თიანეთის მკვიდრი, ნათელა მამულაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ უსამართლო ქმედებებზე საუბრობს. როგორც ის „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ამ ყველაფრის უკან თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, დგას.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნათელა მამულაშვილი:
_ ვცხოვრობ დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, 40-ბინიან კორპუსში, თქვენთან საუბარს იქიდან დავიწყებ, რომ ჩვენს კორპუსს ძალიან დიდი შემოღობილი ეზო ჰქონდა. მაშინდელმა აღმასკომის თავმჯდომარემ ნებართვა მოგვცა, რომ იქ ავტოფარეხები მოგვეწყო. თუმცა შემდეგ გაჭირვების პერიოდმა მოუწია, ქვეყანა დაინგრა და სახსრები არ გვქონდა, აგვეშენებინა. დოკუმენტი, რომ 40 ოჯახს ავტოფარეხებისთვის ტერიტორია გამოყოფილი ჰქონდა, დღესაც გვაქვს. ჩვენი ქუჩის მხარეს 11-მეტრიანი მთლიანი ზოლია, დაახლოებით, 70-80 მ. სიგრძის, პატარა ჯიხურები დგას. ამ ადგილზე ერთ-ერთი ადამიანისგან კანონიერად შევისყიდე რეგისტრირებული 70 კვ.მ. ფართის მიწა, სადაც ორი პატარა ოთახის აშენება დავაპირე. მიწის შესყიდვა მოხდა 2012 წლის ზაფხულში, არჩევნებამდე. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიყავი, თიანეთში დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი იყო, ბიძინა ივანიშვილმა ჩამოგვიყვანა და რას წარმოვიდგენდით, რომ ასეთი მძარცველი გამოდგებოდა?!
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთს გადახედა-გადმოხედა, ეს ადგილები მოეწონა, ხალხმრავალია და ახმეტიდან დიდი მნიშვნელობის ტრასა კეთდება; მოეწონა ქუჩის პირა ზოლი, ჩვენი კორპუსის შიდა ეზო და როდესაც გამგეობას მივმართე, რომ ჩემს კუთვნილ ფართში პატარა შენობა ამეშენებინა, უარი გამომიცხადა. ამ პროფილით ვმუშაობ, ყველა ნორმა და წესი ვიცი, ვუსაბუთებდი, რომ უკანონოდ მეუბნებოდნენ უარს. ამას რომ მივწერდი, მერე უარს სხვა მიზეზით მეუბნებოდნენ. მოკლედ, ვხვდებოდი, რომ მიზანმიმართულად არ მაშენებინებდნენ. პარალელურად, ხმები მომდიოდა, რომ ეს ადგილი და შიდა ეზო ზაქარია ქუცნაშვილს უნდოდა. ავდექი და სასამართლოს მივმართე. სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა და გამგეობა გაამტყუნა. ეს ბრძოლა 2014 წელს დაიწყო. როდესაც უარს მეუბნებოდნენ, რა არ მოვიმოქმედე, 2015 წელს სასამართლოსაც მივმართე, მოვიგე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. პატარა შენობა უნდა აშენებულიყო (ეს გახლავთ პირველი კლასის შენობა, ნებართვა და პროექტი არ სჭირდებოდა, თავის დროზე, ესეც უკანონოდ მომთხოვეს, რომ გამეკეთებინა). ავდექი და ამ კანონის მოშველიებით დავიწყე მშენებლობა. როგორც კი დაინახეს, მაშინვე გაფრთხილება მომიტანეს ჯარიმების მუქარით და დაწყებული მშენებლობა ჩემი ხელით დამანგრევინეს. ამის შემდეგ ისევ სასამართლოს მივმართე. მცხეთის რაიონულ სასამართლოში მეორედ მოვიგე, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მაინც უარს მეტყოდნენ და სხვა რაღაცას მოიმიზეზებდნენ. გამგეობამ ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, ე. ი. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა, მაგრამ, პარალელურად, პროკურატურაში მიჩივლა, თითქოს ეს მიწა თაღლითურად მივიტაცე. გამოძიება დაიწყო. როგორც შემდეგ დავრწმუნდი, პროკურატურამ თიანეთის პოლიციას დაავალა, რომ შევეშინებინე და ეს ადგილი დამეთმო. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე სავაჭრო ჯიხური დგას, სადაც წვრილმანი საქონელი იყიდება. სასამართლო პროცესზე თქვეს, მთლიანი ტერიტორია გამგეობას უნდაო. სინამდვილეში, გამგებელს ვინ ჰკითხავს? _ გამგებელი ზაქარია ქუცნაშვილს უყურებს თვალებში და ის რასაც უბრძანებს, იმას აკეთებს. კითხვა რომ დავსვი, _ რას უზამთ ამ ჯიხურების პატრონებს-მეთქი? _ კომპენსაციას მისცემენ და მაგათაც აიღებენო. უკვე გასაგები იყო ყველაფერი...
_ პოლიციის მხრიდან ზეწოლა ახსენეთ, რით გამოიხატებოდა?
_ მე და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც საქმეში ჩემი პარტნიორია, პოლიციაში რამდენჯერმე დაგვიბარეს და ვერბალურად ძალადობდნენ, ფიზიკურად ვერ შეგვეხენ, მაგრამ პოლიციის უფროსის მოადგილე მაგიდასთან ფურცელს მიმარჯვებდა, _ დაწერე ახლავე და გააუქმე ეს რეგისტრაცია, ეგ ადგილი დათმე, თორემ, შენზე საქმეა აღძრული ჯგუფური თაღლითობის ბრალდებითო. საფუძვლად მძიმე დანაშაული დამიდეს და მითხრეს, ციხეში წასვლა მოგიწევსო. არ დავთმე, მეც მაგრად დავდექი! _ სასამართლომ გამაუქმებინოს-მეთქი! ჯერ ერთი, პოლიციას რა უფლება ჰქონდა, რომ იქ მაწერინებდა ხელს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამასობაში, მეორედაც დაგვიბარეს, თან გვეუბნებიან, ზუსტად 10:00 საათზე მოდითო, სხვა დროს ეს არ უთქვამთ. თურმე, რატომ _ გამგებლის მოადგილე, მამული მამულაშვილი, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილის მარჯვენა ხელია, მოურავად ჰყავს დანიშნული და მისი ხელით აკეთებს, ტენდერებია თუ სხვა საქმე. ჩვენ ვსხედვართ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, იგი გვემუქრება, გვაძალებს, მუქარით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ეს კარი პირდაპირ უყურებს პოლიციის უფროსის კაბინეტის კარს. დავინახეთ, რომ მამული ფეხაკრებით შევიდა პოლიციის უფროსთან. ზუსტად 10:00 საათისთვის იმიტომ დაგვიბარეს, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის ეპატაკებინათ, შევაშინეთ და დათმესო. არ დავთმეთ! შემდეგ მივიყვანე უფლებადამცველი, ადვოკატი მამუკა ტუსკაძე, მასაც ძალიან უხეშად მოექცნენ. მამუკამ უთხრა, _ ნუ ძალადობთ, სიტყვიერად იქნება ეს თუ ფიზიკურად, რა მნიშვნელობა აქვს, არ შეიძლებაო. ამ დროს პოლიციის უფროსის მოადგილე, ბესო ბერიანიძე, რომელიც, სხვათა შორის, მერე სამსახურიდან გაუშვეს „ნაციონალების“ ფარული აგენტობის მოტივით, გადმოდგა და გვეუბნება, _ სულ ერთია, თქვენ მაინც წახვალთ ციხეში და 7 წლამდე პატიმრობა გემუქრებათო. მამული კი შევიდა პოლიციის უფროსთან, მაგრამ ეს საქმე ზაქარია ქუცნაშვილს ვერ გაუკეთა, რადგან არ დავთმეთ! ამის შემდეგ მიდის პროცესები, გვიბარებენ, ყველა მტკიცებულება დავდე, რომ არაფერ შუაში ვიყავი და ეს მიწის ნაკვეთი ჯერ სხვაზე იყო გაფორმებული და მერე შევისყიდე. ვისგანაც შევისყიდე, ეს კაცი ჩვენს მხარეს დადგა, მაგრამ პოლიციამ შეაშინა და ისიც ჩვენზე გაბრაზდა, _ რატომ გამიხადეთ საქმე ისე, რომ პოლიციაში მატარებთო? დღეს ისეთი გამწარებულია, ახლოს ვერ ვეკარებით, კონტაქტზე აღარ გამოდის. ამის შემდეგ მოსამართლეს მტკიცებულება დავუდე, რომ ამ კაცის სახელზე 2800 კვ.მ. მიწა უნდა იყოს საკუთრებაში, ამ ფართობში 5 ნაკვეთი აქვს დარეგისტრირებული, ამონაწერები მე თვითონ ამოვიღე და დათვლა ვთხოვე. _ 2799 კვ.მ. აქვს დარეგისტრირებული, 1 კვ.მ. კიდევ ჰმართებს სახელმწიფოს და მე რომელი სახელმწიფო საკუთრება მივითვისე-მეთქი? ეს მტკიცებულად მიიღო მოსამართლემ, რაღას მედავებიან ან მე, ან იმ კაცს?! ამის შემდეგ პროცესები შეჩერდა და ეს საქმე თაროზე შემოდეს, ბრალს ვერ მდებენ. სასამართლოს იმედი მაქვს. არ მგონია, ისე ბნელოდეს, რომ ზაქარია ქუცნაშვილის თხოვნით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ პროკურატურას დაავალა, რომელმაც აშკარა ცრუ და შეთითხნილი ბრალდება დაგვიდო. იმ საქმეში იმდენი ნიუანსი იყო, თუნდაც ის, რომ გამოძიებამ თვალი დახუჭა ბეჭედზე და ხელმოწერაზე, რომლითაც ადგილობრივი რწმუნებული თანხმობას აძლევდა, რომ ეს ადგილი იმ კაცზე დარეგისტრირებულიყო, ეს არ დაინახეს. მოკლედ, ახლა პროცესები შეჩერებულია, მაგრამ საქმე პროკურატურაში დევს და მსვლელობა მიდის.
_ ამით თქვენ იმას ამბობთ, რომ გამგეობის მეშვეობით გებრძვით ზაქარია ქუცნაშვილი? რა ინტერესი აქვს თქვენს დეპუტატს, რომ ეს მიწა წაგართვათ?
_ დიახ, ასეა! ჩვენ გვერდით ქუცნაშვილმა სასტუმრო ააშენა, თუმცა, ოფიციალურად, მისი სახელი და გვარი არ ფიგურირებს. როდესაც ნახეს, რომ ეს ფართი ვერ დამათმობინეს, შუაში ვარ გაჩხერილი და მთლიან ზოლს ვეღარ მიიერთებდა, კორპუსის შიდა ეზო, 7200 კვ.მ., რომელზედაც ნებართვა გვაქვს, რომ ავტოსადგომები მოგვეწყო, ის შემოიხაზა და ამ სასტუმროს მიაერთა, სახელმწიფოს საკუთრება დაარქვა, რომ ქუცნაშვილის გვარი არ გამოჩენილიყო და არასასოფლო უწოდა, ანუ მიწას კატეგორია შეუცვალეს. მანამდე არსად ჩანდა, თავისუფალი ტერიტორია იყო: ოდესღაც შემოღობილი გვქონდა, სტადიონი იყო მოწყობილი, ბავშვები თამაშობდნენ, ფრენბურთის მოედანი იყო მოწყობილი. გაჭირვების წლები რომ გვედგა, მაშინ განადგურდა, ბოძებიც კი მოიპარეს. ღიად რომ იყო, მოიხაზა ეს ადგილი და მიიერთა. ამის გარდა, თიანეთში, ხუთ ადგილზე, ყველაზე კარგი ადგილები სადაც მოეწონა, ყველგან ასე დაარქვა _ სახელმწიფო საკუთრება _ და თავისთვის გაიმზადა. ადგილებს გაჩვენებთ, სადაც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მიწები წაართვა, გაჭირვებული რაიონია, ხალხი უკიდურესად გაღარიბებულია. ნახირს რომ გარეკავდნენ ტყეში, სადაც ცარიელი ადგილებია დატოვებული, ყველგან შემოიხაზა.
_ თქვენმა მეზობლებმა არ იდავეს?
_ კორპუსის მცხოვრებლებმა, ამხანაგობამ დავწერეთ განცხადება და ამ მიწის უკან დაბრუნებაზე ვდაობთ. ეკონომიკის სამინისტროს ვედავებით, რა უფლება ჰქონდა, რომ მიწის კატეგორია შეცვალა, არც კი მოვიდა და შეგვეკითხა? ხელმოწერებით დაფიქსირებულია, სადაც ჩემი გვარიც ფიგურირებს და ეს საქმე სასამართლოში შევიტანეთ. სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ოღონდ პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ზაქარია ქუცნაშვილმა თიანეთში ისეთი რაღაცები ჩაიდინა, მაგრამ თვითონ არ ჩნდება...
ამ ადამიანმა თავზეხელაღებულად მაქცია, 61 წლის ქალი ვარ, რაღა დროს ჩემი პოლიტიკა იყო, მაგრამ იძულებული გამხადა, რომ ვებრძოლო, ეს ინფორმაცია გავუსაჯაროო მაინც. რატომ უნდა იმალებოდეს ასეთი საქმეები?! სხვა შემთხვევაც იყო, ტრასის გასწვრივ ობოლმა ძმებმა მიწა გაინაწილეს, ორი ნაკვეთი დარეგისტრირდა, გამგეობიდან დაარეკინა, რომ ეგ ერთი, გზის პირზე რომელიც მდებარეობს, გააუქმეთ რეგისტრაცია, თორემ საქმეს პროკურატურაში დაგიდებთო. ისიც ვიცი, ვისაც დაარეკინა, მაგრამ ამჯერად არ დავასახელებ. უცებ დავრეკე ჩემს უფლებების დამცველთან, მამუკა ტუსკაძესთან, შესაძლებელია, ტელეფონითაც მოისმინეს საუბარი, მეტი ამ ნაკვეთს აღარ შეხებიან. მამუკამ იმ ბიჭს დაურეკა და უთხრა, _ თუ კიდევ მოვიდნენ, გადმომირეკეო და იქ გაჩერდა ეს ამბავი, მაგრამ ჩემს საქმეს უკვე მსვლელობა ჰქონდა მიცემული და კიდევ გრძელდება. 15 აგვისტოს შემდეგ არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა, მანამდე 6-7 პროცესი ჩატარდა და თავს ვიმართლებდით, ან რა მაქვს თავის სამართლებელი, არ ვიცი? მაგრამ სისხლის სამართლის ბრალდება წამიყენეს ჯგუფური თაღლითობისთვის და 4-დან 7 წლამდე ციხე გეკუთვნისო, ასეთი მუქარებით და დაშინებით მოდიოდნენ, მაგრამ მაინც მაგრად დავდექი და არ დავთმე! მოკლედ, ორი საქმეა სასამართლოში ამ ნაკვეთებთან დაკავშირებით. 2016 წლის არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი. ჩვენთან ამ პარტიიდან მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ირმა ცხორაგაული გახლდათ. როცა თიანეთში ჩამოვიდა, გვერდით დავუდექი, შტაბში ვიკრიბებოდით და საკუთარი თვალით ვნახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილისგან გამწარებული უამრავი ადამიანი მოდიოდა და სხვადასხვა კომპრომატი მოჰქონდა მასზე. რამდენიმე მეც მოვიპოვე. თუნდაც ტენდერის ერთ მაგალითს გეტყვით: ზაქარია იქაც არ ჩნდება, ამ ყველაფერს გამგეობას აკეთებინებს, გამგებელი ლელა ქიტესაშვილია, რომელსაც ძალიან ღრმად შეატოპინა. ამონაბეჭდი მაქვს, 4 წლის მანძილზე ისეთი ტენდერები გაუშვეს... მაგალითად, ტენდერს აცხადებენ ასეთ რამეზე: გამგეობას ჰყავს 11 სამსახურებრივი მანქანა, აქ არ არის საუბარი ბენზინსა და სხვა რამეზე, მხოლოდ იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ერთი წლის მანძილზე, 11 ავტომანქანის ტექნიკური შეკეთება, 4 წლის მანძილზე დავაჯამეთ და 518 000 ლარია დახარჯული. წარმოიდგინეთ, ეს თანხა ნახევარ მილიონს 18 000-ით აღემატება და ამ ტენდერით არის გასული. არის თუ არა ეს ბიუჯეტის ძარცვა?! ზაქარია ქუცნაშვილი გამგებელს ყველა ნაბიჯს, ყველა წერტილს და მძიმეს კარნახობს.
_ ამ ტენდერებს ვინ იგებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიები არიან?
_ ერთადერთი ადამიანი ჰყავთ, რომელსაც თიანეთში ავტოპროფილაქტიკა აქვს, მხოლოდ ის მონაწილეობს. ერთხელ სხვა ავტოსერვისმა შეიტანა განაცხადი, თქვენთან წარმოდგენილ დოკუმენტებშიც არის ასახული, მაგრამ ეს ტენდერი ისევ იმ პროფილაქტიკამ მოიგო, რომელსაც მუდმივად აგებინებენ. თუმცა შედარებით მცირე თანხაზე იყო ტენდერი გამოცახდებული, 124 000 ლარიდან 75 000-ზე ჩამოვიდნენ და რადგან მცირე თანხიანი იყო, ეს ტენდერი გააუქმეს და ხელახლა ჩაატარეს დიდ თანხაზე, თავის კაცს მოაგებინეს, შემცირებული თანხა არ აწყობდათ. მოკლედ: 4 წლის მანძილზე 11 ავტომანქანის შეკეთება ნახევარ მილიონზე 18 000 ლარით კიდევ მეტი, არის თუ არა ეს ბიუჯეტის ძარცვა და თუნდაც ამ ერთი ფაქტით მტკიცდება თუ არა ის, რომ რამხელაზე შეატოპინა გამგებელს თავისი კარნახით ქუცნაშვილმა?! იქ ჰყავს კიდევ გამგებლის მოადგილე მამული მამულაშვილი, რომლის საშუალებითაც გარიგებებს აწარმოებს. კიდევ ვიცი უამრავი რამ, გარდა იმ 5 ნაკვეთისა, რომელიც ჩემს კორპუსთან მდებარეობს და სახელმწიფო საკუთრებები დაარქვა, ასეთი უამრავი ადგილია, თვითონ კი არ ჩნდება, მაგრამ 100%-იანი ეჭვი არსებობს, რომ თავისთვის გაიმზადა, მერე ისევ თავიანთი მიღებული მზაკვრული კანონებით ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად მისი საკუთრება გახდება. ვის მოასუნინებს ახლა სხვას მაჟორიტარი თიანეთში?! სურათები მოგიტანეთ, შეხედეთ, რამხელა კორპუსია, 5-სართულიანი, აქ ადრე საავადმყოფო შენდებოდა, მაგრამ ქვეყანა რომ დაინგრა, ჰაერში გამოკიდებული დარჩა. „ნაციონალების“ მომხრე არ ვარ, მაგრამ არჩევნების წინ სიებს ადგენდნენ, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის ეს კორპუსები ბინებად გაენაწილებინათ. ხალხი სიხარულით მიდიოდა და ეწერებოდა, ჩვენთანაც ბევრია უსახლკარო, დევნილიც რამდენია, რომლებიც ელოდებიან, ბინებს როდის აუშენებენ. მოვიდნენ თუ არა ესენი ხელისუფლებაში და ზაქარიამ შეხედა თუ არა ამ შენობას, მოსპეს ის სიები და ეს ადგილი გამგეობის საკუთრებად დაარეგისტრირეს. ამასაც მიხედვა უნდა, თუ არ იციან, თქვენი გაზეთიდან ხომ გაიგებენ და სოზარ სუბარს მიაწოდონ ინფორმაცია, გამოითხოვონ გამგეობიდან, მოიყვანონ დევნილები და შეასახლონ, ადგილობრივი, უსახლკაროც რამდენია, ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგიც სხვის სახლში, მადლი არ იქნება?! ამ ხნის ქალი ვარ, ისეთი გამწარებული და შეურაცხყოფილი, ჩემ მიმართ პატივისცემის მეტი არავის არაფერი გამოუხატავს, თაღლითი დამარქვა და დღესაც ბრალდებულად ვითვლები. სახელმწიფომ მზაკვრული კანონები მიიღო და ესეც სათავისოდ ირგებს ამ კანონებს.
სოფელ ერწოს გზაზე, ტყიდან რომ უკვე სოფელში შედიხარ, აქაც თუკი სადმე მინდვრები ნახა, სულ შემოისაზღვრა საძოვრები. სადაც საძოვარი არ არის, იქაც კი 41 ჰა მოიხაზა. კანონი გეტყვის, რომ ადამიანს თუ საბუთი აქვს, დაურეგისტრირდება, დიდი ბოდიშის მოხდით ვიტყვი, მაგრამ ხალხი არ არის ინფორმირებული, რა არის აზომვითი ნახაზები, თანაც ამის გასაკეთებლად თანხაა გადასახდელი, მე თვითონ ამ საქმიანობას ვეწევი და ვიცი, რომ ვერ მოდიან, რადგან საშუალება არ აქვთ, ჩემია და ვინ წამართმევსო _ ამ აზრებით ცხოვრობენ და, აგერ, ფაქტი, თუ არავინ წაართმევს! ამ სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს ვუთხარი, თქვენ აზრზე არ ხართ, რომ ეს მიწები უკვე დარეგისტრირებულია-მეთქი და დოკუმენტები ვაჩვენე. გაგიჟდა. გავა ეს ორი წელიწადი, ბევრი ვერ დაირეგისტრირებს და უკვე მისად აღარ ჩაითვლება, სახელმწიფო საკუთრება გახდება და რასაც უნდათ, იმას უზამენ, ზაქარია ქუცნაშვილი აქ ვის მოუშვებს, 4 წელი ისევ თვითონ უნდა იჯდეს პარლამენტში და ისევ თვითონ იყიდის!
„ქრონიკა+“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაკავშირებოდა თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ მათ ოფიციალურ საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე - 348 291 757 არავინ უპასუხა.
„ქრონიკა+“ ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირდა:
- თქვენ ამ ინფორმაციებს ამოწმებთ, თუ სისულელეებს პირდაპირ წერთ? თუ ამოწმებთ, მაშინ შეკითხვა სადღაა? როდესაც ეს ქალბატონი გეუბნებათ, რომ ზაქარიამ სასტუმრო ააშენა და ახლა მიმდებარე ტერიტორიის დასაკუთრება უნდაო, სად არის ზაქარია? ფაქტებზე ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანს ბრალს სდებ, ხომ გამომდინარეობს ფაქტებიდან? ბრალს ხომ მდებს, რომ სასტუმრო ავაშენე და ახლა მიმდებარე ტერიტორიის დასაკუთრება მინდა, ამის დამადასტურებელი რამე გაჩვენათ? თვითონ ხელყოფს სხვის საკუთრებას! ნეტავ, მართლა ამეშენებინა. ჩემი სახელის ხსენებას მიჩვეული ვარ, ეს არ არის საქმე, მცდარი ფაქტის გავრცელებაა საქმე. სასტუმროს მეპატრონე აქეთ უპირებს ჩივილს მაგ ადამიანს იმის გამო, რომ მის საკუთრებას ჩემს სახელზე აცხადებს, ეს საკუთრების უფლების ხელყოფააო, რომ მე ავაშენე და ზაქარიას სასტუმროს ეძახისო. ჩემი სახელისა და გვარის ხსენება რატომ უნდა მეწყინოს, ჩვეულებრივი ამბავია, დემოკრატიაა ქვეყანაში. სასტუმროს მესაკუთრეს ელაპარაკეთ და ნახავთ, რას მოგიყვებათ მაგ შეურაცხადზე.
თამარ ბატიაშვილი