QronikaPlus
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღემდე უცნობი დეტალები

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღემდე უცნობი დეტალები

2017-04-07 12:04:26

რა საერთო გეგმა აკავშირებდათ პუტინსა და „კანონიერ ქურდებს“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ? კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ორი კონკრეტული გეგმისგან შედგებოდა. „ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი. 2008 წლის 7 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ნაბაკევი-ხურჩის ოკუპაციის ხაზს რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორი და მუხლუხა ტანკები მოადგა. მაშინ რუსი ოკუპანტები აფხაზეთსა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ბუფერულ ზონაში სამშვიდობო მისიის მანდატს ატარებდნენ. მანდატის დებულების მიხედვით, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს და დაშორიშორების 30-კილომეტრიან სამოქმედო ტერიტორიაზე, ბაზები ჰქონდათ განთავსებული, მდინარე ენგურის გასწვრივ ყველა სოფელში ასევე საგუშაგოები იყო განთავსებული, სანგრებით გამაგრებულ ბლოკპოსტებში მძიმე შეიარაღება და ასამდე მებრძოლი ოკუპანტი ირიცხებოდა. ივლისის დასაწყისიდან რუსეთის გენშტაბმა ბაზებში ტექნიკა განაახლა და სანგრებზე გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა. მესაზღვრეებმა ადმინისტრაციულ ზოლზე, გალის რაიონში, ფეხით გადასასვლელი ფონები აფხაზეთის მხარეს ააფეთქეს, რამდენიმე ადგილი კი ტრაქტორებით გადათხარეს და ჩახერგეს. ეს ყველაფერი აგვისტოს ომის სამზადისის ნაწილი იყო. გეგმა, რომლის განხილვასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მაშინდელი ძალოვანი უწყების მინისტრი დაესწრო, არც ისე რთული იყო. დავალების გაცემისას ირკვეოდა, რომ უშიშროება და გენერალიტეტი გაცილებით ადრე იცნობდა სამოქმედო გეგმას, ვიდრე ამ თათბირზე მიმოიხილავდნენ. გენშტაბის საგანგებო თათბირი 4 აგვისტოს ჩატარდა. მედვედევი სახმელეთო ძალების სარდალს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს, საჰაერო ძალების კურატორ-გენერალს ცალკე სათათბირო ოთახში შეხვდა. ამ შეხვედრას „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი არ დასწრებია, თუმცა ერთი საათის შუალედით გვერდით ოთახში თათბირზე რუსული ჯარის ბატალიონის ხელმძღვანელები და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ძალოვნები დაიბარეს. მაღალჩინოსნებზე დავალებები გენშტაბის ხელმძღვანელობამ გადაანაწილა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფხაზეთის მთავარი ძალოვანი, ო. ხ. დღეს დე ფაქტო ხელისუფლების მთავარი ოპოზიციონერია. 8 აგვისტოს ცოცხალ ძალასთან ერთად ხურჩიდან ზუგდიდში 210-მდე ჯავშანტრანპორტიორი და 50 ერთეული მუხლმუხა ტანკი შემოვიდა და, ზუგდიდის გავლით, ურთის სამხედრო ბაზაში დაბანაკდა. დილის ხუთ საათზე დიმიტრი რაგოზინმა დავალება მიიღო, ზუგდიდში აფხაზეთის კუდ-ის, სამხარეო პოლიციის, კუდ-ისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობები ალყაში მოექცია. ამ გეგმის განხორციელების პარალელურად ოკუპაციის ხაზზე სამეგრელო-აფხაზეთის მოსაზღვრედ ოთხ ადგილას ოკუპანტების 58-ე მაიკოპის ბრიგადა მძიმე ტექნიკით მოადგა. აფხაზეთის კუდ-ის შეიარაღებულმა სპეცდანაყოფმა იმავე ღამეს რუსების ურთის ბაზებს ალყა მანამ შემოარტყა, სანამ სერგეი რაგოზინი რუსული საჯარისო დანაყოფის ბაზიდან გასვლის განკარგულებას გასცემდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ოკუპანტებმა სამხედრო ვერტმფრენებით ბაზების საჰაერო დაცვა დაიწყეს. წინააღმდეგობის გაწევისას ქალაქის დაბომბვა იყო დაგეგმილი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისას ქალაქს პანიკა მოიცავდა, ამით ვითარება ქალაქში უკონტროლო გახდებოდა და ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმრები აჯანყდებოდნენ. დაგეგმილი იყო თანამშრომლების მძევლად აიყვანა. პატიმრებს ციხიდან გაქცევაში გარედან ოკუპანტებთან ერთად შემოსული ჯგუფი დაეხმარებოდა, შემდეგ კი რეგიონში მოსახლეობის სადამსჯელო ოპერაცია დაიწყებოდა: ოჯახებში შეიარაღებული აფხაზი დაჯგუფების წევრები შეიჭრებოდნენ, მათ შორის იქნებოდნენ ის პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდიდნენ. მათთან ერთად ვალმერ ბუთბასა და ბატალ ხიშბას შეიარაღებული დაჯგუფებიდან სპეციალურად შეირჩა ის აფხაზები, რომლებიც ქართველების განსაკუთრებული სისასტიკით წამებაში გამოირჩეოდნენ. სამშვიდობო მისიის „მანტიას“ ამოფარებულ ოკუპანტებს მანდატის ფარგლებში მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებოდათ, ამიტომ „კანონიერ ქურდებსა“ და ციხიდან გამოქცეულ პატიმრებს დავალება ჰქონდათ, მოსახლეობა ქუჩაში უნდა გამოყვანათ მოთხოვნით, რომ ოკუპანტებს საგუშაგოები გაეხსნათ, რათა ქართველი ოჯახები სეპარატისტებისგან დაეცვათ. სამხედრო გასაიდუმლოებულ გეგმაზე ინფორმაცია და სპეცოპერაციის სქემა უშიშროების ოფიცერმა, გოგი ნაჭყებიამ, ბესლან არშბას მეშვეობით ვლადიმირ ანუას მიაწოდა. გოგი ნაჭყებია აფხაზეთის პოლიციაში მუშაობდა, აფხაზეთის დაზვერვის დეპარტამენტიც ამავე შენობაში იყო განთავსებული, ამიტომ ამ ორი უწყების ინფორმაციის დროულად მიწოდებაში ნაჭყებიას ეს ფაქტორიც უწყობდა ხელს. დროის ამ მონაკვეთში რუსმა გენერლებმა განსაკუთრებით მძიმე ტექნიკით გაამაგრეს 14 სამხედრო ბაზა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკუპანტების დისლოცირების ბაზა, ურთის ბაზა იყო, სადაც გენერალიტეტი განთავსდა. გამთენიისას რუს გენერლებს ძალოვან უწყებებში შეჭრა და სპეცსამსახურების დაკავება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა იმავე ღამეს აფხაზეთის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმი ურთაში ოკუპანტების ბაზის შემოგარენში დაბანაკდა და რუსებს ალყა შემოარტყა. სანამ გენერლები ჯარს დაგეგმილ სპეცოპერაციაზე გაიყვანდნენ, ულტიმატუმის წაყენებამდე, რუსი გენერლის ფორმაში გადაცმული აფხაზეთის კუდ-ის უფროსი 130-მდე მეომართან ერთად ბაზაში სამხედრო პატივით შევიდა, ორივე გენერალი ოთახშივე მძევლად აიყვანა, ერთ წუთში განკარგულება გასცა, 58-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა და 300-მდე ჯარისკაცი დარბაზში სამხედრო მოწყობაზე დამდგარიყვნენ დავალების მისაღებად, ხოლო ტექნიკას რუსულ სამხედრო ფორმაში გადაცმული ქართველი მეომრები დაეუფლნენ... ასე განაიარაღეს ისინი. მაშინ რუს გენერალიტეტს წინასწარ გაწერილი ყველა გეგმა ჩაეშალა. ქართული სპეცსამსახურის თანამშრომელმა, გოგი ნაჭყებიამ, რაციაზე გადმოცემული აფხაზეთის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ზუსტი კოორდინატები სოხუმში საგანგებოდ შექმნილ შტაბის ხემძღვანელს, ვლადიმირ ანუას მიაწოდა. პოლიციის სიხშირეზე ჩართული სამი რაცია პოლკოვნიკ სერგეი რაგოზინს გოგი ნაჭყებიამ საჯვაროსთან გადასცა. „ნადიოჟნი აგენტებსა“ და რუს ოკუპანტებს ამჯერადაც არ გაუმართლათ და განზრახვა ვერ იზეიმეს. შტაბში ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა, რომელიც ქართველების მიერ იყო ჩანერგილი, რუსი გენერალიტეტის გადაწყვეტილება კონკრეტული ადგილის დაბომბვის შესახებ 20 წუთში კუდ-ის მაღალჩინოსანს შეატყობინა. დაახლოებით ერთ საათში ოთხმა სამხედრო ვერტმფრენმა ურთის შემოგარენი ტონიანი ბომბებით დაბომბა, ოკუპანტებმა მეომრების ამოჟლეტა ვერ იზეიმეს, აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმმა ის ადგილი უსაფრთხოების გამო შეიცვალა, არადა, ზუსტად ის ადგილები დაიბომბა, სადაც ქართველ მეომრებს პოზიციები ჰქონდათ გამაგრებული... დილის 7 საათზე ოკუპანტები მძიმე ტექნიკით ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე შეიჭრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ბაზაზე, სადაც შეიარაღების საწყობი იყო, თერთმეტი ჯავშანტრანსპორტიორი და ორასზე მეტი რუსი მებრძოლი შეიჭრა, საწყობიდან დიდი რაოდენობით ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი „M4“ გაიტანა. პარალელურად, რეგიონის სამხარეო პოლიციის შენობა და სამორიგეოს შეიარაღების საცავიც დაიკავეს. რუსეთის არმიის ყველაზე ძლიერი ქვედანაყოფი აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბაზაში შევიდა, შენობები და შეიარაღების საცავი დაცლილი დახვდა. ამ დროს კუდ-ის დეპარტამენტს დათა ახალაია ხელმძღვანელობდა და ის ერთ-ერთი უწყება იყო, რომელსაც რუსი გენერლები ვერ აკონტროლებდნენ. ოკუპანტების განზრახვაში შედიოდა მშვიდობიანი მოსახლეობით სავსე ქალაქში წინააღმდეგობის გაწევა, რათა ამ მიზეზით შემდეგ ქართული სპეცსამსახურების შენობები და სამხედრო დანაყოფების ბაზები დაებომბათ და რეგიონი აეწიოკებინათ. „ქრონიკა+“-ს რესპონდენტი ო. ხ. ოკუპანტების გეგმის დღემდე გრიფით საიდუმლო დეტალებზე ესაუბრება: _ საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებიდან მოწოდებული წყაროების მნიშვნელოვანი ინფორმაციებით 25 ივლისს უკვე სამოქმედო გეგმას ვადგენდით. მაშინ გენშტაბისთვის ერთ-ერთი დასაყრდენი საქართველოს თადაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მოსკოვიდან სოხუმში ჩამოვიდა რუსეთის თადაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი და გენშტაბის ხელმძღვანელი იური ბალუევსკი. თითქმის ოთხი საათი განვიხილავდით აფხაზეთისა და ოსეთის მოსაზღვრე ადგილებს, სადაც ტექნიკა უნდა გადაგვეყვანა. გეგმის დამუშავების შემდეგ სულ ვშიშობდი, რომ აფხაზეთი ახალ განსაცდელში ჩავარდებოდა. 2008 წელს თქვენს პრეზიდენტს ევროპა ძლიერ დაუდგა გვერდით. რუსეთის არმია თბილისში 24 საათში უნდა შესულიყო. მიშას რომ საერთაშორისო თანადგომა ექნებოდა, ამ ვარიანტს მაშინაც განვიხილავდით, თუმცა მძიმე შეიარაღებით გორიდან რუსი სამხედროების თბილისში შეყვანის გეგმა უპირობო ამოცანად რჩებოდა. საქართველო ორ ადგილას საომარ-მოქმედებას ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ ძირითადი გეგმის შესრულებას მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე ელოდებოდნენ. ქართველებს ღმერთი გწყალობთ, მაგრამ მინისტრები _ არა... 2006 წლის სექტემბრის ბოლოს იქნებოდა. სამუშაო ოთახში ვიმყოფებოდი. ბაღაბშის დაცვის უფროსმა დ. ჯ.-მ დამირეკა, _ სტუმრები არიან და პრეზიდენტი გელოდებათო. სტუმრების მიზეზით მოულოდნელმა გამოძახებამ დამაფიქრა და ბატონ სერგეი ბაღაბშთან მოკლე დროში მივედი. ოთახში ვლადისლავ გასუმიანოვი, ვლადისლავ სურკოვი და თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია დამხვდნენ. მიზეზი მალევე გაირკვა, _ მერაბ ქიშმარიასთან ერთად გალის სამი სოფლის გზა: ფიჩორის, გაგიდისა და მზიურის მონაკვეთი ოპერატიულად უნდა გაგვეკონტროლებინა. დავალებაზე 15 წუთში გავედით. სოფელ ხუმუშკურთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მანქანა დიპლომატიური ნომრით შეგვხვდა. დაცვამ გვანიშნა, ეს მანქანა გამოგვეცილებინა. სოხუმში ჩამოვედით. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სტუმარი განსაკუთრებული „შენიღბვის“ საჭიროების ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი დავინახე. მას ერთი ჩემთვის უცნობი პიროვნება მოჰყვებოდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ის კონტრდაზვერვის ყველა დეტალს ფლობდა და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ჭკვიანი იყო. მე მის საუბარს 40 წუთით შევესწარი, შეიძლება, არც კი, შემდეგ საუბარი სამ ადამიანს შორის _ ვლადისლავ გასუმიანოვს, ვლადისლავ სურკოვსა და ჩამოსულ სტუმარს შორის გაგრძელდა... 20 წუთში ბაზაში დიპლომატიური ნომრით ორი ჯიპი შევიდა. აფხაზეთის ძალოვანი სამინისტროები ამ შეხვედრაზე გაფრთხილებულები არ ვიყავით. ორ საათში ისევ დამიბარეს. მე და ვლადისლავ გასუმიანოვმა ორივე ჯიპი, მათი დაცვის ორ წევრთან ერთად, სოჭში ჩავაცილეთ. სასტუმრო „ლაზურნაიაში“ ვლადისლავ სურკოვი და სერგეი ლავროვი ჩამოვიდნენ. ჩვენ რამდენიმე წუთში სამთავრობო დაცვამ შეგვცვალა და ისევ სოხუმში დავბრუნდით. გზაში ვლადისლავმა ოქრუაშვილზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „Между нами он гад, но он наша прибыль“. მე დავინტერესდი, რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში, თუმცა არ ჩავეკითხე. ამ შეხვედრის დეტალები ჩემთვის ცნობილია, თუმცა როგორი განაწყენებულიც არ უნდა ვიყო ხელისუფლებისგან, სახელმწიფო საიდუმლოებას ერთგულება სჭირდება. _ რა დავალება მიიღო პუტინისგან ოქრუაშვილმა უახლოესი ადამიანების შუამავლობით? _ ოქრუაშვილი ცალკე თემა იყო და უფრო მნიშვნელოვანი არის, რას დაჰპირდა პუტინი ოქრუაშვილს, მართლაცდა, უახლოესი მეგობრების შუამავლობით?.. ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები მეორე პიროვნების ვინაობაც ცნობილია, თუმცა ის დღეს მოქმედი მაღალჩინოსანია და ამიტომ მის ვინაობას არ დავასახელებ. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოქრუაშვილი რუსეთის იმდროინდელი გეგმით პრემიერის პოსტისთვის უნდა მოემზადებინათ, პრეზიდენტი სააკაშვილი ირაკლის პირველობას ანიჭებდა და იგი გუნდში უპირობოდ ლიდერობდა. ამ შეხვედრის მერე ლავროვმა პრეზიდენტ პუტინს დაურეკა და ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის დეტალებზე შეთანხმება სთხოვა. ყოფილი აფხაზი ძალოვანი ირწმუნება, რომ არა ამერიკელების დაზვერვის სამსახური, საქართველოში რუსული ბაზებიც იდგებოდა, რკინიგზასაც აღადგენდნენ და ფსოუს საბაჟოც დიდი ხნის გახსნილი იქნებოდა ენგურის ხიდზე. სხვათა შორის, არც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იქნებოდა. ეს სიტყვები „ქრონიკა+“-ის რესპონდენტისგან იმდენად მოულოდნელი იყო, მიუხედავად საფრთხისა, რომ საუბარს აღარ განაგრძობდა, მაინც ჩავეკითხეთ: _ რა კავშირში იყო „რუსთავი 2“ ამ შეხვედრასთან? _ ამ ტელევიზიის დაშლა ოქრუაშვილს დაევალა. გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელსაც ბიზნესი ევროპაში ექნებოდა და საკმაოდ სოლიდურ თანხას ჩადებდა ტელევიზიის უახლესი ტექნიკით აღჭურვაში. ოქრუაშვილს სააკაშვილი უნდა დაერწმუნებინა, რომ „რუსთავი 2“ სწორედ ამ ადამიანის სახელზე გაფორმებულიყო, სანაცვლოდ კი საქართველოში ბიზნესით შემოსვლასა და ხელშეწყობას მოითხოვდა. სინამდვილეში, ის პიროვნება „ფეებეს“ ჩანერგილი იქნებოდა და შემდეგ მოვლენები სახვაგვარად განვითარდებოდა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს გეგმა ჩაეშალათ... თუ არა გასაიდუმლოებით, რა შეცდომა დაუშვა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც არ აპატიეს და არ გაასაჯაროეს? იმ დროისთვის, როცა ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს შეხვდა, ცხინვალი განსაკუთრებულად კონტროლდებოდა. 2008 წელი რუსეთისთვის უფრო სასიხარულო შედეგით დასრულდებოდა, მაგალითად, როგორც კოდორი... _ ანუ? _ კოდორში საგუშაგოების განთავსება ოქრუაშვილის დროს დაიგეგმა. სოხუმის მისადგომებთან არც ერთი სიმაღლე რომ არ იყო სამხედრო თვალსაზრისით გამოყენებული, ეს ისე, უბრალოდ გეჩვენებათ, თუ სხვაგან დაწერილი გეგმის ნაწილად? _ კრემლს გულისხმობთ? _ კი არ ვგულისხმობ, ასეა. თქვენს ქვეყანაში ამაზე დეტალურად საუბრობენ... სერგეი ლავროვისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრა ცხინვალში რომ არ გაეშიფრათ, საქართველო 2008 წლის ომში უფრო ჩაერთვებოდა და პირველი საქართველო გახსნიდა ცეცხლს მძიმე ტექნიკით და ჰაუბიცის პირველი ჭურვიც საქართველოდან დაფიქსირდებოდა, ჰააგის სასამართლოსაც უტყუარი მტკიცებულება ექნებოდა. თუმცა ირაკლის სამსახურებრივად ვერ დასცალდა. _ ანუ ესეც შეხვედრაზე გაცემული დავალების ნაწილი იყო? _ ესეც და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანიც. ირაკლი ოქრუაშვილს 2008 წლის ომში პუტინთან გარიგებით უნდა გაეცა დავალებები, როგორც თავდაცვის მინისტრს, ან მთავრობაში კრემლის პირველი დასაყრდენი იქნებოდა.... ეროსი კიწმარიშვილის რუსეთის ელჩად დანიშვნაც „რუსთავი 2“-ის გარშემო გეგმის ნაწილი იყო. ეს რჩევაც ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნოდა.... დღეს 2008 წელი მეორეჯერ მზადდება საქართველოსთვის, აფხაზეთში დღითი დღე შემოჰყავთ ტექნიკა იმ მიზნით, რომ თბილისში ჩავიდნენ. მე ჩემი ქვეყნის მთავრობის მთავარი ოპოზიციონერი იმიტომ გავხდი, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთიდან დაიწყება და სამხედრო „პოლიგონი“ ჩემი ქვეყანა იქნება. ამ კრიტიკას რუსეთი ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე მეტი ჩემი სამშობლოა... ამან განაპირობა თქვენთან საუბარიც... საქართველოს ხელისუფლება კრემლთან შეთანხმებული პოლიტიკით ხელს უწყობს ამ სამზადისს და ზომიერი კომენტარებით შემოიფარგლება. ძალოვან მინისტრთან ინტერვიუ „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომერში გაგრძელდება მარიამ ბალანჩივაძე

გაზიარება