QronikaPlus
გიორგი გუგავა: „ივანიშვილი პოლიტიკაში სანქციების შიშმა დააბრუნა“

გიორგი გუგავა: „ივანიშვილი პოლიტიკაში სანქციების შიშმა დააბრუნა“

2024-01-23 05:23:21

შორენა მარსაგიშვილი

ოპოზიცია დუმს, ვინ გაურიგდა თავის დროზე „ქართულ ოცნებას“, რა შეცდომა დაუშვა 2021 წელს დასავლეთმა და ისწავლეს თუ არა მათ თავიანთ შეცდომებზე? რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რატომ დაბრუნდა ის პოლიტიკაში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, დღესასწაულებმა უკვე ჩაიარა, მაგრამ ოპოზიცია ისევ გასულია მომსახურების ზონიდან. ამ დროს პოლიტიკაში შემობრუნდა მთავარი მოთამაშე, ბიძინა ივანიშვილი. თქვენი აზრით, რას უკავშირდება მისი მესამედ მოსვლა და რას უნდა მივაწეროთ ოპოზიციის დუმილი?

_ უპირველეს ყოვლისა, თქვენი გაზეთის საშუალებით, მინდა, შობა-ახალი წელი მივულოცო საქართველოს მოსახლეობას. მინდა, ვუსურვო მას კეთილდღეობა და თქვენ მიერ დასახელებული პიროვნებისგან განთავისუფლება. ოპოზიციის პასიურობას რაც შეეხება, სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, ლეიბორისტულ პარტიას კი არ დაგვისვენია, ორი დღე მივეცით მხოლოდ თავს ამის უფლება. მერე დავიწყეთ აქტიურობა. ივანიშვილის შემობრუნება ახალი ამბავი არ არის, ის იქ დაბრუნდა, საიდანაც არასდროს წასულა. მისი გამოჩენა მხოლოდ ერთ რამეს უკავშირდება _ ეს არის სანქციები. ივანიშვილის ყველა ქმედება ახლა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე თავი დაიზღვიოს სანქციებისგან.

_ სანქციების შიშმა შემოაბრუნა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში? სხვა მიზეზი არ არის?

_ რა თქმა უნდა, სანქციებია მთავარი. ის ყველაფერს აკეთებს, რომ სანქციები აიცილოს. ევროპელები პირდაპირ და ღიად ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ დეოლიგარქიზაციას, რაც, თავისთავად, დებიძინიზაციას ნიშნავს. ყველაფერი ისედაც ივანიშვილის დასანქცირებისკენ მიდის. ეს პროცესი დაწყებულია. რუსი ოლიგარქი მისი აქტივების დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშები რომ დაუყადაღეს ოლიგარქს, ამაში ჩვენ, ლეიბორისტებმა, სერიოზული წვლილი შევიტანეთ. ლეიბორისტული პარტია წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს. ივანიშვილის დასანქცირების თხოვნით ჩვენ მივმართეთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს. ვითხოვთ, რომ ივანიშვილს დაუყადაღონ აქტივები. ვითხოვთ ასევე მისი ქონების კონფისკაციას. საჭიროა, მას შეეზღუდოს დასავლეთის ქვეყნებში შესვლა. ეს შეზღუდვები მის ახლობლებსაც უნდა შეეხოს. ივანიშვილი კარგად გრძნობს, რა საფრთხეც ემუქრება მის ქონებას და ძალიან ეშინია. ამ შიშმა გამოიყვანა ის კიდევ ერთხელ ღია პოლიტიკაში. ახლა მას გახსნილად მოუწევს მოქმედებები. დასავლეთი მასთან აშკარა კონფლიქტში არ შევა და ეს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად შემაფერხებელი გარემოება იქნება. ივანიშვილის სტრატეგია ყოველთვის იყო საკუთარი ქონებისა და კეთილდღეობის დაცვა. მისთვის საქართველო არის ერთი დიდი ოფშორი, სადაც ფულს აკეთებს და, ამავე დროს, ამრუდებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს. უკრაინის ომმა შანსი მოგვცა, დავბრუნდეთ ევროპაში. ეს ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა, ევროპაში დაბრუნება კი არის ნამდვილი და მართლა ქართული ოცნების ასრულება. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დროს ქვეყნის მმართველად გვყავს რუსული ადმინისტრაცია.

ივანიშვილი პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის. ის გაატარებს იმ პოლიტიკას, რაც რუსეთს აწყობს. არსებული პრორუსული პოლიტიკის შეცვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევასთან ერთად საჭიროა სანქციებიც. რუსი ოლიგარქის რეჟიმმა დააგროვა უზარმაზარი ფული. ივანიშვილი საქართველოს ისე ფლობს, როგორც შპს-ს. იუსტიციის სამინისტროში საშინელი რაღაც დაარეგისტრირეს. პირდაპირ ჩაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილს პერსონალური უფლება აქვს, დანიშნოს პრემიერი. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. იუსტიციის სამინისტროს ეს არც უნდა გაეტარებინა რეგისტრაციაში და ეს რეგისტრაცია სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს.

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც ამ რეჟიმს ახლავს თან. მათი წყალობთ, ჩვენ შეიძლება რუსეთის ნაწილი გავხდეთ. ფაქტობრივად, ვართ კიდევაც, ყველაფერი მოსკოვიდან იმართება. ამიტომ ეს რეჟიმი მარტო კი არ უნდა დავამარცხოთ, არამედ, როგორც სიმსივნე, ისე უნდა მოვიკვეთოთ სხეულიდან. ოღონდ მარტო ბიძინა ივანიშვილში არ არის ეს პრობლემა და განვმარტავ, თუ რას ვგულისხმობ: ამ 30 წლის მანძილზე, მარგინალური იდეოლოგიის გამო, რასაც „პრიხვატიზაცია“ მოჰყვა, საქართველოში წარმოიშვა ოლიგარქების კლასტერი. რიცხობრივად ცოტანი არიან, მაგრამ ისინი დაეუფლნენ ქართველი ხალხის სიმდიდრეს. ამ პირამიდის მწვერვალი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. სადაც ოლიგარქებს მიტაცებული აქვთ ქვეყნის სიმდიდრე, იქ დემოკრატია ვერ იქნება. იქ ვერ იქნება სამართლიანი სასამართლო, იქ არ იქნება სოციალური თანასწორობა და შეუძლებელია კანონის უზენაესობა. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ოლიგარქია, როგორც მოვლენა, აუცილებლად უნდა განიდევნოს ქართული პოლიტიკიდან. საქართველოში უნდა დამყარდეს სოციალური დემოკრატიული წყობა. ევროპაში არის სოციალ-დემოკრატია. იქ ყველა ადამიანს აქვს განათლების, ჯანდაცვის, სამუშაოს, ღირსეული ხელფასისა და ღირსეული პენსიის უფლება. თანასწორობის პრინციპი დაცულია.

საქართველოშიც ასეთი მმართველობა უნდა იყოს.  სისტემური ცვლილებებია დღეს საქართველოში საჭირო. ამიტომ ვითხოვთ რევოლუციურ ცვლილებებს. სხვანაირად ხელისუფლების შეცვლა არაფერს მოიტანს. ივანიშვილი სხვა ოლიგარქმა თუ ჩაანაცვლა, რა შეიცვლება? _ არაფერი. ამიტომ სისტემა უნდა შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს აქვს შანსი, გახდეს კავკასიის შვეიცარია. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ რუსეთისკენ მიგვაქანებს ოლიგარქიული რეჟიმი. ამას წინ უნდა აღვუდგეთ. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს ეს და არჩევნებზე ღირსეული არჩევანი გააკეთოს.

_ ღირსეული არჩევანი რომ გააკეთოს, ასარჩევიც ხომ უნდა იყოს?

_ დღეს ხშირად საყვედურობენ პოლიტიკურ პარტიებს. საყვედური ეკუთვნით, მაგრამ პოლიტიკოსებიც ხომ ამ ხალხმა შობა. ქართული გამოთქმაა ასეთი, _ რაც ერი, ის ბერი. ჰოდა, პოლიტიკოსებშიც ასეა, რაც ერი, ის პოლიტიკოსები. ღირსეული არჩევანის გაკეთება მაინც შესაძლებელია. ის პარტია მაინც არ უნდა აირჩიო, რომელმაც რამდენჯერმე მოგატყუა. სამწუხაროდ, თავის დროზე, „ქართული ოცნება“ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში. ჩვენ მაშინვე ვაფრთხილებდით, მაგრამ არ დაგვიჯერეს. ახლა ყველა ხვდება შეცდომას. წელს არჩევნებია და შესაძლებელია ამ შეცდომის გამოსწორება. დიდი ბრძოლა მოგვიწევს, რადგან ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების გასაყალბებლად. არჩევნების გაყალბება უკვე დაწყებულია.

_ ამას ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, ეს ხალხში პესიმიზმს არ აჩენს?

_ რაღაცნაირად აჩენს, მაგრამ ხალხმა თუ მოინდომა, ყველაფერი შესაძლებელია. აქ დასავლური სანქციებიც დაგვეხმარება. ორივე ერთად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს, რომელიც კედლად აღიმართა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

_ არჩევანის გაკეთების გარდა საჭიროა არჩევანის დაცვაც. შეძლებს ამას ოპოზიცია?

_ უნდა შეძლოს! 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შეეძლო, არჩევანი დაეცვა. ძალიან ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა. „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება რომ არა, აუცილებლად გვექნებოდა რიგგარეშე არჩევნები, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ცდუნებას ვერ გაუძლო და პარლამენტში შევიდა. მხოლოდ ჩვენ შევასრულეთ პირობა და ამის გამო დავისაჯეთ. აღარც დაფინანსება გვაქვს, აღარც უფასო საეთერო დრო და არც საარჩევნო კომისიაში გვყავს წევრები. არაფერს ვნანობთ, მთავარია, რომ პირობა შევასრულეთ. ყველა ასეთ სიმტკიცეს თუ გამოიჩენს, არჩევნების შედეგის დაცვა შესაძლებელი იქნება. ამაში დასავლეთიც დაგვიჭერს მხარს.

_ 2020 წლის არჩევნების შემდეგ დასავლეთი იქით სთხოვდა ოპოზიციას, პარლამენტში შედითო. რა გარანტია გაქვთ, რომ ახლაც ასე არ იქნება?

_ მაშინ სხვა სიტუაცია იყო. „ქართული ოცნება“ ასე ღიად პრორუსული არ ყოფილა. მსოფლიოც სხვანაირად გამოიყურებოდა. უკრაინის ომმა ბევრის სახე გამოაჩნა. დასავლეთი კარგად აცნობიერებს, რა შეცდომაც დაუშვა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. „ქართულ ოცნებას“ დაეხმარნენ და დღეს ის ევროპისა და ამერიკის გინებაშია. მათი დახმარებით რუსეთი ახერხებს დასავლური სანქციების გვერდის ავლას. დასავლეთი ამაზე აღარ დახუჭავს თვალს და „ქართულ ოცნებას“ აღარ დაეხმარება. დასავლეთი სანქციებზე უკან რომ არ დაიხევს, ეს ივანიშვილმა უკვე იცის. მის მოსამართლეებს ამერიკაში შესვლა აუკრძალეს. მის უახლოეს გარემოცვას, ფარცხალაძეს კი, სანქციები დაუწესეს. ეს იყო დიდი გაფრთხილება. წინ სერიოზული არჩევნები გველოდება და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ოლიგარქიული, რუსული რეჟიმის მოშორება. ოღონდ ერთიც უნდა გვახსოვდეს: ერთი ოლიგარქი, მეორე ოლიგარქით არ უნდა ჩავანაცვლოთ.

გაზიარება