QronikaPlus
ლალი ანთია: „2013 წელს სამეგრელო „ოცნებამ“ წააგო და ბაქრაძესთან  2%-ის დაკლება შეათანხმეს“

ლალი ანთია: „2013 წელს სამეგრელო „ოცნებამ“ წააგო და ბაქრაძესთან 2%-ის დაკლება შეათანხმეს“

2017-04-29 10:58:31

ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ლიდერი, ლალი ანთია, „ქრონიკა+“-თან ისევ სკანდალურ დეტალებს ამხელს. ამჯერად ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს იხსენებს, როცა, მისი თქმით, სამეგრელოში „ქართული ოცნება“ ყველგან დამარცხდა, ხოლო მისი დაჟინებული თხოვნით, ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილის (ვინც არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან კურირებდა) ჩარევის შემდეგ ენმ-ს კანდიდატ დავით ბაქრაძეს 2% დააკლეს, ხოლო მარგველაშვილს პირიქით, ამდენივე მოუმატეს და საბოლოოდ დასვეს 48%-46%-ზე, „ოცნების“ სასარგებლოდ. რაც არანაკლებ საინტერესოა, ლალი ანთია დღეს ამბობს, რომ ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თენგიზ შანავამ ეს პროცესი თავად დავით ბაქრაძესთან შეათანხმა და მას პირადად დაურეკა. ლალი ანთია, ტრადიციულად, სამეგრელოს გუბერნატორსაც აკრიტიკებს. ლალი ანთიამ ჩვენთან საუბარი სწორედ ლევან შონიასთან დაკავშირებული კურიოზით დაიწყო.   ლალი ანთია: _ ერთ-ერთ თათბირზე, როცა გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან საუბარი უნდოდა, გუბერნატორმა თქვა: „შემოიტანეთ რაიონების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები“. მოგვიანებით, მისმა პრესსამსახურმა ეს ლაფსუსი იმით ახსნა, რომ გუბერნატორს რუსული განათლება აქვს მიღებული და უბრალოდ, შეეშალა. ისე, მართალი კი თქვა ლევან შონიამ, ბევრი არაფერი შეშლია: შემოსატანი არიან გამგებლები და გასატანებიც, ყველა რეგიონის გამგებელზე არ ვამბობ, ცხადია. ასე რომ, კარგად აღნიშნა შონიამ, ასე გამოუვიდა, შემოსატანია გამგებლებიო. ჯერ ერთი, რაც შონიას განათლებას შეეფერება, ზუსტად ისე თქვა, _ შემოიტანეთ გამგებლებიო. საუბედუროდ, უცხოეთში აქვს სკოლა დამთავრებული და ამიტომ ვერ საუბრობს ქართულად წესიერადო, _ აჩიგვარაში დაამთავრა სკოლა და უჭირთ იქ ძალიან ქართული მეტყველება, თუ როგორაა, რა უცხოეთი, რას „აპრავებენ“? დღეს ქალაქს ისეთი გამგებელი მართავს, რომელთანაც სოციალურად დაუცველი ამომრჩეველი მიდის და ბავშვისთვის სწავლის ქირის გადასარიცხად დახმარებას სთხოვს და ეს გამგებელი პასუხობს, _ თქვენ რომ ჩემი ამომრჩეველი ხართ, ნუ გგონიათ, რომ ამომრჩევლებმა მომიყვანეთ, მე აქ ჩემი „ხოდით“ ვარ მოსულიო... ეს იმან მითხრა, ვისაც თავად უთხრა, მე „ოცნების“ თავმჯდომარედაც და ახლა უკვე გამგებლადაც ამომრჩევლის დახმარებით კი არა, ჩემი „ხოდით“ მოვედიო... ეს „ხოდები“ მე კი ვიცი, რასაც ნიშნავს, პირველად არ უთქვამს და პარტიის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც ხშირად აღნიშნავდა, რა „ხოდებით“ იყო მოსული და რა თანხები გაიღეს. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარე რიგით თანამშომლებს, რომლებსაც 370 ლარი აქვთ ხელფასი, ეუბნება, რომ 120 ლარი დადეთ ყოველთვე, სტუმრები რომ ჩამოდიან და ხან რესტორან „დიარონის“ ვალი გვაქვს, ხან რა, ხან რა და ამიტომ დადეთ ფულიო... მართალია, თავისი ჭკუით სანდო ხალხს ეუბნება, მაგრამ სანდო ხალხმა ეს გარეთ გამოიტანა. ასე რომ, ლევან შონიამ შეცდომით თქვა, უცოდინარობის გამო, მაგრამ სწორად თქვა, მისმა პრესსამსახურმა კი აღნიშნა, რომ რუსული სკოლა აქვს დამთავრებულიო, მაგრამ რა დავაშავეთ ისეთი, რომ მხარის გუბერნატორმა ქართულიც არ იცის? შეურაცხყოფა ჩემთვის კი არ მოუყენებია, გამგებლებს მიაყენა, მაგრამ ისინი ხომ არ ამოიღებენ ხმას?.. რაც შეეხება არჩევნებს, ეს არ იყო მართლა არჩევნები, ეს იყო დანიშვნები და მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. გამგებლების ნაწილი ჩემთან ამბობს, რომ ეს შონია როდის წავაო, ისეთი შეწუხებულები არიან, _ არავის გაუგია აქამდე, გუბერნატორი ავალებდეს გამგებლებს, თქვენი ხელფასიდან ამდენი გაიღეთ და ამას და იმას დაეხმარეთ, ასეთი არავის უკადრიაო. 6000 ლარი აქვს ხელფასი, ამდენივე დანამატი, თუ ვიღაცისთვის დახმარებაა საჭირო, ამისთვის ფულს ვერ უნდა იმეტებდეს? თან მაშინ, როცა ეს შონია ტენდერების მსუყე სქემებშია ჩაფლული, კონტრაბანდასა და კორუფციაში. გუბერნატორი რასაც კადრულობს, მე არ მახსოვს, რომელიმე გამგებელსა და გუბერნატორს ეკადრებინოს. ახლა გულწრფელად ვნანობ, რატომ გავწირე თავი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა მომხდარიყო, ნაკლებად ვხედავ აქ კარგის გამკეთებელს. კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთ ტენდერში სამტრედიელ კაცს გაუმარჯვია 249 ბენეფიციარის კვებისთვის, უმწეოთა სასადილოში, რომელიც ერთია ზუგდიდში. ამ ბენეფიციარებს შევხვდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, როცა იმათ სუპი მიჰქონდათ და რომ ვნახე, რა საკვებიცაა, ცხოველი თუ შეჭამდა მაგას! მერე ამიხსნეს, _ როცა საკრებულოში მივედით და საკვები დავიწუნეთ, ასე გვითხრეს, _ თუ არ გინდათ და სახლში უკეთესი გაქვთ, წადით და ის ჭამეთო. სიმწრისგან ტიროდნენ, ეს რა საჭმელი მიგვაქვს სახლშიო. ყველაფრის თავი და ბოლო შონია არის, ამ სამტრედიელსაც მაგან გაამარჯვებინა ტენდერშიო. ამდენი ხალხი მშიერია, დანამატსა და პრემიას იწერ, ახლა ლევან შონიამ 9000 ლარი აიღო ხელფასი, სააღდგომოდაც კი არაფერი მისცეს ამ ხალხს, ადრე სულ დახმარებები იყო დღესასწაულებზეო... რისთვის და ვისთვის გავწირე საკუთარი სიცოცხლე, სამჯერ გადავეფარე ბიძინა ივანიშვილს, სამეგრელოში რომ იყო ჩამოსული, მთელი დესანტი აქ ჰყავდათ „ნაციონალებს“ და ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ მშვიდობიანად გავაცილეთ აქედან. არ ვამადლი ამას, მაგრამ სამჯერ მოხდა, რომ ზონდერების წინ დავდექი. ვინც მაშინ ბიძინას „დუბინკებით“ დახვდა, დღეს ისევ სამსახურში არის და ყველას შონია მფარველობს... ხმას არავინ იღებს, რადგან ყველას ეშინია, შვილს დაგიჭერთ,  სამსახურიდან გაგათავისუფლებთ და ა. შ., თორემ ამ ცხრა რაიონში ლევან შონია 100 კაცს ვერ შეაგროვებს სენაკის გარდა, რადგან სენაკის გამგებელი დგებუაძე ტენდერებშია ასევე ჩაფლული და ყველაფერს აკეთებს გუბერნატორის ზურგით. 50 მხარდამჭერის გამოყვანას შეძლებს, ალბათ, სენაკში. წალენჯიხის გამგებელმაც შეიძლება გამოიყვანოს ცოტა ხალხი გუბერნატორის მხარდასაჭერად, იმიტომ რომ ეს კლანები არ დასრულდა სამეგრელოში, კლანები და ნეპოტიზმი, „ჩემი ცოლის დაქალებია“ სენაკშიც, ზუგდიდშიც თანამდებობებზე... ზოგი გამოხტა, ბიძინას ნათესავი ვარ და კურსელიო... ბიძინას შესახებ მისი გამოცემული წიგნი წავიკითხე, მაგრამ იქ არსად ეწერა, რომ მან ზუგდიდის უნივერსიტეტი დაამთავრა, მე მგონი, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, არადა, ყველა ზდუ-ს დამთავრებული ამბობს, რომ ბიძინას კურსელი ყოფილა. თუ ამდენი კურსელი ჰყავდა, რატომ გაუჭირდა ივანიშვილს ზუგდიდში შემოსვლა 2012 წელს, ჩემს კაბას რომ იყვნენ ამოფარებულები? ეს მაჟორიტარ დეპუტატსაც ეხება, გამგებელსაც და სხვასაც. სანამ მიშამ თავისი პრეზიდენტობა დაამთავრა, მანამდე ეშინოდათ, იმდენად ეშინოდათ მიშასი, რომ მის გვერდით იდგნენ, 2014-ში კი კუსავით გამოყვეს ფეხი. არადა, 2013 წელს 2% ძლივს მოვამატებინეთ, ვთხოვეთ თენგო შანავას (ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე), 2% მოგვამატებინეო, მუხლებით ვიდექი მის ოთახში, 46% ჰქონდა, დაუწერეთ-მეთქი „ოცნებას“, თავი არ მოგვჭრა-მეთქი, ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, აქამდე არასდროს მითქვამს, _ საპრეზიდენტო არჩევნებში სამეგრელოში გამარჯვებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მე შანავას ვთხოვე, მან დათო ბაქრაძეს დაურეკა, მასთანაც შეათანხმა ეს ამბავი და 2% ეყოფაო, თქვა და 48 დაუწერეს „ოცნებას“, 46 კი „ნაციონალურ მოძრაობას“, ესეც იმიტომ, რომ მე მუხლებზე დაჩოქილი ვითხოვდი ამას. იმ დღეს თვითონ დავდიოდი სოფლებში, ყველგან დამარცხება იყო, სოფელ ოდიშში თვითონ დავთვალე ხმები და აბსოლუტურად ყველგან დამარცხება იყო, ყველა იმალებოდა, არავინ მინახავს მაშინ აქტიური, ვინც თანამდებობაზე იყო. მარგველაშვილი რომ ჩამოიყვანა ბიძინამ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, 2000 კაცი დაახვედრეს ზუგდიდში და ეს მაშინ, როცა სექტემბერში 2012 წელს ზღვა ხალხი იდგა მოედანზე. რატომ? იმიტომ, რომ ვინც ახლა ხელისუფლებაშია ლევან შონიას წყალობით, მაშინ ყველა მიშას და ბაქრაძეს უჭერდა მხარს და არა „ოცნებას“. მაშინ სად იყვნენ ეს კურსელები? 2014 წლის არჩევნებზე იმდენმა გამოყო თავი, რომ ე. ი. ივანიშვილს ჯიბეში ზდუ-ს დიპლომი უდევს... დღეს ტენდერებს კურსელები იგებენ, თანამდებობებზე არიან კურსელების ცოლები, დები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები და ნათესავები. ყველაზე სამარცხვინო კი იცით, რა არის? _ 31 მარტს ლევან შონიამ როგორ გაბედა ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან და როგორ შეამკო იგი ყვავილებით? ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების, ესებუების ოჯახის პირველმა მტერმა და ერთ-ერთი ესებუას _ გოჩას მკვლელობაში გასვრილმა ლევან შონიამ, რომელიც, სხვათა შორის, სწორედ 31 მარტს მოკლეს მისი ბრძანებით, როცა ლევან კენჭაძის სპეცრაზმის უფროსი იყო? ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ მე არც გუბერნატორობა მინდა და არც არანაირი თანამდებობა, მაგრამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაინც მოხდეს ღირსეული ადამიანების წარდგენა. ხელისუფლება რომ დაუჭერს მხარს, ისეთი ადამიანი კი არ გვინდა ჩვენ, არამედ ისეთი, რომელსაც საზოგადოება დაუჭერს მხარს. ზუგდიდიდან უამრავი ადამიანია წასული ისეთი, რომელიც წარმატებულია, ქალაქი უყვარს, ერკვევა სოფლის მეურნეობაშიც, ინფრასტრუქტურაშიც და სხვა საკითხებშიც. რა საჭიროა ამდენი გამგებელი, გუბერნატორი, ერთი სტრუქტურა ცალკე, მეორე ცალკე? ეს არის ბიუჯეტის ფულის უაზრო ფლანგვა... იყოს ისე, როგორც ადრე _ ახლაც ბევრი დაობს, რომელი სჯობს, გაერთიანებული უნდა იყოს თუ არა ქალაქი და რაიონი _ მე სულ გაერთიანებული მახსოვს და რა, ცუდი იყო? კი ბატონო, ცალკე მერიაში და ცალკე გამგეობაში ისეთი ადამიანიც ბევრი მუშაობს, რომელსაც სინდისი არ დაუკარგავს და პატიოსანი დარჩა და გაერთიანების მერე შეიძლება უსამსახუროდ დარჩეს, მაგრამ გატეხილს გაჟეჟილი სჯობს. მე ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, 30 წელია ვიბრძვი და მხარს დავუჭერ ისეთ კანდიდატს, რომელსაც ადამიანობა და ღირსება ექნება _ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სამეგრელოში ვეღარ იპარპაშოს კონტრაბანდისტმა, სოხუმში მაღაზიების მფლობელმა და ხიზილალის გამყიდველმა, გუბერნიის გვერდით „მაკდონალდსისთვის“ მიწის მიმყიდველმა, რომელსაც გუბერნატორ-კონტრბანდისტსა და გუბერნატორ-გრანტიჭამიას ეძახიან.   ლაშა ბერულავა    

გაზიარება