QronikaPlus
ნინო ჩხობაძე: „საქართველოს არც ერთ მდინარეში ბანაობა მიზანშეწონილი არ არის“

ნინო ჩხობაძე: „საქართველოს არც ერთ მდინარეში ბანაობა მიზანშეწონილი არ არის“

2017-04-07 11:52:25

  რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში წყლის რესურსების კუთხით? რა შედეგებს იწვევს არსებული დაბინძურება? როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია? ამისთვის მთავრობამ რა უნდა გააკეთოს? რა ახალ ნორმებს შემოიტანს კანონი წყლის შესახებ? ამ სფეროში ევროდირექტივები რა კონკრეტული მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს? საზოგადოებას რა ტიპის პასუხისმგებლობა აკისრია?   „ქრონიკა+“-მა ამ და სხვა კითხვებით „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს მიმართ: _ მტკვართან მიმართებით მონაცემები რომ აიღოთ, თითქოს იქ ისეთი არაფერია, რადგან ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებია, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რომ ჩვენი მდინარე სუფთაა, რადგან ნებისმიერი წვიმის დროს მტკვრის შენაკადებს გამოაქვთ ნაგავი, რაც კი მათ ხეობებში განთავსებულია. ეს, პრაქტიკულად, მდინარეების საშინელ დაბინძურებას იწვევს. ჩვენს მოსახლეობას, მთლიანად საზოგადოებას ჩამოუყალიბდა ასეთი პოზიცია, რომ მოდი, ნარჩენს მდინარეში გადავაგდებ და ამას ის წაიღებს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაზე მავნებლური დამოკიდებულება აღმოჩნდა, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან 27 ათასი მდინარიდან ძალიან ცოტაა დარჩენილი, რომელიც ასეთი სახით, ანუ ნაგვით არ ბინძურდება. თანაც ყველა სოფლიდან ნარჩენების გატანა არ ხდება. ამ სოფლებში მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ნაგავს ხევში გადაყრიან. ეს რეალობა, პრინციპში, ღიად ჩანს კიდეც. ყოველი წვიმის დროს ეს ყველაფერი პირდაპირ მდინარეში ჩადის. მშრალ ხევებში გადაყრილ-განთავსებული ნაგავი ასევე დიდი პრობლემაა. მეორე პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ინერტული მასალების განთავსება აღნიშნულ მშრალ ხევებში, თითქოს, მისი ამოვსების მიზნით დაიწყეს. ეს ყოვლად დაუშვებელი ქმედებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საბოლოო ჯამში, კიდევ გამოვიწვევთ ხელოვნურად კატასტროფას. მით უფრო, რომ ინერტული მასალა (მაგალითად, სამშენებლო მასალაზე ვსაუბრობ) ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მავნე თვისებებისაა. მას ახლავს საღებავები, აზბესტი და ა. შ., რომელიც საშიშ, სახიფათო ნარჩენად მიიჩნევა და, პრაქტიკულად, ცალკე უნდა დასაწყობდეს. არის რამდენიმე მდინარე, რომელიც პირადად მინახავს, რომ სუფთაა. დანარჩენი, პრაქტიკულად, ყველა სხვადასხვა ნარჩენითაა დაბინძურებული. _ ამ მდინარეებზე რეალური დაკვირვება როგორია? _ მცირე დაკვირვება ხდება, ასეთი სადგურები ძალიან ცოტაა. ისინი მდინარეებში ჟანგბადის მდგომარეობას, შიგნით სხვა, ხსნადი ნივთიერებების განზავებას ზომავენ და, როგორც წესი, როცა მდინარე წყალუხვია, მდგომარეობა ნორმის ფარგლებში გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნარჩენი, რომელიც მდინარეზე ზევით ცურავს, არ იზომება. ბოთლებზე ვსაუბრობ, რამდენჯერმე მტკვარზეც გვქონია ასეთი მოვლენა, როცა ბოთლები დიდი რაოდენობით მოცურავს. ეს იმის გამო, რომ ყველა ხევი დაბინძურებულია. მაგალითად, ვერის ხეობა ზედა წელში, ფაქტობრივად, მთლიანად ინერტული მასალითაა სავსე. ასევე ვხედავთ კომუნალურ ნარჩენს. თვითონ მუნიციპალური ნარჩენი ხევში შედარებით ცოტაა, მაგრამ მთელი გზა ნაფეტვრებისკენ ნაგვით მოცულია. ამის ალაგება შეუძლებელია. კიდევ რამდენიმე მილიონი დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი გავწმინდოთ. ვფიქრობ, რომ აქ უფრო მკაცრი ნორმებია შემოსაღები, განსაკუთრებით, სამშენებლო ნაგავთან მიმართებით. თბილისში მუნიციპალური ნაგავი გააქვთ. მუნიციპალიტეტებში ძალიან ცოტა სოფელია, რომელთანაც ნაგავმზიდი მიდის და ნარჩენი გამოაქვს. აქედან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი კარგად გვაქვს, მაგრამ რომ დავაკვირდეთ, მთლად ასეც ვერ გამოვიყურებით. მეორე დაბინძურების წყარო, რომელიც მდინარეებში არსებობს, ეს საკანალიზაციო სისტემებია. საკანალიზაციო სისტემები მხოლოდ მსხვილ ქალაქებში მოქმედებს. ძალიან დიდ დაბებსა და სოფლებში ეს ყველაფერი პირდაპირ მდინარეებში მიემართება, რაც ყოვლად დაუშვებელია! _ ვერის ხეობის ზემო წელში ნარჩენების დაგროვება ახსენეთ, ამან რა შედეგები შეიძლება მოიტანოს? _ ერთ მშვენიერ დღეს ეს ნაშალი რომ ჩაინგრეს და წავიდეს, როგორც მეწყერი, ფაქტობრივად, მდინარეს ჩაკეტავს და, საბოლოო ჯამში, კიდევ გამოიწვევს იმ კატასტროფას, რაც ჩვენ უკვე მივიღეთ. მსურს, ამ კონტექსტში პატარა მდინარე გაგახსენოთ რიკოთზე. იცით, რომ ამან, თავის დროზე, მსხვერპლი მოიტანა. უცებ რომ დაეშვა და თუ არ ვცდები, ქვემოთ რესტორანში ხუთი კაცი დაიღუპა. ეს იყო შედეგი იმ ნარჩენისა, რომელიც ხევში იყო განთავსებული. ადგილზე მშენებლობისას რაც კი ნარჩენი იყო, პირდაპირ მდინარეში ჩაყარეს. ყველამ იცის, რომ, სინამდვილეში, პატარა ღელე იყო და აი, ამ ღელემ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. არა მარტო ვერე, სხვა მდინარეებიც ამ მხრივ, შეიძლება, სერიოზულად დაბინძურებული იყოს. ვიცი, რომ თბილისის სამსახური „თბილსერვისი“ ახლა მდინარე დიღმულას წმენდს. ეგონათ, რომ შიგნით ძალიან ცოტა ნარჩენი დახვდებოდათ და, რეალურად, საშინელება, კატასტროფა დახვდათ. ეგონათ, ერთ კვირაში მოათავებდნენ ამ ყველაფერს და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაასუფთავეს. ასე უნდა გაიწმინდოს ყველა მდინარე, რომელიც თბილისშია და არა მარტო დედაქალაქში. სხვა ქალაქებმაც უნდა იზრუნონ საკუთარ სანიაღვრე სისტემებზე, ზოგადად, არხებზე და, აგრეთვე, პატარა მდინარეებზე. _ აქ მოსახლეობის ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანია? _ რასაკვირველია, რადგან არავინ ყრის მდინარეში ნარჩენებს, თუ არა მოსახლეობა. როცა ისეთ საკურორტო ზონებზე ვსაუბრობთ, როგორიცაა ბახმარო, ურეკი, ბაკურიანი, გუდაური, მყარი ნარჩენის გარდა ყველგან საკანალიზაციო სისტემების სერიოზული პრობლემები გვაქვს. თითქმის არსად არის გამწმენდი ნაგებობა. ფეკალია პირდაპირ მდინარეში მიდის, რაც დაუშვებელია. თუ ოდესღაც ჩვენი ბაბუები და ბებიები ამ მდინარეებში თავისუფლად ბანაობდნენ, დღეს იქ ბანაობა ყოვლად დაუშვებელია, იმდენად დაბინძურებულია! ვიმედოვნებ, თუ სამინისტრო სწრაფად განიხილავს ახალ კანონს წყლის შესახებ (რომელიც ძალიან მკაცრ ზომებს შემოიღებს ამ საკითხთან მიმართებით), ეს მნიშვნელოვანი იქნება. თავის დროზე, წყალთან დაკავშირებით კანონმდებლობის დიდი ლიბერალიზაცია მოვახდინეთ. 1998 წლის კანონში, პრაქტიკულად, არ დარჩა არც ერთი მკაცრი ნორმა, რომელიც მანამდე იყო. ამ მუხლებიდან ყველა გაუქმებული, ან შეჩერებულია. შედეგად, დღეს ძალიან ცოტა მუხლია, რომლითაც გარემოს დაცვის სამინისტრო ოპერირებს. ის პირობა, რომ ამ ლიბერალიზაციის, არამკაცრი კანონმდებლობის შედეგად მეტი ინვესტორი გვეყოლებოდა, აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება. მე ვიტყოდი, რომ ამ ლიბერალიზაციის შედეგად მავნებლობა არის ჩადენილი და მნიშვნელოვანია, ის გამკაცრდეს. ოღონდ გამკაცრდეს გონივრულად და არა დრაკონულად, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. _ რა ახალ ნორმებს შემოიტანს კანონი და მთავრობას რისი გაკეთება მოუწევს? _ უპირველესად, იმ ვალდებულების შესრულება, რაც ორივე პირობით გვიდევს. ერთი, ასოცირების ხელშეკრულებით, დაახლოებით, 2021 წლისთვის წყალგაყვანილობები და საკანალიზაციო სისტემები უნდა გვქონდეს, ანუ თითოეული მოსახლე სუფთა წლით უნდა უზრუნველვყოთ. მეტ-ნაკლებად ყველა სოფელში წყალგაყვანილობის სისტემები უნდა არსებობდეს და არა ჭებით წყლის უზრუნველყოფა. მეორე, ეს არის საკანალიზაციო სისტემების მოწყობა, დაახლოებით, 2 ათასი მცხოვრებლის ზემოთ ყველა დასახლებულ პუნქტში. თუ მოსახლეობა ორი ათასზე ზემოთაა, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა თავისი გამწმენდი ნაგებობით. ამასობაში, ეს გამწმენდი ნაგებობები ან საერთოდ არ გვაქვს, ან ძალიან ცოტაა. მთლიანად საქართველოში ასეთი ოთხი საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა ვიცი, რომელიც მუშაობს. თბილისის გამწმენდი ნაგებობა, ჯერ კიდევ, ბოლომდე კარგად არ მუშაობს. იქ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ასე რომ, რეალურად, თითზე ჩამოსათვლელი ობიექტები გვაქვს, რომლებშიც საკანალიზაციო წყალი იწმინდება. ყველა დანარჩენი პირდაპირ მდინარეში არის მიშვებული. ევროდირექტივის მიხედვით, მეორე ვალდებულება, რომელიც შემოდის, ეს საბანაო წყლების ვალდებულებაა, რომელიც ასევე აღნიშნულ პერიოდში შესასრულებელია. ეს ნიშნავს, რომ ყველა მდინარე უნდა იყოს განთავისუფლებული არა მარტო ნარჩენებისგან, არამედ მასში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია საბანაოდ დასაშვები უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მუდმივი მონიტორინგის სისტემის აწყობა მნიშვნელოვანია. ეს, პრაქტიკულად, ყველა ღია მდინარეზე და ტბაზე უნდა განხორციელდეს, რაც კი საბანაოდ, ან რეკრეაციულ ზონად გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია ვალდებულება, რომელიც პრევენციას, კატასტროფების პერიოდში წინასწარი სისტემების ჩამოყალიბებას ეხება. ანუ წყალდიდობებისა და ბუნებრივი კატასტროფებისას რა უნდა გაკეთდეს, რა სისტემები უნდა არსებობდეს თითოეულ მდინარეზე, _ მთავრობას ესეც გასაკეთებელი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ წყლის ხარისხი. ამ შემთხვევაში საუბარი იმაზე არ არის, რომ ბევრი ნივთიერება გაიზომოს, მაგრამ მოსახლეობისთვის, პრაქტიკულად, ყველაფერი ღია უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, წყალში რასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, ძალიან ბევრი დირექტივის შესრულება მოუწევთ. ვალდებულებებში, მინიმუმ, 4 დირექტივა არის შესასრულებელი. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში არსებული კანონპროექტი ზუსტად ამ ოთხ დირექტივას ასახავს. ახლა მთავარია, ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყონ და ძალიან სწრაფად, რადგან ეს ერთ-ერთი სერიოზული ვალდებულებაა. ამას ემატება განზრახულობები, რომელზედაც მთავრობამ არაერთხელ განაცხადა. რაც ეხება ჯანმრთელობის შესახებ ოქმს, რომელიც ზუსტად წყალსა და წლის დაცვის სისტემებს გულისხმობს, ესეც საერთაშორისო ვალდებულების ნაწილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, საქართველომ, 2015-ში ასევე მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ვალდებულება ავიღეთ და იქიდან მოყოლებული 2030-წლამდე უნდა უზრუნველვყოთ ისეთი ბუნებრივი რესურსის მდგრადი გამოყენება, რომელსაც წყალი ჰქვია. ასე რომ, ძალიან ბევრი ვალდებულებაა და თან დროში შემჭიდროვებულად შესასრულებელი. დაახლოებით, 2030 წლამდე უკვე ყველაფერი გამართული უნდა იყოს, ხოლო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეს ვალდებულებები ცოტა უფრო ადრე დგება. _ ამ ყველაფერში საზოგადოების პასუხისმგებლობას რა როლი აქვს? _ პირველ რიგში, თვითშეგნების ამაღლებას სერიოზული კამპანიების გამართვა სჭირდება. ამიტომ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ ახალი კამპანია დავიწყეთ, რომელსაც „ლურჯი ნაკადული“ ჰქვია. ძალიან გვინდა, რომ, უპირველესად, ყველა ნაკადული, რაც კი არსებობს, იყოს სუფთა. თუკი ნაკადული სუფთაა, მდინარეც სუფთა იქნება. გვსურს, ეს კამპანია მთელ საქართველოში უფრო ფართომასშტაბიანად გავშალოთ, მდინარიდან და მისი ნაპირებიდან ეს ნარჩენები ამოვიღოთ. თუმცა ამას სერიოზული ტექნიკა და მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებისგან. არ დავყაროთ და დამატებით არ დავაზიანოთ მდინარეები. საზოგადოების, თითოეული ადამიანის თვითშეგნება ძალიან მაღალი უნდა იყოს. მას საკითხი უნდა ესმოდეს და აინტერესებდეს. როცა სადმე სასტუმროში, პენტჰაუსში, ან სადღაც განთავსდება, ყოველთვის უნდა დაინტერესდეს ტუალეტით, საკანალიზაციო სისტემით, საით მიდის და პირდაპირ მდინარეში ხომ არ ჩაედინება? მუდმივად უნდა მიაქციოს ამას ყურადღება. ასევე, იქნებ, ვინმე დაინტერესდეს, მდინარის გასწვრივ განლაგებული რესტორნებიდან საკანალიზაციო სისტემები საით მიდის? საერთოდ თუ აქვთ ეს სიტემა, სად მიდის ეს სანიტარიის წყალი, ფეკალური მასები? შესაბამისად, ურიგო არ იქნებოდა, საზოგადოების თვითშეგნება ამ დონეზე ამაღლდეს. ერთი რამ დავიმახსოვროთ: საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მთავრობა ვერაფერს გახდება. საზოგადოებრივი მოთხოვნა უნდა გახდეს, რომ ჩვენ სუფთა წყალი გვინდა! გელა მამულაშვილი 599 455026  

გაზიარება