QronikaPlus
რა ხდება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ?!

რა ხდება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ?!

2017-01-20 05:49:01

ქამრების შემოჭერისა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით ქუთაისის რამდენიმე ააიპ-ში რეორგანიზაციის პროცესი უკვე დასრულდა, ზოგან კი გრძელდება. თუმცა რა რაოდენობის ადამიანს შეეხო იგი და რამდენია თანხა, რომელსაც თვითმმართველობა დაზოგავს, ჯერჯერობით, პროცესის საბოლოო დასრულებამდე, უცნობია. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რეორგანიზაცია მართვის გაუმჯობესებასთან ერთად ზედმეტი თანხების ხარჯვის თავიდან აცილებას რეალურად ისახავდა მიზნად, თუ როგორც ოპონენტები აცხადებენ, იგი სტრუქტურების სასურველი ხალხით დაკომპლექტებას ემსახურებოდა და ფინანსური ეფექტი ქალაქისთვის არ მოუტანია. გასული კვირის ბოლოს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში რეორგანიზაცია დასრულდა, სადაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 43 საშტატო ერთეულით განისაზღვრებოდა. როგორც გაირკვა, სამსახურის გარეშე 10 ადამიანი დარჩა. გაუქმდა როგორც დირექტორის მოადგილის შტატი, ისე სპეციალისტებისა და ერთი მებაღისაც კი. დირექტორის განცხადებით, რეორგანიზაცია ისე განხორციელდა, რომ ბოტანიკური ბაღის საქმიანობას ზიანი არ მიდგომოდა. ქუთაისის მერია სულ 20-მდე ააიპს ფლობს. მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ თანამშრომელთა შესარჩევი პროცესი უკვე ჩატარდა სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა ააიპ-ებში, ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და საჯარო ბიბლიოთეკაში. ქუთაისის მერის მიერ არაერთხელ გაკეთებული განმარტებით, შემცირებები, ძირითადად, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხარჯზე მოხდება.   იმის გასარკვევად, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე:   _ რეორგანიზაციის პროცესს 2 წელია, ვახორციელებთ. იგი უკვე ჩატარდა ბაგა-ბაღებში, კულტურის, სპორტულ გაერთიანებებსა და ბიბლიოთეკაში. ძირითადად ეს განხორციელდა ადმინისტრაციებში. მიუხედავად სახელმწიფოებრივი მიდგომისა, მიმდინარე წელს ჩვენ ისედაც ვგეგმავდით გარკვეულ ნაბიჯებს ამ კუთხით. ერთ-ერთი, სადაც ბოლოს ამ მიმართულებით ვიმუშავეთ, ბოტანიკური ბაღია. რაც შეეხება მერიას, აქ საშტატო შემცირება არ იგეგმება, თუმცა არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში რამდენიმე სამსახურში გამოვაცხადოთ  სტრუქტურული რეორგანიზაცია. მაგალითად, ეკონომიკის სამსახურში არსებული ტურიზმის განყოფილებიდან გარკვეული ნაწილი უნდა გადავიდეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რომელიც სხვა სტრუქტურაა. ვინაიდან ეკონომიკის სამსახური დარგებში ძირითად სტრატეგიულ რეფორმებს ახორციელებს, ეკონომკური პროგრამიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმაა. აქედან გამომდინარე, აქაც ვგეგმავთ, რომ მართვის ოპტიმიზაციის კუთხით კეთილმოწყობიდან ტრანსპორტის სამსახური ეკონომიკის განყოფილებაში გადმოვიყვანოთ. იგივე შესაძლებელია განხორციელდეს საფინანსო სამსახურში განყოფილებების ოპტიმიზაციის კუთხით.  ეს ყველაფერი სტრუქტურული დახვეწის მიზნით კეთდება და არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს შტატების შემცირებას, რომელიც 2014 წელს ისედაც განხორციელდა. 650 შტატიდან 350 შტატამდე დავიდა მერიის სტრუქტურა. რაც შეეხება ააიპ-ებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, კაპიტალური დანახარჯების განხორციელებაზე გაკეთდეს აქცენტი. ვცდილობთ, ააიპ-ებმა რაციონალურად ხარჯონ. იქ, სადაც 20-25-კაციანი სტრუქტურებია, შემცირებები ფინანსურ ეფექტს ისედაც არ გამოიწვევს და არც ვაპირებთ. ვცდილობთ, ის დანაზოგი, რასაც რეორგანიზაციის შედეგად მივიღებთ, ისევ და ისევ, ააიპ-ების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად მივმართოთ, რაც ასისახება კაპიტალური დანახარჯების გაზრდაში. _ რეორგანიზაციის იდეა იყო ის, რომ შემცირდეს გაბერილი ხარჯები. მხოლოდ სტრუქტურული რეორგანიზაცია რამდენად პასუხობს მთავრობის მიერ დასახულ ამ მიზანს? _ სტრუქტურულ ცვლილებებზე როცა ვსაუბრობ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ მერიის სამსახურებს. აქ ადმინისტრაციულ ხარჯებს ისედაც 2 წელია, ვამცირებთ. ეს თანხებში, დაახლოებით, მილიონ ნახევარზე მეტია. 2017 წლისთვის კიდევ ნახევარი მილიონით შევამცირეთ საკრებულოსა და მერიის ხარჯები, მაგრამ ეს არ მომხდარა ხელფასის შემცირებით, ეს მოხერხდა სხვა მიმდინარე ხარჯების დაზოგვის მეშვეობით. რაც შეეხება მერიის გარე სტრუქტურებს, აქ სხვა სიტუაცია გვაქვს. თუკი 2017 წელს წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, ისედაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული აიპების დაფინანსება. ვფიქრობთ, მაქსიმალური უნდა ოპტიმიზაცია მოხდეს იმ კუთხით, რომ ყველა ეს ხარჯი, რაც გამოთავისუფლდება, ამოღებული კი არ იქნეს, არამედ ისევ და ისევ აიპების ფუნქციონირებას მოხმარდეს. _ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური ააიპ-ებში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ? _ ასე ვერ ვიტყვით. ააიპ-ებში რეორგანიზაციასთან ერთად კონკურსები ჩავატარეთ. ვინც გამოცდა ჩააბარა, მან ადგილი შეინარჩუნა. თუმცა ისეთი შტატები გაუქმდა, სადაც არც არავინ მუშაობდა(!!!). შესაბამისად, არავინ დაზარალებულა. საერთო ჯამში, ამან მნიშვნელოვანი ეკონომია გამოიწვია, რაც ბიუჯეტში აისახა. _ როდისთვის ვარაუდობთ რეორგანიზაციის პროცესის დასრულებას? _ ეს ცოცხალი პროცესია. ამას ეტაპობრივად მივყვებით და არ გვაქვს მიზანი, რომ, მაინცდამაინც, ამ წელს დავასრულოთ. სადაც წავაწყდებით იმას, რომ არსებობს რესურსი, რაღაც გამოთავისუფლდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ დამატებით რომელიმე ააიპ-ის რეორგანიზაციაზე, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძირითადი პერსონალი არ დაზარალდეს, რომელიც აიპების ფუნქციონირებას განსაზღვრავს.   ნინო ძოწენიძე _ ქუთაისის მე-17 ბიბლიოთეკის თანამშრომელი, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის ყოფილი მოადგილე: _ როგორ შეაფასებთ საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესს? _ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თანამედროვე ქართულ ისტორიაში მოიძებნებიან თანამედროვე ბარბაროსები, რომლებიც უფრო ცივილიზებულ ფორმებს იყენებენ, ვიდრე ადრე ხდებოდა. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა გადაჭედილია უსარგებლო კადრებით (ნეპოტიზმის უნიკალური შემთხვევაა) და განყოფილებებით, რის გამოც საჭირო იყო სწორი რეორგანიზაცია. სპეციალისტების დახმარებით ოპტიმიზაციის გეგმა შევადგინეთ და ქუთაისის მერიას წარვუდგინეთ. როგორც გვეუბნებოდნენ, გეგმა საკმაოდ დახვეწილი და მნიშვნელოვანი იყო. დაგვპირდნენ, რომ ბიბლიოთეკაში რეორგანიზაცია მალევე დაიწყებოდა. სამწუხაროდ, წლებია, მიმდინარეობს სპეციალისტების ჩანაცვლება არაპროფესიონალებით. 2008 წელს ბიბლიოთეკას 32 პროფესიონალი ჩამოაშორეს. ამჟამად 150-მდე  თანამშრომლიდან მხოლოდ 17 სპეციალისტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა უმუშევარმა პატრონიანმა აქ ჰპოვა თავშესაფარი. საჯარო ბიბლიოთეკა თამაშ-გართობის პოლიგონად იქცა. _ მერიაში აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულია. _ არც რეორგანიზაცია ჩატარებულა და არც რაიმე სახის სასიკეთო ძვრები დაწყებულა, პირიქით, შტატები კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრჯერ ვუთხარით მერიის მაღალჩინოსნებს, რომ ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, თავად უნდა მოეთხოვათ და თუკი არ შევასრულებდით, დავესაჯეთ, მაგრამ წლებია, ასე მივდივართ ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვით და ფლანგვით. არასწორი მმართველობის გამო საქმის მკეთებელ ბიბლიოთეკარებს მიზერული, გასაცოდავებული ხელფასები შერჩათ. ეს ავადსახსენებელი ატესტაცია-კონკურსი ქუთაისის ისტორიაში ყველაზე კურიოზულ, სატირალ-სასაცილო ფაქტად რჩება: ვიღაც „გენიოსის“ მიერ შედგენილი და მოფიქრებული  იურისტებისთვის განკუთვნილი კითხვები, რასაც მათ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ასწავლიდნენ და რომლის ჩაბარებაც მათაც კი გაუჭირდებოდათ, ჩვენ ორ თვეში უნდა მოგვემზადებინა. გამოცდების ჩაბარების ადგილად კი ქუთაისის კორუმპირებული უნივერსიტეტის ერთ-ერთი აუდიტორია შეირჩა. რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ორი დღით ადრე ბარგჩალაგებულმა რამდენიმე „გენიოსმა“  რეკორდულ დროში (დაახლოებით 2 საათში) ასევე რეკორდი მოხსნა _  87-დან 99-მდე ქულები დააგროვა. იურიდიულ საკითხებში ცოდნის უმაღლესი დონე დააფიქსირა. ბუნებრივია, ამან ეჭვი გააჩინა, რომ რიგი პირებისთვის საკითხები წინასწარ გახდა ცნობილი. მაშინ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გახლდით და როცა ეს უმსგავსობა დავინახე, მიუხედვად იმისა, რომ საკმაო დრო დავხარჯე კანონების დაზუთხვაში, აუდიტორია პროტესტის ნიშნად დავტოვე. აქ დაუყოვნებლივ ჩაერთო ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია, რომლებმაც მოითხოვეს, დამეტოვებინა ბიბლიოთეკა, რათა კანონის წინაშე პირნათელი ყოფილიყვნენ. სამაგიეროდ, მერიის აპარატის უფროსმა ხელჩაკიდებული მოიყვანა კონკურსგაუვლელი ახალი მოადგილე, რომლის პროფესიონალიზმზეც საუბრით თავს არ შეგაწყენთ. სხვათა შორის, მერად არჩევიდან მურღულია საჯარო ბიბლიოთეკაში  მალე მოვიდა და გვერდით დგომას დაგვპირდა. ვიფიქრეთ, პროფესიონალიზმსაც ეშველა და წიგნიერებასაცო. არადა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ორი დირექტორი ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს _ სამეცნიერო და საორგანიზაციო დარგში. მერმა მაშინ  ორი მოადგილის არსებობა გააპროტესტა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა ვის ადარდებს ამ ორგანიზაციის ბედი? შეიხედეთ, ადგილობრივ თვითმმართველობაში რა ხდება, რა კადრებით არის დაკომპლექტებული სხვადასხვა სამსახური (ერთეულებს, ბოდიში). სამწუხაროა, მაგრამ ქუთაისი სახელმწიფოში პატარა სახელმწიფოა მურღულიასეული კანონებით და სამართლით. პრობლემა უამრავია. ამ ყველაფერს „ოცნების“ ქუთაისელი წარმომადგენლები ხედავენ და ხმას არ იღებენ. რატომ? ამას ხედავს იმერეთის გუბერტნორი და ისიც ჩუმადაა. _ თვეების მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერი საჯარო ბიბლიოთეკას გარკვეულ დახმარებას უწევდა. _ ერთი რამაა მხოლოდ, რაც არ მინდა დავუკარგო მურღულია-ჯავახიას ტანდემს, _ წლების განმავლობაში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მავანთა მერკანტინული ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო სტატუსს ატარებდა, ანუ ასრულებდა საჯაროს ფუნქციას და სახელწოდება ჰქონდა სხვა (საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობდა). დაახლოებით ერთი წელიწადი დაგვჭირდა მე და ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტ ინგა გვენეტაძეს, რომ მერია ამ აბსურდში დაგვერწმუნებინა. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს, 15-კაციანი კომისია შეიქმნა და საკითხი ბიბლიოთეკის სასარგებლოდ გადაწყდა. თუკი დღის წესრიგში ისევ დადგება რეორგანიზაცია, ძნელი მისახვედრი არ არის, მურღულიასეული ქუთაისური სამართალი როგორ დაუტრიალდება ბიბლიოთეკას და აქ მომუშავე თითზე დასათვლელ მართლა სპეციალისტებს. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ჩაირთვება მაფიოზურ-კლანურ-ნეპოტისტური მექანიზმები და  ხელისუფლების სახელით კიდევ ერთი აფერა გათამაშდება წიგნთმოძულე ქუთაისის მმართველობისგან. დარწმუნებული იყავით, რომ მერის გარეშე ბიბლიოთეკაში ბუზიც ვერ შეფრინდება.   ნინო ძოწენიძე ერთადერთი არ არის, ვისაც ქუთაისის ააიპ-ებში  განხორციელებული რეორგანიზაციის მიმართ პრეტენზიები აქვს. ამის მაგალითია ბაგა-ბაღების გაერთიანების სამსახურიდან განთავისუფლებული თანამშრომლები, რომელთა სასამართლო პროცესები ამჯერადაც გრძელდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ გამოიტანა. გახდება თუ არა დავის საგანი განთავისუფლებების მორიგი ტალღა და რამდენად ობიექტური იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა კადრების შერჩევისას, ეს პროცესის მიმდინარეობისას გამოჩნდება. ყოველი შემთხვევისთვის, „ქრონიკა+“ შეეცდება, ინფორმაციები მოიპოვოს და ყველა მხარეს პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცეს.   ხვიჩა ვაშაყმაძე  

გაზიარება