QronikaPlus
ბაჩო დოლიძე: „ოცნებისთვის“ მთავარი იქნება ეკლესიას ამოფარებული საარჩევნო კამპანია“

ბაჩო დოლიძე: „ოცნებისთვის“ მთავარი იქნება ეკლესიას ამოფარებული საარჩევნო კამპანია“

2024-01-23 05:00:21

გიგა გელხვიიძე

თებერვალში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან ენმ-ს ყოფილი ლიდერი ნიკა მელია და მისი გუნდი. მელიას გუნდის ბოლო პერიოდის განცხადებებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ პარტია იქნება მასშტაბური და ყველა ლოგიკით იქ ვიხილავთ იმ კარგად ნაცნობ სახეებს, რომლებზედაც წლების მანძილზე იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც ჩამოშლის პირას მყოფი ენმ 2012 წლიდან დღემდე მოიყვანეს და ცდილობდნენ ყოველწლიურად გაეზარდათ პარტიის რეიტინგი.

რას შესთავაზებს მელია და მისი გუნდი ამომრჩეველს განსხვავებულს? რა იქნება ახალი პოლიტიკური პლატფორმის მთავარი მიზანი? ვის ვიხილავთ მელიას გუნდში? რომელ პოლიტიკურ პარტიებთან განიხილავენ ისინი თანამშრომლობას? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა ნიკა მელიას გუნდის ერთ-ერთ მთავარ სახეს, ბაჩო დოლიძეს:

_ ბაჩო, რამდენადაც ცნობილია, თებერვლის შუა პერიოდში იგეგმება ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია, რომელსაც ნიკა მელიას გუნდი აყალიბებს. რა ეტაპზეა პროცესი და რას შესთავაზებს ამომრჩეველს განსხვავებულს ახალი პარტია?

_ ყველაფერს ვიტყვით სრულად მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მზად გვაქვს კონკრეტული წინადადება და სათქმელი. მგონია, რომ დიდი ხანია, საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტიკა პოლიტიკური ჯგუფებისგან არ მოუსმენიათ. ოლიგარქის წინააღმდეგ რომ უნდა გავერთიანდეთ, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ არანაკლებ ცხადი უნდა იყოს ის, თუ რა შეთავაზებით მოვდივართ, ანუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ მას შემდეგ, რაც ა. წ.-ის ოქტომბერში წარსულს ჩავაბარებთ ამ ხელისუფლებას. ახლა ამაზეა მოტივირებული ჩვენი გუნდი, რომ ჩვენი შეთავაზება ამომრჩევლისთვის იყოს ძალიან კონკრეტული და ხელშესახები. თებერვალში უკვე შეგვეძლება პრეზენტაცია, რადგანაც ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ძალიან ბევრია კიდევ კონკრეტული ტექნიკური ნიუანსები. ამავდროულად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით. ჯერჯერობით ბოლოში მოლაპარაკებები არ გასულა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ყურადღება და ინტერესი ჩვენ მიმართ. ნამდვილად მახარებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები გამოხატავენ პარტნიორულ დამოკიდებულებას. ძალიან მალე ჩვენ გამოჩნდებით, როგორც ჩამოყალიბებული პოლიტიკური პლატფორმა, კონკრეტული შეთავაზებებით.

_ რა არის შეცდომა, რომელიც იყო ენმ-ში ყოფნის დროს და რომელსაც არასოდეს გაიმეორებს მელიას გუნდი?

_ თქვენ იცით, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი, წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში და არის ისეთი ნაწილიც, რომელიც არ იყო ხელისუფლებაში და შემდგომ შემოუერთდა პარტიას, მაშინ როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. კარგად გვაქვს გააზრებული ერთი რამე, რომ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ოლიგარქიული მმართველობა. ოლიგარქია ეს არ არის კონკრეტული სახელი და გვარი, ეს არის მოდელი მათთვის. დღეს რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, იქ სადაც ამ ვითარებაში რამდენიმე ოჯახი და რამდენიმე ჯგუფი კოლოსალურად მდიდრდება, ხოლო დანარჩენი ადამიანები მაღაზიაში ქულებით ყიდულობენ საჭმელს, ასეთი დისბალანსი სწორედ გამოწვეულია იმ მეთოდით, რასაც ჰქვია ოლიგარქიული მმართველობა. შესაბამისად, მომავალშიც არავის უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დაამკვიდროს ქვეყნის მართვაში ოლიგარქიული მმართველობის მეთოდი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი არის არაფორმალური მმართველობა და სურვილი იმისა, რომ ანალოგიური მეთოდებით ემართათ ჯერ პარტია და შემდგომში თუ მიეცემოდათ ამის საშუალება, ქვეყანა. აქ არ არის საუბარი ბიზნესმენების წინააღმდეგ, რაც უფრო მეტი ბიზნესმენი გვეყოლება და რაც უფრო თავისუფალი ბიზნესი გვექნება, ეკონომიკური და სოციალური სექტორები განვითარდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იქ, სადაც არაფორმალური მმართველობაა და სადაც ფულით არის მცდელობ, ეს არის დამანგრეველი და ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ერთ წრეზე უნდა ვიაროთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა, დღევანდელი გადმოსახედიდან, იქნება სხვადასხვა პარტიით დაკომპლექტებული. ეს არის მთავარი ბერკეტი იმისა, რომ ვაკონტროლოთ ერთმანეთი.

_ შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ დღევანდელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადმოიღო სრულად ბიძინა ივანიშვილის მოდელი და ასეთი ფორმულირებით არის წარმოდგენილი დღეს?

_ სწორედ ეს იყო წყალგამყოფი, თორემ თქვენ გემახსოვრებათ კარგად, რომ არჩევნები როდესაც დასრულდა, ჩვენ მივულოცეთ გამარჯვებულს, თანაცხოვრებისთვის მზად ვიყავით, ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეიძლება მენეჯმენტში არ იყო, მეც ბოლო რამდენიმე თვე ვიყავი მენეჯმენტში, მაგრამ გახლდით იმ ოპოზიციური ძალის ნაწილი, სადაც ვიყავი. სწორედ ეს არის წყალგამყოფი, როცა ვხედავთ, რომ არადემოკრატიული მართვა ისადგურებს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს წითელი ხაზი იყო, წამოვიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავამკვიდროთ ერთხელ და საბოლოოდ სუფთა თამაშის წესები, რომ პოლიტიკის კეთება შესაძლებელია ვიღაცა მილიონერის გარეშეც, რომ მითითებას არ გაძლევდნენ, რა როგორ იყოს. უამრავი ქართველი ვიცით, რომელსაც მიუღწევია ყველაფრისთვის ისე, რომ არ ჰყოლია ძალიან ფულიანი პატრონი და ფეოდალები თავზე. როდესაც გაქვს იდეა, ფული ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შეთავაზებები, ის წარმომადგენლობა და ის ხაზი, რომელსაც გავატარებთ, ნამდვილად იქნება კონტრასტი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პარტიის მართვის მეთოდიკას.

_ ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარი სიურპრიზი გაუკეთა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ამომრჩეველს თავისი დაბრუნებით. რა არის რეალურად ივანიშვილის დაბრუნების მიზეზი? ის, რომ მას პარტიის სადავეები გაექცა, რაზედაც საუბრობენ აქტიურად, თუ მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები?

_ შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს ბიძინა ივანიშვილი შეწუხდა იმით, რომელიმე სამინისტრო ეფექტიანად ვერ მუშაობს და რომელიღაც უწყებაში თანამშრომლებს არ აინტერესებთ შედეგი, აქ აბსოლუტურად სხვა რამეა. 10 წელია თუ 11 წელია, ანუ იმ პერიოდში, რომელშიც მისი გუნდია ხელისუფლებაში, ყველაფერი აწყობს, როგორც ხდება. ძალიან მარტივად მოდის არჩევნები და რეპუტაციულადაც და განწყობითაც, კარგად იცით, როგორია საზოგადოების განწყობა მისი გუნდის მიმართ, _ არ გამოხატავს მაინც და მაინც სიყვარულს საზოგადოება, ეს არის პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ და მისი გამოჩენით შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ დაზიანებული რეპუტაციის აღდგენა. რაც მოგვდის თავში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, ეს დღეს არის უზარმაზარი, უწყვეტი კორუფცია იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ უცბად გამდიდრებულ ადამიანებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: მაშინ, როდესაც მოქალაქეების 90% ქულებით ყიდულობს საკვებს, სახელმწიფოს წარმომადგენლები პირადი თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით სავახშმოდ საზღვარგარეთ დადიან. ამ ყველაფერთან ერთად ისინი კრემლის და სხვა დანარჩენი რუსი ოლიგარქების ჩვეულებრივი მოკავშირეები გახდნენ, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და ხსნიან ბიზნესებს მაშინ, როდესაც რუსეთში აქვთ აკრძალული. ხალხის ხარჯზე აქვთ მოწყობილი ცხოვრება, კანში ვეღარ ეტევიან, იმდენად აქვთ გამჯდარი ეს კორუფცია და იმაზეც კი არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ამის გამო ვიღაცამ პასუხი მოსთხოვოთ. არცერთი არ ფიქრობს, რომ გაუმჯობესდეს ვითარება ქვეყანაში. საქართველოს დაცლა ხდება შრომისუნარიანი რესურსისგან, თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს ასეთი გადინება. მოქალაქეები პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში უნდა პოულობდნენ შესაძლებლობებს და არა მის გარეთ. აღარ დარჩა ადამიანი, წასვლაზე რომ არ ფიქრობდეს, გადახედეთ ივანიშვილის დაახლოებულ წრეებს, ერთმანეთს დაერევიან მაშინ, როდესაც ვერ იყოფენ უზარმაზარ ფულს. ასე რომ, მისი გამოჩენა პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ მოდის არჩევნები და საზოგადოების განწყობა საკმაოდ შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ მიმართ.

_ სანამ თქვენ დატოვებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ის მანამდე რამდენიმე აქტიურმა სახემ დატოვა. იქნებიან თუ არა ეს ადამიანები თქვენს გუნდში და ვისთან გაქვთ მოლაპარაკებები ამ დროისთვის?

_ ასე გამიჭირდება თქმა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან გვაქვს მოლაპარაკებები, ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვა პარტიებს უჭერდნენ მხარს არჩევნებზე. კარგია, რომ რაღაც მიზიდულობის ცენტრი იქნება, საინტერესო ხარ, სანდო ხარ სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები არ დაგელაპარაკებოდნენ და რაც მთავარია, ასხივებ იმას, რომ ყველაზე კონტრასტული და გამოკვეთილი პლატფორმა იხატება. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ძალიან საინტერესო ეტაპია. ჩვენ შეკრებულები ვართ იმისთვის, რომ რეალურად შევიტანთ დიდი წვლილი ამ ხელისუფლების ცვლილებაში.

_ ახსენეთ პარტიებთან ურთიერთობა. ყველაზე მეტად ამ გადმოსახედიდან უფრო ახლოს რომელი პარტიაა? ჩვენ მოვისმინეთ „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის განცხადებები ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ასევე ნიკა გვარამიას განცხადებები, რომ ის არ გამორიცხავს თანამშრომლობას თქვენთან. ამ დროისთვის უფრო ახლოს რომელ პოლიტიკურ პარტიას ხედავთ თქვენთან?

_ აქ ხომ მხოლოდ პიროვნულ დამოკიდებულებებზე არ არის საუბარი. მე უამრავი პარტიის წევრთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. იმიტომ ვქმნით ახალ პარტიას, რომ გვინდა, განსხვავებული პოლიტიკა ვაკეთოთ. არავის ვაკნინებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შეგვეძლება განსხვავებული ხაზის წარმართვა პოლიტიკაში. ყველაზე ნაკლებად თუ ვინმესთან გვაქვს საუბარი, ესაა პოლიტიკური პარტიები. ძალიან ბევრთან გექნება თანამშრომლობა საკვანძო საკითხებთან მიმართებით, შერწყმას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და ამისთვის კარი ღიაა.

_ უნდა დაიწყოს მუშაობა 9 დათქმის შესრულებაზე, რომლითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ევროპისკენ. ოპოზიციისა და ხელისუფლების კინკლაობა სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით გარკვეულ შეკითხვებს აჩენს. რამდენად მოტივირებულია ეს ორი მხარე, რომ საქართველო კიდევ უფრო წინ წავიდეს ევროკავშირის მიმართულებით, ჩნდება თუ არა ის განცდა, რომ ოპოზიციას უფრო მეტად სურს შესრულება, „ქართულ ოცნებას“ კი ნაკლებად ან პირიქით?

_ ცხადზე ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროპაზე აპელირება თვალთმაქცობაა. ორი აზრი არ არის, მაშინ როდესაც ევტუშენკოვია შენი მოკავშირე, ქვეყანაში ჩამოდის და  სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფი ვერტმფრენებით დაატარებ ერთიდან მეორე კურორტზე, მაშინ როდესაც სანქციების ქვეშაა ის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაშინ როდესაც უსმანოვს ანგარიშებს უხსნი და მერე შემთხვევით ვიგებთ ამ ყველაფერს, მაშინ როდესაც ნავთობი შემოდის სანქცირებული და ტელევიზიით ჟღერდება და მაშინ ხდება ცნობილი, მერე გვიყვებიან ზღაპრებს, რომ  შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოში, სხვაგან მიდიოდაო, წარმოუდგენელია ამ ვითარებაში ხელისუფლებას პროდასავლური კურსი ჰქონდეს. იციან, რომ ანტიდასავლური კამპანია ყოველთვის წამგებიანია, მანდ სულ აგებენ ჩვენს მოსახლეობასთან. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით 9 პუნქტია შესასრულებელი, ეს ეხება კონკრეტულ უწყებებში კონკრეტულ რეფორმებს. ვერც ერთი სამუშაო ჯგუფი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ თუნდაც სასამართლო იყოს თავისუფალი, თუნდაც პროკურატურა იყოს თავისუფალი, ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი იყოს თავისუფალი. ეს არის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული ხელისუფლების მხრიდან და კონკრეტულ უწყებებზე. როცა მე პარლამენტში ვზივარ 4-5 კაცთან ერთად, რანაირად უნდა გავათავისუფლო კლანისგან სასამართლო და შესაბამისად და ამ თვალსაზრისით შევასრულო რეკომენდაცია? თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით როგორ უნდა განვახორციელო რეფორმები სამუშაო ჯგუფის მხრიდან? რა ძალა მაქვს? ეს ძალა არის აკუმულირებული დღეს ერთ ხელში, ეს არის პოლიტიკური ნება და ხელისუფლების სურვილზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა. სამუშაო ჯგუფები შეიქმნება თუ არა, ყველას კარგად ესმის, რომ მაშინ, როცა შენ გყავს ოლიგარქი და ოლიგარქიული მმართველობა, ყოველთვის ძალიან დიდი ბარიერი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე.

_ ბოლო დღეებში ხდება ერთგვარი სპეკულირება რელიგიური მიმართულებით, „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ახალი კანონპროექტი, რომელიც შეეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და ეს იქნება სისხლის სამართლის კუთხით დასჯადი დანაშაული. რამდენად იყენებს მრევლს „ოცნება“ პოლიტიკური ქულების დასაწერად? უნდა იყოს თუ არა ასეთი კანონპროექტი მიღებული? ხაზს გავუსვამ იმას, რომ 2013 წელს მიიღო რუსეთმა ანალოგიური კანონპროექტი.

_ მთავარი აქ არის შემდეგი და უნდა გვესმოდეს ის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ამ არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი იქნება ეკლესიას ამოფარებული კამპანია. ამ დროს ოპოზიციასაც ცოტა ყურადღებით სჭირდება ნაბიჯების გადადგმა. არ უნდა წამოვეგოთ ხოლმე ამ პატარ-პატარა ანკესებს და მახეებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.  რა თქმა უნდა, ეკლესიას იქნება ამოფარებული, თუმცა სწორედ „ქართული ოცნების“ პერიოდში რამდენ მღვდელს და სასულიერო პირს უსმენდა სუსი და რა იკადრეს, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში ინფორმაცია ამ ოდენობით არ გამოჟონილა. რეალურად უნდათ, ეკლესიას ამოეფარონ და აწარმოონ კამპანია, რომ არიან ყველაზე მართლმადიდებელი, ქრისტიანი მმართველები. ეს არის ძალიან მზაკვრული გათვლა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელშიც არ უნდა შევიდეთ. ქრისტიანობისგან დაცლილი ხელისუფლება ველაფერს კადრულობს. რაც მათ ხელი აფათურეს სასულიერო პირების პირად ცხოვრებაში, რაც გამოაქვეყნეს, ეს არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია.

_ როგორ აფასებთ სამოქალაქო აქტივიზმის იმ ფორმას, რომელიც განხორციელდა სამების საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც ვიხილეთ გაცოცხლებული რადიკალური მოძრაობა „ალტინფო“ და მივიღეთ „ოცნების მიერ“ დაანონსებული მორიგი რუსული კანონი?

_ ამაზე მაქვს საუბარი, რომ კარგად დადგმული პროვოკაცია იყო, რომელსაც წამოეგო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი. ეს არის საზოგადოების გახლეჩა, რადგანაც ერთმა ნაწილმა მოინდომა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად სჯერათ და წამთ ღმერთის. დადგეს ეს სპექტაკლი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შეითრიეს. უფრო ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და უფრო ჭკვიანურად უნდა ვუპასუხოთ. სამოქალაქო აქტივისტებმაც უნდა იფიქრონ პროტესტის ფორმების დახვეწაზე. არის რაღაც ფორმები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი საზოგადოებისთვის, თუმცა შენ გაქვს იმის უფლება, შენი მოსაზრება გამოთქვა და გააპროტესტო. ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებს ამ თემით, რაშიც არ უნდა შევყვეთ.

გაზიარება