QronikaPlus
„საჯარო სამსახურის ბიუროს“ უფროსს ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს!

„საჯარო სამსახურის ბიუროს“ უფროსს ყოფილი თანამშრომელი სახელმწიფო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ამხელს!

2017-02-10 09:16:42

  სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კილაძე, ბიუროს უფროს ეკატერინე ქარდავას სახელმწიფო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც კილაძე „ქრონიკა+“-თან აცხადებს, სამსახურიდან მისი განთავისუფლების მიზეზი სწორედ ასეთი ფაქტი აღმოჩნდა, როდესაც მან ქარდავას სთხოვა, ბიუროს კუთვნილი მანქანის ორი საბურავი უკან დაებრუნებინა. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ირაკლი კილაძე: _ სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროში“ 2009 წლის აგვისტოდან სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი. 2012 წლიდან უკვე სახელმწიფო შესყიდვებში ვიყავი, მაგრამ 2014 წელს, როდესაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ყველაფერი გადაალაგა. შესყიდვების კოორდინატორი ვიყავი, ზემდგომი არ მყავდა და ყველანაირ ოპერაციას მე განვაგებდი. როდესაც ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, უფროსი დამინიშნეს და ყველანაირი ფუნქცია შეიცვალა, ძველი თანამშრომლები ახალი უფროსისთვის, ეკატერინე ქარდავასთვის, მიუღებელნი გახდნენ. ქალბატონი ქარდავა თანამდებობაზე მოვიდა თუ არა, 18 თანამშრომლიდან 12-მა განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული არც ერთი ვიყავით. მართალია, სამსახურიდან წასვლის მიზეზი არავის მიუთითებია, მაგრამ როდესაც 18-დან 12 თანამშრომელი განცხადებას წერს, ადვილად მისახვედრია, იქ რაც ხდება. მე, შესყიდვების კოორდინატორთან ერთად, მთავარი ანალიტიკოსი გახლდით და სამართლებრივ საკითხებს ვკურირებდი. ჩამომერთვა ყველანაირი სამართლებრივი გადაწყვეტილების ფუნქცია, ასევე შესყიდვებში გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია და მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი დავრჩი, როგორც ძველი თანამშრომელი. ალბათ, ჩემ მიმართ უნდობლობა იყო და არ გამიპროტესტებია, მაგრამ ზემდგომებად აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი ინიშნებოდა და ვუთხარი, რომ ეს რაღაც შეცდომას გამოიწვევდა. მიპასუხეს, _ არა უშავს, შენ დაწყნარდი და რასაც გეტყვით, შეასრულეო. _ როგორ დაიწყო თქვენ შორის უთანხმოება? _ პირველი უთანხმოება იმით დაიწყო, რომ უფროსის ხარჯები დაუსაბუთებელი იყო, ამის დასაბუთება მოვითხოვე, ვუთხარი, რომ ისეთი მოხსენებითი ბარათი დაეწერა, სადაც ეს ხარჯები დასაბუთებული იქნებოდა. მთელი უფლებამოსილება ჩამომერთვა, მაგრამ მაინც ძველი ბრძანება ფუნქციონირებდა, რომ შესყიდვებში მონაწილე პირი ვიყავი და პასუხისმგებლობა მეც მეკისრებოდა. გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ მქონდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს საბუთები ჩემს ხელში ხვდებოდა. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი 800-900 ლარი თითქოს წარმომადგენლობით ხარჯში გადიოდა. წარმომადგენლობითი ხარჯი არის, მაგალითად, სტუმარი, მაგრამ იგი ბიუროში არ ჩანდა. სწორედ ამის დასაბუთება მოვითხოვე. ამ მოთხოვნამ ქალბატონი ქარდავა გააბრაზა, როგორ გავბედე ამის თქმა, რადგან იქ მონური სისტემა უნდა ყოფილიყო, რასაც გეტყოდნენ, ის უნდა შეგესრულებინა, ამას მიაღწია კიდეც და იმ 12-მა თანამშრომელმა, რომელიც არ დაეთანხმა, განცხადებები დაწერა და წავიდა, დანარჩენში კი ეს შიში დამკვიდრდა. 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის დროს დაგვიანებები ამოყარა და ერთი თვის ხელფასი დამიქვითა. უკვე გასაგები იყო, რას მოქმედებდა, ამიტომ მოხსენებითი ბარათი ოფიციალურად გავაფორმე, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოთი დავათარიღე, სადაც ვწერ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები არამიზნობრივად იხარჯება, გთხოვთ, ხელი არ მოაწეროთ შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტს და ბიუროს ბეჭდით არ დაამოწმოთ, თუ ეს ხარჯები დეტალურად დასაბუთებული არ იქნება-მეთქი. ერთი თვით ადრე მისი გამოცემული ბრძანება ავიღე, რომლითაც ხელფასი დამექვითა და სასამართლოში გავასაჩივრე, თან მივუთითე, ეს რას მოჰყვა, _ როგორც კი დაუსაბუთებელი ხარჯები აღმოვაჩინე, მესამე დღესვე დისციპლინური სასჯელი დამეკისრა ყველანაირი კანონდარღვევით. ხელფასის ჩამოჭრა მძიმე დისციპლინური სანქციაა და სანამ ამას გამოიყენებდა, ჯერ მსუბუქი სანქცია უნდა მიეღო. აქაც ჩანს, რომ ჩემ მიმართ უფროსმა ანგარიშსწორება დაიწყო. ქარდავა ამაზე უფრო მეტად გაბრაზდა, სწორედ ამ დროს თავის კაბინეტში პირველად დამემუქრა. _ რა სახის მუქარა იყო? _ როდესაც ქარდავასთან კაბინეტში დასალაპარაკებლად შევედი, მითხრა, რომ ნებისმიერი მიზეზით სამსახურიდან გამიშვებდა. თან იცოდა, რომ მე და ჩემი მეუღლე შვილს ველოდებოდით, 2 თვით ადრე სადაზღვევო ხელშეკრულება შემიწყდებოდა და მერე შემეძლო, სასამართლოში მეჩივლა, რომელიც დიდი ხანი გაიწელებოდა. ეს იყო საშინელი ზეწოლა, რომლითაც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გავხდი, სარჩელი უკან გამომეტანა. ეს დოკუმენტები შენახული მაქვს. ბოლოს, საერთოდ შევეშვი და მუშაობა გავაგრძელე. მისი მხრიდან ეს იყო იძულება, რომელიც თუ დამტკიცდა, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია, მაგრამ ადვილად დასამტკიცებელია. სულელი ხომ არ ვიყავი, რომ სასამართლოს სარჩელით მივმართე და უკან გამოვიტანე? კონტროლის პალატამ, ან, თუნდაც, სახელმწიფო აუდიტმა რომ შეამოწმოს, ფაქტი დადასტურდება, ის ხარჯები არ არის დასაბუთებული. _ აღნიშნეთ, რომ სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიტანეთ, რატომ გაგრძელდა კონფლიქტი? _ 2016 წლის მარტში ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოძრავი ქონება გადაეცემოდა, ანუ ბიუროში რაც არ გჭირდება, უნდა აღიწეროს და ამ სააგენტოს გადავცეთ. ამ ქონების აღწერა დამევალა. როგორც აღვნიშნე, ადრე შესყიდვების კოორდინატორი ვიყავი და შესყიდვებს ყოველთვის თვალს ვადევნებდი, მოძიების დროს აღმოჩნდა, რომ ორი საბურავი, რომელიც ადრე შევისყიდეთ, არც ჩამოწერილი იყო და არც გადაცემული. გამახსენდა, რომ ეს საბურავები მძღოლებმა ადრე, რატომღაც, უფროსის, ქარდავას პირად ფარეხში შეინახეს. რადგან სამეურნეო საქმეები მე არ მევალებოდა, არ გავყოლივარ, მაგრამ როდესაც ამ ქონების აღწერის საკითხი დადგა, შევახსენე და ვუთხარი, _ გთხოვთ, მოიტანოთ ეს საბურავები და ამ ქონებასაც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადავცემთ-მეთქი. ამის თქმა იყო და ქარდავამ ხელახალი ზეწოლა დაიწყო, რომ განცხადება დამეწერა და სამსახურიდან წავსულიყავი. უარი ვთქვი, შემდეგ საბუთი შეთითხნეს, რომ შესყიდვებში რაღაც შეცდომა მოხდა. _ რა შეცდომაზე იყო საუბარი? _ შეცდომა შეეხებოდა იმას, რომ შავ სიაში რეგისტრირებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო. ერთ-ერთი ხელმომწერი მეც ვიყავი, არ გადამიმოწმებია, რადგან მათ კომპეტენციაში შედიოდა, ვისთან ვდებდით ხელშეკრულებას. ეს უფროსებმა თავიანთ თავზე აიღეს, მე, როგორც არასანდო პირს, ხელშეკრულებები საერთოდ გამაუქმებინეს და თვითონ მოჰქონდათ სია _ ვისთან უნდა დადებულიყო ხელშეკრულება. აღარც ვამოწმებდი, რადგან კიდევ უნდა მეჩხუბა და ხელშეკრულებას ვაფორმებდი. ეს შეცდომა აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიასთან, რომელიც შავ სიაში იყო. კანონის მიხედვით, შესყიდვების სააგენტო ყოველგვარ კანონდარღვევას აანალიზებს და თუ მიიჩნევს, რომ ის მნიშვნელოვანი დარღვევაა, მაშინ კანონში პირდაპირ წერია, რომ შესყიდვებზე პასუხისმგებელ პირს პირდაპირ ეკისრება 1500 ლარის ჯარიმა. წერილი მოვიდა, რომ შესყიდვები არასწორადაა განხორციელებული, მაგრამ იმდენად უმნიშვნელო დარღვევა იყო (100 ლარამდე საწერი პასტა და ფურცელი), რომ შესყიდვების სააგენტომ სამართალწარმოება არ დაიწყო, მაგრამ რადგან ქარდავა ჩემზე უკვე გაბრაზებული იყო და მოშორება უნდოდა, რადგან დაუსაბუთებელ ხარჯებთან დაკავშირებით ვერანაირად გამაჩერა, მაშინ პასუხისმგებელი გამხადა, ბრძანება დაწერა და სამსახურიდან გამათავისუფლა. ეს უკანონობაა. _ სასამართლოს მიმართეთ? _ დიახ, სასამართლოში ვიჩივლე, მაგრამ ეს გრძელვადიანი პროცესია და 1-2 წელი სჭირდება. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, მაგრამ განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ასევე პროკურატურას მივმართე, რომ სახელმწიფოს ზიანი მიადგა. რატომღაც, პროკურატურა გაჩერებულია, არც გამოძიებას იწყებს და არც უარს ამბობს. პროკურატურაში ზეპირი გასაუბრება გავიარე და გამოძიება რომ დაიწყოს, მოწმის სახით გამოკითხვაზე უნდა დამიბარონ, არც ეს კეთდება და პროცესი გაჩერებულია. რატომ იწელება ეს საქმე, არ ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მედიასაშუალებებს მივმართო. ყველა ჩინოვნიკმა პასუხი უნდა აგოს, როდესაც ბიუროს უფროსი ასეთ მავნებლურ საქციელს სჩადის და გამოსწორებაზე კი არ ფიქრობს, არამედ თანამშრომელს ათავისუფლებს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვაპირებ ბრძოლას და თუ ქვეყნის შიგნით რესურსებს ამოვწურავ, არ გამოვრიცხავ, სტრასბურგის სასამართლოსაც კი მივმართო. უკან არ დავიხევ, _ მიუხედავად იმისა, რომ ქარდავამ იცოდა, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავდა, 2016 წლის პირველ ოქტომბერს სამსახურიდან გამათავისუფლა, არადა ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ და ოჯახს სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია, ასევე მყავდა მძიმე ავადმყოფი დედა, დღეს ის უკვე გარდაცვლილია. ქარდავას უკანონო, წინასწარ განზრახული ქმედებით დედაჩემს სიცოცხლის გახანგრძლივების საფრთხე შეექმნა, ხოლო ჩემს 7 წლის ბავშვს, ლუკა კილაძეს, რომელიც დღეს უკვე თავის ასაკში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის მფლობელი და თბილისის ჩემპიონია, მამის უმუშევრობის გამო მომავალი უნდა დაენგრეს, რადგან ერთმა დაბოღმილმა ჩინოვნიკმა ასე მოისურვა. სწორედ ქარდავას უკანონო გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის ზიანი, რომ ფინანსური რესურსის გადაკეტვის გამო შვილი ბათუმში მსოფლიო ჭადრაკის ჩემპიონატზე ვერ გავიყვანე, რომელსაც შეიძლებოდა, სამშობლოსთვის კარგი შედეგი მოეტანა. აი, ასეთი ჩინოვნიკების გამო ფერხდება ჩვენი ინტელექტუალური ცხოვრება! ჩემი მიზანია, ეს საქმე რეზონანსული იყოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური ჩინოვნიკების გამოვლენასა და მათ ჩამოშორებას დაუდებს სათავეს. ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს ყველაზე დიდი მისია აქვთ, მსგავსი საქმეები სააშკარაოზე გამოიტანონ და საზოგადოების განსჯის საგანი გახადონ. იმასაც გეტყვით, რომ 2014 წლის 2 სექტემბრის #68/სა და #69/სა ბრძანებით, სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საკუთარ თავს დანამატი დაუნიშნა თანამდებობრივი სარგოს 70%-ით (დღემდე დანამატით აღებული თანხა 50 000 ლარს სცილდება). დასაბუთებაში წერია, რომ ეს თანხა ზეგანაკვეთური მუშაობისაა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გამო მიენიჭა. თუმცა ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა ვერ აკონკრეტებს, რა განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა მის მუშაობას ამ სამი წლის განმავლობაში, ან რა გააკეთა ისეთი, რაც ბიუროს დებულებით არ იყო გათვალისწინებული (რაც ევალებოდა, ამისთვის მისი თანამდებობრივი სარგო 2900 ლარს შეადგენს), ან საიდან იცოდა სამი წლით ადრე, რომ მას ზეგანაკვეთური მუშაობა მოუწევდა, რომ ათიათასობით დანამატი აეღო?!   „ქრონიკა+“ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროსთან“ დაკავშირებას ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე: 2-19-27-27, მაგრამ ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. შეტყობინება გავუგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზეც, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. თამარ ბატიაშვილი        

გაზიარება