რა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში? ვინ ვისი ნათესავი და ახლობელია? ვინ და რატომ დაითხოვა შსს-დან რიგითი თანამშრომლები და გრძელდება თუ არა იგი დღესაც? როგორი სახე აქვს ნეპოტიზმს, რომელსაც პოლიციელის ჩაფხუტი არ ახურავს?
„ქრონიკა+“ იწყებს გამოძიების ციკლს, სადაც დეტალურად გააშუქებს შსს-ში მიმდინარე პროცესებს. ამისთვის კი ცოტა ადრიდან უნდა დავიწყოთ, ნეპოტიზმის სათავეებიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი შეიცვალა და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის, ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის, ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა, ან დაწინაურება.
აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის, ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის.
ბუნებრივია, მინისტრის აღნიშნული ბრძანება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, ამიტომაც მოკლე ვადით აამოქმედეს. ანუ ის მხოლოდ 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით შევიდა ძალაში. პრინციპში, ეს დრო სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ შსს-ში სასურველ პირებს სასურველი პოზიციები დაეკავებინათ. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა კიდეც დასკვნა, სადაც ეწერა, _ მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრის ბრძანებას თავშივე ჩადებული ჰქონდა შეზღუდული პერიოდით მოქმედება, იგი წარმოქმნიდა მნიშვნელოვან რისკებს; არსებობდა საფრთხე, რომ პოლიციაში ამ პერიოდში თანამდებობებზე დაენიშნათ პირები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტებისა და მოთხოვნებისთვის შეუსაბამოები იყვნენ.
2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ შს მინისტრს კითხვით მიმართა, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ბრძანების გამოცემა და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც პასუხის გაცემა არ დააყოვნა. პასუხში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, რომ კრიმინალურ პოლიციას შეუერთდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი) და სოდ-ში აუცილებელი არ იყო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გავლა (ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოგვიანებით, შსს-ს მიერ განხორციელებული დაკავებების სპეციფიკასთან მიმართებით, მათ შორის, დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით, _ რედ.). შსს-ს განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამების გავლა მოითხოვდა გარკვეულ დროს და პრობლემებს ქმნიდა საშტატო რიცხოვნობის შევსების კუთხით. შსს-ს წერილში საუბარია, ასევე, საპატრულო პოლიციის პატრულირების ზონების გაფართოებაზე და დამატებითი გაძლიერებული ეკიპაჟების აუცილებლობაზე, რაც გადაუდებელი და ქმედითი ზომების მიღებას მოითხოვდა. შსს-ს პასუხში საუბარი იყო, ასევე, იმაზე, რომ სამინისტრომ ჩაატარა ტესტირება, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მოსამსახურეთა ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და მომზადების დონის შეფასება. „გამჭვირვალობა“ თავის ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ პასუხზე გარკვევით აღნიშნავს, რომ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსებზე ერთიანად უარის თქმით გაუქმებულია შერჩევის ობიექტური წინაპირობები, რაც ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ნეპოტიზმის რისკებს“;
რომ პოლიციელთა სწავლების პროგრამა რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ საგანმანათლებლო პროგრამები აუცილებლად უნდა განახლდეს. ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მიმდინარე რეფორმის მიმართ საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები, ან ნეგატიური დამოკიდებულება, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და თანამდებობისთვის შეუსაბამო პირები სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში არ ჩაირიცხონ.
ასე და ამრიგად, საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეპოტიზმის რისკებზე პირველად 2013 წელს წარმოადგინა დასკვნა. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და აღნიშნული უწყება ახლიდან კომპლექტდებოდა.
2013 წლის 19 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა (ციტატა): „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კანონით აკრძალული პირდაპირი ნათესაური კავშირი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც სხვა უწყებაში არ არსებობს“. ბარემ, აქვე მოვიყვანთ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გენიალურ ფრაზას (ის ამას ნამდვილად იმსახურებს). როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის პოლიციის უფროსად დანიშნული ალექსანდრე ჭიკაიძის მეჯვარე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა იყო (პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი), ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ცოლის ნათესავები მისი ნათესავები არ არიან. ისტორიული პასუხია!
რამდენიმე თვის წინ, 2016 წლის იანვარში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ იგეგმებოდა კადრების შემცირება და რომ ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად განთავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან. ამას მინისტრმა რესტრუქტურიზაცია უწოდა.
„ვნახოთ, ჯერჯერობით, ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად განთავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე განთავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს“, _ განაცხადა მღებრიშვილმა.
ახლა ვნახოთ სიტყვა „ბალასტის“ განმარტება: იგი წარმოდგება ლათინური ბალლასტ-ისგან და ნიშნავს 1. ტვირთს (წყალი, ქვები და სხვ.), რომელსაც ათავსებენ გემის ფსკერზე მისთვის მდგრადობის მისაცემად; 2. აეროსტატის ტვირთი (სილით გავსებული ტომრები), რომლითაც არეგულირებენ მის ჰაერში აფრენას და საჭირო შემთხვევაში ტომრებს დაბლა ყრიან.
როცა ერთი ამბავი ატყდა, მღებრიშვილმა ამ განცხადებიდან მეორე დღესვე განმეორებითი განმარტება გააკეთა, რომ მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა და რომ „ბალასტად“ იგი გულისხმობდა იმ თანამშრომლებს, რომლებიც პოლიციის მუნდირს შეურაცხყოფენ და ჩირქს სცხებენ მას.
„ასეთ ადამიანებს ვუწოდებ ბალასტს“ და სწორედ ასეთი ადამიანებისგან განთავისუფლდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც შესაძლებელია, რომ იყვნენ ასეთი ადამიანები. 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე „ბალასტში“ ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს“.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, მან უკვე გამოავლენა ისეთი ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ შსს-ს მუნდირს და გაათავისუფლა კიდეც სამსახურიდან: „რა არის აქ გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან განვთავისუფლდეთ? შეურაცხმყოფელი არის ჩემთვის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“.
2017 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი საქმიანობას აღარ შეასრულებს. ამ განცხადებას შსს-ს პრესსამსახური გაავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, ეს თანამშრომლები „კადრების განყოფილებაში“ აიყვანეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი უწყების რიგებში კვლავ ირიცხებიან, თუმცა გაფრთხლებულები არიან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
„ისინი ოთხი თვის განმავლობაში კადრების განკარგულებაში იქნებიან, ხოლო ორი თვის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ თანამდებობრივი სარგო“, _ განმარტა შსს-ს პრესსამსახურმა.
შსს-მ აღნიშნული განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, უწყების თანამშრომლებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ შსს-მ ობიექტების 50 თანამშრომელი, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლა.
რატომ გავაკეთეთ ამხელა შესავალი? იმიტომ, რომ დღეს რედაქცია, ფატქობრივად, ფორს-მაჟორის სიტუაციაში მუშაობს. ყველა აქ გამოქვეყნებულ მასალას აღნიშნულ უწყებასთან და მასთან დაკავშირებულ რგოლებთან მხოლოდ წერილობით და არა ინტერვიუების რეჟიმში წარმოგიდგენთ (ასე გადავწყვიტეთ, ვინაიდან ჩაწერილ საუბარს ბეჭდურ მედიაში ვერ გამოაქვეყნებ, მათგან გამოგზავნილ პასუხებს კი _ ყოველთვის).
ის დოკუმენტები, გამოშვებული თანამშრომლების მიერ მოწოდებული ფაქტები, ნეპოტიზმის ნიშნები შინაგან საქმეთა სამინისტროში და ა. შ. თითოეულ სტრუქტურას ცალ-ცალკე კითხვების პაკეტებით გადაეგზავნება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად თან დავურთავთ მოწოდებულ დოკუმენტებსა და ინტერვიუერთა მიერ ჩამოთვლილ პირებს. ისინი უკვე დავამუშავეთ და შემდეგი ნომრიდან შემოგთავაზებთ.
ახლა კი „ქრონიკა+“-ის კითხვებს ოფიციალურად პასუხობს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი _ ანა თამაზაშვილი.
საკითხი ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის არშემდგარ თანამშრომლობას ელისო კილაძის ვაჟის, დავით ხარშილაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით.
_ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული (თქვენი განცხადების ციტირებას ვახდენ) „ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული დავით ხარშილაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში“. თუ შეიძლება, დეტალურად განგვიმარტეთ, რას ნიშნავს მაპროვოცირებელი და ბილწი მოპყრობა?
_ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მაპროვოცირებელ და ბილწ ქმედებად ჩაითვალა ის, რომ დაკავებული დავით ხარშილაძის ერთ-ერთი ნათესავის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეძახილის შემდეგ პოლიციელმა დაკავებულთან უკმაყოფილება გამოხატა აღნიშნული შეძახილის გამო, რაზედაც დაკავებულმა უთხრა, რომ ის (შეძახილის ავტორი) იყო მისი (დაკავებულის) ბიძაშვილი და არ ამართლებდა მის საქციელს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა დაკავებულის თანდასწრებით მის ბიძაშვილს არაერთხელ შეაგინა. ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს თავი უნდა შეეკავებინა მსგავსი რიტორიკისგან, ვინაიდან: 1) პოლიციის თანამშრომლებს აქვთ თმენის ვალდებულება; 2) პოლიციელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შესაძლო იყო შეურაცხყოფას დაკავებულის მხრიდან სამართალდამცველის მიმართ აგრესია გამოეწვია, თუმცა საპასუხოდ დაკავებულს რაიმე შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიუყენებია.
გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ და მაპროვოცირებელ მიმართვის ფაქტებს, ასე მაგალითად: ერთ-ერთმა პოლიციელმა ზუსტად, სიტყვა-სიტყვით, უთხრა დაკავებულ დავით ხარშილაძეს: „შენ ისე მიყურებ მთელი დღე, გეტყობა, რაღაც პრობლემა გაქვს და მიყურე, მიყურე, კარგად დამიმახსოვრე“.
_ საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებების ფაქტზე. ამის პასუხად, გენერალურმა ინსპექციამ სახალხო დამცველის ოფისში 16 მარტს დარეკა და თანამშრომლობა შესთავაზა. პასუხი ამ შეთავაზებაზე მხოლოდ მეორე დღეს მიიღეს. 17 მარტს გენინსპექციის წარმომადგენელსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის კვლავ გაიმართა სატელეფონო საუბარი, რის შემდეგაც ომბუდსმენის აპარატმა უარი განაცხადა თანამშრომლობაზე (ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტა აღნიშნული ფაქტი შსს-ს პრესსამსახურმა ჟურნალისტთან საუბრისას). ამის პასუხად, შსს-მ წერილი გაუგზავნა ომბუდსმენს, სადაც თანამშრომლობის ფარგლებში ომბუდსმენის წარმომადგენლის გამოკითხვას ითხოვდნენ. რატომ უთხრა სახალხო დამცველის აპარატმა უარი შსს-ს გენინსპექციას სატელეფონო საუბრის დროს (რომელიც ორჯერ შედგა)?
_ სახალხო დამცველის აპარატს გენინსპექციის წარმომადგენელმა პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ლევან ბეგიაშვილის ტელეფონის ნომერი სთხოვა, რომ დაკავშირებოდნენ და მომხდარზე ინფორმაცია მიეღოთ. საპასუხოდ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა გენერალური ინსპექციის წარმომადგენელს განუმარტა, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 191-ე მუხლის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, ხოლო 27-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულს უფლება აქვს, ჩვენება მისცეს მხოლოდ სახალხო დამცველის თანხმობით. შესაბამისად, გენერალური ინსპექციის წარმომადგენელს განემარტა, რომ აუცილებელი იყო პროცედურის დაცვა და ლევან ბეგიაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით თანხმობის გასაცემად, წერილობით მიემართათ სახალხო დამცველისთვის.
_ რას მოითხოვდა შსს ოფიციალურ წერილში და რა იგულისხმება „თანამშრომლობაში“?
_ გენერალურმა ინსპექციამ სახალხო დამცველს 17 მარტს მიმართა წერილით, რომლითაც ლევან ბეგიაშვილის გამოკითხვას ითხოვდა დავით ხარშილაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებების დარღვევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. 19 მარტს ლევან ბეგიაშვილი გენერალურ ინსპექციაში გამოცხადდა და წერილობითი ახსნა-განმარტება მისცა. თანამშრომლობაში იგულისხმება სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება, რაც მოხდა კიდეც 19 მარტს.
_ შს სამინისტრო ომბუდსმენის წარმომადგენლის გამოკითხვას მოითხოვს. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რა განსხვავებაა დაკითხვასა და გამოკითხვას შორის?
_ დაკითხვა არის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ფარგლებში. სამსახურებრივი შემოწმების დროს გენერალურ ინსპექციას დაკითხვის ჩაატარების უფლება არ აქვს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ის არ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. მიუხედავად ამისა, დაკითხვაც და გამოკითხვაც გულისხმობს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე ინფორმაციის მიწოდებას, რისთვისაც, როგორც ზემოთ ითქვა, საჭიროა სახალხო დამცველის თანხმობა.
_ ყოფილა თუ არა სხვა შემთხვევები, როდესაც გენინსპექცია დაგკავშირებიათ თანამშრომლობის ანალოგიური (მო)თხოვნით?
_ ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოკითხულან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მსგავსი მომართვა სხვა დროს არ ყოფილა.
_ დღეისთვის, დასთანხმდა თუ არა სახალხო დამცველი თანამშრომლობაზე შს სამინისტროს?
_ 19 მარტს ლევან ბეგიაშვილი გენერალურ ინსპექციაში გამოცხადდა და წერილობითი ახსნა-განმარტება მისცა.
_ თუ თქვენი წარმომადგენლის გამოკითხვის შემდეგ პოლიციელები არ დაისჯებიან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შსს-მ იგნორირება გაუკეთა სახალხო დამცველის განცხადებას? როგორი იქნება თქვენი რეაგირება ამ შემთხვევაში?
_ ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება, ამ შემთხვევაში, ეყრდნობა არა მხოლოდ განმცხადებლის მომართვას, ან რაიმე სახის დოკუმენტაციას, არამედ უშუალოდ მისი რწმუნებულის თანდასწრებით განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, წინადადებაში ასახული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს ადეკვატურ რეაგირებას და ხსენებული პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ამ ეტაპზე სახალხო დამცველი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებს დაელოდება და სამინისტროს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების იმედს იტოვებს.
_ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ასევე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება. დაგიკავშირდათ თუ არა პროკურატურის წარმომადგენელი და მისცა თუ არა რაიმე სახის რეაგირება მომხდარ ფაქტს? მაგალითად, დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, ანდა გამოითქვა თუ არა მზაობა (შს სამინისტროს გენინსპექციის მსგავსად) თქვენთან თანამშრომლობაზე?
_ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილ წერილზე, რომელიც ეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების საკითხს, პასუხი, ამ დრომდე, არ მიგვიღია. არ მომხდარა ვერბალური კომუნიკაციაც. შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
_ ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის მონიტორინგს აგრძელებს. გამოიკვეთა თუ არა დამატებითი დეტალები დაკავებული დავით ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით?
_ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვის ელოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პასუხებს. საქმის მონიტორინგი გრძელდება და დამატებითი შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოხდება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თამარ როსტიაშვილი