QronikaPlus
რატომ ეშინია „ოცნებას“ ოპოზიციური დემარშის?..

რატომ ეშინია „ოცნებას“ ოპოზიციური დემარშის?..

2017-04-21 06:54:39

საკონსტიტუციო კომისია დიდი სიჩქარით მიექანება ოპოზიციური ბოიკოტისკენ. ამის შესახებ განცხადებები სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის. პარტიები, რომლებსაც კომისიაში წევრი ჰყავთ, ხელისუფლებასთან დიალოგის პერსპექტივას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხედავენ. არადა, საკონსტიტუციო კომისია მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით მრავალპარტიული დიალოგი წარმართულიყო. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 117 დეპუტატის მობილიზება შეუძლია, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს. ეს კი ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად მას არავინ სჭირდება. სურვილის შემთხვევაში ის ნებისმიერ ცვლილებას კონსტიტუციაში უპრობლემოდ შეიტანს. მაშინ ისმის კითხვა, _ რისთვის სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მიიპატიჟა კონსტიტუციაზე სამსჯელოდ(?). მიზეზი საერთაშორისო, დემოკრატიული სტანდარტია, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ერთპარტიულ რეჟიმში ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა, მაგალითად ის, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი _ მოსახლეობამ, პარლამენტმა, თუ 300-კაციანმა კოლეგიამ? ასევე დაუშვებელია, ერთმა პარტიამ გადაწყვიტოს, როგორი სისტემით უნდა ირჩეოდეს პარლამენტი და საკრებულოები და ა. შ. კონსტიტუციით განსაზღვრული ასეთი საკითხები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესების შემუშავებასაც ნიშნავს. როგორც ფეხბურთის თამაშის წესები, შეუძლებელია, ერთმა რომელიმე გუნდმა თავისი ნება-სურვილით შეცვალოს; ასევე დაუშვებელია პოლიტიკური და საარჩევნო თამაშის წესები ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დააწესოს, _ მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელისუფლებაში და ჰყავს თუ არა მას საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. დემოკრატიული სტანდარტით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. ანუ ქვეყანაში არსებული ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები ისეთი თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი იქნება და კონკურეტულ გარემოს შექმნის ყველასთვის, _ ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება კი ავტორიტარულ მმართველობას ნიშნავს, ხოლო ავტორიტარული გადაწყვეტილებები ყოველთვის მიუღებელია, როგორც დანარჩენი პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური სუბიექტებისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ერთი პარტიის სურვილზე ჩამოყალიბებული საარჩევნო სისტემა მხოლოდ იმ პარტიის ინტერესზეა მორგებული და ამიტომაც ამომრჩევლის ნდობას არ იმსახურებს. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ყველა ხელისუფლება ისეთი საარჩევნო სისტემის დაკანონებას ცდილობს, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში. ასე ეგონათ „მოქალაქეთა კავშირშიც“ და ასე ეგონათ „ნაციონალებსაც“. უბედურება ისაა, რომ ამდენი მცდარი მაგალითის მიუხედავად, „ქართული ოცნებაც“ იგივეზე ოცნებობს და საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებას ზუსტად ისე ცდილობს, როგორც ეს მისმა წინამორბედებმა გააკეთეს. თუმცა დავუბრუნდეთ საარჩევნო კომისიას: „ოცნებამ“ ის მხოლოდ იმისთვის შექმნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი, ვენეციის კომისიის თვალში დემოკრატიული პრინციპების ერთგულ ხელისუფლებად გამოჩნდეს. ამით „ოცნება“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ იღებს და ღიაა დიალოგისთვის, ანუ მზადაა პოლიტიკური კონსენსუსისთვის, მაგრამ ერთია განცხადება და სულ სხვაა ამის საქმით დამტკიცება. სამ თვეზე მეტია, საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და საერთო შეთანხმებული პოზიცია ჯერ არაფერზე გვინახავს. ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმები ისმის მხოლოდ. ისმის ყველა იმ წესის აკრძალვა, რომელიც აქამდე პოლიტიკური პროცესის განვითარებას უწყობდა ხელს ქვეყანაში. მაგალითად, აიკრძალოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, აიკრძალოს პოლიტიკური ბლოკების შექმნის უფლება. ასევე ისმის ისეთი ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ „ოცნების“ ინტერესებში თუ შედის. მაგალითად, ყველა გაუნაწილებელი მანდატი მე უნდა მერგოს საჩუქრად და ა. შ. „ოცნების“ ინიციატივები პოლიტიკურ შეთანხმებას კი არ უწყობს ხელს, პირიქით, კონფრონტაციას აღრმავებს და დიალოგისთვის ყველა კარს ხურავს. შეგახსენებთ, თუ როგორ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს ხელისუფლება: მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ოცნება“  დათანხმდა ოპოზიციის მრავალწლიან მოთხოვნას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ეს პატარა საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ იმ დათქმებით, რაც „ოცნებამ“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თან მოაყოლა, ყველაფერი გააფუჭა. პროპორციული სისტემის მთავარი ხიბლი ისაა, რომ რამდენ პროცენტსაც მიიღებს ესა თუ ის პარტია არჩევნებში, მანდატების ზუსტად იმდენ პროცენტს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში. ესაა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული მთავარი კრიტერიუმი. ის, რაც დღეს ხდება, ამ კრიტერიუმის უხეში დარღვევაა, როცა 48%-ის მქონე „ქართული ოცნება“ 80% მანდატებს ფლობს პარლამენტში. ასეთი დაუმსახურებელი შეღავათის შენარჩუნება ხელისუფლებამ პროპორციული სისტემის პირობებშიც გადაწყვიტა და გამოგვიცხადა, რომ კონსტიტუციაში ისიც ჩავწეროთ, რომ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას ვაჩუქოთო(?). ცნობისთვის: ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 20%, რაც იმ სისტემის პირობებში, რომელზეც უნდა გადავიდეთ, ანუ მთლიანად  პროპორციული სისტემის პირობებში, 30 მანდატი იქნება. ანუ 30 მანდატი საჩუქრად „ოცნებას“ რატომ? რა დამსახურებისთვის? _ უცნობია. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ყოველთვის ერთმა პარტიამ უნდა დააკომპლექტოს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ის ამისთვის საჭირო ხმების 50%-ს, საჩუქრად მიღებული გადაუნაწილებელი მანდატები, საჭირო უმრავლესობას ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის  უზრუნველყოფს. ამით „ოცნებაში“ გამორიცხავენ არჩევნების შემდეგ პარლამენტში პოლიტიკური კოალიციის შექმნის პერსპექტივას. უკაცრავად, მაგრამ სადღაა დემოკრატია?.. სადღაა ის კლასიკური საპარლამენტო მოდელი, რომლისკენაც ასე დაჟინებით მიილტვის „ქართული ოცნება“?.. არჩევნების შემდგომ კოალიციები საპარლამენტო რესპუბლიკებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ძალაუფლების გადანაწილება დემოკრატიული პროცესის ნიშანია. სქართველოს ხელისუფლებაში კი მუდამ ძალაუფლების კონცენტრაციაზე და მის ერთ ხელში მობილიზებაზე საუბრობენ. გადაუნაწილებელი მანდატების მითვისების სურვილი ნათელი მაგალითია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება გათვლილია მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებზე და არა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე. მეორე ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სანაცვლოდ გვთავაზობს, ესაა პოლიტიკური ბლოკების აკრძალვა. ესეც მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებიდან გამომდინარე ინიციატივაა, რადგან ხედავენ რა საკუთარი რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ საშველი სხვისთვის ხელის შეშლაა. ანუ არ მიეცეს სხვა პარტიებს ბლოკში გაერთიანებისა და გაძლიერების საშუალება. და ეს მაშინ, როცა ყველა ხელისუფლება, მათ შორის, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა. ყველა ამ საკონსტიტუციო ინიციატივის პარალელურად, „ოცნებაში“ არც განიხილება საარჩევნო გარემოს დამანგრეველი 5%-იანი ბარიერის დაწევა. ცნობისთვის: იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო ბლოკები აკრძალულია, ბარიერი საერთოდ არ არსებობს. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიები კი არ განადგურდნენ, არამედ განვითარდნენ. ასეთ, საკუთარ ინტერესებზე მორგებულ საარჩევნო სისტემას სთავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას. პასუხად კი ოპოზიცია საკუთარ ინიციატივებს აქვეყნებს და პოლიტიკური კონსენსუსისთვის „ოცნებას“ სწორედ მათზე მსჯელობას სთავაზობს. მაჟორიტარიზმის გაუქმებაზე ყველა თანხმდება, ოპოზიციის შეთავაზებების პირველი პუნქტიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. ძირეული განსხვავებები მეორე პუნქტიდან იწყება. ყველა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა განაწილდეს ბარიერგადალახულ პარტიებზე, იმის მიხედვით, თუ ხმების ვინ რა პროცენტი მიიღო. დათვლის მექანიზმად კი შემოთავაზებულია „დონტის“ მეთოდი. ეს მეთოდი უამრავ ქვეყანაშია დანერგილი და მისი უპირატესობა ის გახლავთ, რომ გადაუნაწილებელი მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ისე ნაწილდება, რომ ნაშთი საერთოდ არ რჩება, რაც აღნიშნულ მეთოდს ყველაზე სამართლიანს ხდის. რაც მთავარია, მანდატების ასეთი გადანაწილება მაქსიმალურად ზუსტად ასახვს ამომრჩევლის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას. ეს კი, თავის მხრივ, იმის წინაპირობაა, რომ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში არჩევნებისადმი დნობა დაუბრუნდეთ. შეთავაზების მესამე პუნქტი საარჩევნო ბლოკებს ეხება. ოპოზიციის ინიციატივით, საარჩევნო ბლოკი კი  არ უნდა აიკრძალოს, არამედ უნდა შეიცვალოს კანონი და ბლოკის წევრებს შორის ურთიერთობა ბლოკის წესდებამ უნდა მოაწესრიგოს, რომელსაც ბლოკის წევრები არჩევნებამდე შეადგენენ, წარუდგენენ ცესკოს და მხოლოდ ამის შემდეგ გაივლიან რეგისტრაციას.  ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ბლოკის წესდების შემოღება იმ პრობლემას მოაგვარებს, რომელსაც ერთკაციანი პარტიების პოლიტიკურ შპს-ებად ჩამოყალიბება ჰქვია. და მეოთხე ოპოზიციური შეთავაზება ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას ერთადეთი დასაბუთება აქვს, _ არ ჩამოყალიბდეს საქართველოში ორპარტიული პოლიტიკური რეალობა, არამედ უფრო მეტ პარტიას მიეცეს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების საშუალება. ბარიერის ჩამოწევა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესი მუდმივად პარლამენტში მიმდინარეობდეს და არა ქუჩაში, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე ჩვენში. იმავდროულად, 3% ესაა, დაახლოებით, 60 ათასი ამომრჩევლის ხმა. 60 ათასი ამომრჩეველი კი ნამდვილად იმსახურებს, წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. მაგალითისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 300 ათასი ამომრჩევლის ხმა, უბრალოდ, სწორედ იმის გამო დაიკარგა, რომ მაღალი ბარიერი მხოლოდ ადმინსტრაციული და ფინანსური რესურსების მქონე ორ პოლიტიკურ ძალას აძლევს შესაძლებლობას, გადალახოს ის. დანარჩენს კი, მიუხედავად იმისა, რომ მათ 20% უჭერს მხარს, გარეთ ტოვებს. ბარიერის დაწევა ერთმნიშვნელოვნად კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ბლოკების გაუქმების შემთხვევაში ბარიერის დაწევა სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ასეთ დროს ბარიერი თუ კვლავ 5% დარჩა, ეს ნიშნავს პარტიების განადგურებას, რასაც, ბუნებრივია, მშვიდად არავინ შეეგუება და პროცესები, დიდი ალბათობით, კვლავ ქუჩაში გადაინაცვლებს. საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და საარჩევნო სისტემის შესაცვლელად მუშაობა და პოლიტიკური ბრძოლა მრავალი წელია, მიმდინარეობს. გამოყენებული იყო, პრაქტიკულად, ყველა მეთოდი. იყო წარუმატებელი მოლაპარაკებები, იყო ულტიმატუმები, იყო აქციები და მიტინგები, იყო შიმშილობები და სასწრაფო მანქანით წაყვანილი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ყველაფერი იყო უშედეგო. ხელისუფლებაც კი შეიცვალა, მაგრამ ის, ვინც ადრე, ოპოზიციაში ყოფნის დროს, სისტემის შესაცვლელად გულის წასვლამდე შიმშილობდა, დღეს ხელისუფლებაშია და რაც შეიძლება დიდხანს ხელისუფლებაში დასარჩენად, ახლა უკვე, იგივე სისტემის დამცველად გვევლინება. დღევანდელი ბრძოლის ერთ-ერთი პოლიტიკური იარაღი ბოიკოტია. პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების პერსპექტივა უკვე არაერთხელ გაჟღერდა. დასახელდა კონკრეტული თარიღიც, 15 აპრილი. თუ ამ პერიოდში ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯს არ გადადგამს და კვლავ თავის ხისტ პოზიციაზე იდგება, ოპოზიციისთვის ეს იქნება იმის ნიშანი, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსი არ სურს და საკონსტიტუციო კომისიაში ყოფნასაც აზრი აღარ აქვს. მთავარია, რამდენად აღმოჩნდება ბოიკოტი საყოველთაო. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან თუ ოპოზიციაში „გამყიდველები“ გამოჩნდნენ, ეს ბოიკოტით მისაღწევ შედეგს ერთიორად გააუფერულებს. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში 7 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი _ ერთი ხელისუფლება და 6 ოპოზიციური, ესენია: „ნაციონალები“, „პატრიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ლეიბორისტები, და „ბურჭულაძის პარტია“. ეჭვგარეშეა, რომ ბოიკოტის ჩასაშლელად, ხელისუფლება უკვე აქტიურად მუშაობს ბევრ მათგანთან. პრეზიდენტის პარლამენტში მისვლისას აშკარად გამოიკვეთა, თუ როგორ ნერვიულობს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოსალოდნელ დემარშზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ტრადიციულად, თავისი გამოუცდელობის წყალობით, ვერ დამალა ეს შიშები და პრეზიდენტს ბრალი დასდო, _ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებ, კომისია რომ დატოვონო(?). რაც ყველაზე საინტერესო იყო, ირაკლი კობახიძე ამ ბრალდების გახმოვანებისას ისე დაეყრდნო კულუარულ წყაროს, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, ჟურნალისტი იყოს. კონსპირაციული შეთქმულებების თეორიები გვერდზე რომ გადავდოთ, ფაქტია, ხელისუფლებაში სერიოზულად ნერვიულობენ. სანერვიულო კი ნამდვილად აქვთ, რადგან ვენეციის კომისია ერთპარტიული საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებებს ვერაფრით მიიჩნევს კონსენსუსის პროდუქტად. შედეგად, „დემოკრატიულობანას“ თამაშის ოთხთვიანი მცდელობა სულ წყალში ჩაიყრება. არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით აღარავინ დაიჯერებს, რომ ქვეყნის მთავარი კანონი ოდნავ მაინც გაუმჯობესდა. თუმცა ბოიკოტის თემა, შესაძლოა, მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებით არ შემოიფარგლოს. უკვე გაჟღერდა ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შესახებ. ოპოზიციის მოთხოვნა აქაც უცვლელია, გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო და დაწესდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა. არჩევნების ბოიკოტირება გაცილებით რთულია, ვიდრე საკონსტიტუციო კომისიის დატოვება. საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი მცდელობა გვინახავს, მაგრამ შემდგარი ბოიკოტი _ ჯარ არც ერთხელ. გამოვა თუ არა რამე ამჯერად, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ჯერი საკონსტიტუციო კომისიაზეა. მაშ, ასე! შეთავაზებები გაკეთებულია, პოზიციები _ დაფიქსირებული. ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. აწი მათი გადასაწყვეტია, გააღებენ თუ არა მოლაპარაკების კარს. მათ უნდა აირჩიონ, უნდათ თუ არა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. უნდათ თუ არა შეთანხმების საფუძველზე მიღებული საარჩევნო სისტემა. უნდათ თუ არა ისეთი თამაშის წესები, რომელსაც ყველა ენდობა და რომელიც ყოველ წელს შესაცვლელი აღარ იქნება. მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო კომისიაში ბევრი რამ უნდა გაირკვეს. „ქართულმა ოცნებამ“, დაპირებისამებრ, უნდა გააჟღეროს თავისი საბოლოო შეხედულებები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციამ კი ამის საფუძველზე უნდა აირჩიოს, რას იზამს, _ „გააპრავებს“ კონსტიტუციის საყოველთაო გადასინჯვას თუ, დაპირებისამებრ, 15 აპრილის შემდეგ, ბოიკოტს გამოუცხადებს კომისიას? ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა...   დემნა ვეშაპიძე    

გაზიარება