QronikaPlus
რატომ გამოეყო ორი თვის დაფუძნებულ ავსტრიულ კომპანიას 9 359 438 აშშ დოლარი და რა ანგარიშს დებს საერთაშორისო ორგანიზაცია?

რატომ გამოეყო ორი თვის დაფუძნებულ ავსტრიულ კომპანიას 9 359 438 აშშ დოლარი და რა ანგარიშს დებს საერთაშორისო ორგანიზაცია?

2017-04-02 08:26:36

2016 წლის თებერვლის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ახალი ფარმაცევტული კომპანიის პრეზენტაცია ჩაატარა. ეს გახლდათ ავსტრიული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებამდე ორი თვით ადრე ვენაში დარეგისტრირდა. ამ ორი თვის კომპანიას „საპარტნიორო ფონდმა“ 9 359 438 აშშ დოლარი გამოუყო. ფაქტობრივად, ავსტრიული კომპანიის კონტრაქტირება ჯანდაცვის სამინისტროსა და „საპარტნიორო ფონდის“ მხრიდან ერთდროულად მოხდა. სერგეენკომ განაცხადა, რომ პაციენტებისთვის „ჰუმანითი ჯორჯიას“ მაღალხარისხიანი მედიკამენტები შეღავათიან ფასებად უკვე ხელმისაწვდომია და რომ „ჰუმანითი ჯორჯია“, შეიძლება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც ჩაერთოსო. ერთი შეხედვით, კომპანიას, რომელსაც „საპარტნიორო ფონდმა“ საკმაოდ  სოლიდური თანხა გამოუყო, მცირე გამოცდილება და ბექგრაუნდი აქვს.  ქართულ საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც, დიდი აჟიოტაჟი არ ატეხილა, როგორც ჩანს, ინფორმაციის სიმწირის გამო. სამაგიეროდ, საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ვრცელი ანგარიში დადო და იქ საკმაოდ საინტერესო ციფრი დაასახელა _ 30 მილიონი დოლარი. ანუ ოფიციალურ დოკუმენტაციაში თუ ფიქსირდება 9 359 438 აშშ დოლარი, „გამჭვირვალობის“ ანგარიშში ეს ციფრი სამჯერ არის გაზრდილი. ამასთან დაკავშირებით, ხსენებულმა ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული მოწოდება გაუგზავნა. „ჰუმანითი ჯორჯია“ სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2015 წლის 29 აპრილს დარეგისტრირდა. ის, ერთგვარი, ფარმაცევტული კონცერნია, რომელიც მედიკამენტების შექმნა-განვითარებასა და წარმოებაზე სპეციალიზდება. „ჰუმანითის“ პროდუქციის პორტფოლიოში შედის 700-ზე მეტი ფართო სპექტრის სხვადასხვა დოზისა და მიღების წესის მქონე მედიკამენტი. განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის, ასევე, „ჰუმანითის“ 156 ახალი პროდუქცია. რა არის კომპანიის სტრატეგია? ანდრეი კუზმას არ დაუმალავს, რომ კომპანიის სტრატეგია ქართულ ბაზარზე იაფი წამლების იმპორტია. ანუ კონცერნი აპირებს, საქართველოში ააშენოს ფარმაცევტული ქარხანა, სადაც მედიკამენტებს აწარმოებს და შემდეგ პრეპარატებს ექსპორტზე გაიტანს. ამ ეტაპზე „ჰუმანითი ჯორჯია“ მხოლოდ საავადმყოფოებთან ურთიერთობით შემოიფარგლება. ანდრეი კუზმას ციტირება: „კომპანია ანალოგიური სქემით მუშაობს სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ეს პროექტი დასრულებული სახით მხოლოდ საქართველოშია და სხვა ქვეყნებში ის მხოლოდ დამუშავების ეტაპზეა“. ამრიგად, ის, რაც სხვა ქვეყნებში მხოლოდ დამუშავების სტადიაშია და ე. წ. ექსპერიმენტულ ფაზას გადის, საქართველოში რამდენიმე მილიონი დოლარით დაფინანსდა და ჯანდაცვის სამინისტროს სრული კარტბლანში მიიღო. საპარტნიორო ფონდის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს „საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით, საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GmbH -მა სს „ჰუმანითი ჯორჯია“ (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH -სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ (Humanity Georgia) შორის გაფორმდა. ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ქარხანაში დამზადდება, სულ ცოტა, 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ აშშ დოლარია“. Humanity Holding GmbH -ს მართლაც ავსტრიული კომპანიაა და მისი ხელმძღვანელია ნორბერტ კუდერი. კომპანია დარეგისტრირებულია ვენაში 2015 წლის 9 მარტს, დაახლოებით, ორი თვით ადრე, სანამ „ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველოში დარეგისტრირდებოდა. წესით და რიგით, ეს იმის მანიშნებელია, რომ Humanity Holding GmbH -ი ახალი კომპანიაა და მას აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ გააჩნია. ახლად დაარსებული კომპანიის მეპატრონე გახლავთ ასევე ავსტრიული კომპანია ProjectH Holding GmbH -ია, რომლის მმართველი დირექტორიც იგივე ნორბერტ კუდერია. ეს უკანასკნელი ვენაში კიდევ ხუთი კომპანიის მმართველია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არ არის გამორიცხული, კუდერს მხოლოდ კომპანიების საკუთარ სახელზე დარეგისტრირება ევალებოდა! გავაგრძელოთ: მაშასადამე, კომპანია ვენაში 2015 წლის 9 მარტს დაარსდა, საპარტნიორო ფონდმა კი წინადადების განხილვა 2015 წლის 8 აპრილს დაიწყო. „გამჭვირვალობის“ ანგარიშით, 30-მილიონიანი დაფინანსება 2015 წლის 20 ნოემბერს დამტკიცდა. საპარტნიორო ფონდს კაპიტალის ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიეღო არაუმეტეს 49.9%-ისა. აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ავსტრიულმა კომპანიამ დამატებით აიღო ვალდებულება, ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ გამოისყიდოს ფონდის წილი წინასწარ შეთანხმებულ ფასად, რომელიც აღემატება ფონდის პირველადი ინვესტიციის ღირებულებას. ყველაფერი რომ შევაჯამოთ , Humanity Holding GmbH , ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოში მოღვაწეობს. საერთაშორისო ორგანიზაციამ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კომპანიამ მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ საქართველოს მთავრობასთან და როცა მათგან მხარდაჭერა მიიღო, მას შემდეგ დარეგისტრირდა საქართველოში. უცნაური ის გახლავთ, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ არის გამოცდილების არმქონე ახალი კომპანია ქართულ ბაზარზე. ამ დროს, საქართველოში ბევრი სხვა ფარმაცევტული კომპანიაა მრავალწლიანი გამოცდილებით. როგორც აღმოჩნდა, მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ტალღაში მათ მიერ წამლით მომარაგებასთან დაკავშირებით არც ერთისთვის არ მიუმართავს. „ჰუმანითი ჯორჯიას“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრები დაფიქსირდა. სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიას“ მენეჯმენტში გიორგი საგანელიძე (საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძის ძმისშვილი) მაღალ პოზიციას იკავებდა. ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ფაქტები მოგვყავს, კიდევ ერთხელ შევხედოთ, რა წერია „საპარტნიორო ფონდის“ ვებგვერდზე. იქ კი შავით თეთრზე აღნიშნულია, რომ ფონდის თანამშრომლობა Humanity Holding GmbH -თან საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით მოხდა. ხომ არ ჰგავს, ანუ ხომ არ დაემსგავსება „ჰუმან ჯორჯიას“ შემთხვევა  „გლობალ ალიანსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას? კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არსებითი კორექტირებისა და მთლიანად ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის“ 2015 წლის 7 აპრილს 300 000 დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა ბრიტანულ კომპანია „გლობალ ალიანსს“ (Global Alliance for Health and Social Compact Ltd ), რომელსაც, ავსტრიული კომპანიის მსგავსად, არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2015 წლის 18 მარტს, „გლობალ ალიანსისგან“ 300 000 აშშ დოლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება „საპარტნიორო ფონდმა“ გააფორმა. ე. ი. მთავრობა, ან მისი კონკრეტული წევრები, უცნობი ინტერესებიდან გამომდინარე, უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ გარკვეულ კომპანიებს. 2016 წელს „საპარტნიორო ფონდთან“ და ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“  მოწოდება გაუგზავნა საქართველოს მთავრობას: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
  1. განმარტოს, თუ რატომ ენდო იმ კომპანიას, რომელსაც, ფაქტობრივად, გამოცდილება არ გააჩნია და საინტერესოა, რა სარწმუნო ინფორმაციას ფლობს ამ კომპანიის კომპეტენციაზე?
  2. მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რეალურად ვინ დგას Humanity Holding GmbH -ის უკან, რათა შემცირდეს კორუფციის რისკები.
  „ქრონიკა+“-მა კითხვებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტს ფარმაციის საკითხებში და „ჯანდაცვის კლუბის“ თავმჯდომარეს, ექსპერტ თინიკო ტურძილაძეს: _ „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენა ქართულ ბაზარზე არსებითად შეცვლის ქართული ბაზრის საერთო სახეს. ვერ გეტყვით, როგორი იქნება ის _ კარგი თუ ცუდი, წარმატებული თუ წარუმატებელი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კვალიფიციურად მოხდება გენერიკისა და სიმილატის გამიჯვნა. _ გენერიკებში მათ შემცვლელებს გულისხმობთ? _ დიახ. თუ გამიჯვნა წარმატებით დასრულდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მთავარი ამოცანა შესრულდა. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც აქამდე ქმნიდნენ ქართული ბაზრის ლანდშაფტს, ისინი, ალბათ, ბრენდულ სეგმენტზე გადაერთვებიან და კერძო დაზღვევით რეიმბურსირებაზე. ამ ეტაპზე ბაზარზე ფასების თერაპია იაფი გენერიკებით მიდის _ მიზანი მონოპოლიური ფასებთან ბრძოლაა. თეორიულად სქემა მისაღებია, მაგრამ არსებულ პირობებში, ვერ გეტყვით, ეს ყველაფერი რით დასრულდება.   „ქრონიკა+“ საპარტნიორო ფონდს დაუკავშირდა. ლელა წიკლაური _ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: _ რა კომპეტენციის მქონე კომპანიაა „ჰუმანითი ჯორჯია“ და ვინ არიან დამფუძნებლები, ასევე საქართველოში მოღვაწე ხელმძღვანელობა? _ „ჰუმანითი ჯორჯია“ დარეგისტრირებულია ავსტრიაში 2015 წლის 29 აპრილს, რომელიც გახლავთ საერთაშორისო ტრანსნაციონალური კომპანია „ჰუმანითი ჰოლდინგის“ შვილობილი იურიდიული სუბიექტი. „ჰუმანითი ჰოლდინგი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და მის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული. კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ დარეგისტრირდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ჰუმანითი ჰოლდინგის“ მენეჯმენტმა ინტერესი გამოხატა საქართველოს ბაზარზე საქმიანობის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით გადაწყდა აღნიშნული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა, შესაბამისად, 2015 წლის 29 აპრილს ავსტრიაში დაარსდა „ჰუმანითი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“. „ჰუმანითი ჯორჯიას“ დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი პირების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არის საჯარო და წარმოდგენილია საჯარო რეესტრში. _ რა მიზნებით გამოუყო „საპარტნიორო ფონდმა“ ავსტრიულ კომპანიას 30 მილიონი აშშ დოლარი, რომელსაც კაპიტალის ფორმირებაში მონაწილეობა უნდა მიეღო არა უმეტეს 49.9%-ისა? _ ეს არასწორი ციფრებია. საპარტნიორო ფონდის მიერ აღნიშნული კომპანიისთვის არ არის გაცემული 30 მილიონი აშშ დოლარი, არამედ გაცემულია სესხის სახით 9 359 438 აშშ დოლარი. თავდაპირველად მთავრობის განკარგულებით საპარტნიორო ფონდსა და „ჰუმანითი ჯორჯიას“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის მხრიდან ხელს აწერს ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელი, „ჰუმანითი ჯორჯიას“ მხრიდან კი კომპანიის დირექტორი ანდრეი კუზმა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით „ჰუმანითი ჯორჯიას“ უნდა შეესწავლა საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხი. მანამდე კი „ჰუმანითი ჯორჯია“ იღებდა ვალდებულებას, საქართველოში შემოეტანა 300-მდე დასახელების მედიკამენტი ისეთი ფასებით, რომელიც, დაახლოებით, 30%-მდე შეამცირებდა ადგილობრივ ბაზარზე წამლების ღირებულებას. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდი კომპანიას კრედიტს გამოუყოფდა, რომელიც შემდეგ კონვერტირებული იქნებოდა ქარხნის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოში მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მედიკამენტების შემოტანა, რასაც ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების შემცირება და ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საფასო პოლიტიკის გადახედვა მოჰყვა. წამლები, ზოგ შემთხვევაში, 30%-ზე მეტად გაიაფდა. _ რამდენად არის გამართლებული ორი თვის დაფუძნებული კომპანიისთვის ამ რაოდენობის თანხის _ 9 359 438 აშშ დოლარის, თუნდაც, სესხის სახით გამოყოფა? და კიდევ, ამ ეტაპზე „ჰუმანითი ჯორჯია“ მხოლოდ საავადმყოფოებთან ურთიერთობით შემოიფარგლება? რა სახის მედიკამენტებს აწვდის და სად არის ისინი წარმოებული? _ კომპანია „ჰუმანითი ჰოლდინგისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც 900-მდე დასახელების მედიკამენტის წარმოებას ითვალისწინებდა, აჩვენა, რომ აღნიშნული ქარხნის მშენებლობა არარენტაბელური იქნება, ამიტომ, ამ ეტაპზე, ქარხნის მშენებლობის პროცესი შეჩერდა, შესაბამისად, ფონდის მხრიდან ტრანშების გაცემაც შეჩერდა და ვინაიდან უკვე გაცემული კრედიტის (9 359 438 აშშ დოლარი) კაპიტალიზაცია ქარხანაში ვეღარ მოხდებოდა, კომპანიას მოეთხოვა გაცემული თანხის შესაბამისი საბანკო გარანტიები. ამის შემდეგ   პარტნიორმა 9 მლნ დოლარის გამოუთხოვნადი და უპირობო საბანკო გარანტია წარმოადგინა და, ამას გარდა, დამატებით გარანტიაში ჩაიდო 3 მლნ 100 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მიწის ფართი. მიწის შესახებ აუდიტორული დასკვნა მოამზადა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, შესაბამისად, საპარტნიორო ფონდის მიერ გაცემული კრედიტი უზრუნველყოფილია, როგორც საბანკო გარანტიით, ასევე დამატებით, კომპანიის სხვა უძრავ-მოძრავი ქონებითა და წამლების მარაგებით, რაც ღირებულებით ფონდის მიერ გაცემულ კრედიტს მნიშვნელოვნად აღემატება. _ მართალია, რომ კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე დავით საგანელიძის ძმისშვილია დანიშნული? _ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ძმისშვილი, გიორგი საგანელიძე, კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიაში“ სამუშაოდ აიყვანეს კომპანიის დარეგისტრირების დღიდან (2015 წლის 29 აპრილი). ის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში მოხსენიებულია, როგორც თარჯიმანი, რომელიც აკეთებდა ზუსტ თარგმანს ნოტარიული სამსახურისთვის. მას სადამფუძნებლო სტრუქტურებში არანაირი ურთიერთობა არ აქვს. რაც შეეხება მენეჯმენტში, ის აღნიშნული პერიოდიდანვე მუშაობს კომპანიის ერთ-ერთი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ხოლო დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა 2015 წლის ოქტომბერში, ანუ ექვსი თვის შემდეგ, რაც გიორგი საგანელიძე მუშაობდა აღნიშნულ კომპანიაში. ასევე, ხელშეკრულება „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდა დავით საგანელიძის ფონდში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე.   თამარ როსტიაშვილი  

გაზიარება