QronikaPlus
არასაპარლამენტო პარტიები პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებენ

არასაპარლამენტო პარტიები პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს აფასებენ

2017-04-21 06:56:27

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, 7 აპრილს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ანგარიშში მან ქვეყნის განვითარების ისეთ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები, ეკონომიკა და სოციალური საკითხები, სასამართლო, ადამიანის უფლებები და სხვ. პრეზიდენტის გამოსვლას ქუთაისის პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენების დასრულების შემდეგ ხანგრძლივი საპარლამენტო დებატები გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური ძალის საკონსტიტუციო უმრავლესობაში ყოფნით გამოწვეული ძალაუფლების კონცენტრაციის ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ არჩევნებიდან ხუთი თვის თავზე „ქართული ოცნება“ საკუთარ თავშია ჩაკეტილი, უარს ამბობს დიალოგზე და ვერც რეფორმების დინამიკით გამოირჩევა. შესაბამისად, პირველი რეკომენდაცია, რომლითაც გიორგი მარგველაშვილმა მმართველ პოლიტიკურ ძალას მიმართა, მოკავშირეების ძებნა, ინსტიტუციური თანამშრომლობა, დიალოგი და ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებისთვის ზრუნვაა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მოხსენებაში ხაზგასმით იყო გამოყოფილი მოქალაქეთა წინაშე არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, მწირი პენსიები, ლარის არასტაბილურობა, ინფლაცია და ა. შ. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბიზნესთან კონსულტაციები თავის ვალდებულებად უნდა აქციოს და ეკონომიკური რეფორმებიც მასთან თანამშრომლობით შეიმუშაოს. ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარებას, თავის მხრივ, პრეზიდენტი ევროპული ინტეგრაციის პროცესთან ბმაში განიხილავს და ჩამოთვლის რა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, ამბობს, რომ ქვეყანა მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს: „უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა. საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიაა. საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი“. აქვე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ აღნიშნა თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქართული პრობლემის მეტად წარმოჩენისა და „ვაშინგტონის რადარებზე მისი აქტიურად დაფიქსირების“ აუცილებლობა. ამ მხრივ კი გიორგი მარგველაშვილმა გამოყო რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით და გამოვიდა ინიციატივით, მეგობარი სახელმწიფოების ჩართულობით შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაერთიანების მნიშვნელობას ქვეყნის უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად _ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ უნდა განახლდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა. გიორგი მარგველაშვილმა ილაპარაკა ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობის მომავალზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში ჩართულობის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მიმართა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, იყვნენ საქართველოს ხმა ნატოს მომავალ სამიტზე ბრიუსელში, სადაც საქართველო წარმოდგენილი არ იქნება. რაც შეეხება შიდა დემოკრატიას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია, მაგრამ კრიზისის დაძლევის ინტერესებს არ ამჟღავნებს თავად მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას დუმილით ხვდება. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ სასამართლოს კრიზისის ზუსტი მიზეზების დასადგენად ქვეყანამ ავტორიტეტული ევროპელი ექსპერტების მისია მოიწვიოს. აქვე მან ხელისუფლებას მოუწოდა, პრევენციის მიზნით, მეტი გულისყურით მოეკიდოს და რეაგირება მოახდინოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ხანდაზმულების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევის, თუნდაც, ერთეულ შემთხვევებზე. რაც შეეხება პოლიტიკას, პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც მან ახალი, ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა: „მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი, სანდო არჩევანი შესთავაზეთ“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც თავისი ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში დაასრულა განცხადებით, რომ გადაწყვიტა, მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დაუჭროს მოქალაქეების სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს. პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა და, მიუხედავად იმისა, რომ მასში პრეზიდენტმა მთავრობის საქმიანობა პოზიტიურ კონტექსტშიც არაერთხელ ახსენა, უმრავლესობის დეპუტატების ცალსახა კრიტიკა დაიმსახურა. მცდარი, ცალმხრივი, ზედაპირული, არაობიექტური, რეალობას აცდენილი _ ესაა იმ ეპითეტების ნაწილობრივი ჩამონათვალი, რომლითაც პრეზიდენტის გამოსვლა მთავრობის წარმომადგენლებმა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს.   საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლა „ქრონიკა+“-თან არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს.   მამუკა კაციტაძე _ „ახალი მემარჯვენეები“: _ პრეზიდენტი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. ამ სიტყვას განსაკუთრებულად ხაზს გავუსვამ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც წელიწადში ერთხელ არის პრეზიდენტის გამოსვლა, მე მაგალითად, ვისურვებდი, რომ ცალკეულ საკითხებზე არა უბრალოდ შეხება ყოფილოყოს, არამედ, უფრო მეტი გაშლა, მეტი დეტალიზაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი უნდა გაშალო, მაგრამ ყველა საკითხში, რომელსაც შეეხები, ალბათ, არის განსაკუთრებული რამდენიმე თემა, რომელზედაც უფრო მეტი თქმა შეიძლება, მეტი შეთავაზება შეიძლება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ დებატების დროს რამდენად კონკრეტულნი და დეტალურნი იქნებოდნენ დეპუტატები პრეზიდენტის ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, თუკი ამას ის გაშლიდა. საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის საკმაოდ კომპაქტური გამოსვლა, თუმცა ყველა საკითხთან შემხებლობაში მყოფი, შემდეგ დეპუტატებზე გადავიდა და ისინიც, პრინციპში, შეხების დონეზე იყვნენ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები. _ ექსპერტთა აზრით, პრეზიდენტმა არ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თქვენ ამ ნაწილში დაგრჩათ უკმაყოფილების გრძნობა? _ ვერ იტყვი, რომ პრეზიდენტი ამ თემას არ შეხებია, შეხება იყო, მაგრამ მეტი შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც შეგვიძლია ნაკლოვანებებზე ვისაუბროთ, არა იმ ჭრილში უნდა ვილაპარაკოთ, რომ რაღაც მთლიანად გამორჩა, არამედ იმ ჭრილში, რომ ესა და ეს საკითხი უფრო მეტს იმსახურებდა პრეზიდენტის მხრიდან თემის გაშლიდან დაწყებული, გარკვეული შეთავაზებით დამთავრებული, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. პირადად მე სიამოვნებით მოვისმენდი უფრო მეტ დეტალიზაციას საარჩევნო სისტემებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ წელს ადგილობრივი თვითმმართველობების საარჩევნო წელია და საკონსტიტუციო ცვლილებებში ერთ-ერთ სერიოზულ ნაწილს სწორედ ის საარჩევნო სისტემების ცვლილებები იქცევს ყურადღებას, რომელზედაც მიდის საუბარი. პრინციპში, ის ამ კუთხით მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესს შეეხო, თუმცა საარჩევნო სისტემები უფრო ფართო საკითხია.   თამარ კეკენაძე _ „თავისუფალი დემოკრატები“: _ პრეზიდენტს საკმაოდ ყოვლისმომცველი და დაბალანსებული გამოსვლა ჰქონდა. ჩვენთვის მთავარია ის, რომ პრეზიდენტი შეეხო ყველა იმ მტკივნეულ საკითხს, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ საკითხებზე საუბრის გამო გახდა შემდეგ მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი. არა მხოლოდ კრიტიკის, პირადი შეურაცხყოფისაც კი. რეალურად, ჩვენ რასაც ვუყურეთ პარლამენტში, ეს იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“,  დააკნინოს და დისკრედიტაცია მოახდინოს პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ისინი ამისთვის ყველა შესაძლებლობას იყენებენ იქიდან გამომდინარე, რა მოვლენებიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. „თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ ამ კომისიის შექმნის ერთადერთი მიზანი სწორედ ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას და ძალაუფლების მთლიანად უზურპაციას ბიძინა ივანიშვილის ხელში. პრეზიდენტმა იმ კომპეტენციის ფარგლებში და იმ ფორმატის გათვალისწინებით საკმაოდ მკაფიო მესიჯები გააჟღერა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის კუთხით.   ნინო ბურჯანაძე _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“: _ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუნდაც ფორმალურად მაინც მთავრობა დაესწრო პრეზიდენტის გამოსვლას და დებატები გაიმართა, თუმცა სამარცხვინოა თავად ის ფაქტი, რომ წლები დასჭირდა, მთავრობა დასწრებოდა პრეზიდენტის გამოსვლას და დებატები გამართულიყო. რაც შეეხება თავად პრეზდენტის გამოსვლას, განსაკუთრებული მოლოდინი ამ გამოსვლასთან დაკავშირებით არ მქონია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა საერთოდ აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის და პრეზიდენტსაც რადიკალურად არ დაუფიქსირებია პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მე დავინახე ის, რომ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი იყო ნათქვამი, დავინახე ის, რომ კონფლიქტური ზონები მხოლოდ ნახსენები იყო და არანაირი გამოსავალი და რეალურად გადასადგმელი ნაბიჯები არ განხილულა. ფაქტობრივად, პრეზიდენტმა ჩამონათვალი გააკეთა პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს და არც ის იყო სრული ჩამონათვალი, უბრალოდ, ასეთი მიმართულებით მას კონკრეტული გეზი არ დაუსახავს. ამავდროულად, ძალიან უცნაური იყო ის, რომ მთავარი პრობლემა ქვეყნისა, რომელიც პრეზიდენტსაც შეეხო და რაც მთავარია, ქვეყანასაც ეხება, იგივე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ზოგად კონტექსტში იყო მხოლოდ ერთხელ ნახსენები და არა კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული პოზიცია ამასთან დაკავშირებით დაფიქსირებული. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ქვეყანაზე გულშემატკივარი პოზიტიური ადამიანის გამოსვლა, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა. არაფერს ვლაპარაკობ იმ დებატებზე, რომელიც შემდგომ გაიმართა, ჩემზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტმა. ეს იყო პირველი შემთხვევა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, როცა ასეთი დოზით ვუყურე პარლამენტის სხდომას და პარლამენტარების გამოსვლას. სამწუხაროდ, გულის ტკივილით უნდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობის აღგენის დღიდან ასეთი სუსტი, ასეთი არაპროფესიონალური, ასეთი არაკვალიფიციური, ცუდი გაგებით პოლიტიზებული (პარლამენტი, რა თქმა უნდა, პოლიტიზებული უნდა იყოს), ასეთი დამონებული პარლამენტი, როგორიც ახლა მე დავინახე, საქართველოს ნამდვილად არ ჰყოლია და ეს არის ამ ქვეყნის ტრაგედია! ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მას ქვეყნის ყიდვისა და ჯიბეში ჩადების განზრახვა აქვს, რაც აისახა კიდეც საპარლამენტო არჩევნებზე და შესაბამისად, პარლამენტზე!   ანი მიროტაძე _ „ეროვნული ფორუმი“: _ ეს იყო ორმხრივი დებატების რეჟიმი, უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ და უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ტრიბუნის გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა ეს იყო ძალიან სუსტი გამოსვლები. როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ზოგადი შეფასებები, მუდმივად გადაბრალების რეჟიმი და მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა ზედაპირული იყო და ვიღაც ქულებს იწერდა, არასწორია. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა უფრო მეტი უნდა ილაპარაკოს პრობლემებზე, რომელიც რეალურად არსებობს და ხალხს აწუხებს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, მისი აქცენტები საგარეო კურსთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ა. შ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სწორი იყო, მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი ყველა საკითხს უნდა ეხებოდეს, თუმცა მოცულობით უფრო მეტს ველოდებოდი. მეტს ველოდებოდი კონკრეტიკაშიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, როგორც სოციალური და ეკონომიკური, ისე კრიმინალური მდგომარეობის შესახებ. უკმარისობის განცდა დამრჩა. როდესაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელისუფლება საკუთარ თავში ჩაიკეტა, ვფიქრობ, მართალი იყო. ნამდვილად, საფრთხის წინაშე დგას ბევრი ინსტიტუცია, რომ არ ჩამოიშალოს და ეს არის, პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ასევე ხელისუფლებაში მყოფი, გადაწყვეტილებების მქონე პირების უმოქმედობა.     თამარ ბატიაშილი    

გაზიარება