონეზეა გაწერილი ის მექანიზმები, რისი გამოყენების უფლებაც პოლიციას აქვს. მიუხედავად 2013 წელს გაკეთებული პოზიტიური ცვლილებებისა, ჩვენ მაშინაც კი (როდესაც კანონი მიიღებოდა), პარლამენტში მრავალსაათიანი დისკუსია გვქონდა და კანონმდებლობაში რამდენიმე ღონისძიების შემოტანას კრიტიკულად ვუდგებოდით.
ახლაც ვფიქრობთ, რომ, თავის დროზე, ეს ცვლილებები ბოლომდე მომზადებული არ იყო იმისთვის, რომ კანონში სათანადოდ ჩაწერილიყო.
მაგალითად, ვფიქრობთ, რომ დანაშაულის პრევენციის ის სისტემა, რომელიც ქვეყანამ შეარჩია, ერთგვარად, პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რომ ის უფრო მეტად მოქალაქესთან ხისტ ურთიერთობაზე არის ორიენტირებული და არა ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე, რომელიც საზოგადოებისა და პოლიციის უფრო ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს, _ კანონის მიხედვით დანაშაულის პრევენციის მექანიზმები ორიენტირებულია მოქალაქესთან უშუალო კონტაქტზე, პოლიციის მხრიდან შეჩერებაზე, თავისუფლებისა თუ პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვაზე და სხვა ხისტ მექანიზმებზე, რომელიც დანაშაულის პრევენციის სისტემას უფრო რეპრესიულ სახეს აძლევს. სახელმწიფო რესურსს უფრო იმ მიმართულებით უნდა ხარჯავდეს, რომ სხვადასხვა უწყება ერთობლივი ძალისხმევით ებრძოდეს დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, იმ კულტურულ და სოციალურ ასპექტებს, რაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის დანაშაულის წარმოქმნას უწყობს ხელს.
რაც შეეხება იმ ნორმების სამართლებრივ შეფასებას, რომლებიც პოლიციის შესახებ კნონში გვაქვს, აქ პოლიციამ ათამდე მექანიზმი გაითვალისწინა დანაშაულის პრევენციისთვის. მათ შორის, ჩვენთვის კარგად ცნობილი ე. წ. რეიდის მექანიზმი, რომელსაც, სინამდვილეში, სპეციალური საპოლიციო კონტროლი ჰქვია; ასევე მოქალაქეთა შეჩერება, მათი პერსონალური მონაცემების გამოკითხვის, ზედაპირული შემოწმების მექანიზმები, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან ხშირად ქუჩაშიც თვალში საცემია ფეხით მოსიარულე პოლიციელთა გადაადგილება, რომლებიც მოქალაქეებს აჩერებენ, პერსონალურ მონაცემებს ეკითხებიან, პირადობის მოწმობებს უმოწმებენ და ზოგიერთ შემთხვევაში, ზედაპირული შემოწმებებიც ხდება.
საზოგადოებისთვის, ასევე, უცხო არ არის ე. წ. რეიდებიც. გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ოთხი რეიდი ჩატარდა. შეიძლება თვითონ ციფრი ოთხი ცოტაა, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რეიდების ძირითადი ნაწილი არა ერთ დღე-ღამეს, არამედ 48 საათსაც აჭარბებდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებასთან, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ღონისძიება მთელ ქვეყანას ფარავდა და არა რომელიმე კონკრეტულ უბანს, რეგიონს, ან ერთ ქალაქს.
რასაკვირველია, როცა ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცვის გარანტიები კანონმდებლობაში ნათლად იყოს გათვალისწინებული. სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას.
ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და პოლიციის შესახებ კანონის ის მუხლები, ნორმები გაასაჩივრა, რომლებიც პოლიციას ამ ფორმით რეიდების ჩატარების უფლებამოსილებას ანიჭებს.
ჩვენ რამდენიმე ძირითადი არგუმენტი გვაქვს და ამაზე მოკლედ გეტყვით.
პირველი, ეს რეიდის ჩატარების საფუძველია: დღეს რეიდის ჩატარება ნათელს ხდის, რომ ასეთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ჩატარებისთვის კანონმდებლობით რაიმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული გარემოების არსებობა საჭირო არ არის, არამედ მხოლოდ რაღაც აბსტრაქტული საფრთხე, ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაულის შესაძლო ჩადენა შეიძლება დაფიქსირდეს, ანუ მარტივი სამართალდარღვევის ჩადენაც კი შეიძლება იმისთვის საკმარისი იყოს, რომ მინისტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს.
ამიტომ ასეთი ბუნდოვანი, თუ ზოგადი საფუძველი რაღაც აბსტარქტული საფრთხეების შესახებ, რასაკვირველია, პრობლემურია, როცა აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაზე ვსაუბრობთ.
მეორე პრობლემა: კანონი არ განსაზღვრავს და არ აკონკრეტებს იმ ტერიტორიას და დროის ლიმიტებს, რომლის ფარგლებშიც ეს რეიდი შეიძლება ჩატარდეს.
როგორც გითხარით, გასულ წელს ჩატარებული ოთხივე რეიდი მთელ ქვეყანას ფარავდა და ორ-სამ დღეს გრძელდებოდა, რაც ამ ღონისძიების ინტენსივობას კიდევ უფრო აძლიერებს.
მესამე: ეს არის პირად ცხოვრებაში ჩარევა, რაც, შეიძლება, რეიდს თან სდევდეს, როდესაც პოლიცია აჩერებს მოქალაქეებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ხვდებიან, სადაც რეიდი ტარდება. მათ შეუძლიათ, მოქალაქეებს ზედაპირული შემოწმება ჩუტარონ, ასევე ავტომანქანებს, თუ მისით გადაადგილდებიან. ამ დროს დაცვის საკმარისი გარანტიები კანონით გათვალისწინებული არ არის.
აი, ეს სამი ძირითადი არგუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც ვამბობთ, რომ კანონში პოლიციის შესახებ არსებული ჩანაწერები პრობლემურია და, რასაკვირველია, იმის რისკს აჩენს, რომ რეიდის დროს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევა მოხდეს.
_ თქვენი სასარჩელო წარმოება რა ეტაპზეა?
_ სარჩელი დარეგისტრირებულია. როგორც იცით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების განხილვა ძალიან მოკლე ვადებში არ ხდება. ამიტომ ველოდებით, სასამართლო როდის დაიწყებს მსჯელობას ჩვენს საქმეზე. ამ ეტაპზე არსებით სხდომებამდე, ან შინაარსობრივ განხილვებამდე არ მივსულვართ.
_ კიდევ რომ განვმარტოთ, მოქალაქეთა გაჩერება-ჩხრეკისას არსებული კანონმდებლობა რა ფარგლებს ითვალისწინებს? რა საფუძველზე აქვთ უფლება, რომ აღნიშნული ღონისძიება გაატარონ?
_ პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, რომ პოლიციის შესახებ კანონით მოქალაქის ჩხრეკა გათვალისწინებული არ არის. ეს კანონი ზედაპირულ შემოწმებას ითვალისწინებს, რაც ჩრეკისგან განსხვავდება. მაგალითად, პოლიციას უფლება არ აქვს, ჯიბეში, ტანისამოსის შიგნით არსებული ნივთები ამოიღოს, ან შეამოწმოს, ამიტომ ჩხრეკისა და ზედაპირული შემოწმების ინტენსივობა, ამ მხრივ, განსხვავებულია.
რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გახდეს ამის საფუძველი, როგორც გითხარით, რეიდი ისეთი ტიპის საპოლიციო ღონისძიებაა, რომლის დროსაც პოლიციას არ სჭირდება დაასაბუთოს, თუ კონკრეტული მოქალაქის მიმართ რატომ იყენებს აღნიშნულ ღონისძიებას.
ზუსტად ამიტომ არის საინტერესო ეს მექანიზმი. თუკი, მაგალითად, პოლიცია რეიდს ატარებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყველა მოქალაქე, ვინც კი ამ ტერიტორიაზე მოხვდება, აპრიორი შეიძლება შემოწმებას დაექვემდებაროს ისე, რომ პოლიციას კონკრეტულად ამ მოქალაქის მიმართ რაიმე ეჭვის საფუძველი არ გააჩნდეს. მხოლოდ რეიდის ტერიტორიაზე მოქალაქის მოხვედრა საკმარისია, რომ მის მიმართ ეს ღონისძიება გამოიყენონ.
ამიტომ ეს ღონისძიება საინტერესო და, ამავე დროს, სარისკოცაა. მით უმეტეს, როცა ასეთი მასშტაბებით ხორციელდება.
_ ეს ყველაფერი, გაუმართავი კანონმდებლობა, ნათელი ჩარჩოების უქონლობა, ჩვენს რეალობაში რა შედეგებს იწვევს?
_ თუ, მაგალითად, რეიდების შემდგომ სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას დააკვირდებით (რა შდეგებით დასრულდა აღნიშნული ღონისძიება), დანაშაულისა და სამართალდარღვევების გახსნის მაჩვენებლების თვალსაზრისით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრები შეიძლება აღმოვაჩინოთ.
ერთი მხრივ, ვიღაცამ ეს შეიძლება წაიკითხოს, რომ რეიდის ჩატარების აუცილებლობა არსებობდა და ის პოზიტიურად ჩატარდა.
თუმცა, მეორე მხრივ, რეიდი, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციასა და სახელმწიფოს უფლება აქვს, ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, პრაქტიკულად, ძებნა დაუწყოს პოტენციურ დამნაშავეებს.
ქვეყანაში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, კანონით ხელისუფლების შეზღუდვის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართადამცველი ორგანოები გარკვეული მეთოდებისა თუ ჩარჩოების ფარგლებში უნდა მოექცნენ. თუნდაც მაშინ, როცა ისინი ლეგიტიმურ მიზანს ასრულებენ, კრიმინალსა და დანაშაულს ებრძვიან.
რასაკვირველია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ყველა მეთოდის გამოყენება, კეთილშობილური მიზნისთვისაც კი, დაუშვებელი და გაუმართლებელია.
ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. შეიძლება, რეიდების შემდგომ დანაშაულები იხსნება, მაგრამ თვითონ რეიდი ისეთი სახიფათო საპოლიციო ღონისძიებაა, რომ აქ უნდა გადაწყდეს, არის თუ არა ამ ღონისძიების გამოყენება პროპორციული, თუნდაც, იმ კრიმინალური ფაქტების გამოსავლენად, რაზედაც შემდგომში სამინისტრო საუბრობს ხოლმე.
ჩვენ სწორედ ამას ვთხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან თქვას: ის აბსტრაქტული საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა ხოლმე პოლიციის მხრიდან რეიდის ჩატარება, არის თუ არა მიზანშეწონილი, თუნდაც, იმ შედეგების ფონზე, რაც რეიდის შემდგომ იდება?
_ სამართლდამცველების მომზადების დონე რამდენად დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ?
_ პოლიციის მოქალაქეებთან ურთიერთობაზე ბევრი კრიტიკა ისმის. მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ თუნდაც მარტივ სიტუაციებში მათთან რიგითი პოლიციელი ვერ ახერხებს ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებას, რაც, რასაკვირველია, შემდგომში საზოგადოებისა და სამართალდამცველი სისტემის ნორმალურ ურთიერთობას ხელს უშლის.
ეს, ზოგიერთ შემთხვევაში, მომზადების დონეს, ან უფრო ღრმა მიზეზებს უკავშირდება. პოლიციელის არასათანადო ქცევა ყოველთვის იმით არ არის განპირობებული, რომ მან არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.
არის შემთხვევები, როდესაც სრულიად ნათელია, რა არის კანონიერი და როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია, მაგრამ ჩვენ განსხვავებულ შემთხვევებს ვხედავთ ხოლმე, თუნდაც ძალის გადამეტების ფაქტებს, რაც მხოლოდ მომზადებას არ უკავშირდება და აქ ნების არსებობის პრობლემაც დგას. ეს არის ინსტიტუციური კულტურის არარსებობა, რომ პოლიციელი ნორმალურად უნდა ეკონტაქტებოდეს, ეთანამშომლებოდეს მოქალაქეებს.
ამიტომ ასეთ პირობებში, როცა ზოგადი მომზადების დონე დაბალია, ნება მყარად მომწიფებული არ არის და არც კულტურაა ჩამოყალიბებული პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობაში, რასაკვირველია, ასეთი მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების ჩატარება ყოველთვის სახიფათოა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ, ზოგადად, რეიდის ფენომენს ვეწინააღმდეგებით. არ ვამბობთ, რომ პოლიციას ამის კეთების უფლება არ უნდა ჰქონდეს. რასაც ვამბობთ ისაა, რომ რეიდი ისეთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომ მის ჩასატარებლად საკმარისი არ უნდა იყოს კანონში ისეთი აბსტრაქტული ჩანაწერი, როგორიცაა ინფორმაციის ან ეჭვის არსებობა, რომ შეიძლება დანაშაული, ან, თუნდაც, სამართალდარღვევა მოხდეს.
ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელმა პოლიციას ხელ-ფეხი გაუხსნა, როცა სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს რეიდი ჩაატაროს. სწორედ ეს არის სამართლებრივი და ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან პრობლემა.
_ ზემოთ ალტერნატიული მექანიზმების საჭიროება ახსენეთ. იქნებ, დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
_ ზოგადად, დანაშაულის პრევენცია რთული და კომპლექსური საკითხია და ცხადია, მისგან თავის არიდება მხოლოდ სამართალდამცველების პასუხისმგებლობა არ არის. ამიტომ როდესაც ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, ქვეყანას ეს ალტერნატივა აქვს და აქ შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
არის ერთი ალტერნატივა, რომ მთლიანად დანაშაულის პრევენცია რეპრესიულ მექანიზმებს ემყარებოდეს, რაც, ცხადია, პრევენციის ერთ-ერთი სახეა. როცა სისტემა მთლიანად რეპრესიულია (პოლიცია, პროკურატურა, სასჯელაღსრულება), მთელი ეს რეპრესიული სისტემა იქითკენ არის მიმართული, რომ მოქალაქეებმა დანაშაულის ჩადენაზე უარი თქვან. ეს ერთი მოდელია, თუმცა ამას შეიძლება ძალიან ბევრი კრიტიკა ახლდეს თან.
მეორე მოდელია, როდესაც სახელმწიფო ე. წ. სოციალური პრევენციის სისტემას იყენებს და მას ეყრდნობა; როდესაც ნაკლებად ხისტ და ნაკლებად შემზღუდველ მექანიზმებს იყენებს,
არა მარტო სამართალდამცველებს რთავს დანაშაულის პრევენციის სისტემაში, არამედ ეს ყველაფერი გადის განათლების სისტემაზე, სოციალურ პრობლემებთან ბრძოლაზე, სხვა კულტურულ ფენომენებთან, რომელიც შეიძლება ახალისებდეს ამ დანაშაულის ჩადენას.
თუმცა, ცხადია, ასეთი პრევენციის სისტემა დროში უფრო ხანგრძლივია და, რასაკვირველია, მყისიერ შედეგებს არ იძლევა. თუმცა ის უფრო მეტად არის დაბალანსებული, ადამიანის უფლებებზე უფრო მეტად ორიენტირებულია და იმის ნაკლები რისკია, რომ სამართალდამცველი სისტემა ადამიანის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე მიაღწევს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომ დანაშაულს ეფექტიანად ებრძოლოს.
გელა მამულაშვილი