ძვირფასო რედაქცია!
გიგზავნით საბუთს, რომელიც პარლამენტში ასევე გავუგზავნე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას.
აი, მეორე საბუთი კიდევ ერთი თვის შემდეგ მივიღე პასუხად. მას ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მიჩიკაშვილი.
ყველაზე გულსაკლავი კი ის არის, რომ ჩემი წერილი არავის წაუკითხავს, არავის განუხილავს. ნუთუ, პარლამენტში ასე უაზროდ მუშაობენ?
არადა, რომ წაეკითხათ, სულ გვერდნახევარი არის ჩემი წერილი, სადაც წერია დაბადებისა და დღევანდელი საცხოვრებელი ადგილი _ გურჯაანის რაიონი სოფელი კარდენახი. ამ წერილშივე მიწერია, რომ ვარ 79 წლის პენსიონერი, ცოლშვილიანი, სამხედრო სამსახურში სამ წელს ნამყოფი. იქვე წერია, რომ ვარ გუგული გიორგის ძე.
ჰოდა, ვინმეს რომ წაეკითხა, ქალბატონად აღარ მომნათლავდა, რაც კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა ჩემთვის. ვნერვიულობ პარლამენტის ხალხის გულგრილობას და გულცივობას, რასაც დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ჩემზე და ხშირად ავადვმყოფობ.
აი, ის, რისი თქმაც მოკლედ მინდოდა.
გუგული გიორგის ძე ყოინაშვილი
ტელ.: 551152432
31 მარტი, 2017 წელი.
დიდად პატივცემულო, ქალბატონო ეკა!
ამ წერილს გწერთ გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახიდან. ვარ გუგული ყოინაშვილი, 79 წლის, საშუალო და ტექნიკურ დამთავრებული, 3 წელი საბჭოთა არმიაში ნამსახურევი, ცოლშვილიანი, შვილიშვილებიანი.
აი, რაზე შეგაწუხეთ, პატივცემულო ეკა!
1966 წლის ოქტომბერში მუშაობა დავიწყე კავშირგაბმულობის სპეცსამონტაჟო სამმართველოში სახაზო მონტიორად კახეთის უბანში. ჩვენ ვიყავით კ/გაბმულობის კომუნიკაციების მშენებლები. ვმუშაობდი პატიოსნად, მაღალხარისხოვნად ვასრულებდი ჩემზე მინდობილ საქმეს. მრავალი ჯილდო მაქვს მიღებული, მათ შორის, შრომითი დიდების ორდენიც.
როგორც ცნობილია, კავშირგაბმულობის სამინისტრო 1998 წელს დაიშალა და მის მაგიერ ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება ტელეკომუნიკაციების სამმართველო. ყველა თანამშრომელი გავხდით აქციონერი, მათ შორის, მეც მომცეს 1150 აქციის უფლება, თითო აქცია _ 1 ლარად.
შემდეგ ჩვენს ორგანიზაციას საქართველოს ელექტროკავშირი დაერქვა, მოგვიანებით _ გაერთიანებული ტელეკომი. ჩვენთვის მხოლოდ წარმოების სახელწოდება იცვლებოდა, დანარჩენი საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდებოდა. 2011 წელს გაერთიანებულ ტელეკომს „სილქნეტი“ ეწოდა. მუშაობა მთელმა ჩვენმა ბრიგადამ „სილქნეტში“ გავაგრძელეთ. ეს „სილქნეტიც“ ხომ სააქციო საზოგადოება იყო და უნებლიეთ მეგონა, რომ ამათი აქციონერიც ვიყავი.
2014 წელს გამათავისუფლეს, მხედველობაში არ მიიღეს, რომ ერთ-ერთი მოწინავე, ჩინებული სპეციალისტი ვიყავი. ჯერ სასამართლოში ჩივილი დავაპირე, მაგრამ მივხვდი, რომ ამათთან ვერაფერს გავხდებოდი და გავჩერდი.
ახლა ერთი, რას უნდა გავუსვა ხაზი: სააქციო საზოგადოების წესდების თანახმად, უნდა მომცემოდა დივიდენდი მოგებიანად, მაგრამ 1998 წლის შემდეგ, ალბათ, მიაჩნდათ, რომ სააქციო საზოგადოება სუფთა აფერაა და არავის არაფრად არ გვეკუთვნის. რამდენჯერ დავაპირე გამეპროტესტებინა ეს ამბავი, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა გამაფრთხილეს, _ გაჩერდი, თორემ გაგაგდებენო. მეც სამუშაოს შენარჩუნების სურვილით ვჩუმდებოდი.
ბოლოს, დადგა დრო, განთავისუფლების შემდეგ მოგებიანად მომეთხოვა პაი თუ დივიდენდი. აი, აქ გამოჩნდა მათი თავგასულობა, _ შენ ჩვენი აქციონერი არ ხარ, წადი და გაერთიანებულ ტელეკომს, მათ წინამორბედს მიმართეო. ყველაზე გულსაკლავი და სატირალი სწორედ ეს პასუხი იყო: გაერთიანებული ტელეკომი აღარ არსებობს. ე. ი. როცა „სილქნეტში“ გავაგრძელეთ ყველამ მუშაობა, აქციონერობა დავკარგეთ? ახლაც ნერვებს მიშლის ერთი აზრი _ დღეს ვარ თუ არა აქციონერი? მეკუთვნის თუ არა მოგებიდან დივიდენდი? აქ თანამშრომლების დათრგუნვა, დაბეჩავება ჩვეულებრივი ამბავია. მე რომ 48 წელი უწყვეტი სტაჟი მქონდა, ამათთან არსად ჩანდა, მითხრეს, შენ ჩვენი თანამშრომელი 2011 წლიდან იყავიო. იმის წინ თუ ვიყავი და რა ვიყავი, ამათ არ აინტერესებთ. ვფიქრობდი, 50 წელს შევკრავ, ორი წელიღა აკლდა და მე ჩემს თავს თვითონ გავაცილებდი საზეიმოდ. აი, ასეა საქმე, ძვირფასო ეკა.
მაინც ის მაწუხებს, სად დაიკარგა ჩემი აქციონერობა და მეკუთვნის თუ არა მოგებიდან დივიდენდი? ამ საკითხზე ვის აღარ მივმართე: იურისტებს, სხვადასხვა გაზეთის ჟურნალისტებს და რედაქციებს, მაგრამ ვერავინ დამეხმარა. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. თქვენ ხომ სამართლიანი და ყოვლისშემძლე ბრძანდებით.
პატივისცემით, გუგული გიორგის ძე ყოინაშვილი
ტელ.: 551152432