QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „ნატურალური მხარდამჭერი „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, აღარ დარჩა“

გია ხუხაშვილი: „ნატურალური მხარდამჭერი „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, აღარ დარჩა“

2017-04-07 11:57:31

გაზაფხულზე არა მარტო ბუნება იღვიძებს. ოდითგან ასე იყო, რომ პოლიტიკური პროცესების ახალ ფაზაში გადასვლა და პოლიტიკური სპექტრის გამოღვიძებაც ამ პერიოდს ემთხვეოდა ხოლმე. პოლიტიკური პარტიებისთვის გამოღვიძების პროცესი სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის რეიტინგებით იწყება. ცხადია, ზოგი ენდობა ამ კვლევებს, ზოგი უნდობლობას უცხადებს და ერთგვარი ირონიით ეკიდება. უნდობლობას, ძირითადად, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიები თუ გაერთიანებები ამჟღავნებენ. ასე იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული და იმის მიუხედავად, რომ ამ უნდობლობას არც ერთი ხელისუფლებისთვის ხეირი არ მოუტანია, სიტუაცია მაინც უცვლელია: ხელისუფლებას მიზეზი არ ელევა, კვლევებისადმი უნდობლობა ისევ და ისევ გამოხატოს. სიტუაცია არც მაშინ შეცვლილა, როცა გასულ კვირას IღI-მ კვლევის შედეგები პარტიებს გადასცა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ოფიციალურად გასაჯაროებამდე კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები თავად პოლიტიკურმა პარტიებმა გაასაჯაროეს. „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას/ორგანიზაციას მისცემდით ხმას?“ _ ამ შეკითხვაზე მუშაობა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2017 წლის იანვრის შემდეგ დაიწყო. ეს ათვლის წერტილი განსაკუთრებით საინტერესო, ალბათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა იყოს, რადგან პარტიიდან ლიდერების ნაწილის გამოყოფასა და ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარების თარიღს ემთხვევა. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, „ევროპული საქართველოს“ წევრები, თავდაპირველად, წინააღმდეგიც კი იყვნენ, IღI-ს მათ მიმართ საზოგადოების განწყობა გაეზომა. მიზეზი მარტივია _ ფონი, რასაც საველე სამუშაოების პერიოდი ემთხვეოდა, მათთვის, წესით, წამგებიანი უნდა ყოფილიყო, რადგან მათი პარტიის ცნობადობა, ფაქტობრივად, ნულს უდრიდა, ენმ-ს კი ჯერაც გამარჯვების ეიფორია არ განელებოდა. ამის მიუხედავად, IღI-მ ახალი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაინც გაზომა. როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, პარტიისგან ორგანიზაციამ იდენტიფიცირების ფრაზა მოითხოვა. „ევროპულმა საქართველომ“ მოისურვა, შეკითხვის დროს მათი პარტიის დასახელებაში შეეტანათ ორი გვარი: ბაქრაძე და უგულავა. გიგა ბოკერია და თავად ამ პარტიის სულის ჩამდგმელის ვაჟი _ გიგი წერეთელი, ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. ვერ მოხვდა, ასევე, ელენე ხოშტარიაც. როგორც ჩანს, „ევროპულმა საქართველომ“ არ გარისკა და პოზიტიური რეიტინგით ცნობილი პოლიტიკოსებით იდენტიფიცირება გადაწყვიტა. შედეგი თავად „ევროპული საქართველოსთვისაც“ მოულოდნელი აღმოჩნდა: კითხვაზე, _ მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს არჩევნები, რომელ პოლიტიკურ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: ისინი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა: 1. „ქართული ოცნება“ _ 30%, 2. „ნაციონალური მოძრაობა“ _ 15%, 3. „ევროპული საქართველო“ _ 8%. ყველა გამოკითხულის პასუხებში პროცენტები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ _ 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ _ 15%, „ევროპული საქართველო“ _ 7%, ლეიბორისტები _ 6%, „პატრიოტთა ალიანსი“ _ 4%, „თავისუფალი დემოკრატები“ _ 3%. შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა 20%-მა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემდა ხმას 15%, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 10% უჭერს მხარს. კვლევის შედეგების შეფასებისას „ევროპულ საქართველოს“ თავშეკავება ეტყობოდა, მაგრამ პარტიაში შედეგების პირველად ხილვისას ნამდვილი ზეიმი იყო. ეს არცაა გასაკვირი _ პრაქტიკულად, დაარსებიდანვე გაზომილ რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ, გადაწყვეტილი ამომრჩევლის 8% ცოტა ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, ეს 8% „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა _ მას 15% ერგო. მარტივი არითმეტიკით, რომ არა გაყოფა, 23%-იანი ენმ, ფაქტობრივად, მაჩვენებლით მმართველ პარტიას გაუტოლდებოდა, რომელმაც გადაწყვეტილი ამომრჩევლის 30% მიიღო. ჯამში, საპარლამენტო არჩევნებიდან, სულ რამდენიმე თვეში, გადაწყვეტილი ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვის კუთხით, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი 16% იზარალა, ენმ-მ კი, თუ მისი და მისი განაყოფის შედეგებს გავაერთიანებთ, მხოლოდ 4%. სურათი, რომ სახელისუფლებო პარტიის რეიტინგი იკლებს, მაგრამ მდევარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი არ იმატებს, ისევ შენარჩუნდა. თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთი რამ ცხადყო: ლეიბორისტების მომატებული მხარდაჭერა, „პატრიოტთა ალიანსის“ მაჩვენებლის შენარჩუნება და ამ ფონზე, „ევროპული საქართველოს“, ფაქტობრივად, მიწიდან აღმოცენებული რეიტინგი იმის გარანტიას იძლევა, რომ მომავალი არჩევნები ორპოლუსიანი აღარ იქნება. რასაკვირველია, ენმ-ს იხტიბარი არ გაუტეხავს და განაცხადა, რომ კვლევამ ხელისუფლებისადმი უნდობლობა და ის დაადასტურა, რომ მოსახლეობა სწორედ ენმ-ს განიხილავს ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატიულ ძალად, მაგრამ ცხადია, კულუარებში „ევროპული საქართველოს“ რეიტინგიც დააფიქრებდათ. რაც შეეხება ლეიბორისტებს, მათ ამ კვლევამ კიდევ უფრო გაუმძაფრა შეგრძნება, რომ 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს მიღმა შეგნებულად დატოვეს. სწორედ ეს აზრი გამოთქვა „ქრონიკა+“-თან საუბარში გიორგი გუგავამ, რომელსაც კვლევის შედეგების შეფასება ვთხოვეთ. გიორგი გუგავა: „კვლევის შედეგები, ჩვენთვის, პირველ რიგში, იმის მაჩვენებელია, რომ ლეიბორისტულ პარტიას 2016 წელს არჩევნების მაჩვენებელი გაუყალბეს. ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალება, რადგან სწორედ მას არაერთხელ განუცხადებია, რომ დაუშვებელია, ლეიბორისტულმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რადგან, თურმე, ეს იქნებოდა მათი მონაპოვარის დაკნინება, თუმცა საოცარი და საკითხავია, რა მოიპოვეს მათ ქვეყნისთვის _ თავიანთი თავებისთვის რომ მოიპოვეს, ეს გასაგებია. არჩევნები ჩატარდა გაყალბების გზით და მათ პარლამენტს გარეთ დატოვეს ნამდვილი ოპოზიციური პარტია. ასევე, როგორც ცნობილია, დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს მმართველ პარტიას, მაგრამ ეს კვლევა ცხადყოფს, რომ მას ამომრჩევლის, დაახლოებით, მესამედის მხარდაჭერაც არ გააჩნია. ამავე დროს, ამ კვლევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარტიული რეიტინგები, არამედ ის უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ფონი, რაც ქვეყანაშია შექმნილი, მთავარი გამოწვევები არის უმუშევრობა, ინფლაცია, მაღალი სატარიფო განაკვეთები კომუნალურ გადასახადებზე და აღქმა იმისა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა მწიფდება და საზოგადოებაში სოციალური ბუნტის ნიშნები იკვეთება. ასეთი აფეთქება ვიხილეთ ჩვენ ბათუმში და თუ ასე განვითარდება მოვლენები, ანუ, ხელისუფლება ისევ ისე ჯიქურ წავა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ვიხილავთ სხვაგანაც, სამწუხაროდ. მმართველი პოლიტიკური ძალა აქცენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე, მოხვეჭაზე, მოპარვაზე, რის გამოც ქვეყანაში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ასეთი კვლევა საზოგადოებაში არსებული განწყობების ერთგვარი სარკეა და ამიტომ უნდა შეაფასონ და გააანალიზონ პოლიტიკურმა პარტიებმა მისი შედეგები. ის შედეგი, რაც დღეს პარლამენტშია წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობის კუთხით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების ტოტალურად გაყალბების, მახინჯი საარჩევნო სისტემის ბრალი. ისინი ვერანაირად ვერ მიიღებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ არ გაეყალბებინათ არჩევნები, რომ არ მოეპარათ მანდატები, რომ არ დაეტოვებინათ ლეიბორისტული პარტია პარლამენტს გარეთ... მოგეხსენებათ, არჩევნების საბოლოო შედეგები სამი-ოთხი თვის წინ გახდა ცნობილი. გლობალურად, კვლევის შდეგებში განწყობა ასე კარდინალურად არ იცვლება. ასე რომ, ხელისუფლების რეიტინგის ასეთი კლება და ჩვენი რეიტინგის მატება არ უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. ეს მატება კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ, უბრალოდ, მიიტაცეს მანდატები და ისე მოიპოვეს ის ძალაუფლება, რომელიც დღეს აქვთ და რომელსაც იყენებენ არა მთავარი სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად, არამედ, ლამის, ყოველდღე, მოღალატურ გადაწყვეტილებებს იღებენ, იპარავენ ხალხის ქონებას მაშინ, როცა ტოტალურად ღარიბდება ჩვენი მოსახლეობა. ბავშვმაც კი იცის ამ ქვეყანაში, რომ რამდენიმე წლის წინ თავად ისურვა ბიძინა ივანიშვილმა, „პატრიოტთა ალიანსი“ ყოფილიყო მის ოპოზიციაში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ნიშნავს ხელისუფალი ქვეყანაში ოპოზიციას. ასე რომ, ისინი მოკავშირეები არიან და ეს მოხდა ლეიბორისტული პარტიის გარეთ დატოვების ხარჯზე. ამის მისახვედრად დიდი ანალიზი არც არის საჭირო: თუ დააკვირდებით „ობიექტივს“, რომელიც პარტიული ტელევიზიაა, თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი პარტიის ლანძღვა-თათხვის გარდა არც არაფერი გადის. ასე რომ, „პატრიოტთა ალიანსი“ წარმოადგენს „ოცნების“ ნაღებს, „ოცნების“ ოცნებას, რადგან მათი პოლიტიკა, მათი იდეოლოგია, მთლიანად მიმართულია იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება ივანიშვილს“. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვლევის შედეგების გაანალიზებისას „ქრონიკა+“-თან საუბარში მას მრავალმხრივ აანალიზებს და სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, რომ კვლევის შედეგები, ყველაზე მეტად, სწორედ სახელისუფლებო პარტიისთვის უნდა იყოს საგანგაშო, რომელსაც, მისივე თქმით, „ნატურალური მხარდამჭერი“, ფაქტობრივად, აღარ დარჩა: გია ხუხაშვილი: „ეს კვლევა საკმაოდ სანდოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლოგიკაში ჯდება და ასახავს იმ კანონზომიერებას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, არამედ იმიტომაც, რომ, ზოგადად, მანიპულირების ინტერესი მაშინ, როცა ჩვენ არ ვართ აქტიურ საარჩევნო ციკლში, უბრალოდ, არ შეიძლება, კვლევით კომპანიას ჰქონდეს. ამიტომ ეს კვლევები, ჩემი აზრით, რეალობას ასახავს და ზოგადად, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მსგავსი კვლევების შედეგებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა და, დაახლოებით, ერთი და იგივე სურათია ყველა ძირითად პარამეტრთან დაკავშირებით. მთავარი მახასიათებელი ამ პოლიტიკური კვლევისა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ პლუს „ნაციონალური მოძრაობა“, ჯამში, პასუხობენ აქტიური ამომრჩევლის არაუმეტეს 40%-ის გემოვნებას. ანუ, დაახლოებით, 60% დღეს ეძებს მესამე არჩევანს და ასეთი მდგომარეობა გვაქვს, უკვე, 2-3 წელიწადია. მართალია, არჩევნებზე სხვა შედეგები დაიდო, მაგრამ ეს მეტყველებს არა კვლევების არასწორობაზე, არამედ გამოწვეული იყო იმით, რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენეს სპეცტექნოლოგიები, შეიქმნა არეულობის მოსურნეების მტრის ხატი და ა. შ., რითაც ამ მესამე არჩევანის მოსურნე ადამიანები, ფაქტობრივად, არჩევანის გარეშე დატოვეს. ეს ნაწილი ან არ წავიდა საერთოდ არჩევნებზე, ან წავიდა და არჩევანი გააკეთა ისევ ამ ორ პოლუსს შორის მაშინ, როცა არ უნდოდა ამის გაკეთება. ერთადერთი, რაც ამ მოცემულობაში შეიცვალა, ესაა ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“. ამან გამოიწვია ცვლილებები განაწილებაში პროცენტებს შორის და ვფიქრობ, ესეც კანონზომიერი შედეგია, რადგან ის ადამიანები, რომელთა პოლიტიკური არჩევანი ლიდერის უპირობო რწმენაზეა დაფუძნებული და არა ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღებაზე, ისინი დარჩნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვინც შედარებით რაციონალურად აზროვნებს და პოლიტიკოსებში არა მხოლო ლიდერებს, არამედ კომპეტენციასაც ეძებს, ისინი გადაჯგუფდნენ „ევროპულ საქართველოში“. მე ვფიქრობ, პროპორციაც სწორია, რადგან ის, დაახლოებით, 2:1-ზე დალაგდა. ამ კვლევაში მნიშვნელოვანი კიდევ ის იყო, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს პრეზიდენტის არჩევას პირდაპირი წესით, ამას კი ხელისუფლება ეწინააღმდეგება. და თუ ხელისუფლება გააგრძელებს ირიბი არჩევანის ლობირებას, ეს ამ ქვეყანაში არავისთვის დამთავრებულა კარგად და არც „ოცნებისთვის“ დამთავრდება, რადგან როდესაც ხელისუფლება ახდენს საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრის იგნორირებას, იმ ხელისუფლებას, ხალხი, როგორც წესი, ძალიან სწრაფად იშორებს ხოლმე. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წევრთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ არ ენდობიან ამ კვლევის შედეგებს და თავიანთ კვლევას ჩაატარებენ, ეს არის პრობლემებისგან გაქცევა და ქვიშაში თავის ჩარგვა. მე მგონი, „ქართულმა ოცნებამაც“ კარგად იცის, თუ რა განწყობაა ამასთან დაკავშირებით. მართალია, ის ამბობს „არ მჯერა“, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როცა ამ „არ მჯერას“ კიდევ ერთხელ აპატიებს საზოგადოება, რადგან მათ ამ საზოგადოებამ ისედაც ძალიან ბევრი აპატია და პატიებასაც აქვს საზღვარი. ძალიან პრობლემურია ის 26%, რაც „ქართულ ოცნებას“ უფიქსირდება. მეტსაც გეტყვით, ამ 26%-ის სეგმენტიზაციაცაა საჭირო, რადგან აქედან, მინიმუმ, 15% ის ამომრჩეველია, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხელისუფლებას უჭერს მხარს. ანუ „ქართულ ოცნებას“ ნატურალური მხარდამჭერი, პრაქტიკულად, აღარ ჰყავს _ ძალიან მიზერულია მათი რიცხვი... რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, როგორც წესი, ის არის მსხვერპლი ამ პოლიტიკური ტექნოლოგიების. არჩევნების წინ პოლიტიკური ველის ორპოლუსიანობის გამო, ის ამომრჩეველი, რომელსაც მესამე ძალის არჩევის უფლება წაერთვა, იძულებული გახდა, გადანაწილებულიყო ამ ორ პოლუსზე. შესაბამისად, ლეიბორისტების პოტენციური ამომრჩეველიც გადანაწილდა _ მათ მიიჩნიეს, რომ ლეიბორისტული პარტიისთვის ხმის მიცემას აზრი არ ჰქონდა და არჩევანი უნდა გაეკეთებინა ცუდსა და უარესს შორის. და ასეთი ამომრჩეველი, სხვათა შორის, იყო ბევრი, რადგან მრავალი პარტიის ამომრჩეველი დაიფერთხა ამ პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენების გამო. პატრიოტთა ალიანსის ამომრჩეველი არ გადანაწილდა სხვაგან იმიტომ, რომ ამ ალიანსმა შეძლო საკმაოდ ეფექტიანი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორც ჩანს, რესურსებიც მეტი ჰქონდათ და მედიამხარდაჭერაც. ამიტომ მათ შეძლეს და შეინარჩუნეს თავიანთი ამომრჩეველი, რაც აისახა კიდეც რეიტინგებში. მე არ მგონია, რომ არჩევნების შემდეგ ლეიბორისტებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ბარიერის ზღვარზე თამაშში ხელოვნური ჩარევა მოხდა. უფრო სწორად, რაღაც ფორმით ჩარევა კი ნამდვილად მოხდა, მაგრამ ეს არ ყოფილა დიდი და მნიშვნელოვანი გაყალბება, რადგან ლეიბორისტულ პარტიას ასეთი სტილი აქვს: ის გადადის რადიკალურ მესიჯებზე, რადიკალურად უპირისპირდება ხელისუფლებას, მაგრამ ოპოზიციის იმ სეგმენტში ვერ ხდება ლიდერი და საბოლოოდ, ამ სეგმენტის სხვა შემადგენლები „ჭამენ“ მის რეიტინგს არჩევნების დღეს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, 2003 წელს, როცა მათ ბარიერიც გადალახეს, მაგრამ მაშინდელი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია აღარ მოხდა. ასე რომ, ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო შედეგები, რეალურად, განსხვავდება არჩევნებს შორის მათი რეიტინგისგან და ეს არის ამ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შედეგი. რა თქმა უნდა, არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული და, ბევრ შემთხვევაში უხეშადაც, მაგრამ მასობრივ გაყალბებაზე ვერ ვილაპარაკებდი. თუ ვსაუბრობთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ხშირ შემთხვევებში, მაგრამ მაინც ლოკალურად, ბიულეტენებით მანიპულირებაზე, პოლიციის პოლიტიზებულობაზე _ კი ბატონო, ეს იყო გამოყენებული, მაგრამ მასობრივი გაყალბება, ჩემი აზრით, არ მომხდარა“. ლაშა ბერულავა

გაზიარება