„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“. დიდი ახსნა არ უნდა იმას, რომ ადამიანები მოპოვებული ძალაუფლების დათმობას ვერ ეგუებიან და ბოლომდე აგრძელებენ ბრძოლას მის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ სოსო გოგაშვილს ძალაუფლება, ჯერ კიდევ, გასული წლის შემოდგომიდან, ნელ-ნელა, შეუმცირეს, მისი სწრაფვა გაძლიერებისკენ არ შენელებულა. რატომ?! ამას მარტივი მიზეზი აქვს. როცა გოგაშვილს ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კურატორობა ჩამოართვეს და გომელაურმა იგი სხვა მოადგილეს გადააბარა, ეს სოსოსთვის სიგნალი უნდა ყოფილიყო, რომ სახლში წასვლის დროა, მაგრამ ამაოდ _ გოგაშვილი არ გაჩერდა.
ამის შემდეგ `დონ სოსოს” რეგიონის რამდენიმე მმართველ კადრზე უშუალოდ უთხრეს, რომ ისინი უნდა განთავისუფლებულიყვნენ. გოგაშვილი განრისხდა, დავა და კამათი ხანგრძლივად გაგრძელდა, თუმცა გომელაური მაინც ვერ დაითანხმა მარტივი მიზეზის გამო, _ სუს-ში გოგაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.
დაბოლოს, თავად ივანიშვილის ოჯახის წევრისგან სოსომ შენიშვნები მიიღო არაკომპეტენტური მუშაობისა და გახმაურებული ე. წ. საიდუმლო საქმეებისთვის, რაც ქვეყნის პირველ მოქალაქეს არ მოეწონა. თუ საქმე გრიფით საიდუმლოდ მიდის და ე. წ. საიდუმლო სპეცოპერაციას რაიმე შედეგი უნდა მიეღო, როგორ შეიძლებოდა, ეს საქმე ასე საჯარო და ხმაურიანი გამხდარიყო? მთავარი პრობლემა ესაა, უნიჭოდ შესრულებული საქმე ყოველთვის ბოლს უშვებს, კვამლი კი არსად იმალება.
მართალია, მოქალაქე თავისი მსჯელობით არ ცდება, თუმცა კვამლი უცეცხლოდ ვის უნახავს? სოსოს ე. წ. მუშაობის ცეცხლს საზოგადოება მუდამ შიფრავდა, რადგან უნიჭოდ შესრულებული საქმის ამოხსნა მარტივია.
ძალაუფლების შანარჩუნების მოტივით გაბრაზებული გოგაშვილი უკვე ცდილობს თანამოაზრეების შემოკრებას, არა სამსახურში, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეში.
ყველაფრის მიუხედავად, გოგაშვილმა სოციალური მედიით მტკივნეული დაცემა განიცადა. პრაქტიკულად, სოციალურ მედიაში იგი სააშკარაოზე გამოვლენილ და გაშიშვლებულ ჩინოვნიკად დარჩა. საკუთარი რეპუტაციის აღსადგენად და საზოგადოებრივი აზრის მის მიმართ პოზიტიურად დასაბრუნებლად სოსოს ახალი გეგმა აქვს.
მალე მის ინტერვიუს ვიხილავთ. როგორ?
ამას ჩვენი საერთო მეგობრისგან მოისმენთ:
_ გადაწყვიტა, მის დასაცავად და გასაპიარებლად რამდენიმე მედიაპორტალი შეიქმნას. „აიტიშნიკებს“ უკვე დაწყებული აქვთ 4 სხვადასხვა გვერდის შექმნა.
_ მათი სახელები ცნობილია?
_ არა, მაგრამ თებერვლიდან ვიცი, რომ ახალი მედიაპორტალის სახით ისინი ბაზარზე შემოვლენ და გოგაშვილის დასაცავად და მისი ე. წ. მტრების დასაძირად მუშაობას დაიწყებენ. გამოქვეყნდება სოსო გოგაშვილთან ინტერვიუები, მისი ოჯახის წევრებზე რაღაც სიუჟეტები. საზოგადოება მას გაიცნობს, როგორც ოჯახის მამას, მეუღლეს და რა ვიცი, კიდევ რას მოჰყვება...
_ ეს ვისი გეგმაა?
_ ასე ზუსტად არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ რამდენიმე ე. წ. ჟურნალისტთან ერთად გაიარა ეს საკითხი. ამ მედიასააგენტოებს სწორედ ამ ჟურნალისტებს გადაუნაწილებს.
_ ვინ უნდა დააფინანსონ ეს მედიაორგანიზაციები?
_ თავად სოსომ, აბა, სხვა როგორ დააფინანსებს?! ან რომელიმე ბიზნესს დააფინანსებინებს, ეს მისთვის რთული არ არის.
_ მაგრამ ის ვერ გადაფარავს თავის გზას 2012-დან დღემდე, წარსულს ხომ ვერ წაშლის?
_ მთავარია, სოსოს მიმართ არსებული ე. წ. ინტერესი, რაც საზოგადოებას აქვს, გოგაშვილმა ისე დააკმაყოფილოს, რომ თავად დარჩეს მოგებული. მაგალითად, ვებგვერდებზე იქნება ოჯახური ფოტოები, ეს ფოტოსესია უკვე ჩატარდა. არენაზე გამოჩნდება. სავარაუდოდ, სოფელშიც უნდა ჰქონდეს იგივე დაგეგმილი.
_ გასაგებია, რომ გოგაშვილს რაღაცის შეცვლა უნდა და ახლა გადაწყვიტა, პოზიტივის შემოტანის გზები დაძებნოს, თუმცა...
_ არა მარტო პოზიტივის, ერთ-ერთ ვებგვერდზე ფოტოშარჟები იქნება, სადაც შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს, ანუ ცინიკური პასაჟები სჭირდება. ამავდროულად, გააკეთებენ ე. წ. ჟურნალისტურ გამოძიებას და ა. შ, რაც სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნდება, სოსოს პასუხს იმ ვებგვერდიდან მიიღებთ.
_ ე. ი. გოგაშვილი „სოსონიუსს“ აკეთებს?
_ ალბათ, სახალისოდ კი თქვი სათაური, მაგრამ ჩათვალე, რომ „სოსონიუსი“ სოციალურ ქსელში მალე გამოჩნდება.
_ რამდენიმე დღის წინ გავიგე, _ ერთ-ერთი ე. წ. ექსჟურნალისტი წერდა, რომ ტელემედიაში ბრუნდებოდა და მგონია, რომ, რაღაცნაირად, ეს ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ თუ გოგაშვილი სამსახურს და ძალაუფლებას დაკარგავს, საინტერესოა, რატომ უნდა დასჭირდეს მას უკვე მედიის მხარდაჭერა?!
_ ძალაუფლების გარდა ადამიანებს ყველაზე მეტად თავისუფლების დაკარგვისაც ეშინიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება, სოსოს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს რიგ საკითხებზე. ამით ივანიშვილი ადამიანებს დაანახვებს, რომ, აი, მან გოგაშვილი ისევე მოკვეთა, როგორც, თავის დროზე, ღარიბაშვილი, რადგან გოგაშვილი ღარიბაშვილზე მეტად ჯიუტია. ის არ ემორჩილება იმ ვითარებას, რომ უნდა წავიდეს და ვინც ნებით არ მიდის, ძალით გაჰყავთ.
დღეს სოსოს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ ის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მას, მხოლოდ და მხოლოდ, თავისი სავარძელი ადარდებს. ამ დროს, სხვა, მეტად მნიშვნელოვანი _ მისი თავისუფლება _ უფრო და უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს.
_ თუ გოგაშვილის „სოსონიუსი“ მალე დაიწყებს მუშაობას და დღეს ჩვენ ეს კი უკვე ვიცით, მისი ოჯახური სურათები, სტატიები, ინტერვიუები გამოქვეყნდება და საჯარო გახდება, სოსო უფრო საჯარო პერსონას დაემსგავსება, ამით სოსოს მიმართ უფრო და უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება. ფიქრობ, რომ ეს მის 2017 წლამდე არსებულ კითხვებს კი არ გადაფარავს, უფრო გაააქტიურებს?
_ არ ვიცი, რა შედეგებს ელიან. რაც ხდება ისაა, რომ 2 „აიტიშნიკი“ ზის და ვებგვერდების აწყობაზე მუშაობს, რამდენიმე ჟურნალისტთან უკვე იყო კონსულტაცია და ამან სრულიად უნდა შეცვალოს ამინდი. ეს არის მთავარი მიზანი. გამოვა თუ არ გამოვა, ამას მომავალი აჩვენებს.
ასე რომ, „ sosonews “-ი მალე ჩვენ წინაშე წარდგება. რეალურად, მისი სახელი ჯერ უცნობია, მაგრამ მისი გამოჩენით, როგორც ჩანს, ამოცანის ამოხსნა არ გაგვიჭირდება, უცებ ვიპოვით სოსოს და მის გაცემულ ინტერვიუებს.
- S. მედიამაგნატობაღა გაკლდა, სოსო და აჰაა, ველოდებით შენს „სოსონიუსს“.
მაკა მოსიაშვილი