QronikaPlus
რისი ინიცირება და შეცვლა იგეგმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში?

რისი ინიცირება და შეცვლა იგეგმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში?

2017-02-18 10:00:15

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გასული წლის ნოემბერში დაკომპლექტდა და, როგორც მოგეხსენებათ, მის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე, მოადგილეებად კი პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ბერაია და რომან გოცირიძე დაინიშნნენ. მათ გარდა კომიტეტში კიდევ შვიდი წევრია (ნიკა მელიამ უკვე დატოვა ეს კომიტეტი). მათი ძირითადი საქმიანობა ნოემბერშივე დაანონსდა, როცა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სამომავლოდ მათი დღის წესრიგი ძალიან დატვირთული იქნება არსებული ბიუჯეტის პროექტისა და სხვა საფინანსო საქმიანობიდან გამომდინარე. იმუშავეს და დაამტკიცეს 2017 წლის ბიუჯეტი (რომელიც ცალკე განხილვის თემაა). კოვზანაძის თქმით: „რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე მუშაობა მათი კომიტეტის პრეროგატივა იქნებოდა, ვინაიდან სწორედ ეს არის მთავარი დოკუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. მასში პოტენციური ნორმები იდება, რომელიც 2017 წლისთვის მთავარი დოკუმენტი იქნებოდა ცენტრალური ბანკისთვის. ეს არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უახლესი ერთი თვის დღის წესრიგი“, _ დააანონსა მაშინ კოვზანაძემ. დღეს ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, ამიტომ „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას საქმიანობს და რა ეტაპზეა ახლა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობა, რისი ინიცირება იგეგმება და რას შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ? ცნობილია, რომ მისი მუშაობა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ ქვეყნის მთავარ საბიუჯეტო დოკუმენტზე მუშაობასა და საკანონმდებლო საქმიანობას, არამედ კომიტეტში შესულ კორესპონდენციებზე მუშაობასაც, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე  მონიტორინგს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათთან ერთად ჩატარებულ ღონისძიებებს. კომიტეტის საქმიანობის გეგმაშია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველდღიური/ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი განხილვა; ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის დამუშავება და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მისი განხილვა; მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. კომიტეტი ტრადიციულად ისმენს ბიზნესომბუდსმენის მიერ კომიტეტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშს, კვარტალურად განიხილავს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებს, განიხილავს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  შესრულების პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის ანგარიშებს და სხვ. კომიტეტი 2018 წლის ბოლოსთვის კი ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის (2018-2019-2020 წლების) მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას, დადგენილების პროექტის შემუშავებასა და პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენას გეგმავს. კომიტეტი ტრადიციულად იმუშავებს შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე. მთელი წლის განმვალობაში დაგეგმილია საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების (ჭB; IMF; GIძ; NDI; UNDP; UშAID) წარმომადგენლებთან  შეხვედრები, მათი კვლევებისა და რეკომენდაციების გაანალიზება და მათ საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა. კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ე. წ. ლარიზაციის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს და მხარი დაუჭირეს პლენარულ სხდომაზე მესამე _ საბოლოო მოსმენით განსახილველად გატანას.   ყოველივე ამის გათვალისწინებით „ქრონიკა+“-მა თვალი გადაავლო კომიტეტის მუშაობას ახალი წლიდან, თუ რაზე იმუშავეს და რას გეგმავენ სამომავლოდ: მიმდინარე წლის 7 თებერვალს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც, რა თქმა უნდა, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა. აქ პირველი მოსმენისთვის განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა. ამ კანონპროექტით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობისა და გაზის გადამუშავების, ან ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი დგინდება. ამ კანონპროექტის მიხედვით,  რეგულირების საფასურის კონკრეტულ ოდენობებს კანონი განსაზღვრავს, გამონაკლისის სახით კი, 2016-2017 წლის თევზჭერის სეზონისთვის, რეგულირების საფასურის გადახდა, ერთჯერადად, სრული ოდენობით განხორციელდება. ამავე სხდომაზე განიხილეს საქართველოს კანონპროექტი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, ამ შემთხვევაში კი მომხსენებელი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, რომლის თქმითაც შემოთავაზებული კანონპროექტით საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მოდის შესაბამისობაში. ელექტრონული ხელმოწერისა და სხვა სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები განისაზღვრება და მათი საშუალებით ელექტრონულ მმართველობას, ელექტრონული ბიზნესის განვითარებასა და სხვა მიმართულებებს ხელი შეეწყობა. კანონპროექტის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული სანდო მომსახურება უფრო ფართოდ გავრცელდება. მოქმედი კანონისგან განსხვავებით, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმის საშუალებას მხოლოდ სასამართლოს უზღუდავდა, წარმოდგენილი რედაქცია, პრაქტიკულად, საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოებს ავალდებულებს, უარი არ თქვას ელექტრონულ დოკუმენტზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის წარდგენილი არ არის მატერიალური ფორმით (ქაღალდის სახით). ამასთან, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ახალი კანონის იდეა სწორედ ისაა, რომ ელექტრონული ხელმოწერის ცნებას აბსოლუტურად სხვანაირად ითვალისწინებს და განმარტავს. მისივე თქმით, ელექტრონულ დოკუმენტბრუნვაში ჩართულ პირებს უნიკალურ ბინარულ კოდს ე. წ. სანდო მომსახურების მიმწოდებელი გადასცემს. რაც შეეხება სანდო მომსახურების მიმწოდებელს, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონით გაწერილია, რომ სანდო სერვისების მიმწოდებელმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს იუსტიციის სამინისტროს სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. კანონპროექტის თანახმად, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორიც მატერიალურ დოკუმენტზე მატერიალურ ხელმოწერას. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს. დოკუმენტი საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებს შორის (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ნორვეგია) პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეთანხმება, ასევე, ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ხელშეწყობა, საქონლის წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, თავისუფალი კონკურენცია და სხვ. ამავე კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ წარმოდგენილ სამ სარატიფიკაციო დოკუმენტს:
  • „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა);
  • „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა _ პროექტი 6);
  • „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება“ (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია).
კომიტეტების წევრებმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ხელშეკრულებებს მხარი დაუჭირეს.   კონკრეტულად რაზე მუშაობენ კომიტეტის წევრები, ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა კვიჟინაძეს ესაუბრა: _ 2017 წლის საქმიანობის გეგმით დეტალურად არის გაწერილი კომიტეტის მუშაობის ყოველთვიური გრაფიკი, როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო სესიებისთვის. მთავარი საკითხი, რომელზედაც კომიტეტი უწყვეტად აპირებს მუშაობას, არის კომიტეტში შემოსული კანონპროექტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვა. ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, არის კანონები, რომლებიც ამ წუთში მუშავდება, ეს არის სარატიფიკაციო, კანონები, რომლებზედაც წამყვანი კომიტეტი ვართ, კანონები, სადაც სავალდებულო კომიტეტს წარმოვადგენთ. ასევე ვმუშაობთ აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით, თუ რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი მათ მიერ მომზადებული მასალები და როგორ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი; როგორ უფრო მაღალ ხარისხში ავა ეს სამსახური საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან. ასევე გვაქვს ურთიერთობა მთავრობასთან; სხვადასხვა კომისიაში ვართ, სადაც საპენსიო რეფორმა მუშავდება, ასევე არის ფონდებთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ. მუშა პროცესია. _ სამომავლოდ რამის ინიცირებას ხომ არ გეგმავთ? _ აუდიტთან დაკავშირებით რაღაც საკითხების გადაწყვეტას ვაპირებთ, მაგრამ ეს მუშა პროცესია და წინასარ ვერაფერს ვიტყვით. ჩვენ უმრავლესობა ვართ, რომელსაც დანიშნული მთავრობა ჰყავს და ყველაფერი ერთობლივად ხდება. განსაკუთრებულ სიურპრიზებს ერთმანეთს არ ვუმზადებთ, რადგან ფინანსთა სამინისტრო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საკითხებზე ერთობლივად მუშაობს, რაც შეჯერებული გამოდის დღის სინათლეზე. _ წინა წელს ხომ არ იყო რაიმე მუხლი ან პუნქტი, რომლის შეცვლაც უკეთესი იქნებოდა და ვერ მოახერხეთ? _ წინა წელს ბევრი კანონი მივიღეთ, მათ შორის, ე. წ. ესტონური მოდელი. დეკემბერში ლართან დაკავშირებით ბევრი კანონი მივიღეთ, ამ წუთში აღნიშნულ პროცესს ვაკვირდებით. როგორც იცით, მოგების გადასახადის კანონი პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თუ რამე შესაცვლელი იქნა და ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ, ამ წუთში, კონკრეტული არაფერია.   ცხადია, „ქრონიკა+“ უფრო კონკრეტული გეგმებისა და ინიცირების შესახებ ხსენებული კომიტეტის სხვა წევრებსაც დაუკავშირდა, რომ არაფერი ვთქვათ კომიტეტის თავმჯდომარეზე, რომელთან საუბარიც დედაქალაქში მისი არყოფნისა და მობილური კავშირის შეფერხების გამო ვერ მოხერხდა. ასევე დავუკავშირდით რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავს თემაზე კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა მივმართოთ და, სამწუხაროდ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.   თუმცა აქტიურად ჩაერთო და „ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ: _ ძირითადი სამუშაო და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გავაკეთეთ, ეს იყო 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ახლა მიმდინარე ინიციატივებია,  ვთქვათ, სამინისტროების შარშანდელი მუშაობის შეფასება და მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებები. სხვა რაღაც განსაკუთრებული ინიციატივა არ მახსენდება. ამ კომიტეტის ძირითადი არსიც, როგორც იცით, ბიუჯეტის კანონსა და ანგარიშებზე მუშაობაა. _ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კუთხით ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე? _ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, შემდეგ ორ თვეში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით, გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას ჩამოვაყალიბებთ ჯანდაცვისა და შრომითი ურთიერთობის მიმართულებით. ძირითად ამოცანებსა და მიზნებზე ვიმსჯელებთ და გვინდა, ამ პროცესში ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული ფენა, ასოციაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და ასეთი დეპარტიული კონსენსუსი იყოს, თუ რა უნდა და სად იქნება საქართველოს შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა  სამომავლოდ, ვთქვათ, 2030 წელს. ამის საფუძველზე კი, ერთიანი შეთანხმებისა და შეფასებით მიღებულ ხედვაზე, უკვე უნდა ჩამოვაყალიბოთ და დავაფუძნოთ კომიტეტის შემდეგი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა. ეს ყველაფერი ორ თვეში უნდა გავაკეთოთ. _ ზოგადი მსჯელობის შემდეგ აპირებთ ამ გეგმის ჩამოყალიბებას, თუ უკვე გარკვეული ხედვა და ჭრილი შეიმუშავეთ? _ არა, საზოგადოების ჩართულობა ხომ იმას ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი წინასწარ არ გაქვს შედგენილი, მაშინ რაღა აზრი აქვს ჩართულობას?! რა თქმა უნდა, სტრატეგიული ნორმები არსებობს, მაგრამ ყველაფერი შესაჯერებელია, საბოლოოდ  შესათანხმებელია: როგორი ჯანდაცვის სისტემა უნდა გვქონდეს 2030 წელს, რა უნდა იყოს კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი, სახელმწიფოს როლი, დაფინანსების სისტემა, როგორი უნდა იყოს სამედიცინო ხარისხი. აქედან გამომდინარე, გრძელვადიანი გეგმა ჩამოყალიბდება, რომელზედაც ყველანი შევთანხმდებით. კარგი ისაა, რომ პოლიტიკური ამინდის მიხედვით არ იქნება ეს შეთანხმება, რადგან ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ 180 გრადუსით ვცვლიდით რეფორმებს, როცა ერთი პოლიტიკური ძალა მეორით იცვლებოდა. თითქმის 25 წელია, ამას კარგი არაფერი მოუტანია ჯანდაცვისთვის. შესაბამისად, ეს გასაკეთებელია და მერე, როცა გრძელვადიან გეგმას შევიმუშავებთ, გვინდა, რომ დეტალურად ჩამოვყალიბდეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, ამ საკითხისკენ მიმართულ მწყობრ გეგმაზე. _ წინა წელს თუ იყო ისეთი რამ, რისი შეცვლაც უპრიანი იქნებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა? _ არა, მუშაობა ახლა დავიწყეთ, ჯერჯერობით, დასანანი არაფერი გვქონია. ბევრი რამეა შესაცვლელი, დასახვეწი. რაც ვთქვით იმ თემასთან დაკავშირებით, ახლა ამ გეგმას ვაყალიბებთ, რადგან ბევრი სამუშაოა, ჯანდაცვაზე, შრომით ურთიერთობებზე,  შრომით კანონმდებლობაზე. სოციალური დახმარების სისტემის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება აღარ იყოს. თანამშრომლებმა აღარ უნდა თქვან: აი, მე შეცდომით დამინიშნეს ნაკლები ხელფასი, ან მეკუთვნოდა და არ მომცეს. საკმაოდ მძიმე ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი ქვეყნის სოციალური ლაფსუსების აღმოსაფხვრელად.   კომიტეტი მუშაობას აგრძელებს და მიმდინარე წელს მათი კვარტლური მუშაობის ანგარიშს უნდა ველოდოთ.   ნინო ტაბაღუა    

გაზიარება