არასამთავრობო ორგანიზაცია „არაგველები XXI საუკუნის“ თავმჯდომარე, ვაჟა საღირაშვილი, „ქრონიკა+“-ს დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებულ განუკითხაობაზე ესაუბრა. იგი ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა (გიზო) ჩოხელის განთავისუფლებას სთხოვს. მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ბოლო პერიოდის დასკვნაც საკმარისია, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მაგრამ „ზემოთ“ ისეთი მფარველ.
ვაჟა საღირაშვილი:
_ დუშეთის გამგებელი, ვაჟა (გიზო) ჩოხელი, წინათ „ნაციონალი“ იყო, თუმცა, ბოლო დროს, საქართველოში რამდენი ხელისუფალიც მოვიდა, იმდენთან ჰქონდა სიამტკბილობა და „ფერს“ ადვილად იცვლიდა. ის გახლავთ ტიპური მედროვე. 2007 წელს ჩოხელი „ნაციონალების“ წარმომადგენელი იყო დუშეთის საკრებულოში, დედამისი კი რაიონის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მუშაობდა. წინათ ბიბლიოთეკები სამინისტროს ექვემდებარებოდა, ამ პერიოდიდან კი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავიდა, რასაც რეორგანიზაცია მოჰყვა და ბიბლიოთეკების ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომლის გვარსაც, გარკვეული მიზეზების გამო, ამჯერად, არ დავასახელებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას ირმა ჰქვია, ამ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად საბუთები შეიტანა. მას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ჩოხელს ამ ადგილზე დედამისის გაყვანა უნდოდა, მაგრამ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კადრი უფრო მოიწონეს. მას შემდეგ ჩოხელი ამ ქალბატონს გადაეკიდა და არ გაახარა.
_ რას ნიშნავს, არ გაახარა, იქნებ, დაგვიკონკრეტოთ?
_ როცა ქალბატონი ირმა ამ სამსახურში დანიშნეს, ჩოხელის გაბრაზებულმა დედამ, გულსუნდა ქიმბარიშვილმა, განცხადება დაწერა და საერთოდ წავიდა სამსახურიდან, თუმცა ის უკვე პენსიაზე გადიოდა. იმ დროს, ასევე ტარდებოდა, ტესტირებები და ასე იღებდნენ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მაგრამ, ეტყობა, ტესტირების გავლა არ უნდოდა. მანამდე ამ ქალბატონს ბიბლიოთეკაში ფონდი ებარა, სადაც გარკვეული პრობლემები შეექმნა და, წყევლა-კრულვით, თავისით წავიდა სახლში.
2012 წელს, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ჩოხელი უკვე ამ პარტიაში იყო გადაბარგებული და, ამჯერად, გამგებლად მოევლინა დუშეთს. ამ დროიდან დედამისმაც მოირგო მუნიციპალიტეტში რუხი კარდინალის როლი. ის ბიბლიოთეკაში რეკავდა, თანამშრომლებს იბარებდა და ა. შ. როგორც ხდება ხოლმე, გამგებლის დედას თანამშრომლები შეხვედრებზე უარს არ ეუბნებოდნენ და მას უახლოვდებოდნენ. ერთ დღეს გამგებელმა ქალბატონი ირმა დაიბარა და გამოუცხადა, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებდა. ამ დროს, ასევე კანონდარღვევით, გაათავისუფლა ერთ-ერთი ააიპ-ის ხელმძღვანელი. როდესაც მათ ჩოხელს განთავისუფლების მიზეზის ახსნა მოსთხოვეს, გამგებელმა მიზეზი ვერ დაასახელა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ დედამისიც პროფესიონალი იყო, მაგრამ, თავის დროზე, უკანონოდ აიძულეს ტესტირებაში მონაწილეობა. _ თქვენ „ნაცების“ დროს დაინიშნეთ ამ სამსახურებში, მაშინ მონაწილეობდით ტესტირებაში და ამიტომ თქვენი ამ თანამდებობებზე გაჩერება აღარ შეიძლებაო, _ დაუფარავად განუცხადა გამგებელმა.
_ ამას ამბობდა, როგორც თქვენ მითხარით, პორტირებული „ნაციონალი“?
_ ქალბატონმა ირმამ სასამართლოში უჩივლა და მეორე წელია, რაც მათ შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლომ გამგებლის ხელშეკრულება და ყველა ბრძანება უკანონოდ ცნო და აღიარა, რომ ქალბატონი ირმა უკანონოდ გაათავისუფლეს. მას ფულადი კომპენსაცია განუსაზღვრეს, მაგრამ გადაწყვეტილებაში სამსახურში აღდგენაზე საუბარი არ არის. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია და ეს ქალბატონი ითხოვს, თუ ჩოხელის ყველა გადაწყვეტილება და ხელშეკრულება უკანონო იყო და ამას სასამართლო აღიარებს, სამსახურში ჩემ აღდგენას წინ რა უნდა აღუდგესო? ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ კომპენსაციას სახელმწიფო იხდის და უკვე უამრავ ადამიანს გადაუხადა.
_ ანუ სასამართლო ეუბნება, რომ უკანონოდ არიან განთავისუფლებულები, კომპენსაციას უწესებს, მაგრამ სამსახურში არ აღადგენს და არც იმას სთხოვს პასუხს, ვინც ეს უკანონობა ჩაიდინა?
_ საინტერესოა, რამდენად ნორმალურია, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის გამო კარგავს თანხებს, რომ თანამდებობის პირებმა დარღვევები და დანაშაული ჩაიდინეს? ან, თუ აღიარებენ, რომ დანაშაული ჩინოვნიკმა ჩაიდინა, რატომ არ სჯიან მას? ქალბატონი ირმას განთავისუფლების შემდეგ დუშეთის ბიბლიოთეკაში დირექტორად დაინიშნა გამგებლის დედის დაქალი, პენსიონერი ნელი თეთრუაშვილი. გამგებლის დედაც ერთი კვირის წინ დანიშნეს ბიბლიოთეკაში და მისთვის შტატი სპეციალურად დაუშვეს.
როგორც შევიტყვე, თეთრუაშვილს თათბირი ჩაუტარებია და იქ უთქვამს, რომ გამგებლის თხოვნით ახალი თანამშრომელი მიიღეს. ამ დროს მუნიციპალიტეტში უამრავი გაჭირვებულია, რომელთაც სამსახური არ აქვთ, უამრავი ოჯახია, სადაც ერთი ადამიანიც კი არ არის დასაქმებული! სრული განუკითხაობაა. პატარა ჭაობად იქცა მუნიციპალიტეტი, სადაც პატარა მონარქი გვიზის. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩოხელს მფარველობენ.
_ ვინ მფარველობს ჩოხელს?
_ იცით, რამდენი დაშაული ჩაიდინა ამ ადამიანმა?! დაჯერებაც კი შეუძლებელია. რაც ეგ დაინიშნა, მას შემდეგ დუშეთში ნეპოტიზმი ყვავის, მილიონი ლარია გაფლანფული ბიუჯეტიდან და ამაზე აუდიტის სამსახურმა დასკვნაც დადო. მან ბიუჯეტიდან თანამშრომლები დააფინანსა, გოგირდის აბანოებით სიამოვნება რომ მიეღოთ. „ნაციონალებზე“ მზე და მთვარე არ ამომდის, მაგრამ მან გამგეობისა თუ სხვა ააიპ-ების თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. ყველა მათგანმა სასამართლოში იჩივლა, პროცესი მოიგო და ჩოხელმა ყველას გადაუხადა კომპენსაცია ბიუჯეტიდან. ზიანი მას საკუთარი ჯიბიდან უნდა აენაზღაურებინა, რადგან თავად ჩაიდინა დანაშაული და სახელმწიფო ბიუჯეტი არაფერ შუაშია. ვერ დავასახელებ, ვინ მითხრა, მაგრამ ვიცი, რომ მას ტრიპოლსკი მფარველობს. ამდენი დანაშაულის შემდეგ ის არათუ პასუხისგებაში არ არის მიცემული, ძველებურად ზის გამგებლის თანამდებობაზე და ცხადია, დანაშაულებრივ საქმიანობებსაც აგრძელებს. მე ისიც ვიცი, რომ ჩოხელი ამ თანამდებობაზე ტრიპოლსკის რეკომენტაციით დასვეს.
წინასაარჩევნოდ, როცა ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ მეზვრიაანთ კარში ხალხს ხვდებოდა, მასთან შელაპარაკება მომიხდა. ვკითხე, _ თუ დუშეთის დეპუტატობაზე გქონდა პრეტენზია, აქამდე სად იყავი და რატომ არ ამოიღე ხმა ჩოხელზე-მეთქი? შემპირდა, რომ აუცილებლად მიიღებდა ზომებს და დამნაშავეც დაისჯებოდა, მაგრამ ეს გვარი, ქუცნაშვილს, მას მერე არც უხსენებია. ცხადია, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ გიზო ჩოხელმა, ქუცნაშვილიც მოქრთამა.. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, ის ახალია, ორი-სამი თვის დაწერილი და აუცილებლად სრული სახით გადმოგცემთ. როგორც მითხრეს, აუდიტის დასკვნიდან მეორე-მესამე დღეს გამგეობაში კონტროლის პალატა თუ პროკურატურა შევიდა, მაგრამ ჩოხელს ჰყავს პოლიტიკური მამა _ ირაკლი ტრიპოლსკი და ისევ გადარჩა. შს სამინისტროს კადრების სამსახურში ვინმე ჩოხელი მუშაობს და ამბობენ, ის იქიდან მფარველობსო და აწყობილი აქვს საქმე პორტირებულ „ნაციონალს“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩოხელი არის თაღლითი, კრიმინალი და დამნაშავე. მუნიციპალიტეტის რეალური მმართველი არის დედამისი. ხალხი მას რუხ კარდინალს ეძახის, რადგან ვინ, სად და როდის უნდა დაინიშნოს, ფაქტობრივად, ის წყვეტს და მერე შვილი ოფიციალურად აფორმებს, რასაც დედიკო ეტყვის.“
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ვრცელ ანგარიშს (#71/36), სადაც ბევრი საინტერესო ფაქტია მოყვანილი, „ქრონიკა+“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ, ახლა კი იმ კომენტარებს წარმოგიდგენთ, რომლის მოპოვებაც შევძელით:
წაკ.
საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, თავდაპირველად, დუშეთის გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელს, თეკლა ბექაურს ვესაუბრეთ და დეტალურად ავუხსენით საკითხი:
_ გამგებელი ადგილზე არ იმყოფება და საღამოს უკრაინაში მიფრინავს. ვერ გეტყვით, მოხერხდება თუ არა ეს კომენტარი. შემიძლია, ახლა დავუკავშირდე და ვუთხრა, რომ თქვენ დამირეკეთ. ამ წუთში ის ემზადება და უნდა გაფრინდეს. 17 თებერვალს ჩამობრძანდება და არა მგონია, ეს საკითხი საჩქარო იყოს.
_ დუშეთის გამგებლის უკრაინაში ვიზიტის გამო გაზეთის გამოცემას ვერ შევაჩერებთ.
_ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნეთ და ვნახოთ.
ცხადია, გავაგზავნეთ და პასუხს დაველოდეთ. მოგვიანებით პრესსამსახურისგან შემდეგი შეტყობინება მივიღეთ: „ფიზიკურად არ შემიძლია მივაწოდო. არ მოსულა ისევ. ვფიქრობ, ვერ მოხერხდება ეს კომენტარი“.
,,ქრონიკა+“-მა სცადა პარლამენტის წევრს, ირაკლი ტრიპოლსკისთან დაკავშირება. სამუშაო კაბინეტის ნომერზე მისმა თანამშემწემ გიორგიმ გვიპასუხა:
_ სამუშაო დაასრულა და უკვე წავიდა.
როცა ავუხსენით, რა საკითხთან დაკავშირებით ვურეკავდით, ძალიან გაბრაზდა და გვითხრა:
_ მე ერთ რამეს გეტყვით: არავინ არავის არ მფარველობს, ბატონ ვაჟას თავის პირად გამოძიებაში ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ სანამ სხვაზე ხელს გაიშვერს, თავის თავზე დაფიქრდეს.
_ კი მაგრამ, თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში ხართ?
_ მე არაფერი ვიცი, მაგრამ რომ არ ვიცი, ამიტომ ვამბობ, _ სანამ ამბავს ჟურნალისტებამდე მიიტანს, შეუძლია, თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ჯერ იმ ადამიანთან ილაპარაკოს.
თანაშემწემ ბატონი ირაკლის პირადი ტელეფონი მოგვცა, რომელზეც დავურეკეთ, მაგრამ ჯერ დაკავება ჰქონდა, მერე კი არ გვიპასუხა.
,,ქრონიკა+“ ზაქარია ქუცნაშვილსაც დაუკავშირდა:
_ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გარკვეული პრეტენზიები აქვს დუშეთის გამგებლის მიმართ და ის აცხადებს, რომ ამის შესახებ წინასაარჩევნოდ თქვენც შეგატყობინათ: _ დაპირებულხართ კიდეც, რომ საკითხს შეისწავლიდით და მოაგვარებდით, მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, რომ მერე აღარ დაინტერესებულხართ. მას გონივრული ეჭვი აქვს, რომ თქვენ დუშეთის გამგებელს მფარველობთ...
_ განათლებული ქალბატონი ბრძანდებით და რა ცნობა უნდა მიიღოს კანონმდებელმა ასეთ დროს, ხომ ვერ მეტყვით?
_ ის ამბობს, რომ ეს არის კანონდარღვევები და დანაშაული, ბატონო ზაქარია...
_ ჰოდა, კანონმდებელმა რა უნდა ქნას-მეთქი, იქნებ, მითხრათ? ეგრეც რომ იყოს, ეგ პიროვნება როგორც საუბროს, კანონმდებელმა რა უნდა ქნას?
_ კანონის დაცვაზე იზრუნოს, შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით მიმართოს, კანონის აღსრულება გააკონტროლოს...
ნელი ვარდიაშვილი