საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრომ 2015 წლის 6 აპრილს ბრიტანულ კომპანია „გლობალ ალიანსს“ 300 000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანიის ლათინური აბრევიატურა სრულად ასე გამოიყურება:Global Alliance for Health and Social Compact Ltd. .
ხსენებული ხელშეკრულების გაფორმებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, 2015 წლის 18 მარტს, „გლობალ ალიანსთან“ 300 000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდმა გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, შესყიდვის საგანი იყო კონსულტაციები რამდენიმე კლინიკის უძრავი ქონებისა და განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ჯერ კლინიკები ჩამოვთვალოთ, ესენია: თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება და სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“.
რა კომპანიაა „გლობალ ალიანსი“?! იგი გახლავთ ჩვეულებრივი შპს, რომელიც 2014 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში. მას აქვს თავისი ვებგვერდი _gahsc.net , სადაც არ იძებნება ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემების რეფორმირებაში კონკრეტული მაგალითების შესახებ. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, „გლობალ ალიანსის“ ვებგვერდი მთლიანობაში არაპროფესიონალური და არაინფორმაციულია, რაც არ არის დამახასიათებელი სერიოზული კომპანიებისთვის.
ანგარიშიდანვე ირკვევა, რომ კომპანიების საძიებო პლატფორმა ენდოლე.ცო.უკ-ის მიხედვით, დაარსებიდან დღემდე (ეს კი ერთ წელიწადზე ნაკლები პერიოდი გახლავთ), „ალიანსმა“ სამი დირექტორი გამოიცვალა და 2015 წლისთვის (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) მისი დირექტორი იყო საფრანგეთის მოქალაქე ჟან-ელი შარლ მალკინი. მალკინი პარალელურად არის აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელიც და ექიმი 25-წლიანი სტაჟით. საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში იგი გაეროს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული, სადაც რეგიონულ დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. ჟან-ელი შარლ მალკინი „გლობალ ალიანსის“ დირექტორად 2015 წლის 20 ივლისს დაინიშნა. მალკინამდე კომპანიის დირექტორები იყვნენ უკრაინული წარმოშობის 1984 წელს დაბადებული განა ასეიევა, რომელსაც თანამდებობა 2015 წლის 1-ლი ივნისიდან 20 ივლისამდე ეკავა და 1991 წელს დაბადებული ბრიტანელი ქრისტოფერ დეივი, რომელიც 2014 წლის 20 აგვისტოდან 2015 წლის 1-ლ ივლისამდე მუშაობდა დირექტორად.
განა ასეიევას შესახებ, პრაქტიკულად, არანაირი ინფორმაცია არ დევს, გარდა იმისა, რომ იგი 2000-იან წლებში შიდსის წინააღმდეგ საერთაშორისო ალიანსის (International HIV/AIDS Alliance in Ukraine) ადმინისტრაციული ოფიცერი იყო უკრაინულ ოფისში. ქრისტოფერ დეივის შესახებ კი ინფორმაცია საერთოდ არ მოიძებნა.
მალიკნთან ერთად მისი ჯგუფის წევრებსაც ჩამოგითვლით, ვინაიდან „ქრონიკა+“ კიდევ არაერთ პუბლიკაციას მიუძღვვის „გლობალ ალიანსის“ თემას.
დოქტორი პეტერ მაკარა _ ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტში საზოგადოებრივ ჯანდაცვას კურირებს, წარსულში დებრეცენის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელი იყო ჯანდაცვის პოლიტიკაში და უნგრეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში მთავარი მრჩეველი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში. მუშაობდა, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოპენჰაგენის ოფისის რეგიონულ მრჩევლად ევროპაში ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით.
ანდრეი მეცინეანუ _ გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი. მის პორტფელშია საკონსულტაციო გამოცდილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, მსოფლიო ბანკისთვის UNICEF -ისა და UNFPA-სთვის შეფასებითი კვლევების ჩატარებასა და სხვა დავალებების შესრულებაში.
„ალიანს“ მოწვეული ჰყავს ექსპერტი დოქტორი სტანის ლასპოსი _ პარიზის პარის დეკარტის უნივერსიტეტიდან. იგი არის ჰეპათოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის პროფესორი, რომელიც იკვლევს იმუნურ პათოლოგიებს ჩ ჰეპატიტის ვირუსის ინფექციებისას. სტანის ლასპოსი ხელმძღვანელობდა შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტის კვლევის საფრანგეთის ნაციონალურ სააგენტოს.
პროფესორი იაზდანია ზდანპანაჰი _ მოწვეული ექსპერტი, რომელიც პარიზის კლოდ-ბერნარ ბიშას ჰოსპიტალის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 2012 წლიდან არის შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტის კვლევის საფრანგეთის ნაციონალურ სააგენტოში შიდსის ინფექციის კლინიკური კვლევის კომიტეტის პრეზიდენტი.
როგორც ხედავთ, ჯგუფი თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებულია შიდსისა და „ცე“ ჰეპატიტის კვლევაში მომუშავე ექსპერტებით. ამ დროს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება სულ სხვა საკითხებს მოიცავს.
ჯანდაცვის სამინისტრომ, თავის დროზე, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროსთვის გაწეული მომსახურება მოიცავს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებასა და ჩ ჰეპატიტის აღმოფხვრაში დახმარებას; რომ „გლობალ ალიანსმა“ სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურება უნდა გაუწიოს მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებაში, რაც სამინისტროს დაეხმარება (ციტირება): „ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში, ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებაში, ეროვნული და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და სამინისტროს ხელმძღვანელობის, მარეგულირებელი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების საქმეში“.
როგორც ხედავთ, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი და ზოგადი ფრაზებია. უფრო თუ დავკონკრეტდებით, სამედიცინო ტერმინოლოგიით გაეჯერებული ფრაზების რახარუხია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ პირდაპირ წამოუყენა მთელი რიგი საკითხები საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. კერძოდ, რა კრიტერიუმებით შეირჩა კომპანია, რომელსაც ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია? რატომ გაფორმდა ხელშეკრულებები „გლობალ ალიანსთან“ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით, როდესაც არანაირი დროითი შეზღუდვა არ არსებობდა?
„ქრონიკა+“ ამასთან დაკავშირებით „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარეს, გია ბურჯანაძეს ესაუბრება, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნულ საკითხს სწავლობს და უახლოეს მომავალში ანგარიშს გამოაქვეყნებს:
_ ეს გახლავთ უცხოური კომპანია, რომლის წარმომადგენლობასაც, მე პირადად, საქართველოში ვერ მივაგენი. გარკვეული პერიოდია, რაც მათი აქტივობით დავინტერესდი, ანუ კონკრეტულად რას აკეთებენ ისინი ხელშეკრულების ფარგლებში და ახლავე მოგახსენებთ, ნამდვილად საინტერესო იქნება: მაგალითად, შარშან „გლობალ ალიანსმა“ დაავადებათა კონტროლის ცენრტთან ერთად კონფერენცია ჩაატარა თემაზე; „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“. თუ ვერ გაიგეთ, არა უშავს. ეს მაგათი პოლიტიკაა ასეთი, რიგითი მოქალაქეებისთვის გაუგებარ ენაზე საუბარი. მოკლედ, ამ კონფერენციაზე ჯანდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად გამოვიდა დოქტორი ჟან-ელი მალკინი და სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ უჭერდა მხარს ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე; რომ ამ სახელმძღვანელოთი ექიმებს დაეხმარებოდა პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში. ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ სენფორდის სახელმძღვანელო პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და ითვალისწინებს ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებას; რომ „გლობალ ალიანსი“ ამ წიგნით მაქსიმალურად დაეხმარება ქართველ პრაქტიკოს ექიმებს და რომ ეს წიგნი ყოველდღიური მოხმარების სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს. ის ხელსაყრელი და მიზანშეწონილია როგორც ცალკეული პაციენტის, ასევე, უშუალოდ, ჯანდაცვის სისტემისთვის და, რასაკვირველია, ეს მიმართულება იქნება უფრო რენტაბელური და ერთად შევუწყობთ ხელს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენებას.
_ თქვენ ახლა ხუმრობთ, ბატონო გია, თუ რას გვიყვებით?.. რა წიგნზე გვესაუბრებით?
_ ხომ მეკითხებით, რას საქმიანობს „გლობალური ალიანსი“ საქართველოში, რომელსაც 300 000 დოლარი გამოეყო და მეც გპასუხობთ მის ერთ-ერთ აქტივობას _ კონფერენციების გამართვა, წიგნების დარიგება.
_ მე როგორც გავიგე, „გლობალური ალიანსი“ ანტიმიკრობული რეზისტენტობის კომპანიას ატარებს.
_ დიახ, რომ XXI საუკუნეში ანტიმიკრობული თერაპია მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში. აქ მთავარი, იცით, რა არის?! საქართველოში წლების განმავლობაში არსებული ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი შეგნებულად და მიზანმიმართულად გაანადგურეს. ბოლომდე ვერ მოსპეს, მაგრამ აქტიურად მიდის ამ მიმართულებით მუშაობა. ანტიმიკრობული თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ამ საკითხებში არის სწორედ ბაქტერიოფაგები და ფაგები. კორუფციის დიდი წილი დარჩა ჯანდაცვაში და ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს. ძალიან ბევრი საფინანსო დანაშაული სწორედ ამ სექტორშია.
„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარეს, ნანა სანაიას დაუკავშირდა:
_ საქართველოში სამედიცინო ბაზარი არ არის თავისუფალი და არც კონკურენტუნარანია. დღეს, როგორც ვუყურებ, სახელმწიფო სტრუქტურებთან გაფორმებული ეს სრულიად გაურკვეველი ხელშეკრულებები, არ არის გომორიცხული, რომ სწორედ ბაზრის ხელახალ მონოპოლიზებას ემსახურებოდეს, იმიტომ რომ მასში შესვლა ხომ მხოლოდ დიდი ინვესტიციებით არის შესაძლებელი...
_ რას გულისხმობთ, რომ საქართველოში ახალი კომპანიების შემოსაყვანად ნიადაგი მზადდება?
_ დიახ. თავის დროზე, მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ქართულ კანონმდებლობაში „პარალელური იმპორტი“ დაუშვეს, რაც გულისხმობდა პროდუქციის იმპორტს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე. წამლის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელები წამლებს სხვადასხვა ქვეყანაში ზოგან ძვირად ყიდიან, ზოგან _ იაფად. ანუ თავად ქვეყნების ფასრეგულაციის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ბევრად ადრე პარალელური იმპორტი ევროგაერთიანებაში დაუშვეს, იმიტომ, რომ იმპორტზე მონოპოლია მოხსნილიყო. იმდენად მკაცრია ევრორეგულაციები, რომ სერიული სერტიფიკატი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია მარეგულირებლისთვის მისი დაინტერესების შემთხვევაში. გარდა ამისა, ევროგაერთიანება არ უშვებს გარედან პარალელურ იმპორტს და ბუნებრივია, იქ მიკვლევადობისა და კონტროლის პრობლემებიც არ არსებობს.
_ ეს რეჟიმი რამდენად აუცილებელია?
_ ეს რეჟიმი აუცილებელია, უბრალოდ, პროცედურებია გადასახედი. გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებენ ჰიპერმსხვილი, მსხვილი, წვრილი დისტრიბუტორები და ბროკერები. ჰიპერდისტრიბუტორები რამდენიმე ათეული მილიარდის მოგების მქონე კომპანიებია: ამერიკაში სამი (საშუალო წლიური 45-50 მილიარდი) და გერმანიაში ორი. ჰიპერმსხვილები მცირე შეკვეთებზე არ მუშაობენ, მაგალითად, სტაციონარების მომარაგებაზე, სააფთიაქო ქსელებსა და ა. შ. ამ ტიპის დისტრიბუციაზე უფრო საშუალო და წვრილი დისტრიბუტორები მუშაობენ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წამყვანი ბრენდის ბაზარზე შესვლას, დაახლოებით, 10 წელი და, მინიმუმ, 3 მილიარდი დოლარის კვლევები სჭირდება, ჩვენ შემთხვევაში, ქართული მედიკამენტის იმპორტზე საუბარიც ზედმეტია. ზოგადად, ფარმაცევტული ბაზრები მონოპოლიისკენ მიდრეკილი ბაზრებია, ვინაიდან მკაცრი რეგულაციების ფონზე რიგი შეზღუდვები ყალიბდება.
_ ქალბატონო ნანა, იქნებ, ეს ყველაფერი სისტემაში მოგვიყვანოთ და აგვიხსნათ, რა კავშირშია „გლობალ ალიანსი“ ფარმაცევტულ ბაზართან?
_ ვფიქრობ, რომ პირდაპირ კავშირშია. მალკინის ჯგუფი თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებულია ექსპერტებით, რომლებიც შიდსისა და „ცე“ ჰეპატიტის კვლევებზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში. ორივეს მკურნალობა მედიკამენტს და სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება. იქ, სადაც მედიკამენტია, ფარმაცევტული ბაზარიცაა. მით უმეტეს, როდესაც საკითხი უკავშირება არა საცალო ვაჭრობას ანდა იმპორტს, არამედ სახელმწიფო შესყიდვებს. ზოგადად, სახელმწიფო სანამ მედიკამენტის დიდ პარტიას შეისყიდის, ამისთვის ნიადაგი უნდა მომზადდეს. ნიადაგის მომზადებაში ვგულისხმობ საზოგადოებრივი აზრის შექმნას, იქ კონსულტაციების გაწევას ჯანდაცვის სამინისტროსთვის, კონფერენციების გამართვას და ა. შ. ეს ძალიან დიდი სქემაა და მალე მოგაწვდით ამ სქემის დეტალებს.
თამარ როსტიაშვილი