QronikaPlus
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისთვის ადგილის შეცვლა ბრალდებების მიზეზი გახდა

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალისთვის ადგილის შეცვლა ბრალდებების მიზეზი გახდა

2017-03-30 08:41:03

წინა ხელისუფლების დროს დაწყებული „მოსიარულე ძეგლების“ თემა ქუთაისში ისევ აქტუალურია. ამჯერად ადგილმდებარეობა 9 აპრილის მემორიალმა შიცვალა, რომლის გადატანაზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. 9 აპრილის მემორიალი მოქანდაკე რეზო რამიშვილმა წლების წინათ შექმნა. იგი ყოფილ კინოთეატრ „კომუნას“ საზაფხულო დარბაზის ადგილზე აშენებული შადრევნის შემადგენელი ნაწილი იყო. ქუთაისის ისტორიულ უბანში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შადრევანი დაინგრა და ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში არსებული კინოთეატრ „მონპლაზირის“ თაღი აღადგინეს. ამის შემდეგ მემორიალისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და იგი იმავე ტერიტორიაზე, ათიოდე მეტრის მოშორებით გადაიტანეს. მემორიალის ირგვლივ ხმაური, ჯერ კიდევ, გასული წლის ზაფხულში დაიწყო, როცა მის გვერდით არსებულ შენობაში რესტორანი გაიხსნა. რესტორნის ადმინისტრაციამ დახურული ფართის გარდა მიმდებარე ტერიტორიაც შემოსაზღვრა და, ღია ცის ქვეშ, სტუმართა განთავსების მიზნით, სივრცის ათვისება დაიწყო, რის შემდეგაც ძეგლი მაგიდების გარემოცვაში, შუა რესტორანში აღმოჩნდა. რესტორანში მისულ უცხოელებს, რომლებიც მზეს ეფიცხებოდნენ და ყავასა თუ სხვა სახის სასმელს მიირთმევდნენ, აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მათ თვალწინ 1989 წელს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი აღმართული ძეგლი იდგა და არა არსებული გარემოსთვის შექმნილი კომპოზიცია. ყოველივე ამას ქუთაისელების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, ეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების შეურაცხყოფა იყო. „ეს არის ტრაგედია. როგორ შეიძლება, რესტორანში მოაქციო 9 აპრილის მემორიალის ძეგლი?! როგორ დაუშვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მსგავსი საშინელება?! 9 აპრილის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. მოქანდაკე რეზო რამიშვილმა ეს რესტორნისთვის კი არა, სამშობლოსთვის გააკეთა“, _ ასეთი პოზიცია დააფიქსირა ქუთაისელმა დოდო ლაღიძემ. მაშინ რესტორნის მეპატრონე ამტკიცებდა, რომ მაგიდები და სკამები მემორიალის ირგვლივ მხოლოდ გახსნის დღისთვის დააწყვეს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც ისინი იქიდან არც არავის აუღია. ამის მერე ადგილობრივ თვითმმართველობაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ აუცილებელია რესტორნის მიმდებარე ტერიტორიიდან ძეგლის გადატანა, რადგან ეს ადგილი მისთვის შეუფერებელია. პროცესი რამდენიმე თვე გაიწელა. მიუხედავად გაკეთებული განცხადებებისა, ქუთაისელების ერთი ნაწილი იმედს იტოვებდა, რომ ტერიტორიას არა ძეგლისგან, არამედ მაგიდებისგან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მათ იმედები გაუცრუვდათ. როგორც ამჟამად გაირკვა, ძეგლის გადატანის ინიციატივა ვეტერანთა კავშირს ეკუთვნის, რომელსაც, აღნიშნულის თაობაზე, მერიისთვის გასული წლის 18 ივნისს მიუმართავს განცხადებით. „ძეგლთან ჭიქების რახარუხი და მსგავსი სიტუაცია არ უნდა იყოს“, _ აცხადებს ვეტერანთა კავშირში, რაც, ბუნებრივია, მართებულიცაა. ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებითაც, ცისფერყანწელთა ქუჩიდან ძეგლის გადატანის მთავარი მიზეზი სწორედ რომ შეუფერებელ ადგილზე მისი არსებობა გახდა. „პირველად ეს ძეგლი სხვა მხარეს იდგა, სადაც წყალი ჩაივლიდა, მაგრამ როცა იგი ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდა, მის ქვეშ წყალი აღარ გადიოდა და ამ მხრივ მან აზრი დაკარგა. ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, 9 აპრილის ტრაგედიისთვის მეტი პატივი მიგვეგო და ის ცენტრალურ პარკში მდგარიყო, ვიდრე იმ ადგილას, სადაც ახლაა, მიუხედავად იმისა, ავუკრძალავდით თუ არა ადამიანებს იქ ეკონომიკურ საქმიანობას“, _ განაცხადა მიქიაშვილმა და ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ძეგლი ავტორის ოჯახთან მიღწეული შეთანხმებით გადაიტანეს.   აწ უკვე გარდაცვლილი მოქანდაკის, რეზო რამიშვილის ვაჟის, შოთა რამიშვილის განცხადებით, თანხმობა ძეგლის გადატანის თაობაზე ოჯახმა მართლაც გასცა: „ძეგლის გადატანაზე თანხმობა, რა თქმა უნდა, გავეცით, რადგან რესტორნის ეზოში მონუმენტის დადგმა შეუსაბამოა. რაც შეეხება ახალ ადგილს, არ არის კარგი, თუმცა რესტორნის ეზოს სჯობია“, _ განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.   ძეგლის გადატანას, ასევე, აპროტესტებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“. გია გოქაძე: _ ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ გადატანას აპირებდნენ, რაზეც ქალაქის ხელისუფლებამ გვიპასუხა, რომ ეს იყო აბსურდი. გადატანის ძირითად მიზეზად ისინი ასახელებენ, რომ იქ არის ჭიქების რახარუხი, არის რესტორანი და ა. შ., რაც არ არის არგუმენტი. ქალაქს ადმინისტრაციული სამსახური აქვს და მას შეეძლო, ის პროცესი აღეკვეთა. ამჟამად ძეგლის ადგილზე სივრცე გამოთავისუფლდა, მაგრამ ვიცე-მერმა მიქიაშვილმა, ანუ ქალაქის მერის, შოთა მურღულიას მესამე ხელმა, თქვა, რომ 7 კვ.მ. არაფერს გვაძლევსო. არადა, 1 კვ.მ.-ზეც კი ვაჭრობენ, ისეთი დამოკიდებულება აქვთ. თავის დროზე, რეზო რამიშვილმა ძეგლი დადგა არა უბრალო მიზეზის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე თავიდანვე დამკვიდრდა 9 აპრილს დაღუპულთა პატივგების ტრადიცია. მართალია, შემდეგ 10 მეტრით გადასწიეს, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი დიდად არ შეუცვლია. ახლა ვეტერანთა კავშირის სახელით გადაწყვიტეს, მდებარეობა შეუცვალონ და ცენტრალურ ბულვარში გადმოიტანონ. გადმოტანას რა აზრი აქვს, ან რა გამართლება? თუ იქ რახარუხი იყო და ახლაგაზრდა წყვილები ხვდებოდნენ ერთმანეთს, იგივე იქნება აქაც. ბულვარშიც მინახავს ზაფხულობით, როცა არაყსა და ლუდს სვამენ. შეყვარებული წყვილებიც მინახავს. ისე, შეყვარებული წყვილების ძეგლთან თუ ძეგლიდან მოცილებით დგომას რატომ აღიქვამენ ტრაგედიად, არ მესმის. ეს იგივე სიტუაციაა, რაც ხდება „ოქროს ჩარდახთან“, რაც ხდება დანარჩენ ადგილებში, ანუ ესაა სივრცის გამოთავისუფლება ვიღაცისთვის. ეს ვიღაცა კი არის მათი და არა ჩემი ახლობელი. სხვა ინტერესი კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, არც არავის ამოძრავებდა. ჯერ ერთი, ქალაქის მერმა და ვიღაც ჯგუფებმა ცენტრალური ბულვარის ისტორია არ იციან: ეს ბულვარი გაშენდა მე-19 საუკუნეში და მას ეძახდნენ „სალაყბოს“, ანუ პარლამენტს. ეს იყო თავშეყრის ადგილი. რა თქმა უნდა, შეიძლება, აქაც დაიდგეს ძეგლი, მაგრამ არ მესმის, რატომ არის 9 აპრილის მემორიალისთვის ეს ადგილი აქტუალური და რატომ არ შეიძლებოდა იგი დაედგათ, დავუშვათ, ცენტრალურ მოედანზე, ან რომელიმე სხვა ადგილას? სავარაუდოდ, ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში გამოჩნდება, თუ ვისთვის გამოათავისუფლეს ის მიწის ნაკვეთი.   შოთა მურღულია _ ქუთაისის მერი: _ ვისი ინიციატივით შეუცვალეს ძეგლს ადგილმდებარეობა? _ იმ ადამიანების მოთხოვნით, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობდნენ. მათი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ იმ ადგილას ძეგლი აღარ ყოფილიყო. _ და რატომ ქალაქის ცენტრალური ბულვარი? _ ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ ბულვარი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი ადგილია. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც საშაურმეები და მსგავსი რამეები არ გვხვდება. ბულვარს ყველაზე მეტად ვიცავთ, რომ აქ რაიმე არამნიშვნელოვანი არ განთავსდეს. აქ დგას აკაკის და რამდენიმე ცნობილი ადამიანის ძეგლი. 9 აპრილი ყველაზე დიდი დღეა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ერის გაერთიანების გზაზე. _ ასეთ დროს აუცილებელია წინასწარი პროექტი. მომზადდა იგი ძეგლის გადმოტანამდე? _ მონუმენტი არ შეცვლილა. აუცილებელი მოთხოვნა იყო გარდაცვლილი ავტორის მემკვიდრის თანხმობა. პატივგების კომისიაზეც გავიარეთ და გადაწყდა, რომ ბულვარი საუკეთესო ადგილია და აქ განთავსდა. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერში უარყოფითს ეძებენ. ჩემი აზრით, რაც გავაკეთეთ, ძალიან დიდი პოზიტივია. აქ ბილიკები, მოლი დაიგება. შესაძლებელია, 9 აპრილამდე ვერ მოესწროს, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი დასხდება და ისტორიას გაიხსენებს. _ რისი განთავსება იგეგმება გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე? _ არაფრის. ის არის ჩვეულებრივი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ადამიანები უნდა გადაადგილდნენ. _ გამოიყენებს იმ ტერიტორიას ის რესტორანი, რომელიც ახლა იქ ფუნქციონირებს? _ ის რესტორანი გამოიყენებს თუ არა, აბსოლუტურად არ მაინტერესებს. თუ მნიშვნელოვანი იქნება და კაფეს მაგიდის დადგმა დასჭირდება, უარი რატომ უნდა ვუთხრათ, არ ვიცი, მაგრამ თუ საზოგადოებაში ეს ეჭვი არსებობს, უარს ვიტყვით. ყოველივე ამას აბსოლუტურად არანაირი საერთო არ აქვს იმ თემასთან, თუ სად იდგება 9 აპრილის ძეგლი. ერთ ადამიანს აქვს ეს აქცენტი და შიზოფრენიას დავარქმევდი ასეთ დამოკიდებულებას. საშაურმეები ვინ გახსნა, მე გავხსენი იქ?! საშაურმის გვერდით შეიძლებოდა 9 აპრილის ძეგლი?! ადრე იმ რესტორნის ადგილზე სასადილო იყო. ე. ი. სასადილო შეიძლებოდა იქ და რესტორანი _ არა. არც კი ვიცი, ვინაა მფლობელი ახლა იქ და რას აკეთებს. ნამყოფიც არ ვარ.   ზურაბ ქაჯაია _ რეგიონის ყოფილი პირველი პირი: _ მივესალმები მემორიალის გადმოტანას. ჯერ ერთი, აქ ხილვადობის კუთხით უკეთესია. ცალკე დგას და ბაღის ანსამბლში შედის. აქედან გამომდინარე, თავის ფუნქციას ყოველთვის შეასრულებს, თანაც ეს ადგილი ცარიელი იყო და ძალიან კარგი გადაწყვეტაა.   ბესიკ ბრეგაძე _ საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: _ გაუმართლებელი იყო ძეგლის გადატანა, რადგან მას თავისი ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული და კარგი იქნებოდა, იქ ყოფილიყო. _ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მემორიალის ერთიანობა და კომპოზიცია მაშინ დაირღვა, როცა იქ არსებული შადრევანი მოშალეს, რაც მონუმენტის შემადგენელი ნაწილი იყო. _ კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს მასშტაბურად შევხედავთ და ვიკითხავთ, ვინ დაარღვია ერთიანი კომპოზიცია? მაგალითად მოვიყვან ქალაქის ცენტრში არსებულ მშენებლობებს, ფასადებს, რომლებიც უგემოვნოდ კეთდება. რთულია რაიმე სახის შენიშვნის მიღება ქალაქის დღევანდელი ხელისუფლებისგან მარტო იმიტომ, რომ ქუთაისს მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს. ბერმა არც კი იცის, რომ ამ სამსახურს ეკონომისტი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება მემორიალს, ზოგადად, ასეთი ცვლილებების წინააღმდეგი ვარ. კონკრეტული ადგილი, სადაც ძეგლი იდგა, საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც 9 აპრილს დაღუპულთა პატივგების ადგილი. შესაძლებელია, რაღაც ტრანსფორმაცია მომხდარიყო, მაგრამ არა იმ ფორმით და არა იმ სახით, როგორც დღეს გააკეთეს. რაც შეეხება შადრევანს, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ იქ ადრე მემორიალის ადგილზე კედელი იყო 9 აპრილს დაღუპულთა ფოტოებით. შემდეგ დაიდგა ამ ფორმის მემორიალი. ცენტრალური ბულვარი ისედაც გადატვირთულია. სამწუხაროდ, უპატრონოდაა მიტოვებული როგორც იქ არსებული ძეგლები, ისე მწვანე საფარი. საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელია ყოველივე. ხელისუფლების ქმედება, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ამჯერადაც მხოლოდ მის მხარდამჭერებს მოსწონთ. ყველა ვხვდებით, რომ მემორიალის გადმოტანა არ იყო ქალაქგეგმარების, ან არქიტექტურული თვალსაზრისით განპირობებული. ეს მოხდა იმიტომ, რომ, თავის დროზე, იქ ვიღაცამ კაფე გახსნა, შესაბამისად, შეიძლება, ვიღაცას ხელსაც უშლიდა მემორიალი შემდგომი გაფართოებისთვის. არაა გამორიცხული, იმ ადგილზე მალე დამატებით მაგიდები და სკამები ვიხილოთ, ამას დრო გვიჩვენებს.   მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, 9 აპრილის მემორიალი უკვე ცენტრალურ ბულვარში განთავსდა. რამდენიმე დღეში ქუთაისელები ყვავილებს სწორედ იქ მიიტანენ. ალბათ, დრო გვიჩვენებს, რამდენად მართებული იყო მიღებული გადაწყვეტილება ძეგლის გადატანის თაობაზე და რამდენად საფუძვლიანია ოპონენტთა ბრალდებები? ხვიჩა ვაშაყმაძე    

გაზიარება