თუ ადგილობრივი თვითმმართველობის პანაშვიდი და დაკრძალვა „ქართულმა ოცნებამ“ შემოდგომამდე ვერ მოასწრო, სამეგრელოში მმართველ ძალას არასასიამოვნო სიურპრიზები ელის, რომელმაც, შესაძლოა, მისი პოლიტიკური მომავალი, საერთოდაც, დაასამაროს.
სამეგრელოს რომ ამ ხელისუფლებაზე მზე და მთვარე არასდროს ამოსდიოდა, ჯერ კიდევ, 2012 წელს გამოჩნდა, როცა ბიძინას მიერ მაშინ ხელიხელნაგოგმანებ ირაკლი ალასანიას ზუგდიდმა როლანდ ახალაია არჩია, ასევე, კარგად ჩანდა განწყობა მაშინაც, როცა სამეგრელოში ივანიშვილი პირველად ჩავიდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, ადმინისტრაციული რესურსი ჯოჯოხეთსაც ანათებსო და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში მეგრელები 2016 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, როცა გაიგეს, რომ, მაგალითად, ზუგდიდში სანდრა რულოვსი პირველივე ტურში გამარჯვებულად არ გამოცხადდა და მას ედიშერ თოლორაიამ აჯობა, რომელმაც თავისივე მშობლიური სოფლის ერთ უბანში წააგო კიდეც სანდრასთან არჩევნები _ 100-ზე მეტი ხმით...
სამეგრელოსა და, განსაკუთრებით, ზუგდიდის მოსახლეობაზე ძალიან იმოქმედა იმ მეთოდებმა, რითაც „ოცნებამ“ წარმატებას მიაღწია. ჯერ იყო კორცხელი, მერე დარბეული ჯიხაშკარი და, როგორც იტყვიან, დასარბევი კიდევ ბევრია, თუ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფიქციას არ დაემსგავსება.
სამეგრელოს რეგიონში არჩევნების დინამიკაზე მუდამ მოქმედებდა და მოქმედებს ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტორი. მით უმეტეს, ახლა _ რუსი ოკუპანტების არნახული გააქტიურებისა და, მათ კვალდაკვალ, „ტყის ძმების“ საეჭვო რეინკარნაციის ფონზე.
მითად და ლეგენდად ქცეული დათო შენგელიას მიმართ ბევრი უსამართლო ბრალდებაც ისმის, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მაგრამ თუ თვითონ არა, მისი ყოფილი თანამებრძოლები მაინც რომ ღიად იყვნენ ჩართული არჩევნების გასაყალბებლად მთავრობის დახმარებაში, უკვე არ წარმოადგენს საიდუმლოს.
დათო შენგელია წვრილმანების ჩიტი არაა, ბევრი რამ გამოუვლია და ისიც იცის, როგორ არ უნდა გამოჩნდეს არსად. მას ეს ყოველთვის გამოსდიოდა და ერთხელაც, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ შევიწროება დაუწყო, განიარაღება გამოაცხადა, ძალოვნები ბაზაზე მიიწვია და იარაღი ჩააბარა, რითაც სისხლის სამართლებრივი დევნა თვითონაც აირიდა და მეგობრებსაც აარიდა.
ამის შემდეგ, თითქოს, ყველაფერი დალაგდა, მაგრამ, მოგვიანებით, დათო შენგელია და მისი რამდენიმე მეგობარი მაინც დააპატიმრეს. იმ ხელისუფლებას არ შეშლია და დათო შენგელიასთვის ბრალად არ წაუყენებია აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღით გადასვლა, არც დე ფაქტო აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენელთა ტელეინტერვიუ დაურთია ქართულ მხარეს მისი პროცესისთვის.
საბოლოოდ, დათო შენგელია რუსთავის კოლონიაში მოხვდა და საკმაოდ კომფორტულადაც იჯდა, სანამ ხელისუფლების შეცვლამ და შეღავათებმა არ უწია.
როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან მან ისევ მწვანე გზა მიიღო და ისიც ისევ ჩაერთო „გაპრავების“ დიად საქმეში. ბოლო არჩევნებზე აქტიურობის შემდეგ მისი ჩარევა ისევ ხდება საჭირო: ვაითუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მართლაც ჩატარდეს და იქნებ, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს თავიანთი გამგებლის არჩევა მოუწიოს? და უცებ, არჩეული რომ „ნაციონალი“ აღმოჩნდეს, ვის მოეთხოვება პასუხი? რასაკვირველია, დათო შენგელიას. ამიტომ დათო შენგელიამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა: ყველა შესაძლო ავტორიტეტიან, „არაქოც“ კანდიდატთან საერთო ენის გამონახვა სცადა და არავინ იცის, რამდენად წარმატებული იქნება ეს შეხვედრები _ ეს, ალბათ, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, თუ ვინმე ავტორიტეტიანი კანდიდატურას მოხსნის. თუმცა აქამდე ჯერ ძალიან შორია და ხელისუფლებას კიდევ ერთი აქტუალური პრობლემის მოგვარება მოუწევს: ყელში გაჩხერილი ძვალი, ამ შემთხვევაში, კრიმინალია.
კრიმინალის თემა პრინციპული საკითხია ლევან შონიასთვის, რადგან გუბერნატორისგან, როგორც ყოფილი პოლიციის უფროსისგან, თბილისი სწორედ კრიმინალის ალაგმვას ითხოვს. ლევან შონიას რეზიდენციაში ძალოვნებთან თათბირი უკვე ყოველდღიურ ნორმად იქცა, მაგრამ როგორც ჩანს, მაგიდაზე მუშტების ბრახუნი საქმეს არ შველის.
ზუგდიდში ბოლო პერიოდში იმდენად გახშირდა კრიმინალური შემთხვევები, რომ „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ლევან შონიამ პოლიციის რიგებში „საბოტაჟნიკების“ ძებნაც კი დაიწყო. ჯერ უცნობია, იპოვა თუ არა ვინმე, მაგრამ განსაკუთრებით გახშირებულ საკრედიტო ორგანიზაციების ოფისზე თავდასხმებს უკვე 90-იანების სტილში „გადაწყვეტილი“ ყაჩაღობებიც დაემატა, რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ, გუბერნატორი გადაიყოლოს კიდეც.
მაგალითისთვის, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში კვირას ღამით მომხდარი თავდასხმაც გამოდგება: ერთ-ერთ ოჯახში სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ოჯახის წევრები გაკოჭა. ყაჩაღები მათ ეუბნებოდნენ, რომ ზუსტი „ნაკოლით“ იქყვნენ მისულები და, როგორც მეზობლები მოგვიანებით ამბობდნენ, ზუსტად იმ თანხას უსახელებდნენ, რაც ამ ოჯახს, მართლაც უნდა ჰქონოდა. მაგრამ, ბედად, ოჯახის ერთ-ერთ წევრს სწორედ ბოლო სამუშაო დღეს ბანკიდან ფულის გამოტანის დამადასტურებელი ჩეკი აღმოაჩნდა და ყაჩაღებს ხელის კანკალით წარუდგინა, თან აუხსნა, რომ ფული გამოიტანა და ვალი გადაიხადა. ამის შემდეგ ყაჩაღებმა მხოლოდ სამასი ლარი და რამდენიმე ოქროს ნივთი, ასევე, მობილური ტელეფონები წაიღეს და წავიდნენ.
ორი შეიარაღებული პირი სახლში, ერთი „ატასზე“, ავტომატმომარჯვებული გარეთ, ეზოში _ ტიპური შევარდნაძისდროინდელი პერიოდის ყაჩაღობა, როცა შეიარაღებულებს არაფრის და არავის შიში არ ჰქონდათ _ ასეთი იყო ამ დანაშაულის ანატომია, რომელიც ჯერაც არაა გახსნილი.
სამაგიეროდ, გახსნილად გამოცხადდა ცოტა ხნის წინ მარტვილში მომხდარი თავდასხმა, როცა ხნიერ, პენსიონერ დებს რამდენიმე ადამიანი სახლში შეუვარდა და კინკლაობაში ერთი მოკლა კიდეც. მეზობლები ამბობენ, რომ დებს გადანახული ფული უნდა ჰქონოდათ, ხოლო ვიღაცამ ყაჩაღებს „ნაკოლი“ მისცა. ალბათ, შეიარაღებულები არც აპირებდნენ რომელიმე დის მოკვლას, რომ არა ერთის მცდელობა, სახიდან ნიღაბი ჩამოეგლიჯა ერთ-ერთი ყაჩაღისთვის, რაც ქალისთვის სავალალო აღმოჩნდა. შეიარაღებულებმა ფული და ოქროულობა წაიღეს და გაუჩინარდნენ.
ფაქტი მაშინვე გახმაურდა და სრულიად სამეგრელოს პოლიცია ფეხზე დადგა, რომელსაც გუბერნატორმა შონიამ ამ დანაშაულის სასწრაფოდ გახსნა დაავალა. პოლიცია კი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ცაიტნოტში მყოფი ძალოვნები იქცევიან და მარტვილის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც, მისი ძმის მტკიცებით, მკვლელობის იარაღი ჩაუდო. ეს ახალგაზრდა მოკლული მოხუცის მესაფლავე იყო, ხოლო მეზობლები იხსენებენ, რომ ის მკვლელობის ღამეს სახლში იყო, ეძინა და, ლამის, ფეხშიშველი გამოვარდა სახლიდან, როცა კივილი მოესმა, ხოლო ტანსაცმელი, მოგვიანებით, დედამ მიუტანა.
თუმცა ასეთ საქმეებში ხომ პოლიციისთვის დეტალები უმნიშვნელოა იმდენად, რამდენადაც მთავარია, საქმე გახსნილად წარმოჩინდეს. მარტვილის შემდეგ ლევან შონიას გადაყენება დროებით მოიხსნა დღის წესრიგიდან, მაგრამ გადაურჩება თუ არა გუბერნატორი ხიბულაში მომხდარი ყაჩაღობის ტალღას, ჯერ გაურკვეველია და რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, დანაშაულის სწრაფად გახსნაზეა დამოკიდებული.
ავი ენები კი ამბობენ, რომ კრიმინალური ფონის გაუარესებაში სამეგრელოში სწორედ „ტყის ძმების“ ხელი ურევია, რომლებიც ამ გზით ცდილობენ, გუბერნატორს დაანახონ, რომ საჭირო ხალხია და მხოლოდ მათ შეუძლიათ სიტუაციის დარეგულირება. პრინციპში, ლევან შონიას ამის დიდად შეხსენება არც სჭირდება, რადგან სწორედ მათი იმედი აქვს და არაერთხელ ყოფილა ისეც, რომ მისი გაფუჭებული საქმეები „ტყის ძმებსა“ და მის ავტორიტეტიან მეთაურს გამოუსწორებია.
მაგრამ ახლა ლევან შონიას არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან საბოლოოდ შეერწყმება „ტყის ძმებს“ და მათთან აფილირებული სახელმწიფო მოხელე გახდება, ან პოლიციაში დასაყრდენს იპოვის იმისთვის, რომ მათ თვითშეფასება აუმაღლოს _ მოგეხსენებათ, როცა გავალებენ, ყოფილი პარტიზანების წინაშე თავი „დაიჩმორო“, საკმაოდ ძნელია, კარგი პოლიციელი იყო და კრიმინალურ გამოწვევებს უპასუხო. თავის დროზე, დათო შენგელია წინა ხელისუფლებამ სწორედ პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, რითაც პრეცედენტი შექმნა, რომ პოლიციელებისთვის ხმის აწევა და მათი „ფეხებზე დაკიდება“ არავის გაუვიდოდა...
ლევან შონიასთვის კიდევ ერთი გამოცდა თხილის სეზონია, რომელიც სულ მალე დაიწყება. მართალია, უშუალოდ მოსავლის აღებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ გლეხები სწორედ ამ ადრიანი გაზაფხულიდანვე ყიდიან თავიანთ ნარგავებს წინასწარი ვარაუდით, მერე კი ფულს იღებენ. ამ სეზონს სამეგრელოში მუდამ თან სდევდა უკმაყოფილება თხილის ფასის გამო და პლუს, კრიმინალის გააქტიურება.
ასე მაგალითად, შარშან თხილის ფასი სამეგრელოში საკმაოდ მაღალი იყო, როგორც წინა წელს, თუმცა, წელს პრობლემებს პრობლემები დაემატება და კერძოდ ის, რომ გალის რაიონიდან ზუგდიდში გლეხები გასაყიდად თხილს ვერ გადმოიტანენ. ამისთვის ჯერ კიდევ შარშან მიიღეს ზომები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა სპეციალური კანონიც კი შემოიღეს _ გარკვეულ ზღვარს ზემოთ თხილის „ქვეყნიდან“ გატანის დაუშვებლობის შესახებ. მაგრამ თუ შარშან გლეხები მაინც ახერხებდნენ შემოვლითი გზებით სიარულს, წელს ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან რუსული სამხედრო კონტინგენტი ე. წ. საზღვარზე აქტიურად პატრულირებს, ხოლო ნაბაკევისა და ოტობაიას გადასასვლელი დაკეტილია და მოსახლეობას ენგურის ხიდის გავლით მოუწევს ზუგდიდში გადმოსვლა იმ შემთხვევაში, თუ ეს დააპირეს.
სხვათა შორის, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები იმასაც ამბობენ, რომ პრობლემები შარშანაც იყო, მაგრამ ერთადერთი პირი, ვინც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა და არავინ არაფერს ერჩოდა, დათო შენგელია იყო. ის მოსახლეობაში დადიოდა და მათ აფრთხილებდა, რომ თხილი მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირებისთვის ჩაებარებინა. თუ ეს მართლაც ასე იყო, ცხადია, დათო შენგელიას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ექნებოდა მიღებული კარტ-ბლანში.
ზოგიერთი უფრო შორსაც მიდის და თხილის ბიზნესში შონია-შენგელია-დე ფაქტო ხელისუფლების ნაწილის ალიანსსაც ხედავს, რადგან გალის ადგილობრივ ხელისუფლებაში მოკალათებული „სახელმწიფო მოხელეებისთვის“ ფრიად ხელსაყრელია ჩრდილოვან გარიგებებში შესვლა მაშინ, როცა მათი ხელფასი მიზერულია.
ასეა თუ ისე, ჯერ სამეგრელოში კრიმინალური სიტუაციის დალაგების, მერე კი თხილის სეზონთან დაკავშირებული პრობლემების გამკლავება, პლუს, უკმაყოფილო მოსახლეობასთან კონტაქტი გუბერნატორისთვის, შესაძლოა, აქილევსის ქუსლადაც იქცეს. და თუკი ლევან შონიამ ყველა დაბრკოლება გადალახა და არჩევნებამდე მიაღწია, შემოდგომაზე მას კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი ელის: თუ კანონი არ შეიცვალა, ზუგდიდში ჩასვლას და მერობისთვის ბრძოლას, არც მეტი, არც ნაკლები, ზვიად სიჭინავა გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.
თუ ზუგდიდში სიჭინავას ავტორიტეტით განვსჯით, მან, დიდი ალბათობით, შესაძლოა, გაიმარჯვოს კიდეც, რაც არა მარტო ლევან შონიას, არამედ კიდევ ბევრი სახელმწიფო მოხელისთვის აღმოჩნდება საბედისწერო...
ლაშა ბერულავა