QronikaPlus
რატომ ჩაწერა მშობელმა 76-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ფარულად?!

რატომ ჩაწერა მშობელმა 76-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ფარულად?!

2017-04-08 08:58:29

ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა ორხევის დასახლებისთვის 76-ე საბავშვო ბაღში განვითარებული მოვლენებია. ვნებათაღელვა ხსენებულ დაწესებულებაში უკვე წელიწადია, არ ცხრება და სულ მალე პიკს მიაღწევს.   რომელმა მშობელმა ჩაწერა დირექტორი ფარულად? რატომ ეძახა ბუღალტერმა დირექტორის მოადგილეს „ქათმის ფილეების ქურდი“? რატომ გვეუბნება ბაღების მართვის სააგენტო, _ სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი, ჩვენ აღარ ვერევითო? და ა.შ. „ქრონიკა+“ ყველა მხარის პოზიციას სათითაოდ წარმოგიდგენთ და ვეცდებით, მაქსიმალურად ობიექტურები და მიუკერძოებლები ვიყოთ.   ნინო გელაშვილი _ 76-ე საბავშვო ბაღიდან განთავისუფლებული ბუღალტერი: _ 26 წელია, სამგორის რაიონის 76-ე საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ეს ერთადერთი ბაგა-ბაღი გახლავთ ორხევის მთელ დასახლებაში. ჩვენ ვართ დები _ ნინო და ნონა გელაშვილები. რამდენიმე თვის წინ დირექტორმა სამსახურიდან ორივე გაგვათავისუფლა. განთავისუფლების მოტივი დღემდე არ ვიცით _ შრომის კოდექსიდან საერთო, 37-ე მუხლი გვაქვს მოყენებული, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას გულისხმობს. ჩემს დას ემატება შინაგანაწესის ქვეპუნქტი მომსახურებაში თანხის აღების შესახებ. _ ფულის აღება რისთვის? _ ჩემი და აღმზრდელია, მე _ ბუღალტერი, უბრალოდ, ბოლოს ბაგა-ბაღებში ბუღალტრის სახელი შეიცვალა და საქმის მწარმოებელი დაერქვა. ჩვენს შემთხვევაში სამსახურიდან განთავისუფლების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. არასოდეს მქონია არანაირი პრობლემა ფულთან მიმართებით არც ერთ ხელფასზე... _ რა მოხდა თქვენს დასთან დაკავშირებით? _ ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა სათამაშოების შეძენა მოინდომეს. ყველა აღმზრდელისთვის ცნობილია, რომ თანხის აკრეფა არ შეიძლება, ამიტომ ჩემმა დამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის შეეთანხმებინა, რომ თითო ბავშვს თითო სათამაშო მოეტანა ბაღში. _ კი მაგრამ, ბაღში ბავშვებს სათამაშოები არ ჰქონდათ? _ მშობლებს ჰქონდათ ამის პრეტენზია. როდესაც ნონა შევიდა და დირექტორს უთხრა, მან უპასუხა, რომ ლია მასწავლებლის (ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი) კლასში არსებული ნაირ-ნაირი სათამაშოები სულ მშობლების მოტანილია და არც ეს იქნება პრობლემაო. შეთანხმდნენ, რომ მშობლებს რაც გაუხარდებოდათ, ის მოეტანათ ბაღში. 2016 წლის ოქტომბერში დირექტორის მოადგილე მშობლებს შეხვდა და უთხრა, რომ თანხის აგროვება არ იყოს და კი ბატონო, სათამაშოები შემოწირულების სახით მოიტანეთო. ყველაზე აქტიურმა მშობელმა ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩემი შვილი სკოლაში მიდის და მინდა, ეს წლები კარგად დაამახსოვრდეს და სათამაშოები ჰქონდესო, რაზეც დირექტორს უპასუხია, _ თუ არ მოგწონთ ჩვენი საბავშვო ბაღი, აქედან მიბრძანდითო. ატყდა კამათი და იმ მშობელმა ყველაფერი ტელეფონით ჩაიწერა. _ ფარულად ჩაწერა? _ არსად გამოუქვეყნებია. შემდეგ ხდება ის, რომ ინიშნება ბაღის თანამშრომლების კრება, რომელზეც დირექტორმა საყვედური გამომიცხადა  საქმის არაჯეროვანი შესრულებისთვის, ჩემს დას კი ჯგუფში მომხდარი ინციდენტის გამო _ გაფრთხილება. იქ იყო საუბრი იმაზე, რომ მშობლებმა პროვოკაციის მიზნით ფარულად ჩაიწერეს. ჩემი და საერთოდ არ ყოფილა იმ შეხვედრაზე. ნონამ ეს ფაქტი გააპროტესტა და ამ დროს, ბაღის მნემ, მანანა გურგენიძემ, რომელიც წელიწადნახევრით ადრე არის შემოსული ახალი დირექტორის დანიშვნამდე და ჩემთან ყოველი თვის ბოლოს კონფლიქტები ჰქონდა... _ თქვენთან რატომ ჰქონდა კონფლიქტი? _ ბუღალტერი ვიყავი და პროდუქტებს საწყობში რაოდენობისა და ფინანსების მიხედვით ვადარებდი. ყოველთვის არასწორი ნაშთები იყო, ზედნადები ჰქონდა გამორჩენილი და ა. შ. ერთხელაც, როცა ამას ვადარებდით, წინა დირექტორს გამოუცხადა, რომ მე ამას არ გავაკეთებო, რაზეც ის დათანხმდა. მე არ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ჩემს ნაშთებს გავაკეთებდი, რადგან შემოწმება რომ მოვიდოდა, ხელთ მქონოდა. ძველი დირექტორი საბოლოოდ მოხსნეს და იცით, რატომ? _ ბაღების მონიტორინგის ჯგუფი შემოვიდა და სამზარეულოში ჩანთებში გადამალული საჭმელი აღმოაჩინა, გურგენიძეს კი მაცივარში გვერდზე გადადებული ქათმის ფილე აღმოაჩნდა. ამაზე ოქმია შედგენილი, დირექტორი გაათავისუფლეს და სამი მზარეულიც მიაყოლეს. წესით, მანანა გურგენიძეც უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ სასტიკი საყვედურის ხარჯზე ისევ ბაღში დარჩა. ამის შემდეგ 76-ე ბაგა-ბაღს ახალი დირექტორი დაუნიშნეს _ ნატა გაბისიანი, რომელთანაც ჩვენ ეს სადავო სიტუაცია შეგვექმნა. თავიდან გაბისიანი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მანამდე იგი არსად მუშაობდა, არც არანაირი გამოცდილება აქვს, როგორც წარმოდგენილი საბუთებიდან ირკვევა. ამ ქალბატონს არ ვამცირებ, მაგრამ სამი თვის განმავლობაში კოპიუტერს მე ვასწავლიდი _ ელექტრონული ფოსტის გახსნიდან დაწყებული... გვერდიდან არ მოვცილებივარ. გვიან ღამემდე ვეჯექი, იმიტომ რომ თავიდან სამთვიანი ვადით იყო დანიშნული. ამ ქალბატონმა სააგენტოდან გამოტანებული თავისი დანიშვნის ბრძანებაც ვერ წარმოადგინა, იმიტომ რომ გზაში დაკარგა სადღაც. _ თქვენ რა იცით, თავად გითხრათ, დავკარგეო? _ სააგენტომ ის ბრძანება რომ მოითხოვა, ნატა გაბისიანი ამბობდა, ჩანთიდან არ ამომიღია და ან სახლში დამეკარაგა, ან გზაშიო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ახალი დანიშნულ დირექტორს, სააგენტომ გაბისიანს მოსთხოვა, რომ 76-ე ბაღში აუდიტი შემოეყვანა. შემოვიდა ბაღების აუდიტი გიორგი გურგენიძე, რომელმაც  ერთი წელი მთლიანად შეამოწმა და მანანა გურგენიძეს დარღვევები აღმოუჩინა. აუდიტმა ასევე გაარკვია, რომ ნატა გაბისიანმა, წინა დირექტორისგან განსხვავებით, ბრძანებების გაკეთება მე დამავალა, არადა, ეს მხოლოდ დირექტორმა უნდა აკეთოს. აუდიტმა გაბისიანს ჩემზე უთხრა, რომ ამას მხოლოდ ბრძანების დოკუმენტი უნდა მიუვიდეს, რის საფუძველზეც გასცემს ფანანსებსო და არა თავად დაამზადოს ეს დოკუმენტიო. ამის შემდეგ ნატა გაბისიანს ბრძანებების შაბლონები გავუკეთე და კომპიუტერში გადავუტანე, მაგრამ ტექსტებს აზრობრივად ვერ აყალიბებდა. იძულებული ვიყავი, ისევ დავხმარებოდი. ბოლოს, ასეთი რამე შევთავაზე: ქალბატონო ნატო, გავხსნათ რაღაც შავი რვეული, სადაც მეტყვით, რას აპირებთ ჯგუფში, ვინ დანიშნეთ და ა. შ. და მე დოკუმენტებს შევქმნი, მერე თქვენ გადაიტანთ-მეთქი. ამაზე შევთანხმდით 2016 წლის აპრილიდან და დავიწყე კიდეც. ფოსტასაც ვერ ნახულობდა და სააგენტოს მოწერილ ინფორმაციებს მე გადავცემდი დირექტორს, გავამზადებდი, ვაჩვენებდი და ისე ეგზავნებოდა ადრესატს. სულ მეუბნებოდა, რომ შენი იმედი მაქვსო. გასრულდა ზაფხული, მაგრამ მანანა გურგენიძე სულ მემუქრებოდა, რომ ჩაივლის არჩევნები და ბაღიდან გაგიშვებო. ბაღების მართვის სააგენტომ ამასობაში „ორისის“ საბუღალტრო პროგრამა მოითხოვა და თანხები მოგვცა, რომ ეს პროგრამა გვეყიდა. მაგრამ ეს პროგრამა ბუღალტრებს რომ გვესწავლა, ბიუჯეტი სწავლის პროცესის დაფინანსებას არ ითვალისწინებდა, ჩვენი ხარჯებით უნდა გაკეთებულიყო. _ თქვენს განთავისუფლებას დავუბრნდეთ, მოტივი რა იყო? _ ნატა გაბისიანს მოვთხოვე, განემარტა, რის გამო მაძლევდა საყვედურს? ამ კრების დროს მანანა გურგენიძე ასეთი სიტყვებით მოგვმართავდა: თქვენი დრო დასრულდა, ცხვარი უნდა დავუკლა თანამშრომლებს, თქვენ რომ აქედან გაგიშვებთო. ამაზე ჩემმა დამ გურგენიძეს უთხრა, _ ქათმის ფილეები შენ მოიპარე და ჩვენ უნდა წავიდეთ ბაღიდანო? ნატა გაბისიანმა კიდევ 40 თანამშრომლის წინაშე ბაღის დამანგრევლები გვიწოდა, რასაც ჩვენი მწვავე რეაქცია და ტირილი მოჰყვა. დირექტორის კაბინეტში შევედი და გურგენიძე გაბისიანს ეუბნება, _ ამას დილით ოთახში ერთი ნატეხი პური უნდა შეუგდო, კარი გამოუკეტო და საღამომდე არ გაუღო, რომ იმუშაოსო. _ რა დავაშავე-მეთქი? და პასუხი ვერ მივიღე. გაბისიანს ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ურთიერთობას გურგენიძე აფუჭებდა. ასე დავშორდით ერთმანეთს. გადის გარკვეული პერიოდი და ჩვენამდე ხმები მოდის, რომ შედგა ოქმი, რომელსაც ბაღის 12 თანამშრომელი აწერს ხელს, სადაც საუბარია, რომ ჩვენ დირექტორს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს ოქმი ნატა გაბისიანმა ბაღების მართვის სააგენტოს იურისტ მირანდა ჩარქსელიანთან წაიღო და ჩვენი განთავისუფლების დაგეგმვაც დაიწყო. _ რა ეწერა ოქმში? _ ჩვენი განთავისუფლების საფუძველი არის კოლეგიალური ეთიკის დარღვევა. 11 ნოემბერს გავიგეთ, რომ ჩვენი განთავისუფლების ბრძანებები არსებობდა. პარასკევს თემურ თორდინავას დავურეკე და ორშაბათს დამიბარა, შაბათს კი ნახევარი სააგენტო ამერიკაში გაფრინდა. ანუ მომატყუა! _ ამის შემდეგ რა მოიმოქმედეთ? _ პირველი, რაც გავაკეთეთ, სახალხო დამცველთან შევიტანეთ განცხადება და საქმეს მსვლელობა მიეცა. 26 წლის განმავლობაში, რაც ვმუშაობთ, მე და ჩემს დას არც ერთი გაფრთხილება, შენიშვნა, ანდა საყვედური არ გვაქვს. ამ ეტაპზე სასამართლო პროცესის  ჩანიშვნას ველოდებით. სახალხო დამცველთანაც დევს ჩვენი განცხადება. _ კონკრეტულად, რას მოითხოვთ? _ პირველი, სამსახურში აღდგენას. მძიმე ეკონომიკური სიტუცია გვაქვს, მაგრამ არც მიფიქრია განაცდურის ანაზღაურება, ეს უფრო ადვოკატებიდან წამოვიდა. ჩვენთვის მთავარია, ღირსების აღდგენის საკითხი. 36 მშობელი გვიდგას გვერდით და ადვოკატების თანხის გადახდა მათ უნდოდათ, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი ვთქვით. გარეთ გამოსვლა აღარ გვინდა, მთელი ორხევის დასახლება ამაზე ლაპარაკობს.   „ქრონიკა+“ მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მთავარ იურისტს, მირანდა ჩარქსელიანს დაუკავშირდა: _ რა თქმა უნდა, ჩვენ საქმის კურსში ვართ. ესენი არიან განთავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც განაცდურის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. _ რა გახდა მათი განთავისუფლების საფუძველი? _ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო არ არის დაკავშირებული ხსენებული თანამშრომლების განთავისუფლებასთან, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღები დამოუკიდებელი იურიდიული სამეწარმეო პირია, ხოლო დირექტორი წესდების მე-4 მუხლის მიხედვით, _ პასუხისმგებელი პირი. სწორედ დირექტორს, ანუ პასუხისმგებელ პირს შეუძლია მიიღოს და გაათავისუფლოს ბაგა-ბაღის თანამშრომელი. _ კი მაგრამ, ისინი ხომ თქვენი, ანუ სააგენტოს ქვემდებარე რგოლებია? _ დიახ, სააგენტოს მიერ არის დაფუძნებული, თუმცა ისინი დამოუკიდებლები არიან და მათ გარკვეული უფლება-მოვალეობები აქვთ მინიჭებული, მათ შორის, თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლება. _ მაშინ თქვენთან რატომ აქვთ პრეტენზია? _ ჩვენთან არ აქვთ პრეტენზია. როდესაც სასამართლოში განცხადება შევა, მოსარჩელეები იქნებიან დები გელაშვილები, მოპასუხე კი _ 76-ე ბაგა-ბაღი. სასამართლოს პრეროგატივა იქნება, გადაწყვიტოს განთავისუფლების კანონიერება-არაკანონიერების საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება ან აღდგენის, ანუ სარჩელის დაკმაყოფილების, ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ჩვენ ბაღის თანამშრომლებთან დაკავშირებით ამაზე მეტ პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ.   „ქრონიკა“ თბილისის 76-ე ბაგა-ბაღის ჯერ დირექტორის მოადგილეს, შემდეგ კი თავად დირექტორსაც გაესაუბრა.   მანანა გურგენიძე _ თბილისის 76-ე საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე მომარაგებს დარგში: _ ქალბატონო მანანა, ბაღის განთავისუფლებულ ბუღალტერს საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ თქვენ მიმართ. მაგალითად ის, რომ სათამაშოების არასაკმარისი რაოდენობის გამო მშობლებს მათი სახლიდან მოტანა უხდებათ; რომ ერთ-ერთი მონიტორინგის დროს სწორედ თქვენ გიპოვეს ცალკე გადალაგებული საკვები. საბოლოოდ, მათ თქმით, ჩვენ გაგავათავისუფლეს და გურგენიძე დატოვესო? _ მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. ეს ადამიანები, აფერისტობასთან ერთად, არიან თავზეხელაღებულები. გურგენიძისთვის ჩანთაში რამე რომ ეპოვათ, ვინ დამტოვებდა და მამუშავებდა?! ეს ისეთივე ტყუილია, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ შესაგებელში დაწერილი გვაქვს, თუ როგორ არღვევდნენ ეთიკის ნორმებს, თუ როგორ ჰყავდათ მთელი ბაღი დაპირისპირებული ერთმანეთთან. _ დავაკონკრეტოთ, რატომ გეძახეს, როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადეს, „ქათმის ფილეების ქურდი“? _ იმ დღეს ზეიმი იყო და როცა ბავშვები გაიყვანეს, მაგიდაზე პროდუქტი დარჩა, რომელიც ვერ გაიტანეს. იქ რა იპოვეს და რა _ არა, სააგენტომ ყველაზე კარგად იცის. სწორედ, ამ ამბავთან დაკავშირებით გაათავისუფლეს წინა დირექტორი, მშობლებს ყოველ წუთს და ყოველ წამს რომ ფულს ართმევდნენ და ა. შ. მათი ამბავი მთელმა სამგორის რაიონმა იცის, ვინ არიან და რამდენი დირექტორი გაისტუმრეს თავიანთი საქციელით. ახალ დირექტორზეც იკვეხნიდნენ, მალე გავუშვებთო, მაგრამ ვერ შეძლეს. _ ნინო გელაშვილის განცხადებით, ახალმოსულ დირექტორს სწორედ მან ასწავლა კომპიუტერი და ელექტროფოსტით სარგებლობა, ყველაფერში მხარში ვედექითო. _ ეს ყველაფერი ტყუილია. როდესაც თათბირზე, უბრალოდ, საყვედურის გამოცხადება უნდოდა დირექტორს, მის საცემრად გაიწია. ბაღში 70-80% გამწარებული ჰყავდა ამ ხალხს. რას უშვრებოდნენ მშობლებს, კოლექტივს, როგორ მოიქცნენ თათბირზე და ოჯახის გოგოებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ. მე ქურდი და მაიმუნი მეძახეს. ჯერ მარტო ამაზე უნდა აგონ პასუხი, რომ დაამტკიცონ, ვინ არის ქურდი და მაიმუნი. ძველი დირექტორის გაშვებაც მაგათ სინდისზეა. თუ ჩემს ნალაპარაკევს იწერთ ახლა, არ არის პრობლემა, უმჯობესია, დირექტორსაც გაესაუბროთ. ნატო გაბისიანი _ თბილისის 76-ე საბავშვო ბაღის დირექტორი: _ ნინო გელაშვილის თქმით, დირექტორად დანიშვნამდე თქვენ  არსად გიმუშავიათ და არანაირი გამოცდილება არ გავთ. _ არ შეიძლება, რომ ჩემი შრომის წიგნაკი გამოაქვეყნოთ?! ეს სიცრუეა. მანამდე წლების განმავლობაში სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად. _ მართალია, რომ სააგენტოდან წამოსულმა თქვენი დანიშვნის ბრძანება დაკარგეთ და ადგილამდე ვერ მიიტანეთ? _ არა, რა თქმა უნდა. ბრძანება თან მაქვს და მქონდა ყოველთვის. _ ბრძანებების გაკეთებას მართლა  საქმის მწარმოებელს ავალებდით, რომელიც შემდეგ თქვენ მიერ შემოყვანილმა აუდიტმა აღმოაჩინა და მითითება მოგცათ? _ ტყუილია, რა თქმა უნდა. ნინო გელაშვილი იყო საქმის მწარმოებელი და უნდა ეკეთებინა, როგორც საბუღალტრო საქმე, ისე საქმის წარმოება. ამაზე მან უარი გამომიცხადა, _ ამას წინა დირექტორი ასრულებდა და მე არ შევასრულებო. მას ხელიც კი არ ჰქონდა მოწერილი შინაგანაწესზე, სადაც მისი უფლება-მოვალეობა იყო ჩამოთვლილი, მაგრამ ეს საბუთი სააგენტომ მოითხოვა და მაშინ იძულებული გახდა, ხელი მოეწერა. ნინო გელაშვილმა ამაყად გამომიცხადა, რომ წინა დირექტორმა ვერაფერი დამაკლო, იმიტომ რომ ხელიც არ მაქვს მოწერილი შინაგანაწესზეო. კატეგორიულ უარზე იყო, რომ მე არ გავაკეთებ საქმის წარმოებასო. არადა, ეს ქალბატონი საქმის მწარმოებლის შტატზე იყო დასაქმებული. „შენი მონა არ ვიქნები!“ _ ეს მისი სიტყვებია, რომელიც რამდენიმე თანამშრომელმა მოისმინა. _ 36 მშობელი მართლა უჭერს მხარს? და კიდევ, მშობელმა მართლა ჩაგწერათ ფარულად თათბირზე?! _ შეხვედრა ჩაიწერეს მათ, ვინც  მართულები იყვნენ აღმზრდელისგან. იქ მე ვამბობ ასეთ ფრაზას, რომ თუ არ მოგწონთ ეს ბაღი, გადაიყვანეთ თქვენი შვილი სხვაგან და ამაში რამე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, რადგან ბაღები მოქალაქეებს ვთავაზობთ გარკვეულ მომსახურებას და მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას, სურთ თუ არა ამ მომსახურების მიღება. ის ფაქტი, რომ დამსწრეები კრებას ფარულად იწერდნენ, აშკარას ხდის, რომ საქმე გვაქვს პროვოკაციასთან. თან ჩემი პასუხი მოჰყვა მშობლის უკმაყოფილებას, რომელიც ამბობდა: „თქვენი ბაღი რას ჰგავს, ფარდები სწორად არ არის დაკიდებული“ და  ა. შ. როდესაც იდეალური სისუფთავე და წესრიგი მაქვს ბაღში. და მაშინ ვუთხარი, _ თუ არ მოგწონთ, თქვენი ნებაა-მეთქი. არაფერს ნიშნავს თქვენთვის ასეთი კვება, წესრიგი, მოვლა სისუფთავე, ბავშვების განვითარებაზე ზრუნვა-მეთქი? და იცით, რა მიპასუხა? _ საერთოდ არ მაინტერესებს, რას აჭმევთ, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ ჭამსო. აი, სწორედ იმ ქალბატონმა ჩაიწერა. ჯერ თქვა: ამას გავახმაურებ, „ფეისბუქზე“ დავდებო, მაგრამ მერე შეეშინდა, ეტყობა გაიგო, რომ  კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. მე გელაშვილი დავიბარე და ვუთხარი, რატომ დაავალე მშობელს ჩემი ჩაწერა-მეთქი და შემდეგ იმ მშობელმა უარყო. ნონა გელაშვილი ყველა ღონეს ხმარობდა, თანხები აეკრიბა და მშობლების ნება-სურვილს იშველიებდა. მან არად ჩააგდო ჩემი გაფრთხილება, თანხა დაებრუნებინა მშობლებისთვის. _ თქვენი ყოფილი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ მანანა გურგენიძემ მის წინააღმდეგ განგაწყოთ, თორემ მანამდე კარგი დამოკიდებულება გქონდათ. _ მე ვარ სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, მმართველი და ყველა საკითხის გადაწყვეტა, იქნება ეს სააღმზრდელო თუ საკადრო, არის ჩემი უფლება-მოვალეობა და ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, როდესაც შიდა-ინტრიგებისა და საუბრების გამო მიწევს განმარტებების მიცემა და ასეთ დეტალებზე პასუხის გაცემა. ჩემი დანიშვნისთანავე იყო მცდელობა, რომ გარკვეულ თანამშრომელთა მიმართ შემქმნოდა უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა ჩემი პასუხი იყო ის, რომ მე ყველას დირექტორი ვარ და არავის „გაგდებას“ არ ვაპირებდი. მაშინ  მეთოდისტი და ნინო გელაშვილი შევარიგე კიდეც ერთმანეთს. ჩემი მოსვლისთანავე შევცვალე, ავკრძალე წლების მანძილზე დამკვიდრებული თანხის შეგროვების მანკერი პრაქტიკა, მათ შორის, შემოწირულობის სახითაც და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო მათი მხრიდან წამოსული პროვოკაციული ქმედებებისთვის. მათ სარჩელი აქვთ შეტანილი და სასამართლო გადაწყვეტილებას არ ელოდებიან, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ამ სტატიით ფიქრობენ ჩვენი იმიჯის შელახვას. ვიმეორებ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ნახონ კრების ოქმი და თანამშრომელთა წერილებიც მათი მიუღებელი საქციელის შესახებ, რაც, ეჭვი მაქვს, არ ესიამოვნებათ. არანაირ ეთიკის ნორმებში არ ჯდება მათი ქმედებები. _ მაშინ რატომ მითხრეს, რომ მშობლებს მოაქვთ ბაღში ტუალეტის ქაღალდი, სველი ხელსახოცები და სხვა ჰიგიენური საშუალებები? _ ტყუილია. ამ მიზნით ყოველთვიურად გვერიცხება საკმარისი თანხა, მაგრამ დედა თუ ჩაუდებს თვეში ერთხელ ბავშვს სველ ხელსაწმენდს ჯიბეში, იქ ბაღი რა შუაშია?! ხელებს რამდენჯერმე იბანენ ბავშვები, სახე რამდენჯერმე აქვთ მოსაწმენდი, პატარებთან გვაქვს საქმე და საუკეთესო ხარისხის საქონელს ვყიდულობთ. ყველა მყავს ამაში ჩახედული. ბევრმა, ალბათ, არც იცის, რომ ჩვენ ბოლო სამი წელია, ჰიგიენის ახალი სტანდარტებით ვმუშაობთ, მაგალითად, სრულად ამოღებულია ხმარებიდან ტექსტილის პირსახოცები და ჩანაცვლებულია ქაღალდის ხელსაწმენდებით; ბაღში მოიხმარება მხოლოდ თხევადი საპნები სპეციალური დისპენსერებიდან და ა. შ. იმის მაგივრად, რომ მოიწონონ ეს წინსვლა, სამწუხაროდ, გარკვეული ინტერესის მქონე რამდენიმე მშობელი მონდომებით ეძებს მიზეზს, რომ როგორმე ჩვენი სახელი შელახოს. საბედნიეროდ, მშობელთა უმეტესობა ობიექტურად აფასებს ჩვენს შრომას და დარწმუნებული ვარ, ეს დავა ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება.     როგორც ხედავთ, „ქრონიკა+“ შეეცადა, მაქსიმალურად ყველა მხარის პოზიცია დაეფიქსირებინა. ყველაზე სავალალო ამ ყველაფერში ის არის, რომ მსგავსი სიტუაცია თბილისის ბაგა-ბაღებში მხოლოდ ორხევის დასახლებაში არ გახლავთ.   თამარ როსტიაშვილი  

გაზიარება