QronikaPlus
ქართული ოპტიმიზმი NDI-ის კვლევის შედეგებში

ქართული ოპტიმიზმი NDI-ის კვლევის შედეგებში

2017-01-29 07:29:05

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით საქართველოში მორიგი საზოგადოებრივი კვლევა ჩატარდა და საინტერესო ფაქტი გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების წინაშე მდგარი უმუშევრობის პრობლემა 2009 წლიდან უცვლელია და ქვეყნის ძირითად პრობლემას წარმოადგენს, გაუფასურებული ლარისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საინტერესოა, რომ ქვეყნის ბინადარნი ამ წელს ოპტიმისტურად უყურებენ. აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევისას, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემების თანმიმდევრობა 2009 წლიდან უცვლელია: უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და დაბალი ხელფასები. საქართველოს მთავარი ეროვნული პრობლემა კვლავ უმუშევრობაა – ასეთია გამოკითხულთა 47%-ის აზრი  (საქართველოს მასშტაბით, სულ, 3,141 მოქალაქე გამოიკითხა), თუმცა 2016 წლის ზაფხულთან შედარებით (53%), ეს მონაცემი 6%-ით შემცირდა. ამასთან, გამოკითხულთა 66% დაუსაქმებლად მიიჩნევს თავს. მეორე ადგილზე, 36%-ით, ფასების ზრდა დგას, სიღარიბე 30%-ით მესამე ადგილზეა, მეოთხე-მეხუთე ადგილს კი, შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობა (27%) და პენსიები (24%) იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები NDI-ის კვლევისგან მკვეთრად განსხვავდება, თუნდაც უმუშევრობის თვალსაზრისით. სტატისტიკურად, მოსახლეობის მხოლოდ 12%-ია დაუსაქმებელი (2015 წ.), NDI-ის კვლევის მიხედვით კი _ 66%. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, როგორც ჩღღჩ-ის პრეზიდენტი კობა თურმანიძე აღნიშნავს, ბოლო კვლევაში  მოსახლეობის ოპტიმიზმი გამოიკვეთა: „მეტი ხალხი მოელის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება უახლოეს ერთ წელიწადში, ვიდრე მოელოდა 2016 წლის დასაწყისში, ან შუაში“. რას შეიძლება ემყარებოდეს მოსახლეობის ოპტიმისტური განწყობა? რამდენად სანდოა NDI-ის კვლევები? ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა ეს კითხვა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს დაუსვა.   სოსო არჩვაძე _ ექსპერტი: _ თუ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ (არადა, სხვა ოფიციალური წყარო ახლა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ გარკვეულ კვლევებს ლეგიტიმაციის დონე, ხარისხი აკლია. ყველას აქვს ინფლაციის, უმუშევრობის, კეთილდღეობისა და ასე შემდეგ აღქმა, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი სტატისტიკას გამოჰყავს), იქ ჩანს, რომ მოსახლეობის შემოსავლები, მათ შორის, ფულადი, თვით ინფლაციის გათვალისწინებით, რეალურ განზომილებაში, რამდენადმე იზრდება, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფაქტორმაც იმუშავა და გარკვეული როლი შეასრულა. სასწორის პინაზე გადაწონა _ ვისაც მიაჩნია, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, იმასთან შედარებით, ვინც ფიქრობს, რომ გაუარესდა; მათი რიცხვი კი, ვისაც ჰგონია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, საკმარისად დიდია. მთავარიც ესაა, საშუალო ფენა და აქცენტიც ამაზე უნდა გაკეთდეს, რათა ეს  წილი იყოს მცირე და პოზიტიური ვექტორი _ გამოკვეთილი. მაშინ უკეთესობისკენ უფრო მყარი დასკვნის შესაძლებლობა გვექნება. ახლა, ფაქტობრივად, თუ, ვთქვათ, 17%-ის აზრით მდგომარეობა გაუმჯობესდა, 15% კი ფიქრობს, რომ გაუარესდა, 2%-იანი დადებითი მაჩვენებელი არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ მაინც დიდი მასა, 70%-ზე მეტი, აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა საერთოდ არ შეცვლილა და როცა მდგომარეობა არ იცვლება, ეს მინუსში უნდა ჩავთვალოთ. რაც შეეხება სანდოობის ფაქტორს NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ცუდი არ იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაავალოს ანალოგიური ალტერნატიული კვლევის ჩატარება და ეს ინფორმაცია დადოს. როდესაც NDI ატარებს კვლევას, ჩვენ ხომ ვიცით მისი პერიოდულობა, შინაარსი, თემატიკა, რამდენ რესპონდენტთან აქვს კავშირი და ა. შ. რატომ არ შეიძლება, ეს ჩვენმა ხელისუფლებამაც გააკეთოს? მერე ყველაფერი გამოჩნდება, იმიტომ, რომ თვით უმუშევრობასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული დამოკიდებულებაა მონაცემებთან. მარტივად გეტყვით: გამოკითხულთა 66%-მა თქვა, რომ უმუშევრად მიიჩნევს თავს, მაგრამ სტატისტიკა მხოლოდ 15 წელზე ზემოთ ითვლის მოსახლეობას 64-წლის ჩათვლით. პენსიონერები არ განეკუთვნებიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, არ განეკუთვნებიან, ასევე, დიასახლისები, დღის სწავლების სტუდენტები, პატიმრები, ქრონიკული ავადმყოფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და რა ვიცი, ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ამიტომ, ჯამურად, 15 წლის ზემოთ, დაახლოებით, 60%-ია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და 40% _ არააქტიური. 60%-დან 12% უმუშევარია და ის 40%, თუ შევეკითხებით, რა თქმა უნდა, გვეტყვის, _ არა, არ ვმუშაობო. ზოგს ასაკით არ ეკუთვნის მუშაობა, ზოგს _ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ზოგი დიასახლისია და არ განეკუთვნება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას. მოკლედ, სტატისტიკა იძლევა 12%-ს და NDI-ს კვლევა _ 66%-ს, მაგრამ თუ სხვანაირად დავთვლით, მაშინ ცდომილება, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები იქნება.   გიორგი ახვლედიანი _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“: _ NDI-ის კვლევებთან მიმართებით ძალიან დიდი სკეპტიციზმი მაქვს. მიმაჩნია, რომ, საერთოდ, NDI-ის კვლევა არანაირად არ ემსახურება საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევას. ეს არის არა კვლევა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა, ანუ ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც, ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტია (NDI-ი მისი ინსტიტუტია) ცდილობს, ქართულმა საზოგადოებამ ისე იფიქროს, როგორც მას უნდა; ქართულ საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს გემოვნება, ჰქონდეს გარკვეული ხედვები. მიუხედავად ამისა, მათი კვლევები თანხვედრაში არასოდეს ყოფილა ყველაზე რეალურ კვლევასთან, როგორიც არჩევნებია. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო არჩევნები ამის ნათელი მაგალითია. პრაქტიკულად, მათი არც ერთი პროგნოზი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით არ ემთხვეოდა, აბსოლუტური აცდენები იყო ყველა რეალურ შედეგთან დაკავშირებით, რაც პირდაპირპროპორციულად მეტყველებს, რომ, როგორც გითხარით, NDI-ის კვლევა არის არა კვლევა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა და სანამ ჩვენ მას საშუალებას მივცემთ, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის  ასეთი მანიპულირება და მის ფორმირებაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს, ის ამას განახორციელებს. არადა, ამ დროს საქართველოში სოციოლოგიის უზარმაზარი რესურსია. რაც შეეხება ოპტიმიზმს, გეტყვით, რომ აქ არაფერი განსაკუთებულად საკვლევი არ არის, ქართველი კაცი ბუნებით ოპტიმისტია და, საერთოდ, ოპტიმიზმი, ეს არის ძალა, რომელიც ადამიანს ურთულეს პირობებში აძლებინებს. ოპტიმიზმი რომ არ ჰქონდეს, ნებისმიერი სირთულის წინაშე, პრაქტიკულად, განადგურდებოდა. ამიტომ, რაც უნდა რთული ვითარება იყოს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური, ლარის კურსის და ა. შ. თვალსაზრისით, ადამიანური ოპტიმიზმი მაინც ძლიერია.   შოთა გულბანი _ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“: _ ზოგადად, ჩემი მიდგომა NDI-ის პროექტთან დაკავშირებით ცოტა სუბიექტურია. არა მგონია, რომ ისინი თავად წყვეტდნენ საზოგადოებრივი აზრის გარკვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებს. ზედა დონეზეა ეს ყველაფერი შეთანხმებული. NDI-ი ამერიკული ორგანიზაციაა და მათი მხრიდან ერთგვარი მესიჯია, რომ უნდა შენარჩუნდეს მთავრობა, რომელიც მოცემულ ეტაპზე ქვეყანას მართავს. შესაბამისად, ამ კვლევაში უნდა დაფიქსირებულიყო, რომ, ასე ვთქვათ, ხალხის უმეტესობას მოსწონს აღებული კურსი და ოპტიმისტურად არის განწყობილი. უარყოფითი შედეგი რომ დაფიქსირებულიყო, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმაზე, რომ ამერიკა არ არის მხარდამჭერი იმ მთავრობის, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს, ამ ეტაპზე, ჰყავს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კვლევიდან, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. პიარსპეციალისტებს რომ ჰკითხოთ, იქ ძალიან დიდი ცდომილებაა და სანდოობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამ ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევებთან მიმართებით. ამერიკული ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას ეუბნება, ამ ეტაპზე ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები და თქვენ უნდა მართოთ ქვეყანა, იმიტომ, რომ ხალხი ფიქრობს ასე. მოცემულობაა ასეთი, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთავრობის ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.     თამარ ოთიაშვილი      

გაზიარება