როცა „ქრონიკა+“-ში მუშაობა დავიწყე, საკუთარი თავის რწმენა გამიათკეცდა. არასდროს მიფიქრია, რომ მე ერთი ვიყავი, პირიქით, მას მერე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ერთნი ვართ. როცა ღარიბაშვილმა გაუტია და ომი გამოგვიცხადა, მივხვდი, რომ ეს ომი ყველას გვეხებოდა, _ რედაქციასაც და ქვეყანასაც. როცა ღარიბაშვილი წავიდა, სიამაყე გამიათკეცდა და მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბოლომდე უნდა ვიდგე! მერე უკვე გავაცნობიერე, რომ ყველაფერი არ დასრულებულა, ომი გრძელდებოდა და უფრო მეტად საშიში ხდებოდა, რატომ? _ მიუღებელზე მიდიოდნენ და ცდილობდნენ, ჩვენთვის ის ეკადრებინათ, რასაც ჩვენ მოსისხლე მტერსაც არ ვაკადრებდით...
დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ ჩვენ სწორად ვიარეთ, უკან მოხედვის არ შეგვშინებია. მართალია, დანის წვერზე გვიწევდა სიარული, მაგრამ სადაც სიმართლეა, იქ მუდამ გამარჯვებაა.
გასულ წელს მოძღვრები, ძველი მეგობრები, ნათესავები და, მათ შორის, დედაჩემიც გაფრთხილებულები იყვნენ, რომ სოსო დიდი კაცია და მაკა _ პატარა... სხვებმა რა თქვეს, არ ვიცი, მაგრამ დედაჩემმა შეწუხებულ ახლობელს უპასუხა, _ ყველაზე კარგად მაკამ იცის, რას აკეთებს, მაკაზე უკეთ არავის ეცოდინება, ვინ არის ეგ სოსო! დედამ ეს ამბავი ისე მომიყვა, რომ არც კი უკითხავს, ვინ იყო ის „ვიღაც სოსო“... შიში მას აქვს, ვინც აშავებს, მე ჯერ არაფრის შემშინებია, ამიტომ 2017 წელი ამაყად დავიწყე, სოსომ კი _ შიშით.
„ასეთი შეშინებული არავის ახსოვს. ისეთია, საკუთარი თავის რწმენას რომ დაკარგავს ადამიანი. სოფელში იყო და ამდენი წელი რომ არავინ უნახავს, მგონი, ყველა მეზობელი და ნათესავი მოიარა, ყველა ნახა, წლების მიტოვებული მეგობრები მოინახულა, დამდურებულებს შეურიგდა, ისე იქცეოდა, თითქოს ზეგ აქ ბრუნდება და გუშინ კი არაფერი არ ყოფილა...“
გამარჯობა, სოსო!
რაღაც უნდა მოგიყვე...
რამდენიმე დღის წინ თელავში ერთ-ერთ რესტორანში ნოდიკო ტატიშვილის საღამო იყო... ორგანიზატორმა დამპატიჟა. სიმართლე გითხრა, არ მიყვარს ასეთ კორპორაციულ საღამოებზე სიარული, მაგრამ წავედი. საღამომ მშვენივრად ჩაიარა, თელაველმა სტუმრებმა იხალისეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, მათ შორის, რამდენიმე მათგანმა ჩემთან ერთად. ორი დღის შემდეგ კი ყველა სათითაოდ მომადგა და ვედრებით მთხოვა ჩემთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წამეშალა სოციალური ქსელიდან, რადგან მათი ოჯახის წევრი მამაკაცები სუს-ში დაიბარეს და, როგორც გაირკვა, კარგადაც შეანჯღრიეს...
მე ქალური სოლიდარობა გამოვიჩინე და ფოტოები იმ მარტივი მიზეზით წავშალე, რომ ამ ქალბატონებისთვის ოჯახებში პრობლემები ამეცილებინა.
თუმცა დაუფიქრებლადაც მივხვდი, რომ პრობლემა მე კი არა, შენ ხარ...
რატომ?
იმ ქალბატონებს ჩემთვის არ უთქვამთ, თუმცა ქალაქი პატარაა და ყველაფერს ადვილად არკვევს კაცი. ფოტოების გამო შეზარხოშებულმა ვაჟკაცებმა(!!!) ცოლებს, დებს, დედებს ჩხუბი დაუწყეს და ყველაფერი უთანასწორო ძალისმიერ ოჯახურ კონფლიქტშიც კი გადაიზარდა...
მას მერე ვფიქრობ, რა როლი გვაქვს მე და შენ სახელმწიფოს წინაშე?
ჩემი როლია, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, ხმამაღლა ვთქვა და დავწერო; შენი როლია, შვებულებაში ყოფნის დროსაც კი სახელმწიფო უსაფრთხოება „დაიცვა“ და ყველა ოჯახს „საფრთხე აარიდო“ თავიდან;
ჩემი როლია, შენი ყველა ხუშტური, აი, აქ, _ „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე გადმოვიტანო; შენი როლია, სახელმწიფო ხუშტურების გარეშე მართო...
ფინალში დავასკვენი, _ შენ ჩემს ქვეყანას ხუშტურებით მართავდი, სადაც იყავი, მე კი პრინციპებით მივყვები საქმეს და მანამდე არ დავისვენებ, სანამ შენს ადგილს არ დაიმკვიდრებ სამართლებრივ სივრცეში.
უკაცრავად და „გიტყდება“, რომ გამხელ?
ვიცი, რა ისტერიკა გემართებოდა, როცა შენს 2016 წლის აუარება ქონებას ვამხელდი; დეპრესია გეწყებოდა, როცა შენს უთვალავ ვალებზე ვსაუბრობდი; ცოფებს ყრიდი, როცა შენს არაკომპეტენტურობაზე ვყვებოდი სტატიებში; სიგიჟემდე მიგიყვანა შენი როლის მხილებამ ეკლესიაში...
მე სხვანაირ სტიქაროსნებს ვაღიარებ, შენ სხვანაირი ხარ...
ქრისტემ ვაჭრები ეკლესიიდან გარეკა, ვაჭრები კი უფრო დაჭკვიანდნენ და ანაფორები ჩაიცვეს, ჩემთვის შენ იმ ვაჭართა სექტის წევრი ხარ... და, შესაბამისად, არ მანაღვლებს, რას ფიქრობ ჩემზე...
ერთი პატარა კაცი იყავი და უფრო მეტად დაჩიავდი...
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა არის შენთვის ყველაზე მტკივნეული?! სკამი? ალბათ, არა. ჩრდილი?! მაინც სულ ჩრდილში ხარ... ყველაზე მეტად არასრულფასოვნება მაშინ გეწყება, როცა მანდ, დიდ ქალაქში, შენს სოფლელობას უსვამენ ხაზს. ამ დროს პროვინციელობა არაფერ შუაშია, მთავარი პროვინციალიზმია. სწორედ სუს-ის თათბირი და ჩემთან ერთად გადაღებული ფოტოებიც შენი პროვინციელობის თვალსაჩინო მაგალითია.
იმაზე კი არ ფიქრობ, შეცდომას სად უშვებ, არამედ იმაზე, ამბები ვის მოაქვს ჩემთან...
უცხოს არავის, ისევ „შენებს“...
2017 წელი შენი ზღაპრის დასასრულია, ყველა დასასრულს კი დასაწყისი მოსდევს.
2016 წელს ერთადერთი რამ ისწავლე, _ ჩვენ ვერ გვიყიდე. სამაგიეროდ, ვინც იყიდე, ისინი ისევ შენ დაგცინიან.
ამბობენ, „ავრორამ“ ერთხელ მაინც უნდა გაისროლოს კაცისთვის ცხოვრებაშიო. და, აი, იმ შენმა „ავრორამ“ 2013-ში გაისროლა, 2016-ში კი „გაღმა გახვედი“ და დასრულდა შენი „ძლევაი საკვირველიც“.
ჩემი მეგობარი მიყვება ხშირად შენზე: სიგარა შეუყვარდა, რაც დიდი კაცი გახდა, მისაღებში „დონ სოსოს“ ეძახიან და ვერ ხვდება, როგორ იმცირებს თავსო. 2012-მდე, ლამის, „პრიმას“ ეძებდა და გადიდკაცებულა. ჯერ სიგარა რა იყო, ეგ ვერ გაიგო, ბოლოს კი სიგარას ხელიდან აღარ უშვებდაო.
ივანიშვილი მომწონს თუ არ მომწონს, ის მაინც ზუსტად ვიცი, რომ შენ არ მოსწონხარ. შენი სრული დოსიე, შემოსავალ-გასავალი მოქალაქის მაგიდაზე, ჯერ კიდევ, შემოდგომას შეიტანეს. თავად ივანიშვილიც კი გაოცდა, _ ღარიბაშვილმა სრული ჯიშ-ჯილაგით იმდენი ვერ შეძლო, რაც ამ ერთმა მოახერხა საკუთარი ოჯახისთვისო, _ უთქვამს გაოცებულს.
რაც შეეხება 2017 წელს:
ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ მიერ დარეკეტებული ბიზნესი ვამხილო!
ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ მიერ დატერორებულ ბიზნესმენებს შიში დავაკარგვინო!
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბანკიდან გროშებად ნაყიდი მიწები კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნო!
ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართალმა პური ჭამოს!
დაბოლოს კი შენთან ერთად გადავიღებ სურათს!..
რამდენჯერ გითხარი, არ დაიჯერე, კაცი და ერბო ქილას იგავი გადაიკითხე და ისე იფიქრე ცხოვრებაზე-მეთქი...
მაშინ, დაველოდოთ მომავალს...
ყველაზე მეტად მაინც ერთ რამეში გედება ბრალი _ პარტიები და პოლიტიკური ფიგურები დააშანტაჟე და ასე გააქრე პოლიტიკური არენიდან. ვწუხვარ, რომ იმაზე მეტად ვერ გამხილე, ვიდრე იმსახურებდი. არა უშავს, 2017 წელი ჩვენია, მამალს კი ვირთხა არ უყვარს...
ახალ წელს გილოცავ, სოსო!
მაკა მოსიაშვილი