ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი საქართველოში საბანკო სექტორია _ ეს ცხადია. ბაზარზე მათი კონკურენტი სხვა ინსტიტუტი არც კი არსებობს და ამაზე ცალსახად საუბრობენ როგორც თავად საბანკო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები. თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას, ამ შემთხვევაში, არსებული სიტუაცია წარმოადგენს, რომელიც შემდეგია: კომერციული ბანკები არ გასცემენ სესხებს პოტენციურ კონკურენტ ბიზნესებზე, რადგან ისინი თავად ფლობენ არაპროფილურ ბიზნესებს, რომლის წარმატებაც ბანკის სიძლიერითაა გარანტირებული, ამ დროს კი თავისუფალი ბიზნესი იჩაგრება, რომელმაც მხოლოდ ის „დააშავა“, რომ ხსენებული კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესის კონკურენტია.
იმ დეპოზიტების, ანუ მომხმარებლების მიერ კონკრეტულ ბანკში დაბანდებული თანხის გამოყენების მიმართულებას, რა თქმა უნდა, თვითონ ბანკი განსაზღვრავს, თუმცა როგორც ექსპერტი, ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, წესით, ამ თანხების ძირითადი მიმართულება სესხები უნდა იყოს, რომელთა გაცემაზე პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე დეპოზიტზე დაწესებული პროცენტი, სწორედ ამით იკვებებიან ბანკები.
ვახტანგ ხომიზურაშვილი _ ექსპერტი:
_ ის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ბანკმა აქტივები, მკაცრად რეგლამენტირებული არ არის, ამას ბანკი თავად წყვეტს.
ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმას, თუ რამდენია საკრედიტო პორტფელი დეპოზიტებიდან, თუ იგი (საკრედიტო პორტფელი, იგივე გაცემული სესხები) უფრო მეტია, ვიდრე დეპოზიტები, ვასკვნით, რომ ბანკმა გარდა თავისი დეპოზიტებისა, გამოიყენა სააქციო კაპიტალის ნაწილი სესხებში. როგორც წესი, საკრედიტო პორტფელი გაცილებით დიდია, ვიდრე მოზიდული დეპოზიტები, რადგან ბანკი, ამ შემთხვევაში, იყენებს კლიენტურის მიმდინარე ანგარიშების ნაწილს, პლუს იმას, რაც სააქციო კაპიტალში აქვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაცემული სესხები უფრო ნაკლებია, ვიდრე დეპოზიტები, დასკვნა იდება, რომ ბანკი ამ დეპოზიტებს არაპროფილურ საქმიანობაში იყენებს. მაგრამ პირდაპირ ვერ განასხვავებ, რა თანხებია გაცემულ სესხებში.
მახსოვს ადრე ერთ-ერთ ბანკს დეპოზიტების მოცულობა მეტი ჰქონდა, ვიდრე გაცემული სესხები. დაისვა კითხვა, თუ სად წავიდა ეს თანხები? პირვველი: არაპროფილურ ბიზნესში (საკუთარი კომპანიების შექმნაში), ის ბანკს არ ჰქონდა; მეორე: ფიქსირებულ აქტივებში, უძრავი ქონება: შენობა, ბანკომატები, მოწყობილობები, ავეჯი და ა. შ. დადგინდა, რომ ეს თანხები მიმართული იყო არაშემოსავლიან აქტივებზე, ანუ უძრავ ქონებაზე, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშო აღმოჩნდა. მერე ამ ბანკს აღნიშნული დეპოზიტების მომსახურების პრობლემები გაუჩნდა.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბანკები და მათი არაპროფილური საქმიანობები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ეროვნული ბანკი ინიციატივით უნდა გამოვიდეს და მერე პარლამენტმა მოაგვაროს ეს ყველაფერი, თორემ რომელ პარლამენტარს მოუვა თავში ამ ყველაფრის შეცვლა და კანონმდებლობაში შეტანა?! მსგავს საქმეზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა უნდა იტვირთოს, მისი პირდაპირი მოვალეობაა.
ცოტა უკან რომ გადავინაცვლოთ, ჯერ კიდევ, 2015 წელს, ეროვნული ბანკის ყოფილი დირექტორის, გიორგი ქადაგიძის რეგულაციით, ბანკებს სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიები ხსენებული წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეთმოთ. მართალია, ამ იდეის ავტორი ოთხი ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი იყო, რომელმაც (ლევან კალანდაძე, ირაკლი ლექვინაძე, ლევან ალაფიშვილი და გიორგი აბაშიშვილი) ხელისუფლებას კომერციული ბანკებისთვის არასაბანკო და არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის წინადადებით მიმართა, მაგრამ მთავარი შედეგი იყო და რეგულაციაც ძალაში შევიდა, რომლის შემდეგაც, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალათ. საბანკო სექტორი მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით უნდა შემოფარგლულიყო. მეტიც, არაპროფილური საქმიანობის წამოსაწყებად ახალი ნებართვების გაცემის მეთოდიც საგრძნობლად გამკაცრდა, რაც 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკას შეესაბამებოდა. იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც ასეთ საქმიანობაში უკვე ჩართულები იყვნენ, 30 კალენდარული დღის ვადაში, სებ-ისთვის ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივად, 2015 წლის 31 დეკემბრამდე, გამოსვლის დეტალური სტრატეგია უნდა წარედგინათ.
მაშინ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით, ექსპერტების შეფასებით, სრულიად საკმარისი დრო იყო, რომ პროცესებს უმტკივნეულოდ და ფინანსური დანაკარგის გარეშე ჩაევლო. თუმცა, სებ-ის იმდროისთვის, ახალ რეგულაციაში ერთი გზა მაინც რჩებოდა: კომერციული ბანკების აქციონერებს არავინ უკრძალავდა, არასაბანკო სფეროში ინვესტიციები განეხორციელებინათ, თუკი ამ ინვესტიციას კომერციული ბანკი არ გასცემდა. მეორე მხრივ, ამავე ლოგიკით, ნებისმიერი კომერციული ბანკის აქციონერს შეეძლო, არაპროფილური აქტივის სახით, ბანკის კუთვნილი სამშენებლო თუ სხვა ტიპის კომპანია გადაეფორმებინა. მართალია, ეს კომპანია ბანკის არაპროფილურ აქტივად აღარ ჩაითვლებოდა, სამაგიეროდ, ამავე ბანკის აქციონერის საკუთრებაში დარჩებოდა.
მაშინ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია ამბობდა, რომ მსგავსი რეგულაციის შემოღების გადაუდებელი აუცილებლობა ნამდვილად არ იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც თქვა, რომ არაპროფილური აქტივები კომერციულ ბანკებში დალხენილი ცხოვრების შედეგად არ გაჩენილა: „ეს ის კომპანიებია, რომლებიც ბანკებში „ჩარჩნენ“, რადგან აუქციონზე კი გაიტანეს, მაგრამ მყიდველი არ გამოუჩნდა. შესაბამისად, კომერციული ბანკები იძულებულები იყვნენ, ამ ტიპის კომპანიების აქტივების კაპიტალიზაცია თავად განეხორციელებინათ. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, საქართველოს კომერციული ბანკები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, საქართველოს სამშენებლო ბიზნესი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და არც შეჩერებული მშენებლობები დასრულდებოდა“.
ეს რაც იყო 2015 წელს. ახლა რაც შეეხება ჩვენს ბაზარზე უმსხვილესი კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობის შეფასებას.
ლია ელიავა _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ დღესაც სავალალო მდგომარეობაა კომერციული ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობის კუთხით. ის, რაც ფორმალურად 2015 წელს მოგვარდა, დღეს კვლავ მოუგვარებელია.
არაპროფილურ ბიზნესთან დაკავშირებით კომერციულ ბანკებში მდგომარეობა ძალიან რთულია, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა მათ საშუალება მისცა, თავიანთი საქმიანობა შეენიღბათ, რაღაც სხვა იურიდიული ფორმა გამოენახათ, მაგრამ ეს ბიზნესი მაინც კომერციული ბანკების ხელშია და მათი სურვილის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს ნახევარი საქართველოს ყიდვა შეუძლიათ, მთელის თუ არა. ასევე შეუძლიათ, ყველა იმ ძირითადი საკვანძო ეკონომიკური სექტორების ხელში ჩაგდება, რომლებსაც არავის დაუთმობენ. შესაბამისად, ისინი აკეთებენ იმას, რასაც მათ ეროვნული ბანკი არ უკრძალავს.
კანონში კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ ზუსტი ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელიც ნებადართულია კომეციული ბანკებისთვის და მასში არსად წერია, რომ შეუძლიათ აკონტროლონ და ფლობდნენ იმ არაპროფილურ ბიზნესებს, რომლებსაც დღეს ფლობენ. ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, თვალს ხუჭავს ხსენებული ბანკების კანონის მიღმა საქმიანობაზე და ამის უფლებას აძლევს მათ. ვერ დაადანაშაულებ ბიზნესს, როცა შენი მარეგულირებელი ამის უფლებას გაძლევს და რატომ გაძლევს, ეს უკვე ცალკე გამოსაძიებელი საკითხია. _ რა ინტერესი უდევს ე.ბ.-ს ამ ბანკებში, რომ ასე, კანონის მიღმა უფლებებს უზრდის კომერციულ ბანკებს, რა დაინტერესებაა ე.ბ.-ში? არის თუ არა იქ რაიმე კრიმინალის შემადგენელი ელემენტი? _ ეს ისეთი საკითხია, რომლითაც საგამოძიებო სტრუქტურა უნდა დაინტერესდეს.
სხვა მხრივ, როგორც ყველამ ვიცით, თვითონ საბანკო სექტორში კონკურენცია არ არსებობს, ბაზარზე ოლიგოპოლიაა და მათ შეუძლიათ, ეკონომიკის ყველა სექტორში მოსპონ კონკურენცია და, პრაქტიკულად, თვითონ იბატონონ _ ამის ფინანსური შესაძლებლობა მათ აქვთ და სახელმწიფო იმისთვისაა, რომ არ დაუშვას რომელიღაც ერთი, ან ორი ბანკის ოლიგოპოლია. სხვა ბანკებს მისცეს მოქმედების საშუალება. ამ მხრივ სახელმწიფო ძალიან მოიკოჭლებს, ძალიან.
_ დეპოზიტებზე არსებული თანხები, ძირითადად, რაზე იხარჯება?
_ არაპროფილურ ბიზნესებზე, რა თქმა უნდა. რატომ არის, რომ მთელ მსოფლიოში კომერციულ ბანკებს აკრძალული აქვთ სავაჭრო, სამშენებლო, ფარმაცევტული საქმიანობა? თუ ეს ბიზნესი გაკოტრდა, ზარალს მიაყენებს კომერციულ ბანკს და მის ფინანსურ მდგრადობას ძირს გამოუთხრის, იმიტომაცაა, რომ მსოფლიოში ყველა მარეგულირებელი, გარდა საქართველოსი, უკრძალავს კომერციულ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის წარმოებას.
დიახ, ეს პირდაპირ მოქმედებს ფინანსურ მდგრადობაზე მთლიანად, ისევე, როგორც საბანკო სექტორზე. ჩვენი მოსახლეობის მიერ დეპოზიტებზე შენახული ფულით, ან მიმდინარე ანგარიშებით, კომერციული ბანკების არაპროფილური ბიზნესი საზრდოობს. დიახ, ეს ასეა.
_ და მას შემდეგ, რაც 2015 წელს არაპროფილური ბიზნესების რეგულაცია შემოიღეს, რა შეიცალა?
_ ეს ე.ბ.-ს წინა ხელისუფლების დროს მოხდა და ახლაც გრძლდება, თუმცა სურათი იგივეა. მათ თავიანთ შვილობილ კომპანიებს გადასცეს არაპროფილური ბიზნესი, ეს კომერციულმა ბანკებმა ბალანსიდან მოიხსნეს, მაგრამ თავიანთ ასოცირებულ, აფილირებულ ბანკებს გადასცეს, ანუ, ფაქტობრივად, იგივეა, შინაარსობრივად არა, მაგრამ ფორმა შეიცვალა, იურიდიული ფორმა შეიცვალა მხოლოდ, ფაქტობრივად, კი იგივე დარჩა.
და იცით, ამას რა საშიშროება მოაქვს? _ როგორც სამშენებლო სექტორში კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დამოუკიდებელი სამშენებლო კომპანიების დაფინანსება და მხოლოდ თავიანთი კომპანიების დაფინანსებაზე გადავიდნენ, ასე შეიძლება ყველა სექტორში მოხდეს, ანუ მხოლოდ თავიანთი კომპანიები დააფინანსონ პრიორიტეტულად და დაბალ პროცენტში მისცენ სესხი, სხვებს კი უარი უთხრან, როგორც პოტენციურ კონკურენტს. ეს ამახინჯებს ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას და მას არაეფექტიანს ხდის.
სიტუაციის შესაცვლელად ეროვნულმა ბანკმა ასევე, დამოკიდებულება უნდა შეცვლოს ამ პრობლემისადმი, რისი იმედიც მე, პრაქტიკულად, არ მაქვს.
კომერციულმა ბანკებმა იმხელა ფინანსური გავლენა მოიპოვეს საზოგადოებაში, რომ ისინი კარნახობენ ეროვნულ ბანკს და მთავრობას, რა გააკეთონ! ამ სიტუაციის გარდატეხა თუ არ მოხდა, საქართველო ყოველთვის იქნება ჩამორჩენილი და ცივილიზაციის კუდში მადევარი.
შოთა გულბანი _ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი:
_ ბაზარზე ოლიგოპოლიაა. ორი დიდი ბანკი ინაწილებს თითქმის ყველა არაპროფილურ ბიზნესს საბანკო სექტორში და ამ სიტუაციის გამოსწორება ძალიან რთული საქმეა.
ფორმალურად კი მოხდა არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნა კომერციული ბანკებისგან, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ ორი ბანკი (მათ შორის, ერთ-ერთი უფრო დიდი) ფლობს ძალიან ბევრ არაპროფილურ ბიზნესს. ამ ბიზნესების შექმნა კი თავიდანვე დაკავშირებული იყო ამ კომერციულ ბანკებთან.
მთავარი ის არის, რომ ბანკი მის კონკურენტ ბიზნესებს სესხს არ აძლევს, რაც კონკურენტული გარემოს შექმნას უშლის ხელს, დაზარალებულები ღიად აცხადებენ, რომ ბანკში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმა წარადგინეს, მაგრამ სესხი ვერ მიიღეს და ასეთი მაგალითი უამრავია. თუმცა მაინც არსებობს საზოგადოებაში განწყობა, რომ, რეალურად, მარტივად და სრულიად ჩვეულებრივად ხდება ბიზნესსესხების გაცემა, რასაც მე არ ვეთანხმები.
ბანკში ბიზნესისთვის სესხის ასაღებად, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლიკვიდური ქონება უნდა წარადგინო უზრუნველყოფაში, ამას ემატება ის, რომ თითქმის სამეცნიერო ნაშრომთან გათანაბრებული ბიზნესგეგმა უნდა წარადგინო, _ ეს ცალკე თემაა, ანუ ბანკები ძალიან რთულად გასცემენ სესხებს ბიზნესზე, რადგან არ აწყობთ, რომ კონკურენტებს ასესხონ.
ახლა პარლამენტმა კი დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, რომ გამიჯონ, მაგრამ მეეჭვება, რეალური იყოს, რადგან აქაც ძლიერი საბანკო ლობი იმუშავებს, რომელიც აუცილებლად შეეწინააღმდეგება ისეთი მექანიზმების ჩადებას კანონმდებლობაში, რაც მათ ლავირების შესაძლებლობას მოუსპობს სხვადასხვა გზით და არხით. არა მგონია, რამე შეიცვალოს, რადგან ამას ძალიან ძლიერი და ფინანსურად წელში გამართული მთავრობა სჭირდება.
_ 2015 წელს შემოტანილი რეგულაცია? მაშინაც ხომ იგივე პროცესები მიმდინარეობდა?
_ ფორმალურად დარჩა. ეს ბანკები ხომ არიან უკვე, სამშენებლო, სადაზღვეო, ფარმაცევტულ სფეროებში ჩართულები, როცა საუბრობენ: მოდით, გავმიჯნოთ პროფილური და არაპროფილური ბიზნესებიო, არ არის ეგრე, ამას მხოლოდ ბავშვები დაიჯერებენ სკოლაში. იგივე სიტუაცია შენარჩუნდება ყოველთვის, უბრალოდ, კანონმდებლობის დონეზე, ფორმალურად შეიძლება გაიმიჯნოს, რომ ბანკების საქმიანობა იყოს მხოლოდ ის, რაც განსაზღვრულია მის საქმიანობად კანონით კომერციული ბანკის შესახებ.
კომერციული ბანკების შესახებ კანონში კი 30-ე მუხლი მკაცრად არეგულირებს, რომ ბანკი პარამეტრებს არ უნდა გასცდეს. თუ ეს მოხდა, მაშინ ბანკს მკაცრი სასჯელი ელოდება, თუმცა მსგავსი ტიპის სასჯელი არაპროფილური აქტივების ფლობის გამო არავის ახსოვს ქართულ რეალობაში.
ფაქტი კი იგივეა. მოსახლეობის მიერ დეპოზიტზე შენახული, ან ანგარიშებზე არსებული თანხებით არაპროფილური აქტივები ფინანსდება, თუმცა ამას ხომ ჩვენთვის ხელი არასდროს შეუშლია, თავის დროზე ავიღოთ კუთვნილი პროცენტები ბანკიდან და ბანკის თანამშრომელს ვუღიმოთ მაშინ (რეალურად, ის არაფერ შუაშია), როცა მისი ზემდგომები ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევენ და ქვეყნის ეკონომიკას, უბრალოდ, ანადგურებენ.
ნინო ტაბაღუა